განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001386618
გადაწყვეტილება საქართველოს სახელით საქმე №2ბ/4213-17 “08” მაისი, 2018წ. თბილისი თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატა თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე მოსამართლეები თამარ ალანია ირაკლი ბონდარენკო სხდომის მდივანი _ ნინო სოლომნიშვილი აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - ი-–-- ხ-----–-ა (მოსარჩელე) მ-----– ს---–-----–--ე შპს „გ----”, ნ---- კ--–------ე, ნ----- ხ-------ა (მოპასუხეები) ვ-–-------- გ-------–-–---–ი, კ------- ყ------ი გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2017წ. გადაწყვეტილება დავის საგანი _ დივიდენდის გადახდა 1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ი-–-- ხ-----–-ას სასარჩელო მოთხოვნა შპს „გ----ს“ (დირექტორი ნ---- კ--–------ე), ნ---- კ--–------ეს (როგორც შპს-ს დირექტორი) და ნ----- ხ-------ას (როგორც შპს „გ----ს“ 50% წილის მფლობელი) ი-–-- ხ-----–-ას სასარგებლოდ შპს „გ----დან“ (2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით) მიუღებელი (გაუნაწილებელი) სუფთა მოგების (ი-–-- ხ-----–-ას კუთვნილი) თანხის 54 028.12 (ორმოცდათოთხმეტი ათას ოცდარვა ლარი და 12 თეთრი) ლარის გადახდის შესახებ; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ----“ რეგისტრირებულია ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ 1----–-–----- დეკემბერს (რეგისტრაციის ნომერი: 0--------), რომლის 50%-იანი წილის დამფუძნებელი პარტნიორია ნ----- ხ-------ა, ხოლო 50% წილის - ი-–-- ხ-----–-ა. საზოგადოების დირექტორს წარმოადგენს ნ---- კ--–------ე. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.2. 2012 წლის 26 სექტემბერს (2022 წლის 26 სექტემბრამდე ვადით) ერთის მხრივ შპს „გ----ს“ და მეორეს მხრივ შპს „------–----“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული 405.00 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ხ---------ოვის ქ. N5. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით, იჯარის ღირებულებად ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში განისაზღვრა 3 000 ლარი ყოველ თვეში, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ - 5 000 ლარი ყოველთვიურად. შპს „------–----“ აქვს შპს „გ----ს“ მიმართ დავალიანება საიჯარო ქირის ნაწი-–--ბრივ გადაუხდელობის გამო. 2.3. შპს „გ----ს“ პარტნიორთა 2014 წლის 29 ივლისის კრების ოქმის დღის წესრიგში შეტანილ იქნა შპს „გ----ს 2013 წლის ფინანსური შედეგების განხილვისა და შემოსავლიდან დივიდენდის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი, თუმცა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან ი-–-- ხ-----–-ას წარმომადგენლის შ----ა ზ----–---–ის მიერ იქნა მოხსნილი. 2.4. შპს „გ----ს“ 2015 წლის 27 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმით ირკვევა, რომ კრების დღის წესრიგში პარტნიორ ნ----- ხ-------ას მიერ შეტანილ საკითხებში ერთ - ერთ საკითხს კვლავ წარმოადგენდა შპს „გ----ს“ 2013 წლის წმინდა მოგების დივიდენდის განაწილება. აღნიშნული საკითხის განხილვა ი-–-- ხ-----–-ას წარმომადგენელ ლ-–- ნ-----ას ინიციატივით გადაიდო. 2.5. შპს „გ----ს“ დირექტორის ნ---- კ--–------ის 26.11.2014 წ. და 09.12.2014 წ. წერილებიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დირექტორს სურს პარტნიორებს გაუნაწი-–--ს მათი კუთვნილი დივიდენდი. შპს „გ----ს“ დირექტორის ნ---- კ--–------ის 2015 წლის 2 თებერვლის წერილზე ი-–-- ხ-----–-ას პასუხიდან ირკვევა, რომ ნ---- კ--–------ის წერილში ერთ -ერთ საკითხს წარმოადგენდა 2013 წლის დივიდენდის განაწილება, რაზეც ი-–-- ხ-----–-ამ მიუთითა, რომ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დირექტორის და პარტნიორის ნ----- ხ-------ას მიმართ წარმოებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში სხდომაზე მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ შორის სადავო იყო დივიდენდის ოდენობა, აღნიშნული კი წარმოადგენს პარტნიორთა კრებაზე გადასაწყვეტ საკითხს. 2.6. მხარეთა ახსნა -განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, - წერილებით და პარტნიორთა კრების ოქმებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დივიდენდის განაწილების შესახებ პარტნიორთა კრებას არ უმსჯელია. 2.7. შპს „გ----ს“ წესდების მე-7 მუხლის 7.1. და 7.2. პუნქტებით დადგენილია, რომ წლიური მოგება აისახება საზოგადოების ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშებში, რომელსაც დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს პარტნიორთა კრებას. ამასთანავე, დირექტორი ადგენს წლიურ და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, ასევე წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებას და წარუდგენს პარტნიორთა კრებას, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მისი გამოყენების შესახებ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შპს-ის კაპიტალი დაყოფილია წილებად, წილი არის მიმოქცევადი უფლება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა. კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ბალანსის საფუძველზე დგინდება წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი. ამასთან, მოგებისა და ზარალის გაანგარიშების, პერიოდულობის და განაწილების წესი განისაზღვრება საზოგადოების წესდებით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ,,გ----ს" წესდება ადგენს იგივე წესს, რაც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამდენად, საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება. ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე - საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ (იხ. სუსგ №ას-1328-1170-2010). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმებით, საზოგადოების წესდებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დივიდენდის მოთხოვნის უფლების წარმოშობა აუცილებლად საჭიროებს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში, პარტნიორთა არცერთ კრებაზე არ უმსჯელიათ საზოგადოების პარტნიორებს დივიდენდის განაწილების საკითხზე და ორივე შემთხვევაში საკითხის გადადების ინიციატორი სწორედ ი-–-- ხ-----–-ას წარმომადგენელი იყო. დივიდენდის განაწილების საკითხის გადაწყვეტა კი პარტნიორთა კრების პრეროგატივაა და არა მისი დისკრეცია, შესაბამისად სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: 3.1. მოსამართლემ მოახდინა შპს ,,გ----ს“ 29.07.2014 წ. და 27.01.2015 წ. პარტნიორთა კრებების არასწორი ინტერპრეტაცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ დივიდენდის გაცემის საკითხის გადადების ინიციატორი იყო ი-–-- ხ-----–-ას წარმომადგენელი. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,გ----ს" პარტნიორთა კრება ფაქტობრივად არის უმოქმედო ორგანო, რომელიც ვერ იღებს გადაწყვეტილებას. პარტნიორთა შორის წილის გადანაწილება - 50%-50% პარტნიორთა კრებებს აქცევს ფაქტიურად უმოქმედo ორგანოდ, რომელიც პარტნიორთა განსხვავებული პოზიციების გამო ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, რითაც სარგებლობს საზოგადოების დირექტორი. გადაწყვეტილების მიღება ვერ ხორციელდება ასევე რეალური წმინდა მოგების პარტნიორებზე განაწილებასთან დაკავშირებითაც. 3.2. სასამართლო განმარტავს, რომ დივიდენდების მოთხოვნის უფლების წარმოშობა აუცილებლად საჭიროებს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას. ისმის კითხვა, იმ პირობებში, როდესაც შეზღუდული პასუხისმმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრება არის ფაქტობრივად უმოქმედო ორგანო და ვერც ერთ საკითხთან დაკავშირებით ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის დივიდენდების განაწილების შესახებ, პარტნიორს ერთმევა უფლება სასამართლო წესით მოითხოვოს მოგების განაწილება? აღნიშნულ შემთხვევაში საუბარია სწორედ იმ მოგებაზე, რაც დადასტურებული და დეკლარირებულია შპს ,,გ----ს" დირექტორის მიერ. თუ გაზიარებული იქნება სასამართლოს მსჯელობა, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ასეთი მოგება ვერასდროს განაწილდება პარტნიორებზე, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს პარტნიორთა კრება. ასევე, თუ სასამართლოში პარტნიორის მიერ დივიდენდის მოთხოვნის წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს პარტნიორთა კრების ,,უარყოფითი გადაწყვეტილება" დივიდენდების არგანაწილების შესახებ, მაშინ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ატარებს სრულიად ფორმალურ საფუძველს და სასამართლომ მოითხოვა ის დოკუმენტი (მტკიცებულება იმ ფაქტის მტკიცებასთან დაკავშირებით), რაც ისედაც ცხადია საქმეში წარმოადგენილი მტკიცებულებებისა და მოპასუხე მხარის პოზიციებიდან გამომდინარე. ამრიგად, სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ატარებს სრულიად ფორმალურ ხასიათს და არ ეფუძნება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებსა და მტკიცებულებებს. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის/უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ: - შპს ,,გ----” რეგისტრირებულია ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში 1---------წ.; - საზოგადოებას ჰყავს ორი პარტნიორი - ი-–-- ხ-----–-ა 50% წილით და ნ----- ხ-------ა 50% წილით; - საზოგადოების დირექტორია ნ---- კ--–------ე (ტ. 1, ს.ფ. 19-21). 4.2. ი-–-- ხ-----–-ას სასარჩელო მოთხოვნას (შემდგომში „მოსარჩელე“) წარმოადგენს შპს „გ----ს“, საზოგადოების დირექტორს - ნ---- კ--–------ეს და პარტნიორს - ნ----- ხ-------ას დაეკისროთ შპს „გ----ს“ 2013-2015 წლების გაუნაწილებელი სუფთა მოგების სახით 54 028.12 ლარის გადახდა (იხ.: სასარჩელო მოთხოვნა, ტ.1, ს.ფ. 1-7). სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დივიდენდის განაწილების მოთხოვნით აღძრულ სარჩელში სათანადო მოპასუხეა მხოლოდ შპს „გ----“ (შემდგომში „მოპასუხე“), რამეთუ შპს-ს პარტნიორი და დირექტორი პირადად არ არიან დივიდენდის გადახდაზე პასუხისმგებელი პირები, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.2.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება (სუსგ №ას-1328-1170-2010, 2011 წლის 6 ივნისი). 4.2.2. მართალია, სარჩელი აღძრულია თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით, თუმცა, სარჩელშივე მოსარჩელე არაორაზროვნად მიუთითებს, რომ მოთხოვნილი თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს კომპანიის ანგარიშიდან, სადაც განთავსებული უნდა იყოს ის თანხები, რაც საზოგადოების პარტნიორს ეკუთვნის მოგების სახით. სწორედ აღნიშნული საფუძვლით იშუამდგომლა მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საწარმოსათვის ფულადი სახსრების განკარგვის აკრძალვა (ტ. 1, ს.ფ. 10,11). 4.2.3. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი (15.05.2016წ.-მდე მოქმედი რედაქციით) ადგენს ქცევის შემდეგ წესს: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ეს მუხლი 19.02.2016 N 4791 ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით (ამოქმედდა 2016 წლის 15 მაისიდან), რომლის მეორე პუნქტმაც დაადგინა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა (მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მოგების განაწილების შესახებ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული). 4.2.4. ამდენად, დივიდენდის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, დივიდენდის განაწილების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე სათანადო მოპასუხეს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და არა ამავე საზოგადოების პარტნიორი ან/და დირექტორი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საზოგადოების დირექტორის და პარტნიორის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. 4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელზე უარი ეფუძნება ერთადერთ გარემოებას - დივიდენდის მოთხოვნის უფლების წარმოშობა აუცილებლად საჭიროებს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, წინამდებარე დავის გადაწყვეტისას პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: აქვს თუ არა სასამართლოს გამონაკლის შემთხვევებში საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციის (განაწილდეს თუ არა მოგება) ფარგლებში შეჭრის უფლებამოსილება. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო უფლებოსილია იმსჯელოს სადავო საკითხზე, შემდეგ გარემობათა გამო: 4.3.1. როგორც უკვე აღინიშნა, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით საწარმოს წლიური მოგების დივიდენდების სახით განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების უფლებამოსილებაა, რაც ე.წ. შიდაკორპორაციული დემოკრატიის პრინციპის ძალით პარტნიორებს აძლევს უფლებამოსლებას მართვის უმაღლესი ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში - პარტნიორთა კრებაზე თავად გადაწყვიტონ მოგების განაწილება ან თუნდაც თანხების რეინვესტირება საწარმოს განვითარების მიზნით. 4.3.2. კანონი სადავო საკითხის დეტალური რეგულაციის უფლებას უტოვებს პარტნიორებს, რაც შიდაკორპორაციული აქტის (გარიგების) - წესდებით მათ შეუძლიათ თავად მოაწესრიგონ. მოპასუხის წესდების 5.4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების დამტკიცების და გამოყენების შესახებ. ამავე წესდების 7.1., 7.2., პუნქტებით, წლიური შედეგები აისახება საზოგადოების ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშებში, რომელსაც დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს პარტნიორთა კრებას. დირექტორი ადგენს წლიურ და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, ასევე წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებას და წარუდგენს პარტნიორთა კრებას, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მისი გამოყენების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 22-28). ამდენად, საწარმოში წლიური მოგების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული მოგების დივიდენდის სახით განაწილება წარმოადგენს პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მეწარმე სუბიექტის საქმიანობის მიზანი სწორედ მოგების მიღებაა და პარტნიორებს გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მოგების არსებობის შემთხვევაში მიიღებენ დივიდენდს, პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების არმიღებას უნდა ჰქონდეს ასევე ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი და აღნიშნული მიზანი უნდა ამართლებდეს პარტნიორის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების - მოგების მიღების უფლების - შეზღუდვას. სასამართლო საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციის (განაწილდეს თუ არა მოგება) ფარგლებში შეიძლება შეიჭრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი, მაგალითად, როცა მოსარჩელე პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებაზე უთითებს, - ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს შეუქმნის საწარმოს პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი მოქმედების, მოტყუების ან პირადი დაინტერესების არსებობის ვარაუდის საფუძველს (იხ.: სუსგ №ას-378-359-2015, 2015 წლის 21 დეკემბერი; №ას-457-436-2015, 2016 წლის 6 ივნისი; N-552-527-2016, 2017 წლის 6 აპრილი) ან გადაწყვეტილების მიღების ობიექტურად შეუძლებლობის სხვაგვარ დასაბუთებას. 4.3.3. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს მეშვეობით უნდა მოხდეს დივიდენდის განაწილება, ვინაიდან პარტნიორთა შორის წილის გადანაწილება - 50%-50%, პარტნიორთა კრებას აქცევს ფაქტიურად უმოქმედო ორგანოდ, რომელიც პარტნიორთა განსხვავებული პოზიციების გამო ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, გვაქვს წილთა ისეთი გადანაწილება, როცა ნებისმიერი გადაწყვეტილება იმთავითვე გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად, სრული კონსენსუსის პირობებში. ასეთ დროს განსხვავება ვერ იქნება კრებაზე განსახილველ საკითხებს შორის ხმათა საკმარისი რაოდენობის განსაზღვრის დროს (უბრალო უმრავლესობა თუ ერთხმად გადაწყვეტილების მიღება), რაც პარტნიორთა შორის უთანხმოების პირობებში ფაქტობრივად გამორიცხავს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. 4.3.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ დივიდენდის განაწილების შესახებ პარტნიორთა კრებას არ უმსჯელია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის პარტნიორთა 29.07.2014წ. კრების ოქმის დღის წესრიგში შეტანილ იქნა მოპასუხე საწარმოს 2013 წლის ფინანსური შედეგების განხილვისა და შემოსავლიდან დივიდენდის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი, რომელიც დღის წესრიგიდან მოიხსნა მოსარჩელის წარმომადგენლის შ----ა ზ----–---–ის მიერ (ტ.1, ს.ფ. 116-122). 27.01.2015წ. პარტნიორთა კრების ოქმით ირკვევა, რომ კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხებში ერთ - ერთ საკითხს კვლავ წარმოადგენდა მოპასუხე საწარმოს 2013 წლის წმინდა მოგების დივიდენდად განაწილება (ტ.1, ს.ფ.33-55), რისი განხილვაც, დეტალების დაუზუსტებლობის გამო (ანგარიშების არქონის გამო), მოსარჩელის წარმომადგენელის ლ-–- ნ-----ას ინიციატივით გადაიდო, რასაც კრების წევრები დაეთანხმნენ (ტ.1, ს.ფ.51). სადავო არ არის, რომ პარტნიორთა შორის უთანხმოების საგანს და შესაბამისად, დივიდენდის განაწილებაზე პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების არარსებობის საფუძველს, წარმოადგენს დივიდენდის ოდენობა, რაზეც მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა. გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობაზე მხარეთა შორის უთანხმოებაზე მიუთითებს პარტნიორისა და საზოგადოების დირექტორის 2014-2015 წლების მიმოწერა (ტ. 1, ს.ფ.123-128). შესაბამისად, გასაზიარებელია მსჯელობა მასზედ, რომ რადგან ორი პარტნიორი წლებია ვერ თანხმდება გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობაზე და რადგან არცერთი დამოუკიდებლად არ ფლობს ე.წ. „საკონტროლო პაკეტს“ (50%-ზე მეტ წილს), ისინი ობიექტურად ვერ შეძლებენ დააკმაყოფი-–--ნ ისეთი წინაპირობა, როგორიცაა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გამონაკლისის სახით შეიძლება შეიჭრას საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციის (განაწილდეს თუ არა მოგება) ფარგლებში. 4.4. 2013-2015 წლებში მოპასუხე საწარმოში გაუნაწილებელი მოგების ოდენობა შეადგენს 53 169 ლარს. 4.4.1. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, ანუ დაცული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების წესი. შესაბამისად, საწარმოს, რომელსაც წარმოადგენს დირექტორი და რომლის გამგებლობაშიც არის მთელი საბუღალტრო დოკუმენტაცია, სამტკიცებელია საზოგადოების შემოსავლების არსებობა/არარსებობის საკითხი და გაუნაწილებელი დივიდენდის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ორი მოპასუხის - შპს „გ----ს“ და ნ---- კ--–------ის (დირეტორი) სახელით წარდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც მოპასუხეები სარჩელში მითითებულ მეოთხე ფაქტობრივ გარემოებას, - რომ მოსარჩელის მიერ წილის პროპორციულად მიუღებელი გასანაწილებელი მოგების ოდენობა შეადგენს 54 028.12 ლარს, - დაეთანხმნენ ნაწი-–--ბრივ, კერძოდ, 53 169 ლარის ნაწილში. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს იჯარით გაცემული აქვს ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ხ---------ოვის N5. საიჯარო ქირა 2013 – 2015 წლებში უნდა ყოფილიყო 71 896.60 ლარი, ნაშთი საბანკო ანგარიშზე კი შეადგენს 53 169 ლარს. თანხის სხვაობა იდენტიფიცირდება რემონტში დაქვითული თანხით 10720 ლარით და 4 თვის მანძილზე არასრულად გადახდილი ქირით (ტ.1, ს.ფ. 107, 108). შესაგებელში გარკვევით და არაორაზროვნად არის დადასტურებული ფაქტი მასზედ, რომ: „ პარტნიორებს შორის გასანაწილებელი მოგების თანხა არის 53 169 ლარი“ (ტ.1, ს.ფ. 108). პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ აქ საუბარია არა შემოსავალზე, არამედ უშუალოდ „პარტნიორებს შორის გასანაწილებელ მოგებაზე“. შესაგებელს ერთვის მტკიცებულებები, რასაც ეფუძნება მოპასუხე თავის დაანგარიშებაში (ტ.1, ს.ფ.130-145). ამდენად, ფაქტობრივად, მოპასუხემ 53 169 ლარის ნაწილში აღიარა პარტნიორებს შორის გასანაწილებელი მოგების არსებობის ფაქტი. ამასთან, მოპასუხის პოზიცია სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლის არარსებობის შესახებ ეფუძნება გარემოებას მასზედ, რომ მოგების (დივიდენდის) განაწილების საკითხი მოქმედი კანონმდებლობის და მოპასუხის წესდების საფუძველზე მხოლოდ საზოგადოების პარტნიორთა კრების უფლებამოსილებაა, რაზეც მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებული არ არის (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.109). ამ არგუმენტის არსებულ ვითარებაში უსაფუძვლობის შესახებ, პალატამ უკვე იმსჯელა. 4.4.2. პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ, მართალია, სარჩელით მოთხოვნილი დივიდენდი მეტია, ვიდრე შესაგებლით მითითებული და შესაგებელზე თანდართულ დოკუმენტებში ასახული გასანაწილებელი მოგება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნულზე დასაბუთებული პრეტენზია. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს ის თავად დაეყრდნო მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელს და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას (იხ.: 17.04.2018წ. ხსდომის ოქმი CD დისკზე, 13:41:46-13:43:50; 13:44:33-13:45:32 ). 4.4.3. არ არსებობს მოპასუხის ახალი წარმომადგენლების სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განვითარებული მსჯელობის გაზიარების წინაპირობა მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით არ მომხდარა პარტნიორებს შორის გასანაწილებელი მოგების 53 169 ლარის ოდენობით დადასტურება. ჯერ ერთი, მოგების არსებობა-არარსებობის მტკიცების ტვირთი, როგორც უკვე აღინიშნა, საწარმოს სახელზეა, რაც მოპასუხემ განახორციელა კიდეც. აღნიშნულის გაქარწყლება მოპასუხემ მოგვიანებით ვერ შეძლო. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საწარმოს კრების ოქმები, სადაც დღის წესრიგში იდგა დივიდენდის განაწილების საკითხი, წარმოდგენილია საწარმოს დირექტორის წერილები ამ ფაქტის დადასტურებით და თავად მოპასუხის შესაგებელზე თანდართული დაანგარიშება დოკუმენტებითურთ. შესაბამისად, რადგან: - საქმის მასალებით არ დგინდება, რომ საზოგადოების გაუნაწილებელი მოგება შეადგენს სწორედ სარჩელში მითითებულ ოდენობას, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება სარჩელში მითითებული ოდენობით იჯარის თანხის მიღების ან/და საზოგადოების სახსრებიდან მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით თანხის გახარჯვის ფაქტი; - მოპასუხე სარჩელისაგან თავის დასაცავად წარდგენილ შესაგებელში არაორაზროვნად მიუთითებს, რომ პარტნიორებს შორის გასანაწილებელი მოგების თანხა არის 53 169 ლარი, გასანაწილებელი მოგება კი ცალსახად გულისხმობს პარტნიორებს შორის ჯერ კიდევ გაუნაწილებელ მოგებას, რომელიც დივიდენდის სახით უნდა განაწილდეს საზოგადოების პარტნიორებს შორის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი წესით; - მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოპასუხის მიერ დადასტურებული მოგების ოდენობის დასაბუთებული შედავება, - სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ 2013-2015 წლებში მოპასუხე საწარმოს გაუნაწილებელი მოგების ოდენობა შეადგენს სწორედ 53 169 ლარს. ისეთ პირობებში, როცა თანაბარია პარტნიორთა წილები და საზოგადოების წესდება არ ადგენს წილის პროპორციულად მოგების განაწილებისაგან განსხვავებულ წესს, თანაბარია მათი უფლება დივიდენდის მოთხოვნაზე. 4.5. არ არსებობს პარტნიორებს შორის მოგების გაუნაწილებლობის ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი, კერძოდ: 4.5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები (სუსგ №ას-1063-1018-2014, 2015 წლის 8 აპრილი). სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა. ნებისმიერი დავის განხილვისას სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება (სუსგ №ას-1101-1037-2015, 2016 წლის 27 სექტემბერი). 4.5.2. განსახილველ შემთხვევაში, ვერც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ვერც მისი დირეტორი და მეორე პარტნიორი ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ მოგების გაუნაწილებლობის ლეგიტიმურ სამეწარმეო მიზანზე, რითიც შეიძლება გამართლებულად იქნეს მიჩნეული დივიდენდის მიღებაზე პარტნიორის ქონებრივი უფლების შეზღუდვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მართლზომიერია მოთხოვნა მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე საწარმოს მოსარჩელის სასარგებლოდ დივიდენდის სახით დაეკისროს 26 584, 5 ლარი (53 169 ლარის 50%). 4. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ არ არსებობს მოპასუხე საწარმოს დირექტორის და პარტნიორის მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საფუძვლიანია სარჩელი მოპასუხე საწარმოს მიმართ დივიდენდის 26 584, 5 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში. 6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 26 584, 5 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე საწარმოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 1063.38 ლარის ოდენობით ( 26 584,5-ის ის 4%) და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 797.53 ლარის ოდენობით ( 26 584, 5 ის 3%). სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გადაწყვიტა: 1. ი-–-- ხ-----–-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწი-–--ბრივ. 2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. 3. ი-–-- ხ-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწი-–--ბრივ. 4. მოპასუხე შპს „გ----ს“ ი-–-- ხ-----–-ას სასარგებლოდ დაეკისროს 26 584, 5 ლარის გადახდა. 5. შპს „გ----ს“ ი-–-- ხ-----–-ას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 797.53 ლარის ოდენობით. 6. შპს „გ----ს“ ი-–-- ხ-----–-ას სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 1063.38 ლარის ოდენობით. 7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილებას ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე მოსამართლეები: თამარ ალანია ირაკლი ბონდარენკო