განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.04.2018
საქმის ნომერი
330310017001803307
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001803307

საქმე №3ბ/3055-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

5 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ბ-------- შ----–--ე და მ----- შ----–--ე;

წარმომადგენელი - ნ--------–---------ძე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის №0------- წერილის ბათილად ცნობა;

 

1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის ოჯახის დეკლარაცია №0------ ბათილად ცნობა;

 

1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარდგენილ შესაგებელს და მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბ------ნ შ----–--ისა და მ----- შ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის №0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის №0--- ოჯახის დეკლარაცია; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ოჯახის ხელახალი გადამოწმება შესაბამისი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს შედგენილი ოჯახის №0--- დეკლარაციით დგინდება, რომ ჩ-----------ის რაიონში, სოფ. ბ-----–--ეში, ოჯახის წევრთა რაოდენობა შედგება ორი პირისგან - ბ-------- შ----–--ე (დაბ. 2--------- წ.) და მ----- შ----–--ე (დაბ. 0--------- წ.). (ს.ფ. 30-36).

 

4.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, 2016 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ჩ-----------ის რაიონში, სოფ. ბ-----–--ეში მცხოვრებ ოჯახს, რომლის წევრები არიან - ბ-------- შ----–--ე და მ----- შ----–--ე, 2016 წლის 19 ოქტომბერს მიენიჭა 113 690 სარეიტინგო ქულა. აღნიშნული ამონაწერით ასევე დგინდება მითითებული ოჯახის გასული პერიოდის სარეიტინგო ქულები: 07.01.2014 წელს ოჯახს მიენიჭა - 60 350 ქულა, 18.04.2014 წელს - 88 600 ქულა, 04.07.2014 წელს - 75 070 ქულა, 18.10.2014 წელს - 54 940 ქულა, 23.08.2015 წელს - 73 810 ქულა.(ს.ფ.37).

 

4.3. 2016 წლის 25 ნოემბერს, ბ------ნ შ----–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის №0------- წერილით ბ------ნ შ----–--ეს ეცნობა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული ინფორმაციის თანახმად, განმცხადებლის ოჯახი საიდენტიფიკაციო კოდზე: 0----------- დარეგისტრირდა 2013 წლის 28 ოქტომბერს. აღნიშნული პერიოდიდან ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ სხვადასხვა დროს გადამოწმდა 5-ჯერ, აქედან ბოლო გადამოწმება განხორციელდა სააგენტოს ჩ-----------ის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს, რა დროსაც შევსებული იქნა „ოჯახის დეკლარაცია“ 2 წევრზე. დეკლარაციის დამუშავების შედეგად, სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 113 690 ერთეული. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კონტროლის მონიტორების მიერ ოჯახში განხორციელებული ვიზიტის დროს, განმცხადებელმა წერილობით დაადასტურა, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ასახულია სწორად და შეესაბამება სიმართლეს.(ს.ფ. 38-39).

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩ-----------ის რაიონული განყოფილების 2012 წლის 24 აგვისტოს #0----------- გადაწყვეტილებით მოქალაქე - ბ-------- შ----–--ე (პ/ნ: 4----------) დაინიშნა სრულწლოვანი ქმედუუნაროდ აღიარებული შვილის - მ----- შ----–--ის (პ/ნ: 4----------) მეურვედ.(ს.ფ. 21-22).

 

2016 წლის 27 აგვისტოს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად - მ----- ბ--------ს ძე შ----–--ეს დაუდგინდა მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, არტერიული ჰიპერტენზია და ძილის რითმის დარღვევა და ამავე ცნობის თანახმად - იგი საჭიროებს პერმანენტულად მედიკამენტოზურ მკურნალობას ნევროლოგიურ და კარდიოლოგიურ კაბინეტებში.

 

2016 წლის 19 სექტემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის B3 გრაფაში მითითებული ოჯახის ერთ-ერთი წევრის - მ-----ი შ----–--ის ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ მონაცემებში მითითებულია, რომ მ----- შ----–--ის ფიზიკური მდგომარეობა არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რაც არ დასტურდება საქმის მასალებით და შესაბამისად მითითებული უნდა იყოს შემდეგი კატეგორიები -დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს და სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე - „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №----- ბრძანებაზე „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ორგანოს წერილზე, სადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, მოსარჩელეთა ოჯახში განხორციელებული ვიზიტის დროს, განმცხადებელმა (ბ-------- შ----–---ძე) წერილობით დაადასტურა, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ასახულია სწორად და შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეთა წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე (იხ. 2017 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი) მიუთითეს, რომ მოსარჩელე მხარემ დაადასტურა მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა და არა დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორე. ამასთან, განმარტეს, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს შევსებულ ოჯახის დეკლარაციის B3 გრაფაში არასწორად არის მითითებული ოჯახის ერთ-ერთი წევრის - მ-----ი შ----–--ის ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი მონაცემები, კერძოდ, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულია, რომ მ----- შ----–--ის ფიზიკური მდგომარეობა არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაშინ როდესაც მითითებული უნდა იყოს შემდეგი კატეგორიები - „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს“ და „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩ-----------ის რაიონული განყოფილების 2012 წლის 24 აგვისტოს #0----------- გადაწყვეტილებაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოქალაქე - ბ-------- შ----–--ე (პ/ნ: 4----------) დაინიშნა სრულწლოვანი, ქმედუუნაროდ აღიარებული შვილის - მ----- შ----–--ის (პ/ნ: 4----------) მეურვედ. ასევე ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 27 აგვისტოს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომლის თანახმად - მ----- ბ--------ს ძე შ----–--ეს დაუდგინდა მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, არტერიული ჰიპერტენზია და ძილის რითმის დარღვევა, რის გამოც იგი საჭიროებს პერმანენტულად მედიკამენტოზურ მკურნალობას ნევროლოგიურ და კარდიოლოგიურ კაბინეტებში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. მოპასუხე მხარის მიერ სადავო აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის №0--- დეკლარაციის შევსებისას არ იქნა გამოკვლეული ის ძირითადი გარემოებები, რაც განაპირობებს შემდგომ ოჯახის სარეიტინგო ქულის განსაზღვრას, კერძოდ, დეკლარაციაში არ იქნა მითითებული სწორად ოჯახის ერთი წევრის - მ----- შ----–--ის მონაცემები.

 

6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მოწინაღმდეგე მხარისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს, ბ------ნ და მ----- შ----–---ძეების ოჯახში განხროციელდა ვიზიტი. ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული და მოწოდებული ინფორმაცია უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია სწორად და შეესაბამება რეალობას. სოციალური სამსახურის სააგენტოს კონტროლის მონიტორების მიერ 2016 წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ვიზიტის დროს, 19 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული, მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომლის საფუძველზეც ოჯახს მიენიჭა 113690 სარეიტინგო ქულა. აპელანტის განმარტებით, შევსებული დეკლარაციის B3 გრაფაში მითითებული პირის - მ-----ი შ----–--ის ფიზიკური მდგომარეობა ასახულია სწორად.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის „მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა ან მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო ადგილი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ოჯახის გადამოწმება განხორციელდა 2017 წლის 18 აგვისტოს, რომლითაც ოჯახს განესაზღვრა 2017 წლის 19 სექტემბერს ახალი სარეიტინგო ქულა - 101 610 ოდენობით, რომლითაც ოჯახმა ისევ ვერ მოიპოვა ფულადი დახმარების უფლება.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე - „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი. აღნიშნული წესი საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

მითითებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ - ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.

 

ამავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. ხოლო მე-6 პუნქტით მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.

 

7.2. პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №----- ბრძანებაზე - „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.

 

აღნიშნული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა. ამავე წესის მე-16 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტოს უფლებამოსილი პირი, „F2“ კითხვაში ,,ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ აფიქსირებს ოჯახის მხრიდან ფაქტების დამალვა-დამახინჯებას, შესაძლებელია ოჯახის დეკლარაციის განმეორებითი შევსება დადგენილი წესის შესაბამისად. დეკლარაციის განმეორებითი შევსება აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ოჯახის შესახებ დეკლარირებული სუბიექტური და დადგენილი ობიექტური ინფორმაციის ურთიერთშედარების შედეგად ფიქსირდება არსებითი განსხვავება. ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად პერიოდულად ხორციელდება შერჩევითი გადამოწმება.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს შედგენილი №0--- ოჯახის დეკლარაციით პალატას დადგენილად მიაჩნია რომ ჩ-----------ის რაიონში, სოფ. ბ-----–--ეში ოჯახის წევრთა რაოდენობა შედგება ორი პირისგან - ბ-------- შ----–--ე (დაბ. 2--------- წ.) და მ----- შ----–--ე (დაბ. 0--------- წ.).

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით ასევე დგინდება, რომ ჩ-----------ის რაიონში, სოფ. ბ-----–--ეში მცხოვრებ ოჯახს, რომლის წევრები არიან ბ-------- შ----–--ე და მ----- შ----–--ე, 2016 წლის 19 ოქტომბერს მიენიჭა 113 690 სარეიტინგო ქულა. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული მონაცემების გადამოწმების მიზნით მოსარჩელე მხარემ 2016 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 2 დეკემბერს სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კონტროლის მონიტორების მიერ განხორციელდა ვიზიტი. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტით (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის №0------- წერილი) კი მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა, სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ სხვადასხვა დროს გადამოწმდა 5-ჯერ, აქედან ბოლო გადამოწმება განხორციელდა სააგენტოს ჩ-----------ის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს, რა დროსაც შევსებული იქნა „ოჯახის დეკლარაცია“ 2 წევრზე. დეკლარაციის დამუშავების შედეგად კი სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 113 690 ერთეული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მოპასუხის ზემოაღნიშნულ წერილზე, სადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, მოსარჩელეთა ოჯახში განხორციელებული ვიზიტის დროს, განმცხადებელმა (ბ-------- შ----–---ძე) წერილობით დაადასტურა, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ასახულია სწორად და შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეთა წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე (იხ. 2017 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი) მიუთითეს, რომ მოსარჩელე მხარემ დაადასტურა მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა და არა დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორე. ამასთან, განმარტეს, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს შევსებულ ოჯახის დეკლარაციის B3 გრაფაში არასწორად არის მითითებული ოჯახის ერთ-ერთი წევრის - მ-----ი შ----–--ის ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი მონაცემები, კერძოდ, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულია, რომ მ----- შ----–--ის ფიზიკური მდგომარეობა არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაშინ როდესაც მითითებული უნდა იყოს შემდეგი კატეგორიები - „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს“ და „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბედუნ და მ----- შ----–--ეების წარმომადგენლის, თამარ ორთოიძის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უარი ეთქვა ბ------ნ და მ----- შ----–--ეების წარმომადგენელს თამარ ორთოიძეს სააგენტოს ჩ-----------ის რაიონული განყოფილების 2017 წლის 24 ოქტომბრის N0------------ აქტის ბათილად ცნობაზე და მ/წ 19 აგვისტოს შევსებული ოჯახის დეკლარაციის კორექტირების თაობაზე. დაევალა სააგენტოს ჩ-----------ის რაიონულ განყოფილებას (ზ. კალანდაძე) უზრუნველყოს ბ------ნ და მ----- შ----–--ეების ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შესწავლა.

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოება - ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შესწავლა, განხორციელდა არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, არამედ, "ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. კერძოდ, ბ------ნ შ----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა და შშმპ სტატუსის მიღების გათვალისწინებით, რაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, გახდა ოჯახის ხელახალი გადამოწმების საფუძველი. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შესწავლისა, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

პალატა ასევე ყურადრებას ამახვილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩ-----------ის რაიონული განყოფილების 2012 წლის 24 აგვისტოს #0----------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ბ-------- შ----–--ე დაინიშნა სრულწლოვანი, ქმედუუნაროდ აღიარებული შვილის - მ----- შ----–--ის მეურვედ. ცნობის თანახმად, მ----- ბ--------ს ძე შ----–--ეს დაუდგინდა მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, არტერიული ჰიპერტენზია და ძილის რითმის დარღვევა, რის გამოც იგი საჭიროებს პერმანენტულად მედიკამენტოზურ მკურნალობას ნევროლოგიურ და კარდიოლოგიურ კაბინეტებში.

 

საქმეში წარმოდგენილი ავადმყოფთა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციაზე ICD -10 დაყრდნობით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მ----- შ----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა, შეესაბამება IQ კოეფიციენტი 20-დე, რაც მოზრდილებში შეესაბამება 3 წლის ქვემოთ გონებრივ ასაკს და კლასიფიკაციით იგულისხმება ღრმა გონებრივი სუბნორმა. აღნიშნულის გათვალსიწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სადავო 2016 წლის 19 სექტემბრის ოჯახის დეკლარაციაში, მ----- შ----–--ესთან მიმართებაში უნდა დაფიქსირებულიყო გრაფა - დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს და ასევე უნდა დაფიქსირებულიყო - სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროების პერმანენტულ მედიკომენტოზურ/ამბულატორიულად მკურნალობას, რაც სოციალური აგენტის მიერ არ განხორციელებულა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აქტების ბათილად ცნობის საკითხში და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. მოპასუხე მხარის მიერ სადავო აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის №0--- ოჯახის დეკლარაციის შევსებისას არ იქნა გამოკვლეული ის ძირითადი გარემოებები, რაც განაპირობებდა შემდგომ ოჯახის სარეიტინგო ქულის განსაზღვრას. კერძოდ, დეკლარაციაში არ იქნა მითითებული სრულყოფილად ოჯახის ერთი წევრის - მ----- შ----–--ის მონაცემები, უფრო კონკრეტულად კი B3 გრაფაში არ იქნა მითითებული - დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს და ასევე არ იქნა მითითებული - სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროების პერმანენტულ მედიკომენტოზურ/ამბულატორიულად მკურნალობას, რაც თითოეული გრაფის კოეფიციენტების გათვალსიწინებით შეცვლიდა ქულათა რაოდენობას. პალატის მოსაზრებით, ოჯახის დეკლარაციაში ასახულმა არაზუსტმა ინფორმაციამ იმოქმედა ქულათა საერთო რაოდენობაზე.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს ქმედების განხორციელების დავალების ნაწილშიც და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -