განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001393504 (3ბ/2373-16)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ჰ-----------------------–-------“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის გამგეობა
წარმომადგენელი - ა-–-------------–----–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის გამგეობამ გამოაცხადა S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი საინჟინრო საპროექტო მომსახურების (G---------) შესყიდვის მიზნით. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 2------------ სხდომის ოქმის თანახმად, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. ამდენად, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ჰ-----------------------–-------“. მითითებული ოქმის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის ვადაში შპს ,,ჰ----------------------–------თან“ უნდა გაფომებულიყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. დადგინდა და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ წარმომადგენელი ტენდერში გამარჯვებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად;
2.2. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 11 მარტის სხდომაზე განხილული იქნა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის (განცხადება S-----------) გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ მიერ შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დასადებად გამოუცხადებლობა. №----------- ოქმით, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ჰ----------------------–------ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია. დადგინდა, რომ მოსარჩელეს დისკვალიფიკაციის შესახებ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 11 მარტის №----------- ოქმი სადავოდ არ გაუხდია.
2.3. 2016 წლის 14 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ №2------- წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და აცნობა, რომ S----------- გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, შპს ,,ჰ----------------------–------ს“ შემსყიდველის 2016 წლის 02 მარტის №2------- წერილობითი შეტყობინების საფუძველზე განესაზღვრა 4 სამუშაო დღე, გამოცხადებულიყო შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გასაფორმებლად. შპს ,,ჰ-----------------------–-------“ მიცემულ ვადაში (2016 წლის 10 მარტის ჩათვლით) ხელშეკრულების გასაფორმებლად არ გამოცხადდა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ შავ სიაში რეგისტრაცია;
2.4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2016 წლის 16 მარტის №---- წერილით შპს ,,ჰ----------------------–------ს“ აცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან წარდგენილი იყო წერილობითი შეტყობინება S----------- გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ო---------------- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად. მითითებული წერილი შპს ,,ჰ----------------------–------ს“ გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე - --------------------. შპს ,,ჰ----------------------–------ს“ მოსაზრებები სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის არ წარუდგენია.
2.5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 მაისის №---- განკარგულებით, შპს ,,ჰ-----------------------–-------“ (ს/კ 4--------) 2016 წლის 11 მაისიდან დარეგისტრირდა შავ სიაში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.
2.6. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 14 მარტის ცნობით დგინდება, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დირექტორმა გ----------------–-ამ, 2016 წლის 4 მარტს 10:00 საათზე მიმართა ექიმს მარჯვენა მუხლის სახსრის დაჟეჟილობის ჩივილით. პაციენტს ჩაუტარდა ტრავმატოლოგის კონსტულტაცია. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ პაციენტი იმყოფება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 მაისის №---- განკარგულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს მათ შორის, სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო სუბიექტების მიმართ ისეთი დამოკიდებულების უზრუნველყოფას, რომელიც კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, დაუსაბუთებლად და არათანაზომიერად არ შეზღუდავს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციაში მონაწილეობის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „ჰ-----------------------–-------ს“ შავს სიაში დარეგისტრირება გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. იმავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის ”თ1” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი, ,,ი1” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, საფასური არის სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც არ ბრუნდება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 24 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის გამგეობამ გამოაცხადა S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი საინჟინრო საპროექტო მომსახურების (G---------) შესყიდვის მიზნით. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 2------------ სხდომის ოქმის თანახმად, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ჰ-----------------------–-------“. მითითებული ოქმის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის ვადაში შპს ,,ჰ------------------------–--------ან“ უნდა გაფორმებულიყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ წარმომადგენელი ტენდერში გამარჯვებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ წარმომადგენელი ტენდერში გამარჯვებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად. ასევე დადგინდა, რომ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 11 მარტის №----------- ოქმით, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ჰ----------------------–------ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი და პირობები შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში - შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. იმავე წესის მე-7 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. საქალაქო სასამართლომ მითითებული სამართლებრივ ნორმებიდან გამომდინარე განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული შავი სიის წარმოების პირობებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 14 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ №2------- წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და აცნობა, რომ S----------- გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, შპს ,,ჰ----------------------–------ს“ შემსყიდველის 2016 წლის 02 მარტის №2------- წერილობითი შეტყობინების საფუძველზე განესაზღვრა 4 სამუშაო დღე, გამოცხადებულიყო შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გასაფორმებლად. შპს ,,ჰ-----------------------–-------“ მიცემულ ვადაში (2016 წლის 10 მარტის ჩათვლით) ხელშეკრულების გასაფორმებლად არ გამოცხადდა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის საპუძველზე, მოითხოვა შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ შავ სიაში რეგისტრაცია.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 მაისის №---- განკარგულებით, შპს ,,ჰ-----------------------–-------“ (ს/კ 4--------) 2016 წლის 11 მაისიდან დარეგისტრირდა შავ სიაში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.
2.12. მოსარჩელე სადავო განკარგულების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დირექტორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ხელშეკრულების დასადებად გამოცხადება. ამდენად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს არსებობდა თუ არა სახეზე ისეთი საპატიო გარემოება, რის გამოც მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ შეძლო შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დასადებად გამოცხადება. ~საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 14 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დირექტორმა გ----------------–-ამ 2016 წლის 4 მარტს 10:00 საათზე მიმართა ექიმს მარჯვენა მუხლის სახსრის დაჟეჟილობის ჩივილით. პაციენტს ჩაუტარდა ტრავმატოლოგის კონსტულტაცია. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ პაციენტი იმყოფება ამბულატორიულ მკურნალობაზე. საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად ან/და ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ შპს ,,ჰ----------------------–------ს“ განესაზღვრა 4 სამუშაო დღე ხელშეკრულების დასადებად. სქალაქო სასამართლოს მითითებით, მართალია კანონმდებლობა ითვალისწინებს დადგენილი ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, თუმცა ამისათვის აუცილებელია სატენდერო კომისიისათვის ცნობილი გახდეს საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. უდავოდ დადგინდა, რომ მოსარჩელის დირექტორს სატენდერო კომისიისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დირექტორი გ----------------–-ა იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე, შესაბამისად, მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა სატელეფონო შეტყობინების ან სხვა მისთვის მისაღები გზით ეცნობებინა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ხელშეკრულების დასადებად დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ წარმომადგენლის ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით და შესაბამისად, ვერ გახდება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მას არ მიეცა წერილობითი განმარტების გაკეთების შესაძლებლობა. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2016 წლის 16 მარტის №---- წერილით შპს ,,ჰ----------------------–------ს“ აცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან წარდგენილი იყო წერილობითი შეტყობინება S----------- გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის - შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად. მითითებული წერილი შპს ,,ჰ----------------------–------ს“ გაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მის პროფილში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე - h--------------------; (სფ 131). საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა მსეზდ, რომ სისტემაში მითითებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, ფაქტობრივი უსწორობას წარმოადგენს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების გვერდი 9 აბზაცი მეოთხე, სადაც მითითებულია, რომ შპს „ჰ-----------------------–-------ს“ წარმომადგენელი ტენდერებში გამარჯვებიდან ოთხი სამუშაო დღის ვადაში არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად. აპელანტის მითითებით, აღნიშული პოზიცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ,,ჰ-----------------------–-------“ ვერ გამოცხადდა ფიზიკური ჯანმრთელობის გამო და სწორად ეს გახდა სადაო, რაზეც წარმოადგინა დამადასტურებელი მტკიცებულებები იმისა, რომ მართლაც ვერ შეძლებდა აღნიშნულ ვადაში გამოცხადებას. პირველი ინსტანციის სასამართლოში არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული სადაო საკითხი.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, ფაქტობრივი უსწორობას წარმოადგენს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების გვერდი 9 აბზაცი მეხუთე, სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახლთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 11 მარტს სხდომის ოქმით, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 7 აპრილის ბრძანების მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ჰ-----------------------–------ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია და თითქოს დისკვალიფიკაცია მოსარჩელეს საფაოდ არ გაუხდია. აპელანტის განმარტებით, მათ მიიღეს მხოლოდ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 მაისის განკარგუკება შპს „ჰ-----------------------–-------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, რომელიც გაასაჩივრეს სასარართლოში კანონით დადგენი ვადაში და მოითხოვეს აღნიშული აქტის ბათილად ცნობა.
3.3. აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივი უსწორობას წარმოადგენს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების გვერდი 13 აბზაცი მესამე, სადაც სასამართლო თავადვე უთითებს, რომ ვერ გაიზიარებს სადაო აქტის ბათლად ცნობის საფუძვლად მოსარჩელის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მას არ მიეცა წერილობითი განმარტების გაკეთების შესაძლებლობა, აქვე ადგენს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საკუთარი მოსაზრების წარსადგენად, მითითებული წერილი გაეგზავნა სისტემაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული წერილი არ არის მითითებულ მისამართზე მისული და შესაბამისად, მათთვის არ ყოფილა ცნობილი აღნიშული ფაქტი. აქედან გამომდინარე აპელანტი მიუთითებს, რომ მართლაც არ მიეცათ საშუალება მათი მოსაზრების წარდგენისა, რაც არის კანონდარღვევა და აღნიშნული არგუმენტი უნდა ყოფილიყო გაზიარებული.
3.4. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აპელანტის მითიოთებით, აღნიშნული ფაქტი მისთვის გახდა ცნობილი უკვე დასრულებულ სტადიაზე, მას არც წერილობით და არც ფოსტის მეშვეობით არ მიუღია შეტყობინება შპს-ს დისკვალიფიკაციის შესახებ არც ერთ სტადიაზე, შესაბამისად, არ მიეცათ საშუალება არგუმენტების და მოსაზრებების წარსადგენად. ამიტომ მტკიცებულებები წარადგინეს სასამართლოში მას შემდეგ, რაც ჩაჰბარდათ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 მაისის განკარგულება, რომელიც გახადეს სადაო და მოითხოვეს აღნინული აქტის გაბათილება კანონით დადგენილ ვადაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 თებერვალს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის გამგეობამ გამოაცხადა S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი საინჟინრო საპროექტო მომსახურების (G---------) შესყიდვის მიზნით. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 2------------ სხდომის ოქმის თანახმად, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. ამდენად, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ჰ-----------------------–-------“. მითითებული ოქმის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის ვადაში შპს ,,ჰ----------------------–------თან“ უნდა გაფომებულიყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. დადგინდა და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ წარმომადგენელი ტენდერში გამარჯვებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად;
4.3. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 11 მარტის სხდომაზე განხილული იქნა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის (განცხადება S-----------) გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ მიერ შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დასადებად გამოუცხადებლობა. №----------- ოქმით, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ჰ----------------------–------ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია. დადგინდა, რომ მოსარჩელეს დისკვალიფიკაციის შესახებ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 11 მარტის №----------- ოქმი სადავოდ არ გაუხდია.
4.4. 2016 წლის 14 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ №2------- წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და აცნობა, რომ S----------- გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, შპს ,,ჰ----------------------–------ს“ შემსყიდველის 2016 წლის 02 მარტის №2------- წერილობითი შეტყობინების საფუძველზე განესაზღვრა 4 სამუშაო დღე, გამოცხადებულიყო შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გასაფორმებლად. შპს ,,ჰ-----------------------–-------“ მიცემულ ვადაში (2016 წლის 10 მარტის ჩათვლით) ხელშეკრულების გასაფორმებლად არ გამოცხადდა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ შავ სიაში რეგისტრაცია;
4.5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2016 წლის 16 მარტის №---- წერილით შპს ,,ჰ----------------------–------ს“ აცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან წარდგენილი იყო წერილობითი შეტყობინება S----------- გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ო---------------- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად. მითითებული წერილი შპს ,,ჰ----------------------–------ს“ გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე - --------------------. შპს ,,ჰ----------------------–------ს“ მოსაზრებები სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის არ წარუდგენია.
4.6. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 მაისის №---- განკარგულებით, შპს ,,ჰ-----------------------–-------“ (ს/კ 4--------) 2016 წლის 11 მაისიდან დარეგისტრირდა შავ სიაში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.
4.7. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 14 მარტის ცნობით დგინდება, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დირექტორმა გ----------------–-ამ, 2016 წლის 4 მარტს 10:00 საათზე მიმართა ექიმს მარჯვენა მუხლის სახსრის დაჟეჟილობის ჩივილით. პაციენტს ჩაუტარდა ტრავმატოლოგის კონსტულტაცია. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ პაციენტი იმყოფება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.9. სააპელაციო პალატა განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს მათ შორის, სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო სუბიექტების მიმართ ისეთი დამოკიდებულების უზრუნველყოფას, რომელიც კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, დაუსაბუთებლად და არათანაზომიერად არ შეზღუდავს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციაში მონაწილეობის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „ჰ-----------------------–-------ს“ შავს სიაში დარეგისტრირება გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. იმავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის ”თ1” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი, ,,ი1” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, საფასური არის სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც არ ბრუნდება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 24 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის გამგეობამ გამოაცხადა S----------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი საინჟინრო საპროექტო მომსახურების (G---------) შესყიდვის მიზნით. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 2------------ სხდომის ოქმის თანახმად, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ჰ-----------------------–-------“. მითითებული ოქმის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის ვადაში შპს ,,ჰ-----------------------–------თან“ უნდა გაფორმებულიყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ წარმომადგენელი ტენდერში გამარჯვებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად.
4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ წარმომადგენელი ტენდერში გამარჯვებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად. ასევე დადგინდა, რომ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის საპროექტო სახალრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2016 წლის 11 მარტის №----------- ოქმით, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ჰ----------------------–------ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი და პირობები შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში - შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. იმავე წესის მე-7 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. საქალაქო სასამართლომ მითითებული სამართლებრივ ნორმებიდან გამომდინარე სწორად განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უპირველეს ყოვლისა იკვლევს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული შავი სიის წარმოების პირობებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 14 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ №2------- წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და აცნობა, რომ S----------- გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, შპს ,,ჰ----------------------–------ს“ შემსყიდველის 2016 წლის 02 მარტის №2------- წერილობითი შეტყობინების საფუძველზე განესაზღვრა 4 სამუშაო დღე, გამოცხადებულიყო შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გასაფორმებლად. შპს ,,ჰ-----------------------–-------“ მიცემულ ვადაში (2016 წლის 10 მარტის ჩათვლით) ხელშეკრულების გასაფორმებლად არ გამოცხადდა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის საპუძველზე, მოითხოვა შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ შავ სიაში რეგისტრაცია.
4.13. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 მაისის №---- განკარგულებით, შპს ,,ჰ-----------------------–-------“ (ს/კ 4--------) 2016 წლის 11 მაისიდან დარეგისტრირდა შავ სიაში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.
4.14. მოსარჩელე სადავო განკარგულების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დირექტორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ხელშეკრულების დასადებად გამოცხადება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, არსებობდა თუ არა სახეზე ისეთი საპატიო გარემოება, რის გამოც მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ შეძლო შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დასადებად გამოცხადება. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 14 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დირექტორმა გ----------------–-ამ 2016 წლის 4 მარტს 10:00 საათზე მიმართა ექიმს მარჯვენა მუხლის სახსრის დაჟეჟილობის ჩივილით. პაციენტს ჩაუტარდა ტრავმატოლოგის კონსტულტაცია. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ პაციენტი იმყოფება ამბულატორიულ მკურნალობაზე. საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება სწორად მიაქცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად ან/და ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ჰ----------------------–------ს“ განესაზღვრა 4 სამუშაო დღე ხელშეკრულების დასადებად. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მართალია კანონმდებლობა ითვალისწინებს დადგენილი ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, თუმცა ამისათვის აუცილებელია სატენდერო კომისიისათვის ცნობილი გახდეს საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელის დირექტორს სატენდერო კომისიისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დირექტორი გ----------------–-ა იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა სატელეფონო შეტყობინების ან სხვა მისთვის მისაღები გზით ეცნობებინა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ხელშეკრულების დასადებად დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ წარმომადგენლის ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით და შესაბამისად, ვერ გახდება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მას არ მიეცა წერილობითი განმარტების გაკეთების შესაძლებლობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2016 წლის 16 მარტის №---- წერილით შპს ,,ჰ----------------------–------ს“ აცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან წარდგენილი იყო წერილობითი შეტყობინება S----------- გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის - შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად. მითითებული წერილი შპს ,,ჰ----------------------–------ს“ გაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მის პროფილში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე - h--------------------; (სფ 131). სააპელაციო სასამართლოც იზიარებს მოპასუხის მსჯელობას მასზედ, რომ სისტემაში მითითებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჰ-----------------------–-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე