განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210016001428331
საქმე №2ბ/6474-17
განჩინება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ზ---------------------–-
წარმომადგენელი - მ--------------------------------
მოწინააღმდეგე მხარე - თ-----------------
წარმომადგენლები - ბ--------------–-, დ----------------
დავის საგანი - ვალდებულების შესრულებულად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზურაბ აკიმორჩიშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 12 თებერვალს, ზ---------------------–- და თ----------------- შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით, თვეში 3,5%-ის გადახდით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ზ---------------------–-ს კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე გ--------------------, სოფელი ვ------, ს/კ 5-----------.
2.2. ხელშეკრულების 3-5 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირგასამტეხლო 0.15% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან სხვა ფორმებით იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე 7,50 აშშ დოლარი დღეში.
2.3. მოსარჩელემ სამი თვის პროცენტი ხელშეკრულების დადებისთანავე გადაიხადა. 2015 წლის 12 მაისს სესხის ძირითადი თანხა არ დაუბრუნებია.
2.4. 2016 წლის 14 მარტს ნოტარიუსმა ქ------------------------ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც თ------------------ სააღსრულებო ბიუროში წარადგინა. 2016 წლის 22 მარტს ზ------------------------ მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 12 მაისის მდგომარეობით შეადგენს 6635 აშშ დოლარს, საიდანაც, ძირითადი თანხაა 5000 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 1635 აშშ დოლარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 12 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა 5 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით - 2015 წლის 12 მაისამდე, ყოველთვიურად 3,5 % დარიცხვით. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სესხის ძირითადი თანხის ერთიანად დაბრუნებაზე, ხოლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის ან/და მასზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხება საურავი /პირგასამტეხლო/ გადაუხდელი თანხის 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც გაგრძელდება ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის 1000 აშშ დოლარის გადახდის შემდგომ 2015 წლის 12 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, შეწყდეს ხელშეკრულება და მოხდეს იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 12 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორისთვის გადასახდელი აქვს მხოლოდ ძირითადი თანხა 1000 აშშ დოლარი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კანონით გათვალისწინებული ისეთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე სესხის ძირითადი თანხის გადახდის გარემოებებს. მოსარჩელე ეყრდნობა მხოლოდ ხელშეკრულების ბოლო გვერდზე მოპასუხის ხელით გაკეთებულ მინაწერს, ,,გექნებათ დარჩენილი 1000$" და აცხადებს, რომ ეს ჩანაწერი ეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხას, რაც სადავოდ გახადა მოპასუხე მხარემ და მიუთითა, რომ გადაუხდელია 5000 აშშ დოლარი და დარიცხული პირგასამტეხლო, როგორც ეს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელშია მითითებული, ხოლო მინაწერში საუბარია არა სესხის ძირითად თანხაზე, არამედ მხარეებს შორის შეთანხმებულ სარგებელზე, რაზეც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეთანხმდნენ, რადგან მოვალემ დადგენილ ვადაში ძირითადი თანხა ვერ გადაიხადა. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წერილობითი დოკუმენტით არ დასტურდება ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა - მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულება, რაც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის და იპოთეკის რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
ზემოაღნიშნულის გარდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებული ვალდებულების მოცულობის განსაზღვრის და პირგასამტეხლოს შემცირების იურიდიული ინტერესი სახეზე არ არის, რადგან დადგენილია, რომ 2016 წლის 14 მარტს ნოტარიუსმა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 12 მაისის მდგომარეობით შეადგენს 6635 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 5000 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1635 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცელი წარდგენილია აღმასრულებელთან და დაწყებულია აღსრულება. მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცელი, მასში მითითებული ვალდებულების მოცულობის ნაწილში, არ გაუსაჩივრებია. ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა ზეგავლენას იქონიებდა სააღსრულებო წარმოებაზე და დააკმაყოფილებდა მოსარჩელის ინტერესს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა და პირგასამტეხლოს შემცირება აღსრულების პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო სამი თვის ვადით 3%-ის გადახდით, მაგრამ მოსარჩელემ გადაიხადა სამი თვის სარგებლის სახით არა 3,5%, არამედ 5%. მოპასუხემ არ უარყო მოწმეთა განმარტებები, რომ მან დამატებით მიიღო ერთხელ 300 აშშ დოლარი და მეორედ 200 აშშ დოლარი. კრედიტორი არ წერდა ხელწერილს თანხის მიღების თაობაზე. მხოლოდ ნ------------------------- მიერ თანხის მიტანის შემდეგ გააკეთა მინაწერი ხელშეკრულებაზე. მოსარჩელემ სამ თვეში ვერ შეძლო თანხის გადახდა, თუმცა, ძირითადი დავალიანება დაფარულია. ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, ვინაიდან, იგი შეუსაბამოდ მაღალია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 623-ე-628-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამსესხებელსა და მსესხებელს გააჩნიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა სახეები (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტის დასკვნა), რომლითაც უნდა დადასტურდეს მხარეების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება, როგორც ზემოთ აღინიშნა, პროცესის მონაწილეებს ეკისრებათ, თუმცა აღნიშნული წესისგან გამონაკლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი ითვალისწინებს. კერძოდ, მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარე თავისუფლდება ისეთი არსებითი გარემოების (ფაქტის) მტკიცებისაგან, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნა აღიარებული და რაზედაც დაფუძნებული იყო მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი. ამგვარი აღიარებისას კი, სასამართლო უფლებამოსილია მასზე დააყრდნოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს ან უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ სარგებლის სახით მსესხებელმა ნაცვლად 3,5%-ისა გადაიხადა 5%, ამ უკანასკნელს ეკისრებოდა. დასახელებული ტვირთისგან მოვალის გათავისუფლება კი, მოპასუხის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებამ განაპირობა, რამეთუ, მან ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა რომ ზ---------------------–-- სარგებლის სახით ნაცვლად 3,5%-ისა გადაიხადა 5%, ე.ი ნაცვლად 525 აშშ დოლარისა 750 აშშ დოლარი. შესაბამისად, სესხის ძირითად თანხას 5000 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს სარგებლის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 225 აშშ დოლარი და სესხის ძირითად თანხად უნდა განისაზღვროს 4775 აშშ დოლარი.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას მასზე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელად დარჩენილია 1000 აშშ დოლარი, შემდეგ გარემოებათა გამო: აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ხელწერილი ბუნდოვანია და მასში მითითებული ტექსტით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება არც მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება და არც მისი ოდენობა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, თანხის გადახდის თაობაზე მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად უნდა მოხდეს. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან, ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, ზ---------------------–- სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა. ამგვარ დოკუმენტად კი, არ შეიძლება იქნეს განხილული ხელშეკრულებაზე კრედიტორის მინაწერი „გექნებათ დარჩენილი - 1000 აშშ დოლარი“.
4.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მითითებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს არსებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0,07%-მდე, რის გამოც, 1635 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 354,85 აშშ დოლარამდე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გ----------------------–- სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, ზ---------------------–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ----------------- აპელანტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით 61.69 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ---------------------–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ზ---------------------–-ს სარჩელი თ-----------------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. 2015 წლის 12 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში ზ---------------------–- სესხის ძირითადი თანხის სახით დაეკისროს 4775 აშშ დოლარის გადახდა.
5. 2015 წლის 12 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში ზ---------------------–- პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 354,85 აშშ დოლარის გადახდა.
6. თ----------------- ზ---------------------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 61.69 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი