განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 010310118002399067 (3/ბ-244-2018წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოსსახელით
26 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
მოსამართლე: ხათუნა ხომერიკმა
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლის მ--------------ის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის დროებითი განჩინების გაუქმების შესახებ.
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
ნ----------–--–---–მა და მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა (მშობლებმა) ნ----------–--–---–მა და ლ-–-------–--–---–მა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე. მათვე იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე დროებითი განჩინების მიღების შესახებ და მოითხოვეს მოპასუხის დავალდებულება, დავის დასრულებამდე მოსარჩელეს გადასცეს დროებითი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
მოსარჩელის განმარტებით, პირადობის მოწმობის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი სამოქალაქო უფლების განხორციელება, მოსარჩელეს შეზღუდული აქვს კონსტიტუციით მინიჭებული ყველა სამოქალაქო უფლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა დროებითი განჩინება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ნ----------–--–---–ის (პ/ნ 6----------) მიმართ დავის დასრულებამდე გასცეს დროებითი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლმა მ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დროებითი განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივარის ავტორის განმარტებით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტებით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამდენად, კანონი ერთადერთ დასაშვებ შემთხვევად, როდესაც შესაძლებელია პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა, განიხილავს ჩვეულებრივი მოწმობის გაცემის შეუძლებლობას ობიექტურ (და არა სუბიექტურ) გარემოებათა გამო. სხვა შემთხვევას კანონი არ ითვალისწინებს. მსგავსი საფუძველი, ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემას, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს.
დღეს მოქმედი არც ერთი ნორმატიული აქტი არ იცნობს პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის ისეთ საფუძველს, რომელსაც თეორიულად მაინც შესაძლებელია ეყრდნობოდეს მოსარჩელის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურად არ არსებობს ისეთი საფუძველი, რომელიც შესაძლებელია განიხილებოდეს კანონის მიხედვით პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემისათვის დასაშვებ საფუძვლად.
საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, მხედველობაშია მისაღები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული არ არის, მათ შორის, დავის საგანი და მოთხოვნის გამართულობა კანონთან მიმართებაში, მისი საფუძვლები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საკითხი დღემდე არ დადასტურებულა. კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებაში ზემოაღნიშნული წესების თავსებადობის საკითხი განხილულ იქნა სახალხო დამცველის მხრიდანაც და ვერც ამ სამართლებრივი მექანიზმის ფარგლებში ვერ იქნა დადგენილი კონსტიტუციური უფლებების რაიმე სახის ხელყოფა. ამრიგად, ფაქტია, რომ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შესაძლებლობას კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით, მაგალითად თუკი სუბიექტური გარემოებების გამო პირს არ სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება. განჩინების გამოტანისას სასამართლოს ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ უნდა დაეტოვებინა, რადგან გასაჩივრებული განჩინების მიხედვით სააგენტოს აიძულებენ, იმოქმედოს უკანონოდ. არ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული ინსტრუმენტი არსებობს კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებების მისაღებად ფორმალური საფუძვლის შექმნის დანიშნულებით. ამ გარემოების ირგვლივ მსჯელობის გარეშე, შეუძლებელია, რომ განჩინება დასაბუთებულად ჩაითვალოს.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოაწესრიგა ისეთი საკითხი და იმგვარად, რაც პრინციპულად შეუსაბამოა საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვის ზოგად კონსტიტუციურ პრინციპებთან. სამართალწარმოების პროცესში სასამართლოს მთავარ მოვალეობას წარმოადგენს ამა თუ იმ ქმედების კანონთან შესაბამისობის დადგენა, რა დროსაც სასამართლო ვალდებულია ემორჩილებოდეს კანონს. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ იმოქმედა ამ პრინციპის საპირისპიროდ და საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად არის მოთხოვნა დაფუძნებული იმაზე, რომ ადგილი აქვს ან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის უფლებების კანონშეუსაბამოდ დარღვევას. ამრიგად, სასამართლო ძალაუნებურად დაუპირისპირდა კანონს, და ეჭვქვეშ დააყენა და გადაწყვიტა მისი სისწორე. მოცემულ შემთხვევაში საკითხი შეუძლებელია დგებოდეს ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე, არამედ საუბარია ცალსახად, იმთავითვე უკანონო მოთხოვნაზე და მის უზრუნველყოფაზე.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N98 ბრძანების 25–ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. კერძოდ, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.). შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
აღნიშნული ნორმების ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემა შეუძლებელია ობიექტურ მიზეზთა გამო, როგორც ამას ადგენს საქართველოს კანონი.
ამდენად, შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ითვალისწინებს პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე მხოლოდ ბრძანების 25–ე მუხლში მითითებული ისეთი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემა (რაც გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომ ობიექტურად შეუძლებელია სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემისათვის მონაცემების (მაგალითად ხელმოწერის) მიღება ან მოწმობის მიწოდება განმცხადებლისათვის). განსახილველ საქმესთან მიმართებით კი სამართლებრივ აქტებში მითითებული არცერთი საფუძველი არ იკვეთება და მოსარჩელე ამას სადავოდ არც ხდის. ამდენად, გაურკვეველია, რის საფუძველზე უნდა გასცეს სააგენტომ მოსარჩელის სახელზე პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (როდესაც არსებობს განჩინება ასეთი ვალდებულების შესახებ. ასეთი ვითარების არსებობა არ არის სწორი და შესაძლებელია მეტყველებდეს განჩინების უკანონობაზე მხოლოდ. უფრო მეტიც, ეს არათუ შესაძლებელია, ცალსახად ადასტურებს განჩინების კანონშეუსაბამობას), როდესაც არ იკვეთება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N98 ბრძანების 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებიდან რომელიმე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. როგორც უკვე აღინიშნა, პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა შესაძლებელია მხოლოდ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N98 ბრძანების 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. სხვა შემთხვევებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. გარდა ამისა, არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებიც, ანუ - ამ ნორმით განსაზღვრული სავალდებულო წინაპირობები მისი გამოყენებისათვის.
კოდექსის აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ დროებითი განჩინების გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი საფუძვლების არსებობა: ა) საშიშროება იმისა, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას, ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. ვფიქრობთ, ასეთი საფუძვლის არსებობაზე საუბარი აზრს მოკლებულია, რადგან აშკარაა, რომ საქმე არ გვაქვს „არსებული მდგომარეობის შეცვლასთან“. ეს საფუძველი რელევანტურია მაგალითად იმ შემთხვევისათვის, თუ არსებული მდგომარეობა იცვლება ახალი აქტის გამოცემის შედეგად, აქტი გასაჩივრებულია და მისმა აღსრულებამ, შესაძლოა, გამოუსწორებლად ხელყოს მოსარჩელის უფლება ან კანონიერი ინტერესი. ბ) სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. არც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მოცემულ სიტუაციაში.
კერძო საჩივრის ავტორი აღინიშნავს, რომ „წინასწარ მოწესრიგება“ არ შეიძლება გულისხმობდეს უკანონო ქმედებებს, საქმიანობას, ზომებს, ანუ ერთ-ერთი მხარის დავალდებულებას, განახორციელოს კანონშეუსაბამო ქმედება, როგორც ამას ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში და, რაზედაც ზემოთაც იყო საუბარი. ეს დებულება უკვე სრულიად საკმარისია იმ დასკვნისათვის, რომ გასაჩივრებული განჩინებაც თავისთავად კანონშეუსაბამოა, რადგან მისი შესრულება ადრესატს აყენებს კანონთან პირდაპირ კონფლიქტში. გარდა ამისა, სასამართლო ვალდებული იყო, თეორიულად დაშვების დონეზე მაინც დაესაბუთებინა, ან უბრალოდ აეხსნა, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა [1] მნიშვნელოვანი ზიანი, [2] არსებული საფრთხე, [3] ან სხვა საფუძველი. ერთადერთი, რაზედაც მსჯელობს მოცემულ შემთხვევაში სასამართლო, არის უკიდურესად ზოგადი და, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნდოვანი მოსაზრება - „მხარეს არ შეეზღუდოს უფლება, ისარგებლოს აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასიცოცხლო სიკეთეებით“.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება სარჩელის უზრუნველყოფისა თუ დროებითი განჩინების გამოყენებისას სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელში დაყენებული მოთხოვნა და დავა გადაწყვიტოს არსებითად. არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს ის გარემოებები, რომლებიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეიქმნას შეხედულება მოთხოვნის მართებულობასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად სწორად და მართებულად ხდება დროებითი განჩინების გამოცემა, რამდენად რეალურია იმ საფუძვლების არსებობა, რომლებიც ამ საპროცესო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას წარმოშობდნენ. მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსარჩელის მოთხოვნაზე, სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა მაშინ, როდესაც საქართველოს კანონი ამის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს და ამას კრძალავს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ ამ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული დროებითი განჩინება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-1295-1280(კ-11) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31–ე მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღძრული აქვს სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 29–ე მუხლით, რომელიც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას უკავშირდება.
მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ მოქალაქეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით უარი უთხრა პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემაზე, შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღძრულიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საქალაქო სასამართლოს თეორიულად შეეძლო გამოეყენებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება და არა დროებითი განჩინების მიღება.
სააპელაციო სასამართლო გაეცნო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლის მ--------------ის კერძო საჩივარს დროებითი განჩინების გაუქმების შესახებ და საქმის მასალებს, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დროებითი განჩინების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1. მუხლით კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამ კოდექსის 420-ე მუხლით კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი (დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ) ითვალისწინებს მხარის უფლებას სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლის გამო.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელზე. პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღძრული აქვს სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 29-ე მუხლით, რომელიც გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას უკავშირდება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორციელება - გასცეს მოსარჩელეზე არაელექტრონული პირადობის მოწმობა. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლოს თეორიულად შეეძლო გამოეყენებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება და არა დროებითი განჩინება.
მოსარჩელე დროებითი განჩინების მიღების მოტივად მიუთითებს, რომ პირადობის მოწმობის გარეშე შეზღუდული აქვს კონსტიტუციით მინიჭებული ყველა სამოქალაქო უფლება და იმყოფება სოციალური და პოლიტიკური უფლების გარეშე.
პალატა განმარტავს, რომ დროებითი განჩინებაც, ისევე როგორც ნებისმიერი სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ემსახურება გადაწყვეტილების რეალური აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებას. დროებითი განჩინების ძირითადი მიზანია, დავის დაწყების დროისათვის არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, მნიშვნელოვანი ზიანისა და არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია განმცხადებლის მიერ მოთხოვილი დროებითი განჩინების მიღება, რათა დავის დასრულებამდე უზრუნველყოფილ იქნას მხარის უფლება ისარგებლოს აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასიცოცხლო სიკეთეებით. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მართებულად დაკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა დავის დასრულებამდე მოსარჩელის მიმართ გასცეს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
სააპელაციო სასამართლო, გასაჩივრებული განჩინების კერძო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის დროებითი განჩინება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის დროებითი განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე