განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
330210017002092680
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სარჩელები პირადი არაქონებრივი უფლების დაცვის თაობაზე
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002092680

საქმე №2ბ/1651-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შ-- ,,ჯ---------------------------------ი“

წარმომადგენელი - ი------------–--–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა--- ,,ე---------–ი ს-------- ც------ი“

წარმომადგენელი - რ---------------–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 10 ივლისს მიწის ქვეშ გასკდა წყლის მილი, რის შედეგადაც დაზიანდა ქ.თბილისში, კ--–------ის ქ. №---ში მდებარე შენობის პირველი და მეორე სართულები, სადაც საქმიანობს მოსარჩელე ა--- ,,ე---------–ი ს-------- ც------ი”.

 

2. სსიპ ლევან სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასების მიხედვით აღდგენითი სამუშაოების ღირებულება - 1. შენობასთან მიმართებაში შეადგენს 8685.07 ლარს, რაც წარმოადგენს წყლის ჭავლის შედეგად დაზიანებული შენობის სარემონტო სამუშაოების ღირებულებას, 2. დაზიანებული კომპიუტერების, სამედიცინო ტექნიკისა და ავეჯის ღირებულება შეადგენს - 282.5 ლარს, 3. დაზიანებული ,,ვესტელის” ფირმის ზამთარ-ზაფხულის ტიპის ჰაერის კონდიციონერის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო აღდგენითი ღირებულება კი მერყეობს 110-160 ლარის ფარგლებში.

 

3. 2011 წლის 11 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე ს/კ N0--------------- დასტურდება, რომ ქ. თბილისში, კ--–------ის ქუჩა N---ში მდებარე შენობა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ქ.თბილისის თვითმმართველ ერთეულს, ხოლო 2011 წლის 06 ოქტომბრიდან (რეგისტრაციის თარიღი) უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე უზუფრუქტუარად მითითებულია ა--- ე---------–ი ს-------- ც------ი. ამავე ჩანაწერში ფიქსირდება, რომ ხელშეკრულების დადების თარიღია 2010 წლის 03 სექტემბერი ბიუჯეტიდან დაფინანსების ვადით, ხოლო შეთანხმების საგანი იყო შენობა-ნაგებობა N1-დან I სართულზე 246,96 კვ.მ. სარდაფი 151,83 კვ.მ. და II სართულზე 169,27 კვ.მ. ამდენად, წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება ქ.თბილისში, კ--–------ის ქ.N---ში მოსარჩელის მიერ იმ უძრავი ქონების სარგებლობის ფაქტი, რომელიც 2015 წლის 10 ივლისს წყლის ჭავლის შედეგად დაზიანდა.

 

4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ შ-- „ჯ---------------------------------ს“ იგივე ფაქტთან დაკავშირებით დავა ჰქონდა მოსარჩელე შ-- “M------”-თან, რომელიც განთავსებული იყო იმავე მისამართზე, სადაც სსიპ ე---------–ი ს-------- ც------ი“. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე მხარეთა შორის მოხდა მორიგება.

 

5. ა--- ,,ე---------–ი ს-------- ც------ი”-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე შ-- „ჯ---------------------------------ის“ მიმართ მოითხოვა შ-- ,,ჯ---------------------------------ს“ დაეკისროს ა--- ,,ე---------–ი ს-------- ც------ის“ სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, შენობის მეორე სართულის გარე ფასადის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება 8685,07 ლარის ოდენობით, ასევე ტექნიკისა და ავეჯის ღირებულბა - 282,50 ლარისა და კონდიცირების აპარატის ღრებულება 160 ლარის ოდენობით (სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა სასამართლოს მოსამზადებელს სხდომაზე).

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 10 ივლისს, ქ. თბილისში, კ--–------ის ქ. №---ში მდებარე, ა--- ,,ე---------–ი ს-------- ც------ის” კუთვნილი შენობის მიმდებარედ, მიწის ქვეშ გასკდა შ-- ,,ჯ---------------------------------ის” კუთვნილი მაღალი წნევის წყლის მილი, რის შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი შენობის პირველი და მეორე სართული, ასევე მოსარჩელის კუთვნილი ტექნიკა და ავეჯი. სსიპ ლევან სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასების მიხედვით, წყლის ჭავლის შედეგად მიყენებულმა ზარალის ოდენობამ შეადგინა: 1. შენობასთან მიმართებაში 8685.07 ლარი, რაც წარმოადგენს წყლის ჭავლის შედეგად დაზიანებული შენობის სარემონტო სამუშაოების ღირებულებას, 2. დაზიანებული კომპიუტერების, სამედიცინო ტექნიკისა და ავეჯის ღირებულება - 282.5 ლარი, 3. დაზიანებული ,,ვესტელის” ფირმის ზამთარ-ზაფხულის ტიპის ჰაერის კონდიციონერის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო აღდგენითი ღირებულება მერყეობს 110-160 ლარის ფარგლებში.

 

2015 წლის 04 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა, საპრეტენზიო წერილით მიმართა შ-- ,,ჯ---------------------------------ს” თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, სადაც მოპასუხეს ვადად განესაზღვრა 2015 წლის 15 სექტემბერი. აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 07 სექტემბერს, თუმცა მას ზიანის ანაზღაურება განსაზღვრულ ვადაში არ მოუხდენია (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).

 

6. მოპასუხე შ-- ,,ჯ---------------------------------ის” წარმომადგენელმა წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მტკიცებულებებს მოკლებული. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხე მხარის ბრალეულობა დამდგარი ზიანის დადგომაში. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მაგ: პოლიციის მიერ შედგენილი ოქმით არ დასტურდება მისი მხრიდან მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის ფაქტი, ასევე არც ის გარემოება დასტურდება, რომ დაზიანებული უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. მხარის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ექსპერტიზის მიერ დასკვნაში მითითებული ფასები საორინტაციოდ არის დაანგარიშებული, ასევე გათვალისწინებული არ არის დაზიანების ხანდაზმულობა. აქედან გამომდინარე სარჩელი ყოველმხრივ უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა--- ,,ე---------–ი ს-------- ც------ის” სარჩელი მოპასუხე შ-- „ჯ---------------------------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდა სრულად; მოპასუხე შ-- ,,ჯ---------------------------------ს” მოსარჩელე ა--- ,,ე---------–ი ს-------- ც------ის” სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელისთვის მიყენებული ზიანის 9127.57 (ცხრა ათას ას ოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება; მოპასუხე შ-- ,,ჯ---------------------------------ს” მოსარჩელე ა--- ,,ე---------–ი ს-------- ც------ის” სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილის სახელმწიფო ბაჟის 273.83 (ორას სამოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარის და საადვოკატო მომსახურების საფასურის გონივრული ოდნეობა 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე ა--- ე---------–ი ს-------- ც------ს დაუბრუნდა 1-----2015 წელს, მის მიერ N0---- საგადახდო დავალების საფუძველზე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟს 301 (სამას ერთი) ლარიდან 26,60 (ოცდაექვსი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22, ხოლო დარჩენილი თანხა კი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისს დაზიანდა ქ. თბილისი, კ--–------ის ქ. №---ში მდებარე შენობის პირველი და მეორე სართულები, სადაც საქმიანობდა მოსარჩელე ა--- ,,ე---------–ი ს-------- ც------ი”, ასევე დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ტექნიკა და ავეჯი, რითაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, როგორც მითითებულ მისამართზე მოსარჩელის საქმიანობის ფაქტი, ასევე 2015 წლის 10 ივლისს წყლის მილის დაზიანების ფაქტი, რამაც შედეგად გამოიწვია ზიანი.

 

2015 წლის 30 ივლისის N0-------- დასკვნაში მითითებულია, რომ „ობიექტის კვლევისას გამოირკვა, რომ ა--- „ე---------–ი ს-------- ც------ი“-ს კუთვნილ შენობის ნაწილში წყლის და წყლის ნაკადით ნასროლი ქვების ზემოქმედების გამო დაზიანებულია ფასადი, ფასადის მხარეს განლაგებული ფანჯრები, რომლის ჩატეხვის შედეგად წყალმა შეაღწია შენობაში და დააზიანა სართულებზე განლაგებული ოთახის ჭერები, კედლები და იატაკები, ელ.გაყვანილობა, ასევე წყლის ზემოქმედების კვალი არის ინვენტარზე: სკამებზე, გარდირობზე, მაგიდაზე.“

 

ამდენად, წარმოდგენილი დასკვნით დასტურდება წყლის ჭავლისა და დამდგარ ზიანთან მიმართებაში მიზეზობრივი კავშირი. ამავე ფაქტს ამყარებს 2015 წლის 10 ივლისის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმი.

 

აღნიშნული ოქმი სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, როგორც ფაქტის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 2015 წლის 10 ივლისს გასკდა მილი და მისგან გამომავალმა წყლის ჭავლმა მოახდინა მოსარჩელის სარგებლობაში არსებული შენობის ფასადისა თუ შიდა პერიმეტრის დაზიანება, ასევე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების დაზიანება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით კი დგინდება მოსარჩელისათვის მაღალი წნევის წყლის მილის გახეთქვის შედეგად მიყენებული ზიანის კონკრეტული ოდენობა, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, მოხდა თუ არა მოპასუხის სარგებლობაში არსებული მილის დაზიანების შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებითა თუ მხარეთა ახსნა-განმარტებით აღნიშნული ასდავო გარემოება დადგენილად უნდა ჩაითვალოს, კერძოდ:

 

თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მილის დაზიანების შემდეგ შემთხვევის ადგილზე სწორედ მოპასუხის წარმომადგენლები გამოცხადდნენ და მათ მიერვე მოხდა დაზიანებული მილის შეკეთება; ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ მისამართზე, სადაც მოსარჩელე საქმიანობს, ასევე საქმინობს შ-- “M------”-ი, რომელმაც ასევე განიცადა ზიანი 2015 წლის 10 ივლისს მომხდარი შემთხვევის შედეგად და რომელთანაც შ-- „ჯ---------------------------აურმა“ წყლის მილის დაზიანების გამო გამოფრქვეული ჭავლის შედეგად მიყენებულ ზიანთან მიმართებაში მხარესთან მოახდინა მორიგება. ასევე აღსანიშნავია მოპასუხე მხარის განმარტება, რომლის მიხედვითაც მათ კომპანიას მერიამ გადასცა წყლის მილებით სარგებლობის უფლება (აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის), თუმცა ფაქტია, რომ მოპასუხის საქმინობიდან გამომდინარე, რასაც ამ უკანასკნელის წარმომადგენელიც ადასტურებს, მისი ერთ-ერთი ფუნქციაა მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა. თუკი მერიამ მოპასუხეს გადასცა მილები, ხოლო წყლის მიწოდება კი მოპასუხის პრეროგატივაა, შესაბამისად, სწორედ ამ მილების საშუალებით ახდენდა მოპასუხე წყლის მიწოდებას მოსახლეობისადმი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თავად მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მილების გადაცემისა თუ საკუთრების აღრიცხვა საჯარო რეესტრის სააგენტოში მხოლოდ ახლა მიმდინარეობდა და ისიც ამ ეტაპზე სრულად არ იყო აღრიცხული და დაფიქსირებული მათთვის გადაცემული მილები. შესაბამისად, 2015 წლის 10 ივლისს, მიუხედავად იმისა იყო თუ არ იყო აღრიცხული ის მილები მოპასუხის საკუთრებაში დადგენილი წესით, ფაქტია, რომ სწორედ მოპასუხის საკუთრებაში არსებული წყალი გადაადგილდებოდა მასში, რომლის ღირებულებასაც მოსახლეობა სწორედ შ-- „ჯ---------------------------აურს“ უხდის. ასევე აღსანიშნავიოა, რომ სწორედ მოპასუხე ახორციელებს მილების მოვლა-პატრონობას და 24 საათიანი მომსახურებას, რაც მათზე ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა (იხ. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება). ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე ვალდებული იყო უზრუნველეყო მილების საშუალებით წყლის გადინება, შეენარჩუნებინა მილები იმ მდგომარეობით, რომ მასში დაუბრკოლებლად მომხდარიყო წყლის გადინება, ხოლო დაზიანების შემთხვევაში კი მოეხდინა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც განახორციელა კიდეც განსახილველ შემთხვევაში. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კონკრეტული მილი, რომელიც 2015 წლის 10 ივლისს გასკდა ქ.თბილისში, კ--–------ის ქ.N---ის მიმდებარედ, არ იყო მის სარგებლობასა თუ საკუთრებაში, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს წინაშე უნდა წარმოუდგინა თავად მოპასუხეს, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან და უშიშროებიდან გამომდინარე, ასევე თავად მოპასუხის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ სახის ინფორმაცია, თუ როგორ და რა საშუალებით ხდება ქვეყნის დედაქალაქის ან მისი ნაწილის წლით მომარაგება ან/და სად მდებარეობს ესა თუ ის მილი, წარმოადგენს იმ სახის ინფორმაციას, რომელზეც ხელი არ მიუწვდება გარეშე პირს, გარდა თავად ხელშეკრულების მხარეებისა, რომლის ერთ-ერთ მხარესაც წარმოადგენდა მოპასუხე. შესაბამისად, მას უნდა წარმოუდგინა ინფორმაცია, რომ კონკრეტული მილი არ იყო მის საკუთრებასა თუ სარგებლობაში, ან წარმოუდგინა ინფორმახცია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე იგი არ უზრუნველყოფდა მოსახლეობისადმი წყლის მიწოდებას. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მოპასუხეა არა მხოლოდ წლის მიწოდებაზე, არამედ მილების მოვლა-პატრონობაზე და წყლის ხარისხიანად და შეუფერხებლად მიწოდებაზე პასუხისმგებელი, აღნიშნული ასევე მოიცავს იმ გარემოებასაც, რომ თავისი ხარჯებით მოახდინოს დაზიანებული მილის შეკეთება, გამოცვლა თუ აღდგენა, შესაბამისად, მოპასუხის ვალდებულებაა იქონიოს წყლის გამტარი მილები იმ მდგომარეობაში, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება, ხოლო დაზიანების შემთხვევაში კი აღმოფხვრას იგი. განსახილველ შემთხვევაში ფაქტია, რომ 2015 წლის 10 ივლისს გასკდა წყლის მილი, რომლის დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელი იყო მოპასუხე. მილის დაზიანებამ კი შედეგად გამოიწვია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება, შესაბამისად, ამ უკანასკელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ არა მისი განზრახი თუ გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად, არამედ სხვა პირის (მაგ: ა/საგზაო შემთხვევის შედეგად, სხვა პირის მიერ მიწის საფარის დამუშავებამ და სხვ.) ქმედებამ გამოიწვია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება და არც თავად მხარეებს განუცხადებიათ რაიმე აღნიშნულის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის სარგებლობაში არსებული მილის დაზიანების შედეგად მოსარჩელის სარგებლობაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ქონების დაზიანებების ფაქტს, ასევე ამ ორ გარემოებას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კირილე თვაურმა აპელანტის განმარტებით:

 

8.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა დავის მეორე ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 10 ივლისს, ქ. თბილისში, კ--–------ის ქ. #---ის მიმდებარედ, მიწის ქვეშ გასკდა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი მაღალი წნევის წყლის მილი, რის შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელის შენობის პირველი და მე-2 სართულები, ასევე მათი ტექნიკა და ავეჯი, აღნიშნულზე მტკიცებულების სახით უთითებს შსს-ს ქ. თბილისის სამმართველოს ი-------------ის პოლიციის განყოფილების 2015 წლის 10 ივლისის ზეპირი გასაუბრების შესახებ ოქმს, რომლის დიდი ნაწილი არ იკითხება. ამასთან ზეპირი გასაუბრების ოქმი არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება დადასტურდეს რაიმე სახის გარემოება. სარჩელით და მასზე დართული მტკიცებულებით არსად იკვეთება შ-- „ჯ---------------------------ა------- ბრალეული ქმედება და მის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

8.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ზიანის ოდენობის დადგენასთან დაკავშირებით, რადგან დასკვნაში დაანგარიშება არის საორიენტაციო, ამასთან არ იქნა ჩატარებული გამოკვლევები, თუ რის საფუძველზე მიადგა აღნიშნული დაზიანებები მოსარჩელის შენობას ან მის ქონებას და რა ხანდაზმულობისაა ისინი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

პალატა იზაიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 1,2,3,4 და 7.1 პუნქტები) სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით, ამასთან, დამატებით განმარატავს შემდეგს:

 

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებულ მუხლში მოცემულია დელიქტურ ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები. ასეთი სახის ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტურად სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, იგი ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ. ამდენად, მოცემული მუხლის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ მის მიერ სარჩელში დასახელებული გარემოების – მოპასუხის ქმედების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მოპასუხე მხარემ, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით სარწმუნოდ ვერ უარყო, რაც მის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა. შესაბამისად, მან ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას (სსკ-ის 380-ე მუხლი). ასეთ გარემოებაზე მოპასუხემ ვერ მიუთითა. (ას-72-72-2018)

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი შ-- „ჯ---------------------------აური“ სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობას, მის ბრალეულ ქმედებას და უარყოფს მიზეზობრივი კავშირის არსებობას დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს ) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შეთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე მხარემ სრულად უზრუნველყო მის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება. მოპასუხე მხარეს კი, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აქტში მითითებული ზიანის ოდენობის უსწორობას და გააქარწყლებდა მას, სასამართლოში არ წარმოუდგენია. პალატა განმარტავს, რომ აპელანტს არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი, რადგან მისი პრეტენზიები ძირითადად ეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მოწინააღმდეგის მტკიცების გასაქარწყლებლად სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საპირწონე არც ერთი მტკიცებულება. მოპასუხე მხარეს სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

11. სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის და შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გასაუბრების ოქმის არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით და განმარტავს, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის დადგენისას, მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ დასკვნას და მის საფუძველზე სწორად დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. პალატა განმარტავს რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ოდენობას, შეეძლო წარმოედგინა ისეთი შინაარსის მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა გააქარწყლებდა მოსარჩელის პოზიციას ზიანის ამგვარად შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელსაც შესაძლოა გაექარწყლებინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ზიანის ოდენობა. ამდენად, პალატა განმარტავს რომ მოპასუხე ვალდებულია ექსპერტიზის დასკვნა არგუმენტირებულად, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების მოშველიებით უარყოს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. („მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში“... იხ. საქმე #ას459 -438-15, 07.10.2015 წელი);

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ მიზეზობრივი კავშირი ნიშნავს ადამიანის ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებულ მოვლენათა შორის ისეთ ობიექტურ კავშირს, როდესაც ერთ მოვლენას (შედეგს) იწვევს მეორე (მიზეზი) დროის მიხედვით, მოქმედება წინ უნდა უსწრებდეს მავნე შედეგს. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად, ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

12. საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ-- „ჯ---------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი