განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001642689
საქმე N3ბ/1297-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
5 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ-------–-----------;
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი - მ-------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ--- ხ--–-–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №---- ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანება.
1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ--- ხ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №------- ბრძანება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №---- ბრძანება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. 2015 წლის 4 დეკემბერს, მ--- ხ--–-–---–მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნით. (ს.ფ. 67-69).
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის №------------ წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ ი/მ მ--- ხ--–-–---–ის (პ/ნ: 4----------) მიერ წარდგენილი 2014 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა - 77 278. 00 ლარს, ხოლო დასაბეგრი შემოსავალი 0 ლარს. (ს.ფ. 90).
3.2.3. თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2016 წლის 8 თებერვლის №- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შესული უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებები. მ--- ხ--–-–---–თან დაკავშირებით დადგენილებით დამტკიცებული უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის დაუკმაყოფილების გამო და გასცა უარყოფითი რეკომენდაცია.
აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №---- ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №9-17 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილების საფუძველზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის“ 2016 წლის 8 თებერვლის №- ოქმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, მ--- ხ--–-–---–ს (პ/ნ: 4----------) უარი ეთქვა უსახლკაროდ რეგისტრაციაზე. (ს.ფ. 13; 70-74);
3.2.4. მ--- ხ--–-–---–მა 2016 წლის 5 აპრილს (რეგისტრაციის თარიღი: 2016 წლის 6 აპრილი) ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №---- ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ--- ხ--–-–---–ის 2016 წლის 6 აპრილის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი და შესაბამისად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №---- ბრძანება. (ს.ფ. 18-25; 75-78);
3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 მარტის ცნობებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (28.03.2016 წლის მდგომარეობით) ფ/პ: მ--- ხ--–-–---–ის (პ/ნ: 4----------) მიერ 2015 და 2016 წელს მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 აპრილის ცნობით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის საფუძვლებით წარდგენილი 2014 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციისა და ინფორმაციების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით 15.04.2016 წლის მდგომარეობით, ფ/პ: მ--- ხ--–-–---–ის (პ/ნ: 4----------) მიერ 2014 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 200 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 40 ლარს. (ს.ფ. 33-36);
3.2.6. 2016 წლის 15 თებერვალს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გ------ის ქ-----–- რეგისტრირებულ მ--- ხ--–-–---–ის ოჯახს, 2015 წლის 17 აგვისტოს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 35 450 ერთეულით და ერიცხება ყოველთვიური სოციალური დახმარება - 100 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 9 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ მ--- ხ--–-–---–ის ოჯახს, 2016 წლის 22 ნოემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 22 530 ერთეულით. (ს.ფ. 41; 114).
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.1. სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარდგენილი ინფორმაცია ი/მ მ--- ხ--–-–---–ის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ერთობლივი შემოსავალი იყო - 77 278.00 ლარი, ხოლო დასაბეგრი შემოსავალი 0 ლარი. კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ერთობლივი შემოსავლისა და დასაბეგრი შემოსავლის ცნება. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს წარმოადგენდა - 77 278.00 ლარი, რომელშიც მოიზრება ნებისმიერი ფორმით და საქმიანობით მიღებული შემოსავალი და საიდანაც უნდა გამოიქვითოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხარჯები. ხოლო დასაბეგრი შემოსავალი 0-ის ტოლი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობდა მ--- ხ--–-–---–ის პირადი შემოსავალი - ობიექტი, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობოდა.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში, 2016 წლის 21 აპრილს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორის განმარტებაზე, რასაც ადმინისტრაციული ორგანოც დაეყრდო სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას, რომ 77 278.00 ლარი იყო საწარმოს ბრუნვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამიჯნოს პირის შემოსავალი საწარმოს ბრუნვისაგან და დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გამორიცხავს ან შესაძლებლობას მისცემს მოსარჩელეს უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე.
მოსარჩელე მხარის მოთხოვნაზე ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანება, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №---- ბრძანება, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანებაც.
რაც შეეხება მხარის მოთხოვნას, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - მოსარჩელის უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ გამოცემის დავალების შესახებ, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულ მოთხოვნაზე ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს ვინაიდან აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა დამოკიდებულია მოპასუხის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შინაარსზე.
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის N2----------- წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2014 წლის მდგომარეობით მოსარჩელის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 77278 ლარს, მოწინააღმდეგე მხარემ ზეპირი მოსმენის სხდომაზე თავად დაადასტურა, რომ 2014 წლიდან 2015 წლამდე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ შემოსავლები იძლევა ლოგიკური ვარაუდის საფუძველს, რომ მ--- ხ--–-–---–მა ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად წარმოადგენს არაკეთილსინდისერ ქმედებას, რომელიც თავის მხრივ გამორიცხავს მის უსახლკაროდ რეგისტრაციას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ზემოთხსენებული შემოსავლების შესახებ მ--- ხ--–-–---–ს 2015 წლის 04 დეკემბრის განცხადებაში არც მიუთითებია. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მიიჩნევს რომ იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ განიხილა მოსარჩელის 2015 წლის 04 დეკემბრის განცხადება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნვეყოფის წესის „დ“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო, განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აპელანტის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქლაქო სამსახურის წარმომადგენლის მითითებით საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის N2----------- წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2014 წლის მდგომარეობით მოსარჩელის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 77278 ლარს, მოწინააღმდეგე მხარემ ზეპირი მოსმენის სხდომაზე თავად დაადასტურა, რომ 2014 წლიდან 2015 წლამდე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. აპელანტის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ შემოსავლები იძლევა ლოგიკური ვარაუდის საფუძველს, რომ მ--- ხ--–-–---–მა ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, წარმოადგენს არაკეთილსინდისერ ქმედებას, რომელიც თავის მხრივ გამორიცხავს მის უსახლკაროდ რეგისტრაციას. აპელანტის მითითებით, ზემოხსენებული შემოსავლების შესახებ მ--- ხ--–-–---–ს 2015 წლის 04 დეკემბრის განცხადებაში არ მიუთითებია. შესაბამისად, სასამართლოს მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქლაქო სამსახურს მიაჩნია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს.
აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულია უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი (შემდგომში – პირი) უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის ინტენსიური გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ შესაბამისი ცნობის წარმოდგენით. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით კი, უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა, ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია). უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ასევე, ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი.
მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას: ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განაცხადი უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით.
8.2. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მ--- ხ--–-–---–ის 2015 წლის 4 დეკემბრის განცხადებაზე - უსახლკაროდ რეგისტრაციაზე, თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2016 წლის 8 თებერვლის №- ოქმით გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია, ვინაიდან კომისიამ მიიჩნია, რომ მ--- ხ--–-–---–ის განცხადება შეუსაბამობაში მოდიოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „დ“ პუნქტთან, ხოლო აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №---- ბრძანებით უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, მ--- ხ--–-–---–ს (პ/ნ: 4----------) უარი ეთქვა უსახლკაროდ რეგისტრაციაზე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ--- ხ--–-–---–ის საჩივარი და ზემოაღნიშნული ბრძანება დარჩა ძალაში.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ--- ხ--–-–---–მა ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი. მოპასუხე მხარემ მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის №------------ წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ 2014 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ი/მ მ--- ხ--–-–---–ის ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა - 77 278. 00 ლარს. ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში, 2016 წლის 21 აპრილს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორმა თავად დაადასტურა, რომ 2014 წლიდან 2015 წლამდე იგი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რომლის ბრუნვა შეადგენდა - 77 278 ლარს. მოპასუხე მხარემ მიიჩნია, რომ მ--- ხ--–-–---–ის ქმედება ვერ იქნებოდა მიჩნეული კეთილსინდისიერ ქმედებად, ვინაიდან საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მ--- ხ--–-–---–ის 2014 და 2015 წლის შემოსავლები იძლეოდა ლოგიკური და თანმიმდევრული ვარაუდის საფუძველს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ--- ხ--–-–---–მა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი.
8.3. პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო მითითებული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარდგენილი ინფორმაცია ი/მ მ--- ხ--–-–---–ის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ერთობლივი შემოსავალი იყო - 77 278.00 ლარი, ხოლო დასაბეგრი შემოსავალი 0 ლარი.
8.4. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ერთობლივი შემოსავლისა და დასაბეგრი შემოსავლის ცნება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს წარმოადგენდა - 77 278.00 ლარი, რომელშიც, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ნებისმიერი ფორმით და საქმიანობით მიღებული შემოსავალი მოიზრება და საიდანაც უნდა გამოიქვითოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხარჯები. ხოლო დასაბეგრი შემოსავალი 0-ის ტოლი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობდა მ--- ხ--–-–---–ის პირადი შემოსავალი - ობიექტი, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობოდა. სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში, 2016 წლის 21 აპრილს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე საჩივრის ავტორის განმარტებაზე, რასაც ადმინისტრაციული ორგანოც დაეყრდო სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას, რომ 77 278.00 ლარი იყო საწარმოს ბრუნვა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამიჯნოს პირის შემოსავალი საწარმოს ბრუნვისაგან და დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გამორიცხავს ან შესაძლებლობას მისცემს მოსარჩელეს უსახლკარო პირად რეგისტრაციზე.
8.5. პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 მარტის ცნობებეზე, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ.ა ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (28.03.2016 წლის მდგომარეობით) ფ/პ მ--- ხ--–-–---–ის მიერ 2015, 2016 წლებში მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება (ს.ფ 35-36), აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მ--- ხ--–-–---–ის განცხადება სრულად აკმაყოფილებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლი, პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის მოთხოვნას - არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №---- ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე და განმარტავს, რომ სადავო აქტების მიღებისას მოპასუხე მხარის მიერ არ განხორციელებულა არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
რაც შეეხება მხარის მოთხოვნას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის, 185-ე მუხლისა და 201-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №---- ბრძანება, მართებულია ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანების ბათილად ცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად დაასაბუთა უარი ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - მოსარჩელის უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნაზე, სადაც მითითებულია, რომ სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - მოსარჩელის უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნაზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა დამოკიდებულია მოპასუხის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შინაარსზე, თუმცა აღნიშნულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -