განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100116001226293, №1ბ/110-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხ---------------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ი-----–------------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თბ--–------------------------------------–----------------------------;
ადვოკატი - ნ-----------–-–---–ი.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით);
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება).
სასჯელი:
ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი-----–------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების და დაზარალებულის ჩვენებებით, ასევე სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი-----–------------ის ხულიგნური ქმედებით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და მაცხოვრებლების მყუდროება. ი-----–------------ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შემთხვევის ადგილზე მყოფ ყველა პირს, ხოლო იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა ი-–-----------ეს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი-----–------------ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ კონფლიქტი დაიწყო ი-–-----------ემ, ი-----–------------ე კი თავს იცავდა და ცდილობდა დაეცვა საკუთარი ჯანმრთელობა და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის წართმევის შემთხვევაში წარმოუდგენელი იყო როგორ განვითარდებოდა მოვლენები. დასკვნაში ცალსახადაა მითითებული, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდზე გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო დაზარალებულის ბიოლოგიური ნიმუშის აღმოჩენა რაიმეს სამტკიცებლად არ გამოდგება, ვინაიდან, შესაძლოა იარაღის წართმევის დროს ჯაჯგურისას დარჩენილიყო მასზე კვალი, რაც ჩვენების მიცემისას განმარტა კიდეც ექსპერტმა. ი-–-----------ის ჩვენების დამაჯერებლობის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ იგი არის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი, მის ქცევაზეა დამოკიდებული სამსახურებრივი კარიერა და სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის პერსპექტივა. იგი მოტივირებულია იცრუოს და ფიზიკური კონფლიქტის დაწყება და სხეულის დაზიანება დააბრალოს ი-----–------------ეს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----–------------ეს ბრალი წარედგინა ხულიგნობაში, ესე იგი ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავას საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ი-----–------------ე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან, ქ.თბილისი, დი----- მ----ი, მე------------–ი, მ-------------ის მიმდებარედ, სადაც კუთვნილი ავტოფარეხის წინ შენიშნა მეზობლად მცხოვრები ი-–-----------ის მამის - ა---------–---------ის მიკროავტობუსი, რომლითაც ჩაკეტილი იყო ფარეხში შესასვლელი. ამის გამო ი-----–------------ე ხმოვანი, უწყვეტი სიგნალის მეშვეობით შეეცადა მოეხმო მიკროავტობუსის მძღოლი. ი-–-----------ე მალევე მივიდა ავტომანქანასთან და შეეცადა მანქანის სხვა ადგილას გაჩერებას. თუმცა ი-----–------------ემ, რომელიც იყო გაღიზიანებული მომხდარით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამ უკანასკნელს, შემდეგ კი დაიწყო ხმამაღლა გინება, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მყუდროება. ხმაურზე შეკრებილი მოსახლეობა - მეზობლები ი-----–------------ეს მოუწოდებდნენ სიმშვიდისკენ, თუმცა იგი არ წყნარდებოდა და მათ მიმართ გამოხატავდა აშკარა უპატივცემულობას და აგრძელებდა უმისამართო გინებას. ამავდროულად, მან ამოიღო ავტომანქანიდან ,,ჩეზეს’’ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა იგი საბრძოლო მდგომარეობაში და მისი გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი-–-----------ეს, შემდგომ კი იარაღის ტარის ჩარტყმით, ი-–-----------ეს თავის არეში მიაყენა დაზიანება. ი-----–------------ის ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთი, რაც აღკვეთილი იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომლებმაც დააკავეს იგი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია ი-----–------------ის ბრალეულობა ხულიგნობაში, ესე იგი ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ი-----–------------ე ავტომანქანით მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან, კუთვნილი ავტოფარეხის წინ შენიშნა მიკროავტობუსი, რომელსაც ჩაკეტილი ჰქონდა ავტოფარეხში შესასვლელი გზა. ამის გამო ი-----–------------ე ხმოვანი, უწყვეტი სიგნალის მეშვეობით შეეცადა მოეხმო მიკროავტობუსის მძღოლი. ეზოში ავტომანქანის გადასაყენებლად ჩავიდა ი-–-----------ე. ი-----–------------ესა და ი-–-----------ეს შორის, ამ უკანასკნელის ოჯახის წევრის მიერ ჩახერგილი ავტოფარეხის გამო მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ხმამაღალ ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში. კონფლიქტში ი-----–------------ემ თანნაქონი, მასზე რეგისტრირებული C---- მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის ტარის ჩარტყმით, ი-–-----------ეს თავის არეში მიაყენა დაზიანება. სამედიცინო ექსერტიზის N--------- დასკვნით, დაზიანება შუბლის მიდამოში მარცხნივ არსებული დაჟეჟილი ჭრილობის და თავის ტვინის შერყევის სახით მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, ი-----–------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.
ი-----–------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, 2016 წლის 5 იანვრიდან - 2016 წლის 4 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ი-----–------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ი-----–------------ის მიერ ძალადობის გამოყენება ი-–-----------ის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის მიმართ გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ი-----–------------ემ უარი განაცხადა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომებში მონაწილეობაზე, განმარტა, რომ უნდობლობას უცხადებდა სასამართლო სისტემას და დატოვა სხდომის დარბაზი. ი-----–------------ის განმარტებით, მან ასევე აიცილა შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი. პალატის გადაწყვეტილებით, საქმეში ჩაერთო სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი და საქმის განხილვა გაგრძელდა მსჯავრდებულის დასწრების გარეშე.
მტკიცებულებათა შეფასების და სააპელაციო საჩივრების მოსმენის შემდეგ, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ი-----–------------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ი-----–------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 4 იანვარს, დაახლოებით ღამის 11:00 საათზე ავტომანქანით მივიდა საცხოვრებელ სახლთან, თუმცა ვერ შეძლო კუთვნილ ავტოფარეხში ავტომანქანის შეყვანა, რადგან გზა მიკროავტობუსს ჰქონდა ჩახერგილი. იგი გაბმული სიგნალით შეეცადა მიკროავტობუსის მეპატრონისთვის მიეწვდინა ხმა, თუმცა 10 წუთის განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად არავინ გამოჩნდა. იგი კვლავ ხანგრძლივად განაგრძობდა დასიგნალებას, რა დროსაც დაინახა მისკენ აგრესიულად მიმავალი ილ------------ე, რომელიც გამოთქვამდა უკმაყოფილებას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მანქანასთან მიახლოების შემდეგ ი-–-----------ემ გამოუღო ავტომობილის კარი და ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა მისი ავტომანქანიდან გადმოყვანა. იმ დროს როდესაც იგი წინააღმდეგობას უწევდა ი-–-----------ეს, ეს უკანასკნელი შეეცადა მისთვის წაერთმია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მოთავსებული ჰქონდა შარვლის საქამრეში. ამის გამო მან ი-–-----------ეს ჰკრა ხელი. ი-–-----------ე დაეცა და შესაძლოა, სწორედ დაცემისას მიიღო დაზიანება. ამ დროს ეზოში გამოვიდნენ მეზობლები და მივიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, თუმცა მათი მისვლისას კონფლიქტი იყო განმუხტული. ასევე განმარტა, რომ ყველაფერი მოხდა ი-–-----------ესთან კონფლიქტის გამო და მას ხულიგნობის და მეზობლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების განზრახვა არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა ი-–-----------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 4 იანვარს, სტუმრად მივიდა მამასთან - ა---------–---------ესთან, რა დროსაც მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსი გააჩერა კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხებთან. დაახლოებით 23:00 საათზე ეზოდან შემოესმა გაბმული სიგნალი და აივნიდან გადახედვისას დაინახა, რომ მიკროავტობუსი კეტავდა ერთ-ერთი ავტოფარეხის შესასვლელს. აივნიდან დაუძახა მძღოლს, რომ ჩავიდოდა და გადააყენებდა მიკროავტობუსს. ტანსაცმლის ჩაცმისას პერიოდულად ესმოდა სიგნალის ხმა. მანქანის გადასაყენებლად ეზოში ჩასულს, ავტოფარეხში შესასვლელი გზის ჩახერგვის გამო შეაგინა ი-----–------------ემ. მათ შორის სიტყვიერი კამათი კი, გადაიზარდა ორმხრივ კონფლიქტსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ი-----–------------ის ხელში შენიშნა ცეცხლსასროლი იარაღი. იგი შეეცადა განეიარაღებინა ი-----–------------ე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა თავში და მიაყენა სხეულის დაზიანება. ჩხუბის და ხმაურის გამო სადარბაზოებიდან გამოვიდნენ მეზობლები, რომლებიც აწყნარებდნენ მათ. ამის შემდეგ მან მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას.
დაზარალებულ ი-–-----------ის მეუღლემ ქ----------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს ი-–-----------ესა და ი-----–------------ეს შორის მოხდა კონფლიქტი. იგი შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც დაინახა თუ როგორ ჩაარტყა ი-----–------------ემ მის მეუღლეს თავში იარაღის ტარი. აღნიშნულის გამო ი-–-----------ეს გაუტყდა თავი და ჭრილობიდან წამოუვიდა სისხლი.
მოწმე ა---------–---------ემ, რომელიც ი-–-----------ის მამაა, განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, მისმა შვილმა ი-----–------------ის ავტოფარეხთან გააჩერა მიკროავტობუსი, რის გამოც მათ შორის მოხდა კონფლიქტი, რაც დაინახა აივნიდან. ეზოში ჩასულმა კი ნახა, რომ ი-–-----------ეს თავი ჰქონდა გატეხილი და სდიოდა სისხლი.
ი-–-----------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი დადასტურებულია ექსპერტის დასკვნით. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 იანვრის N--------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს პაციენტის სამედიცინო ბარათი N72/16-ის ჩანაწერების მიხედვით, ი-–-----------ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2016 წლის 5 იანვარს 00:02 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 13:50 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: შუბლის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა. სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის პოლიკლინიკის სამედიცინო N3--- წიგნაკის ჩანაწერებით ი-–-----------ე აღნიშნულ დაწესებულებაში თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობას გადიოდა 06.01.2016 წლიდან 18.01.2016 წლამდე. პირადი გასინჯვით 2016 წლის 5 იანვარს ი-–-----------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე და წელის მიდამოში მარცხნივ; ასევე სისხლნაჟღენთები გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ II-III ნეკნების საპროექციოდ. სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხარის ზედა მესამედში, წინა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანება შუბლის მიდამოში მარცხნივ არსებული დაჟეჟილი ჭრილობის და თავის ტვინის შერყევის სახით მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. დაზიანებები კისრის მიდამოში მარცხნივ არსებული ნაჭდევისა და გულმკერდის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთების სახით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
პირადი ჩხრეკის ოქმით, 2016 წლის 05 იანვარს 00:02-00:10 საათზე, ჩატარდა ი-----–------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად, მისი შარვლის საქამრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის C--- სისტემის პისტოლეტი.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------------–--მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ 2016 წლის 4 იანვარს, დაახლოებით ღამის 12:00 საათზე სამორიგეო ნაწილში შესული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომელ გ----------–--------–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, კერძოდ: ქ.თბილისი, დი----- მ----ი, მ------------–ის მ-------------თან, სადაც შეკრებილი იყო ხალხი. იქვე იმყოფებოდა ი-–-----------ე, რომელმაც განუმარტა, რომ მასსა და ი-----–------------ეს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, ი-----–------------ემ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში მიაყენა დაზიანება. იქვე იმყოფებოდა ი-----–------------ეც. მათ ი-----–------------ეს წარუდგინეს საბუთები და ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის საქამრედან ამოუღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი. აღნიშნულის შემდეგ მათ მიერ დაკავებული იქნა ი-----–------------ე.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებლებმა გ----------–--------–---–მა და რ-------------ემ.
ი-----–------------ის მიერ ი-–-----------ისთვის დაზიანების მიყენება, დაზარალებულის და მოწმე ქ----------------ის ჩვენებების გარდა, დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------- ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ ი-----–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი მასში მოთავსებული ვაზნებით...“, მოთავსებულ პისტოლეტზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი ი-–-----------ის (ობ.N3; პაკეტი, წარწერით: „... სტერილურ ჩხირზე დ.ნ.მ. ნიმუში აღებული იქნა მოწმე ი-–-----------ის პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
მოწმეებმა მ-----------–-----------–-----მა და დ-------------–-----მა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ 2016 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე ეზოდან გაიგეს გაბმული სიგნალის ხმა, ხოლო შემდეგ მოესმათ ჩხუბის ხმა. ისინი ჩავიდნენ ეზოში და გაარკვიეს, რომ ავტომანქანის გაჩერების გამო წაკამათებულან მეზობლები ი-----–-------------ე და ი-–-----------ე. ამ უკანასკნელს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დახმარება.
მოწმეებმა გ----------------მა და გ----------------–---–მა დაადასტურეს, რომ ეზოდან შემოესმათ ხმაური. ეზოში ჩასულებმა კი ნახეს თავგატეხილი ი-–-----------ე, რომელსაც ჩხუბი მოსვლია ი-----–------------ესთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----------ამ და გ---------------ემ განმარტეს, რომ ი-----–------------ესა და ი-–-----------ეს შორის დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტი მოგვიანებით გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მათ დაინახეს, რომ ი-–-----------ე გინებით და ყვირილით მიეჭრა ი-----–------------ეს, რის შემდეგაც ეს ორი პირი ი-----–------------ის ავტომანქანასთან ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს.
ი-----–------------ესა და ი-–-----------ეს შორის განვითარებულ კონფლიქტს აივნიდან ადევნებდნენ თვალს მეზობლები: ნ-----------–---–ი, გ---------------–---–ი და მ----------–--ა, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ კონფლიქტი წარმოიშვა ი-----–------------ის ავტოფარეხის წინ ი-–-----------ის მამის ავტომანქანის გაჩერების გამო, რომელსაც ჩახერგილი ჰქონდა ავტოფარეხში შესასვლელი გზა. აღნიშნული კონფლიქტის შედეგად კი ი-–-----------ემ მიიღო დაზიანება. ასევე აივნიდან ადევნებდა თვალს კონფლიქტს მოწმის სახით დაკითხული გ---------------ე და დაინახა, რომ ი-–-----------ეს და ი-----–------------ეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
ჩვენების მიცემისას მოწმე გ---------------ემ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს იგი იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ხმაური. გადაიხედა და დაინახა ეზოში შეკრებილი მეზობლები და პოლიციის თანამშრომლები. მოგვიანებით გაარკვია, რომ ი-–-----------ეს დაზიანებული ჰქონდა თავი, ხოლო კონფლიქტი მომხდარა ი-----–-------------ის ავტოფარეხთან მეზობლის მიკროავტობუსის გაჩერების გამო.
მოწმეებმა ქ-----------------ემ და ს-------–--------ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ 2016 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე ქუჩიდან შემოესმათ ჯერ სიგნალის გაბმული ხმა, ხოლო შემდეგ გაიგეს ჩხუბის ხმა. მათ გადაიხედეს აივნიდან და დაინახეს, რომ ეზოში შეკრებილი იყვნენ მეზობლები. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ავტოფარხეთან მიკროავტობუსის გაჩერების გამო უჩხუბიათ მეზობლებს ი-----–------------ეს და ი-–-----------ეს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თ----–-------------------მა დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს ეზოდან შემოესმა ხმაური და გარეთ გახედვისას დაინახა ი-–-----------ე, რომელსაც ი-----–------------ესთან კონფლიქტის დროს დაუზიანდა თავი. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით.
ი-----–------------ის ქმედების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია იმ პრაქტიკის განხილვა, რაც ამ საკითხებთან დაკავშირებით მრავალი წელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი და დამკვიდრებულია, კერძოდ, 2007 წლის 28 თებერვლის N210აპ განჩინებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ არ ჩაითვლება ხულიგნობად ბინაში პირადი მოტივით ჩხუბის ატეხვა ოჯახის წევრების მიმართ, რასაც ახლდა ძალადობის მუქარა და რითაც დაირღვა ამ ოჯახის მყუდროება. როგორც საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის საბრალდებო დასკვნითაც ირკვევა, ბრალდებულს (მსჯავრდებულს) ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. პირადი მოტივის შესახებ აღნიშნულია 2007 წლის 27 მარტის N720აპ განჩინებაშიც. კერძოდ, საბრალდებო დასკვნის შესაბამისად, ბრალდებული კონკრეტულ სახლში მივიდა დაზარალებულთან ანგარიშსწორების მიზნით. იგი განაწყენებული იყო, რადგან რამდენიმე დღით ადრე, ბრალდებულის უკანონო ქმედების გამო დაზარალებულმა მიმართა საპატრულო პოლიციას. ამდენად, როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, ბრალდებულს ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა იმის სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი. ამავე საკითხზე საკასაციო პალატამ იმსჯელა 2008 წლის 20 ივნისის N2185აპ განჩინებაში და შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების ფონზე განმარტა: საქმეში არსებული მასალებიდან, მათ შორის - საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარე, ბრალდებული განაწყენდა დ. მ-ზე, რადგან ამ უკანასკნელმა აიძულა ლ. ხ., აუდიომაგნიტოფონი დახლზე დაედო. ცხადია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვია ძარცვისას დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შედეგად წარმოქმნილმა კონფლიქტმა, რაც გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. ბრალდებულს არ ამოძრავებდა საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი. თითქმის იდენტურ გარემოებებში საკასაციო პალატამ გამორიცხა ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირება: შემთხვევის ადგილზე ყოფნისას და ქმედების ჩადენისას ბრალდებული გინებითა და მუქარით მიმართავდა მხოლოდ დაზარალებულს და იმავდროულად სამჯერ დაარტყა მას დანა მარჯვენა ქვედა კიდურის ზედა ნაწილში. მართალია, შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრის მანძილზე, ვულკანიზაციის ჯიხურში იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, მაგრამ მათ მიმართ, როგორც დამსწრე საზოგადოების მიმართ, ბრალდებულს არავითარი აგრესია არ გამოუმჟღავნებია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია ვინმესთვის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას არ გააჩნდა საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება აღნიშნულ მომენტში. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მისი მოქმედება იყო მკაფიოდ მოტივირებული, ხოლო მოტივაცია გამომდინარეობდა ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის წინათ არსებული ურთიერთობებიდან, რაც დაკავშირებული იყო დაზარალებულის საჩივრისა და ჩვენებების საფუძველზე ბრალდებულის მსჯავრდებასთან და რის შედეგადაც ბრალდებული დაზარალებულის მიმართ განმსჭვალული იყო შურისძიების გრძნობით.
მოცემულ საკითხზე ზუსტად ანალოგიური პრაქტიკა აქვს საკასაციო პალატას ამჟამადაც, კერძოდ, 2017 წლის 27 ოქტომბრის №278აპ-17 განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ერთ-ერთი პირის ქმედება სსკ-ის 239-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 120-ე მუხლზე. სასამართლოს განმარტება იყო შემდეგი, რომ, მართალია, დანაშაული ჩადენილია საცხოვრებელი კორპუსისა და მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ შემთხვევის ადგილზე ბრალდებულები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მხოლოდ კონკრეტულ ორ პირს. მათ სხვა პირის ან პირებისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებულებს არ ჰქონდათ საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება და მათი მოქმედება მიმართული იყო მხოლოდ ამ ორი პირისკენ. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ხულიგნობის დროს პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობას. თუ პირის შეგნება არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა რომც მოჰყვეს, ხულიგნობა მაინც არ გამოიკვეთება. დამნაშავის მოტივი ხულიგნობის ჩადენის დროს არის საზოგადოებასთან დაპირისპირება, იმის დამტკიცება, რომ გაბატონებული ზნეობრივი ნორმები მისთვის არაფერს ნიშნავს.
მოცემულ შემთხვევაში, ი-----–------------ის ძალადობრივი ქმედება ი-–-----------ის მიმართ განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით გამოწვეული ხმაური მართლაც გახდა კორპუსის მაცხოვრებელთა ფანჯრიდან გადახედვის და ეზოში ჩასვლის საფუძველი, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა კორპუსის მაცხოვრებლებმა კატეგორიულად გამორიცხეს ი-----–------------ის მხრიდან მათი მისამართით სიტყვიერი აგრესია და შეურაცხყოფა და განაცხადეს, რომ სიტყვიერი კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობდა ი-–-----------ესა და ი-----–------------ეს შორის. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას თავად დაზარალებულის მამამ და მეუღლემ დაადასტურეს, რომ ი-----–------------ე და ი-–-----------ე აგინებდნენ ერთმანეთს და არა მეზობლებს, ხოლო ი-----–------------ემ აგრესია შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოვიდნენ მეზობლები. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი-----–-------------ეს, ხულიგნობისათვის დამახასიათებელი საზოგადოებისადმი უპატივცემულობის გამოხატვის განზრახვა არ ჰქონია. ის გარემოება, რომ ი-----–------------ე გაბმულად იყენებდა ავტომანქანის ხმოვან სიგნალს, კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევად, ვინაიდან ი-----–------------ე ამით ცდილობდა ხმა მიეწვდინა ავტომანქანის მეპატრონისთვის, რომელსაც ჩახერგილი ჰქონდა ავტოფარეხში შესასვლელი გზა. სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურდა არც ის ფაქტი, რომ ი-----–------------ე უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა და გამოხატავდა უპატივცემულობას შეკრებილი საზოგადოების მისამართით.
ქმედების ხულიგნობით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ი-----–------------ე მოქმედებდა ისეთი ცხადად გამოკვეთილი მოტივითა და კონკრეტულად განსაზღვრული მიზნით, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება ხულიგნური ქმედებისათვის დამახასიათებელ ფაქტობრივ ნიშნებს, კერძოდ: მის მიზანს წარმოადგენდა ავტოფარეხთან მისასვლელი გზის გათავისუფლება, რის საფუძველზეც მას და დაზარალებულს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. მას ჰყავდა აგრესიის ერთადერთი ობიექტი - დაზარალებული, რომელზეც განაწყენებული იყო მანქანის შეფერხებასთან დაკავშირებით. როგორც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, ი-----–------------ეს არ ამოძრავებდა საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, მას არ გამოუხატავას საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით და ძალადობის მუქარით. აღნიშნული წარმოადგენდა მხოლოდ ორ დაპირისპირებულ ადამიანს შორის კონფლიქტს და მისი აგრესია მიმართული იყო მხოლოდ ი-–-----------ის და არა საზოგადოების სხვა წევრების მიმართ.
სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ი-----–------------ის ქმედებაში არ არის ხულიგნობის სავალდებულო ნიშანი - საზოგადოების უპატივცემულობა, რის გამოც მისი ქმედება რეალურად არსებული გარემოებების მიხედვით უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 120-ე მუხლზე, რომელი ზიანიც დაზარალებულმა მიიღო ბრალდებულის მიერ იარაღის ტარის ჩარტყმის შედეგად.
იმისათვის, რომ ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც მის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევს.
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების არსებობის ფაქტი, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 იანვრის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ ი-–-----------ის დაზიანება შუბლის მიდამოში მარცხნივ არსებული დაჟეჟილი ჭრილობის და თავის ტვინის შერყევის სახით მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა სხეულის დაზიანებათა მიყენების იმ დროსა და პერიოდს, რაც საქმის მასალებშია მითითებული.
პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ თითქოს ი-–-----------ემ დაზიანება მიიღო წაქცევისას, როდესაც მისგან თავის დახსნის მიზნით ხელი ჰკრა ი-----–------------ემ. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ გარემოებაზე უთითებს მხოლოდ ი-----–------------ე და არ დასტურდება რაიმე სხვა მტკიცებულებით. ამასთან, დაზარალებულის და მისი მეუღლის ჩვენებები პირდაპირ მიუთითებენ ი-----–------------ეზე, როგორც ქმედების განმახორციელებელ პირზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს ი-----–------------ესა და ი-–-----------ეს შორის კონფლიქტის არსებობა, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. დაზარალებულის განმარტებით, მას ფიზიკური დაპირისპირების დროს ი-----–------------ემ თავის არეში ჩაარტყა იარაღის ტარი, რასაც ასევე ადასტურებს ქ----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ იგი ცდილობდა მათ გაშველებას, რა დროსაც დაინახა, როგორ ჩაარტყა ი-----–------------ემ მის მეუღლეს იარაღის ტარი თავში. აღნიშნულ გარემოებას კი ამყარებს ის ფაქტი, რომ ი-----–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იარაღზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-–-----------ეს. ასევე არადამაჯერებელია დაცვის მხარის პოზიცია, რომ ი-–-----------ის გენეტიკური პროფილი იარაღზე შესაძლოა დარჩენილიყო იმ დროს, როდესაც იგი ეჯაჯგურებოდა ი-----–------------ეს, ვინაიდან აღნიშნული ვერსია გამყარებული არ არის სხვა რაიმე მტკიცებულებით.
პალატა აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც დაზარალებულისა და მისი მეუღლის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. ასევე არ წარმოადგენს უტყუარს ის არგუმენტი, რომ თითქოს დაზარალებული ი-–-----------ე სამსახურებრივი კარიერიდან გამომდინარე მოტივირებულია იცრუოს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ი-----–------------ის მიერ კონფლიქტის დროს ცეცხლსასროლი იარაღის ტარის გამოყენებით ი-–-----------ის დაზიანების ფაქტი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მსჯავრდებულის განმარტება, რომ არსებობს დაინტერესება მისი პიროვნებიდან გამომდინარე.
გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერების ჭრილში სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა - როგორც შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილი, რომლის განხორციელებაც ყველა ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც კანონი, ისე სასამართლო პრაქტიკა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის ფორმირებას ეხება, მითითებულია: “ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს [...], ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები”. იმავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი განაჩენის კანონიერების კონტექსტში მოიაზრებს მსჯავრდებულის ქმედებისთვის არასწორი კვალიფიკაციის მიცემას. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახეებს ჩამოთვლის, ერთ-ერთ სახედ მოიაზრებს განაჩენს, რომელითაც სააპელაციო სასამართლოს “ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში”, რაც ბუნებრივია, კვალიფიკაციის ცვლილებასაც გულისხმობს და არა მარტო მას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს როგორც მატერიალურ, ისე საპროცესო დებულებებს კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.
ქართული სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებით თანმიმდევრულია, ბუნებრივია, მთავარი პირობის - ბრალდებულის სასარგებლოდ - დაცვით, რის შესახებაც შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები მაგალითისათვის: N420აპ-16 (2016 წლის 29 დეკემბერი), N227აპ-16 (2016 წლის 29 სექტემბერი), N128აპ-16 (2016 წლის 28 ივლისი) და სხვ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: “DALLOS v. HUNGARY”, (no. 29082/95 ), 2001 წლის 1 მარტი, პარ. 47-53; SIPAVICIUS v. LITHUANIA, (no. 49093/99 ), 2002 წლის 21 თებერვალი, პარ.23-34; JUHA NUUTINEN v. FINLAND, (no. 45830/99 ), 2007 წლის 24 აპრილი, პარ. 33;).
ამასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებულს საშუალება ჰქონდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება და როგორც მინიმუმ სადავოდ გაეხადა შეცვლილი კვალიფიკაცია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რაც უკავშირდება იმ ნიშნებს, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალი კვალიფიკაციით დაადგინა ი-----–------------ის ბრალეულობა და მიუთითებს, რომ ამ მიმართებით სასამართლოს არაფერი დაუმატებია იმ ფაქტებისათვის (ან მსჯავრდებულის ქმედებებისთვის), რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულს საშუალება ჰქონდა და ამის შემდეგ საკასაციო სასამართლოშიც მიეცემა საშუალება იდავოს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ შეფასებაზე. ის ფაქტი, რომ ი-----–------------ის ქმედებამ ი-–-----------ეს მიაყენა დაზიანება და ეს გარემოება გახდა ხულიგნობის შემადგენლობის კომპონენტების „ძალადობის“ და ასევე მე-3 ნაწილის - „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების“ განმსაზღვრელი, არ ნიშნავს, რომ მას საერთო არაფერი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლთან, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს დანაშაულის შემადგენლობის იმ ძირითად ნიშნებს, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანებას.
სასამართლო კიდევ ერთხელ და ცალსახად მიუთითებს, რომ მისი გადაწყვეტილება შეეხება მსჯავრდებულისთვის კარგად ცნობილ (ჯერ კიდევ ბრალდების წარდგენიდან მოყოლებული) ფაქტების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და არა ისეთ ახალ დანაშაულში მსჯავრდებას, რომელიც მოწყვეტილია მის მიერ ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისგან და განხორციელებული ქმედებისგან. მოცემულ საქმეში ფაქტების შეფასების უარყოფა იწვევს სამართლებრივი შეფასების კორექტირებას და არა პირიქით, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ---------------–---–ის და მსჯავრდებულ ი-----–------------ის და მისი ადვოკატის შ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი ი-----–------------ის მიმართ.
ი-----–------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.
ი-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, 2016 წლის 5 იანვრიდან - 2016 წლის 4 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი-----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ი-----–------------ის მიმართ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ი-----–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
§ ი-–-----------ის ნერწყვის ნიმუში - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
§ ერთი ცალი CD დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე