განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001449497
საქმე №2ბ/6160-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - შპს „რ------ ს---–--–--ს“
წარმომადგენელი - რ----- ც--------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ------ რ------“
წარმომადგენელი - ბ---- ს--–---–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.09.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. შპს „ბ------ რ------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
1.1. მოპასუხე შპს „რ------ ს---–--–--ს“-ს შპს „ბ------ რ------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9 417 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს „რ------ ს---–--–--ს“-ს შპს „ბ------ რ------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 282,51 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე შპს „რ------ ს---–--–--ს“-ს შპს „ბ------ რ------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 376 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში შპს „ბ------ რ------“-მა შპს „რ------ ს---–--–--ს“-ს მიაწოდა 20 070,00 ლარის ღირებულების ბორდიურები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 13-18).
2.2. შპს „რ------ ს---–--–--ს“-ის დავალიანება შპს „ბ------ რ------“-ის მიმართ, 2014 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში მიწოდებული ბორდიურების ღირებულების დარჩენილი, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 9 417,00 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2017 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სხდომის
ოქმი, 14:17:06 – 14:17:21).
საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 13-18).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულება წერილობით ფორმით არ დადებულა. დადგენილია, რომ შპს „ბ------ რ------“-მა შპს „რ------ ს---–--–--ს“-ს მიაწოდა 20 070,00 ლარის ღირებულების ბორდიურები. შესაბამისად, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების ოდენობას. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე აღიარა შპს „ბ------ რ------“-ის მიერ შპს „რ------ ს---–--–--ს“-ისათვის ბორდიურების მიწოდებისა და დავალიანების მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 9 417,00 ლარის ოდენობით არსებობის ფაქტები (იხ, 2017 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:17:06 – 14:17:21). ამასთან, მოპასუხე მხარეს რაიმე მტკიცებულება, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა საქმეში არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ფაქტის აღიარება, როგორც მტკიცებულება მხარეთა ახსნა- განმარტებაა, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ამ მტკიცებულებით ხდება ისეთი ფაქტის დადასტურება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. იმისათვის, რომ მხარის აღიარება სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, აღიარება მხარემ უნდა განახორციელოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარემ ასეთი აღიარების თაობაზე უნდა განაცხადოს კონკრეტული დავის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის, შპს „რ------ ს---–--–--ს“-ის წარმომადგენელმა საქმის განხილვისას სასამართლოს სხდომაზე აღიარა დავალიანების 9 417,00 ლარის ოდენობით არსებობის ფაქტი (იხ, 2017 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:17:06 – 14:17:21). ამდენად სასამართლო თვლის, რომ მხარის აღიარება გაკეთებულია სსსკ-ის 132-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ბ------ რ------“-ის სარჩელი საფუძვლიანია, გამყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მყიდველს მიწოდებული პროდუქციის დარჩენილი, ასანაზღაურებელი ღირებულების 9 417,00 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მიერ მორიგების პირობად შეთავაზებული იყო თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა, თუმცა მოსარჩელემ არ მიიღო ეს პირობა.
3.2. შპს „რ------ ს---–--–--სი“ არ ეთანხმება თანხის გადახდას, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი, ანუ სინალაგმატური გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორეს მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
4.2. შპს „ბ------ რ------ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“) და შპს „რ------ ს---–--–--სს“ (შემდგომში „მოპასუხე“) შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ზეპირი ფორმის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავო გარემოებადაა მიჩნეული და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო, რომ:
4.3.1. 2014 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 20 070 ლარის ღირებულების ბორდიურები (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.78; სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ.83-91).
4.3.2. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ, 2014 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში მიწოდებული ბორდიურების ღირებულების დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა, შეადგენს 9 417,00 ლარს (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 78; სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 83-91).
4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საფუძვლიანია გამყიდველის სარჩელი მყიდველისათვის ნასყიდობის ფასის აუნაზღაურებელი ნაწილის დაკისრების შესახებ. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ. 2, ს.ფ.17).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „რ------ ს---–--–--სის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.09.2017წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე