განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002313595 (3/ბ-197-2018 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ-----–--------ე (მოსარჩელე), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მესამე პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საზღვაო პოლიცია
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - მესამე პირად ჩაბმის შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა
გასაჩივრებული განჩინება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინება;
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნეზე მითითება
2018 წლის 19 თებერვალს ნ-----–--------ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მასთან (ნ-----–--------ესთან) დაკავშირებით მიღებული 2-----2015წ. N-- საოქმო გადაწყვეტილებისა და 0-----2015წ. N1--- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1-----2018 წ. N-- განკარგულების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მითითებული განჩინების გაუქმება მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სადავო ქონება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 0-----------–ის N1------ ბრძანებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად (ს.ფ. 2-----------).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ „ქონების მართვის სააგენტო“ კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სააგენტოს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში. ასევე, სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციაა, ყველა ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან, სარგებლობაში გადაცემასთან ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციასთან სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლებშიც სააგენტო წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს. შესაბამისად, სამინისტროს უფლება არ აქვს სასამართლოში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებასთან დაკავშირებით წარმომადგენლობა სახელმწიფოს სახელით განახორციელოს.
კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2015 წლის 26 ოქტომბერს ნ-----–--------ემ განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა საკუთრების უფლების აღაირების წესით მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება (ზედდების მოხსნა).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა ნ-----–--------ის მიერ სოფელ კირნათში მდებარე 2 054 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და მისი მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მითითებით, განცხადებაზე დართული დოკუმენტებით ირკვეოდა, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 19 ოქტომბრის N8------------06 გადაწყვეტილებით შეჩერებული იყო ნ-----–--------ის სარეგისტრაციო განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან განცხადებაზე დართული დოკუმენტი/ინფორმაცია არ იყო წარდგენილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, კერძოდ, ზედდება ფიქსირდებოდა რეგისტრირებულ მონაცემებთან ს/კ. 2----------- (მესაკუთრე -სახელმწიფო), სახელმწიფო საზღვრის შიდა 500 მეტრიან ზოლთან.
2016 წლის 2-------ს აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ N0--------- წერილით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ითხოვა ნ-----–--------ის სახელზე გაცემული 0-----2015წ. N1--- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1-----2018 წ. N-- განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 0--------------ს ნ-----–--------ის პ/ნ 6---------- სახელზე გაცემული N1--- საკუთრების უფლების მოწმობა, მოწმობაზე თანდართული ნახაზი და გაცემის საფუძვლად მითითებული კომისიის 2015 წლის 2------------ის N-- საოქმო გადაწყვეტილება ნ-----–--------ის ნაწილში.
2018 წლის 19 თებერვალს ნ-----–--------ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1-----2018 წ. N-- განკარგულეის ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.
ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში განჩინების გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ სადავო ქონება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 0-----------–ის N1------ ბრძანებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად - ს.ფ. 2-----------.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმის წარმოების პროცესს, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების რეალიზების პროცესუალური საშუალებაა. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თვიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირთა ორ კატეგორიას _ მარტივ და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირთა მოწვევა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირთა მოწვევა _ სასამართლოს ვალდებულებას.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ქონებაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. იმავე კანონის 23-ე მუხლით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ქონების მმართველი. (კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტით ქონების მმართველია − სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებაა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით; ა.ბ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით; ა.გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შეძენილი ან შექმნილი ქონებით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ. №376 დადგენილების 6.1 მუხლით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით. 6.2 მუხლით, კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრისაგან. კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი. 6.3 მუხლით, კომისია შედგება მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისგან/მოხელეებისგან. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნონ, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამავე სააგენტოს თანხმობით.
ვინაიდან ქონება, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია სარჩელით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად, სასამართლოს მიერ მოსაწესრიგებელი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს არ წარმოადგენს აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, შესაბამისად, აღნიშნული უწყება სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით ვერ ისარგებლებს. სავალდებულო მესამე პირად საქმის განხილვაში მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზემოქმედებას მოახდენს მის სამართლებრივ ინტერესზე, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს მესამე პირის უფლებები და მოვალეობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრეტენზია წარმოდგენილი სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნით დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის საოქმო განჩინება აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში;
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე