განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310015001085085
საქმე №3ბ/673-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
5 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) – რ----–-- ქ--–---–---–ი;
წარმომადგენელი - ნ------------–--ლი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი;
წარმომადგენელი - ფ---------------–--ლი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
წარმომადგენელი - ე--------------–--ძე;
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა :
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება (ე.წ. ვირტუალური უარი) რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 03 აგვისტოს N1--------- დასკვნა, რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
1.3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების შესახებ.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, გამოვლენილ იქნა ”საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძველი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებულ იქნა უარყოფითი დასკვნა და გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რ----–-- ქ--–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2015 წლის 28 მაისს, რ-------ს ფ-------–-ის მოქალაქე - რ----–-- ქ--–---–--ლმა (დაბადებული 2--------- წელს, საქართველოში) განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მოთხოვნით. (ტომი I ს.ფ. 84-46).
4.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 01 ივნისის №1--------- გადაწყვეტილებით, რ----–-- ქ--–---–---–ის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მოთხოვის შესახებ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი და განმცხადებელს განესაზღვრა ვადა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტის წარსადგენად. (ტომი I, ს.ფ 101-102)
4.3. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მსურველი პირის - რ----–-- ქ--–---–---–ის სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ, ტესტების შემოწმების შედეგად მიღებული შეფასების გათვალისწინებით, 2015 წლის 31 ივლისის №4----- სხდომის ოქმით გადაწყვიტა, რომ რ----–-- ქ--–---–---–ის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებისთვის დადგენილ პირობებს. (ტომი I, ს.ფ 105-106).
4.4. საკითხის განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, 2015 წლის 02 ივნისს №1---------/1 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვულებრივი წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. (ტომი I, ს. ფ. 91)
ზემოაღნიშნულ წერილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 05 ივნისის M---------------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა (ტომი I, ს.ფ. 93).
4.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 03 აგვისტოს №1--------- დასკვნით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია არ დაკმაყოფილდეს 2015 წლის 28 მაისის №1--------- განცხადება და რ-------ს ფ-------–-ის მოქალაქეს – რ----–-- ქ--–---–---–ს უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. (ტომი I, ს.ფ. 97-98)
4.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის 2015 წლის 03 აგვისტოს №1---------/1 მიმართვით დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსს გაეგზავნა რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ №1--------- დასკვნა. (ტომი I, ს. ფ 100)
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის 2015 წლის 12 აგვისტოს №---- მიმართვით დასტურდება, რომ რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მიზანშეუწონლობის საკითხთან დაკავშირებით გადაგზავნილ №1--------- დასკვნაზე, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. (ტომი I, ს.ფ. 99)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხლვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების” 21-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტების გამოუცემლობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ე.წ. ვირტუალურ უარს რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების შესახებ.
სასამართლო დაეთანხმა მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებას მასზედ, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დასკვნის მომზადება არ ნიშნავს საბოლოო შედეგის განსაზღვრას, იგი მხარისათვის არ არის სამართლებრივი შედეგის მქონე, რადგან საკითხის გადაწყვეტა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნა შესაძლოა გახდეს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი, მაგრამ მას არ აქვს სავალდებულო ხასიათი. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა ასახავს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მოქალაქის შესახებ არსებულ ინფორმაციას, მას არ აქვს სამართლებრივი რეგულირების დანიშნულება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად არ არის სამართლებრივი მოქმედების ეფექტის მქონე, დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს პირისათვის მოქალაქეობის მინიჭებას თუ მინიჭებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. დასკვნა, სამართლებრივი თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ”ა“ ქვეპუნქტით დეკლარირებულ ნორმებს, ისევე როგორც არ ასახავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით ადმინისტრაციული აქტის სავალდებულო რეკვიზიტად გათვალისწინებულ გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ”საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონზე და განმარტა, რომ აღნიშნული კანონის მესამე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება) გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საკითხის განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2015 წლის 02 ივნისს №1---------/1 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვულებრივი წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. აღნიშნულ წერილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 05 ივნისის M--------------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოითხოვა და გაეცნო რა საიდუმლო დოკუმენტაციას, განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას სადავო დასკვნის გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. სასამართლომ ცალსახად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 05 ივნისის M------ 0------- წერილის საფუძველზე, სააგენტოს სადავო დასკვნის მოტივირება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის გამოყენებით, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
6. რ----–-- ქ--–---–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
6.1. რ----–-- ქ--–---–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გადაწვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ გაცნობია უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად საფრთხის შემცველი იყო სახელმწიფოსთვის აპელანტისათვის მოქალაქეობის მინიჭება. აღნიშნულის ნაცვლად, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია. მისივე განმარტებით, იგი წარმოადგენს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირს და იგი წლების განმავლობაში ცხოვრობა საქართველოს ტერიტორიაზე. აპელანტის განმარტებით, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია დასაბუთებული ინფორმაცია, რომ აპელანტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს, იგი ვალდებულია აცნობოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც იმსჯელებს მისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნული დღემდე არ განუხორციელებია.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხლვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების” 21-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტების გამოუცემლობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის ე.წ. ვირტუალურ უარს რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების შესახებ.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტება მასზედ, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დასკვნის მომზადება არ ნიშნავს საბოლოო შედეგის განსაზღვრას, იგი მხარისათვის არ არის სამართლებრივი შედეგის მქონე, რადგან საკითხის გადაწყვეტა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნა შესაძლოა გახდეს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი, მაგრამ მას არ აქვს სავალდებულო ხასიათი. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა ასახავს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მოქალაქის შესახებ არსებულ ინფორმაციას, მას არ აქვს სამართლებრივი რეგულირების დანიშნულება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად არ არის სამართლებრივი მოქმედების ეფექტის მქონე, დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს პირისათვის მოქალაქეობის მინიჭებას თუ მინიჭებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. დასკვნა, სამართლებრივი თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ”ა“ ქვეპუნქტით დეკლარირებულ ნორმებს, ისევე როგორც არ ასახავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით ადმინისტრაციული აქტის სავალდებულო რეკვიზიტად გათვალისწინებულ გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის ვირტუალური უარისგან დამოუკიდებლად დასკვნის შეფასება, მისი სამართლებრივი ხასიათის გათვალისწინებით, ვერ მოხდება, რის გამოც ისინი უნდა შეფასდეს ერთობლიობაში.
7.2. პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. თავის მხრივ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით და ბ) ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
პალატა ასევე ყურადრებას ამახვილებს საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.
პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე.
სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2015 წლის 28 მაისს რ-------ს ფ-------–-ის მოქალაქე - რ----–-- ქ--–---–---–მა (დაბადებული 2--------- წელს, საქართველოში) განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მოთხოვნით. ასევე დადგენილია, რომ რ----–-- ქ--–---–---–ს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ, ტესტების შემოწმების შედეგად მიღებული შეფასების გათვალისწინებით, 2015 წლის 31 ივლისის №4----- სხდომის ოქმით გადაწყვიტა, რომ რ----–-- ქ--–---–---–ის ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისთვის დადგენილ პირობებს.
”საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობა გამორიცხავს პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვების შესაძლებლობას, კერძოდ ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. ამავე მუხლი მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების” მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის/განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღეში მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს. მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან წარუდგინონ სააგენტოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 6 დღეში. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის ინფორმაციის წარსადგენად, შესაბამისი ორგანო ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სააგენტოს, რის შემდეგაც მას განესაზღვრება ორდღიანი დამატებითი ვადა. ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში სახელმწიფო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში. სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული დებულების მე-20 მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის პირობების არსებობის შემთხვევაში, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის დადებითი გადაწყვეტილება საჭიროებს დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკითხის განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2015 წლის 02 ივნისს №1---------/1 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვულებრივი წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. აღნიშნულ წერილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 05 ივნისის M--------------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
პალატა დამატებით მიუთითებს ”კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას სადავო დასკვნის გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. ამდენად, ცალსახაა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 05 ივნისის M------- 0------- წერილის საფუძველზე, სააგენტოს სადავო დასკვნის მოტივირება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის გამოყენებით, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
7.3. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების” 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მე-7 პუნქტის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 03 აგვისტოს N1--------- დასკვნით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია არ დაკმაყოფილდეს 2015 წლის 28 მაისის №1--------- განცხადება და რ-------ს ფ-------–-ის მოქალაქეს რ----–-- ქ--–---–---–ს უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე. ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის 2015 წლის 03 აგვისტოს №1---------/1 მიმართვით დგინდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსს გაეგზავნა რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ №1--------- დასკვნა. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის 2015 წლის 12 აგვისტოს №---- მიმართვით დასტურდება, რომ რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მიზანშეუწონლობის საკითხთან დაკავშირებით გადაგზავნილ №1--------- დასკვნაზე, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №--- ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების” 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე ითვლება რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე უარის თქმად, რაც შეიძლება მოვიჩნიოთ ე.წ. ვირტუალურ უარად.
7.4. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ”ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-ე და მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიენიჭა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის განხილვის ეტაპზე, პალატამ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად, გაეცნო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნაში ასახულ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 05 ივნისის M---------------- წერილის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საფუძველს ქმნის პირისათვის მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მიზანშეუწონლად განსაზღვრის შესახებ. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა კი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის არსებობის პირობებში, მას შეეძლო უარი ეთქვა რ-------ს ფ-------–-ის მოქალაქე – რ----–-- ქ--–---–---–ისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ----–-- ქ--–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -