განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002001843
საქმე № 1ბ/532-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ--------–--–------–-–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: პ-------–--–--–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ს-----------------------------–--------------–--------------------–---- (მონაწილეობის გარეშე).
ადვოკატი - ი----------ა.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვ--------–--–------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებული პ-------–--–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის განაჩენით, პ-------–--–--–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ნოემბრის განაჩენით დადგენილია, რომ პ-------–--–--–---–ი ქმედების ჩადენის დროს იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის. ნარკოლოგიური გამოკვლევის N7------ დასკვნით კი დადასტურებულია, რომ 2015 წლის 17 ივლისს პ-------–--–--–---–ს ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი. შესაბამისად, პ-------–--–--–---–ის ქმედება დაკვალიფიცირებულია სწორად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გამართლებული პ-------–--–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვ--------–--–------–-–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ პ-------–--–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----------ამ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით პ-------–--–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 08 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა პ-------–--–--–---–მა განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც დადგინდა 2015 წლის 17 ივლისს ჩატარებული, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7------ დასკვნით.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის განაჩენით, პ-------–--–--–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე ვ----–-------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წელს ივლისში, მუშაობდა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 17 ივლისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პ-------–--–--–---–ი და მასთან ერთად მყოფი პირები, უნდა ყოფილიყვნენ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან ავტომანქანით მოემართებოდნენ თბილისისკენ და შესაძლოა თან ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და გაემართნენ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. მათ მიერ რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ხევთან შეჩერებული იქნა მითითებული ავტომანქანა, რომელშიც პ-------–--–--–---–თან ერთად იმყოფებოდნენ სხვა პირებიც. მოწმემ განმარტა, რომ მან ჩაატარა პ-------–--–--–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. ამის შემდეგ პ-------–--–--–---–ი და მასთან ერთად მყოფი პირები გადაყვანილი იქნენ ნარკოლოგიური შემოწმების ჩასატარებლად. კვლევის შედეგად პ-------–--–--–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი.
მოწმე ქ---------–--–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში გამომძიებლად. 2015 წლის 17 ივნისს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება პ-------–--–--–---–ის და სხვათა მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. 2015 წლის აგვისტოში, მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყო სისხლის სამართლის საქმე პ-------–--–--–---–ის მიმართ. მოწმემ განმარტა, რომ პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ პ-------–--–--–---–ი მასთან ერთად მყოფ პირებთან ერთად, გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი. ამის შემდეგ, მის მიერ მოპოვებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 08 ივლისის განაჩენი, ხოლო სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილით გაირკვა, რომ პ----ა ლ--–--–---–ს ხსენებული განაჩენით ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა 1000 ლარის ოდენობით არ ჰქონდა გადახდილი.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 17 ივლისის გამოკვლევის N7------ დასკვნით დასტურდება, რომ პ----ა ლ--–--–---–ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--–-----------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 08 ივლისის N1---- განაჩენით, პ-------–--–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (განაჩენით არ ირკვევა, რომელი ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მოხმარებული პ-------–--–--–---–ს) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ნოემბრის N--- განკარგულებით დასტურდება, რომ პ-------–--–--–---–ი შეწყალებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 08 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 თებერვლის N----- მომართვით ირკვევა, რომ პ-------–--–--–---–ს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 08 ივლისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას პ-------–--–--–---–ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას - განაჩენის დასაბუთებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - ამ ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისის N1221 კანონით განხორციელებული ცვლილებებით ზემოხსენებულ კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელის 1-ლი ნაწილის თანახმად დასჯადია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ“. ამდენად, ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებით, კანონდებელმა 273-ე მუხლიდან ცალკე - 2731 მუხლში გადაიტანა მცენარე კანაფის და მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების (ზემოხსენებული ცვლილების გათვალისწინებით - გარდა მცენარე კანაფის და მარიხუანის), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით კი დასჯადია მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ამ დანაშაულისათვის (ანუ მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) ნასამართლევი პირის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეების ჩვენებებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 17 ივლისის ნარკოლოგიური გამოკვლევის N7------ დასკვნით დადგენილია ის ფაქტი, რომ პ-------–--–--–---–მა ნამდვილად უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“. ამასთან, იგი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ნასამართლევია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 08 ივლისის განაჩენით და ზემოხსენებული განაჩენით ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა პ-------–--–--–---–ს დღეის მდგომარეობით გადახილი არ აქვს. შესაბამისად, მას ზემოხსენებული განაჩენით ნასამართლობა გაქარწყლებული არ აქვს. თუმცა, განაჩენით, არც სხვა მტკიცებულებებით არ დგინდება თუ რომელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის იქნა პ-------–--–--–---–ი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებული. პირის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მსჯავრდებისთვის აუცილებელია, რომ დადგინდეს, რომ იგი ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების (გარდა მცენარე კანაფის ან მარიხუანის), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის და მან კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება (გარდა მცენარე კანაფი ან მარიხუანა). მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ვერ დგინდება 2009 წლის ნასამართლობისას რომელი სახის ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა პ-------–--–--–---–ს მოხმარებული (შესაძლოა მას მოხმარებული ჰქონდა მცენარე კანაფი ან მარიხუანა), ამდენად უტყუარად დადასტურებული არ გვაქვს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ-------–--–--–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვ--------–--–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
პ-------–--–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.
პ-------–--–--–---–ს უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე