განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001927128
საქმე N3ბ/1260-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
5 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ---- შ--------ე;
მესამე პირი (16.2) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
მესამე პირი (16.2) - გ------ შ--------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნაწილობრივ, ნ---- შ--------ის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №-------- განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;
1.2. ნ---- შ--------ის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ------ შ--------ეს შორის 2012 წლის 21 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სადავო განკარგულების გამოცემის დროს დაცული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც გამორიცხავს სადავო აქტის ბათილად გამოცხადებას. ამასთან, განმარტა, რომ გასულია გასაჩივრების 3 წლიანი ვადა და სარჩელი ხანდაზმულია.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირმა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა - განმარტებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
3.2. მესამე პირმა - გ------ შ--------ემ სარჩელს მხარი დაუჭირა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1.1. ნ---- შ--------ის სარჩელი დაკმაყ----ილდა. ნაწილობრივ, ნ---- შ--------ის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №-------- განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ნ---- შ--------ის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ------ შ--------ეს შორის 2012 წლის 21 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
4.2 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.2.1. დადგენილია, რომ ნ---- შ--------ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. იგი დევნილად დარეგისტრირებული იყო 1996 წლიდან ლ---------- რაიონის სოფ. კ--–-------ში. 2011 წლის დეკემბრის თვიდან კი გადამისამართდა ლ--------ში ი. ჭ-------ის N1-- „ყ----. ს----–- ი----------ის“ შენობაში და მ------ა ფ-----სთან, ა-–----------, ა--, გ------ და ს---- შ--------ეებთან ერთად დარეგისტრირდა საოჯახო ნომრით N 0--------.
2016 წლის ივნისის თვიდან ნ---- შ--------ე შვილებთან, ა------ა და მ---- ა-----–---–ებთან ერთად, დარეგისტრირებულია ს----------ს რაიონის სოფელ მ----ში, სარეგისტრაციო N---------. (ს.ფ. 69; 71).
4.2.2. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №-------- განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის.
ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით დადგინდა საპრივატიზებო პირობები: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირები არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე გადადიოდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები. ხოლო განკარგულების მე-4 პუნქტით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალათ ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. (ს.ფ. 20-21).
4.2.3. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №-------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 21 მაისს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ გ------ შ--------ეს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გ------ შ--------ეს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ლ--------ი, ყოფილი ს----–- ი----------ი, ი. ჭ-------ის ქ. №1--, ს--------–---, ბ-------, ფართი: 51.53 კვ.მეტრი.
დასახელებული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად კი, გ------ შ--------ემ აიღო ვალდებულება თ-------- შ--------ე, ნ---- შ--------ე და მ------ა ფ----- უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. (ს.ფ. 23-25).
4.2.4. 2012 წლის 21 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ--------ში, ი. ჭ-------ის ქ. №1---ში მდებარე უძრავი ქონება, ს--------–---, ბ-------, ფართი: 51.53 კვ.მეტრი, საკადასტრო კოდით: №5------------------, 2012 წლის 25 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ------ შ--------ის სახელზე. (ს.ფ. 29).
4.2.5. 2017 წლის 27 მარტის N-------- განცხადების პასუხად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 12 აპრილის №------------- წერილით ნ---- შ--------ეს ეცნობა, რომ მის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან კერძო საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი მისამართზე: ლ--------ი, ი. ჭ-------ის ქ. №1--, ყოფილი ს----–- ი----------ი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მისი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებული არ იყო. (ს.ფ. 28).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
საქალაქო სასმართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებაზე, რომლითაც დამტკიცებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა (შემდგომში - დევნილთა) სოციალურ -ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, ვიდრე შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება. მითითებული სამოქმედო გეგმის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის N-------- განკარგულების გამოცემის პროცესში მოსარჩელის ჩართულობა და საერთოდ მისი შემხებლობა იმ საცხოვრებელ ფართთან, რომლითაც დაკმაყოფილებულად ჩაითვალა იგი ამ განკარგულების გამოცემითა და მის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებით. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №-------- განკარგულება ნ---- შ--------ის ნაწილში, გამოცემულია კანონის დარღვევით და უსაფუძვლოდ ადგენს მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ფაქტს.
მოსარჩელის მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი გ------ შ--------ესა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2012 წლის 21 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა შემდეგი: იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ბათილ აქტად მიიჩნია სადავო ხელშეკრულების საფუძვლად მითითებული პრეზიდენტის განკარგულება, სახეზეა ბათილი აქტის შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების გაბათილების საფუძველიც.
სასამართლომ ხელშეკრულების სადავო ნაწილის ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიც და განმარტა, რომ ნ---- შ--------ის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ------ შ--------ეს შორის 2012 წლის 21 მაისის ხელშეკრულება მასთან დაკავშირებით ნ---- შ--------ის ინფორმირებისა და მისი მხრიდან მოსაზრების მიღებისა და შეფასების გარეშე გაფორმდა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლი კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებისას ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, დასადებ ხელშეკრულებაზე აცნობოს იმ პირის, რომლის ინტერესებსაც ხელშეკრულება შეიძლება შეეხოს და მიიღოს მისგან მოსაზრება.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის და მესამე პირის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული და განმარტა, რომ მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი გასაჩივრებული აქტების - საქართველოს პრეზდინეტის განკარგულებისა და მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ და აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 12 აპრილის №01- 0--------- წერილით, რომლითაც ნ---- შ--------ეს ეცნობა, რომ მის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან კერძო საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი მისამართზე: ლ--------ი, ი. ჭ-------ის ქ. №1--, ყოფილი ს----–- ი----------ი.
6. საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო მოთხოვნა:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის სადავო 2012 წლის 17 სექტემბრის N-------- განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს. სადავო განკარგულებით განისაზღვრა ასევე საპრივატიზებო პირობები. განკარგულების გამოცემის დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
აპელანტის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ხდებოდა და ამჟამადაც ხდება არა თითოეული ფიზიკური პირისა, არამედ დევნილი ოჯახისა. დევნილისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი სრულდებოდა დევნილი ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით, რომელიც უზრუნველყოფდა პრივატიცაზიის პროცესის იურიდიულ მხარეს. სამოქმედო გეგმის თანახმად, პრივატიზების ხელშეკრულებას ხელს აწერდა დევნილი ოჯახის ერთ-ერთი სრულფასოვანი წევრი და არა ოჯახის ყველა წევრი, რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც.
აპელანტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მხარის იმ განმარტებას, რომ მისთვის არ იყო ცნობილი პრივატიზების შესახებ და განმარტავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, თავად დევნილს გააჩნია ვალდებულება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში სათანადო ინფორმაცია მიწოდოს დევნილთა სამინისტროს, რაც არ განხორციელებულა.
აპელანტი საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აპელანტი არ იზიარებს გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ პოზიციას, რომ მოსარჩელისათვის 2017 წლის აპრილში გახდა ცნობილი აქტისა და ხელშეკრულების შესახებ და განმარტავს, რომ მოსარჩელე და მესამე პირი წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. შესაბამიად, 2012 წელს, როდესაც მოსარჩელის ძმას გადაეცა საცხოვრებელი ფართი, მას უნდა სცოდნოდა პრივატიზების არსებობის შესახებ, ვინიდან მესამე პირმა აიღო ვალდებულება, რომ ეცნობებინა მისთვის, რომელიც ასევე დაკმაყოფილებულად ითვლებოდა საცხოვებლით. აპელანტს სასარჩელო განცხადება უსაფუძვლოსთან ერთად მიაჩნია ხანდაზმულადაც და ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფა ხორციელდება დევნილი ოჯახის მიმართ. შესაბამისად, პირთა ჯგუფს, რომელიც შესაძლებელია მიჩნეული იქნეს ოჯახად „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთ შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის გადაეცემათ საკუთრებაში უძრავი ქონება.
აპელანტს მიაჩნია, რომ საქმის განხილვის დროს, სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა ის, რომ მოსარჩელე და ხელშეკრულებაზე ხელმოწერი პირი წარმოადგენდა თუ არა ერთ ოჯახს სადავო ხელშეკრულების დადების დროს. აპელანტი მიუთითებს, რომ ოჯახის ცნების ქვეშ მოიაზრება როგორც ნათესაური კავშირის მქონე პირთა ერთობლიობა, ასევე პირები, რომელთაც ნათესავური კავშირის გარდა აერთიანებთ საცხოვრებელი ადგილი და საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა - პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა - განაწილებას. იმისათვის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ პირები კანონის მიზნებისთვის მიიჩნიოს ერთ ოჯახად, აუცილებელია გარდა ზემოთ მითითებული გარემოებისა, პირები ერთ ოჯახად იყვნენ რეგისტრირებული სამინისტროს მიერ შესაბამის მონაცემთა ბაზაში და მინიჭებულ ჰქონდეს საოჯახო ნომერი, რასაც აპელანტის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დავის განხილვის დროს მიუთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, თუმცა სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების დროისათვის მოსარჩელის კონკრეტულ მისამართზე არყოფნის მოტივით.
წარმომადგენელი ასევე აპელირებს სარჩელის ხანდაზმულობაზე და განმარტავს, რომ სუბიექტურ მომენტს გადამწყვეტი მიშვნელობა ენიჭება ხანდაზმულობის ვადის ათვლის თვალსაზრისით, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მომენტიდან, როცა უფლების დარღვევის შესახებ მხარეს უნდა შეეტყო. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ობიექტურ გარემოებას, რაც პირს აფიქრებინებს მხარის ინფორმირებულობას უფლების შესაძლო დარღვევის თაობაზე.
აპელანტს სასარჩელო განცხადება უსაფუძვლოსთან ერთად მიაჩნია ხანდაზმულად და ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №-------- განკარგულების თანახმად, ლ--------ი, ყოფილი ს----–- ი----------ი, ი. ჭ-------ის ქ. №1---ში მდებარე ბინა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა გ------ შ--------ეს.
ასევე დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №-------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 21 მაისს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორეს მხრივ გ------ შ--------ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ------ შ--------ეს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ლ--------ი, ყოფილი ს----–- ი----------ი, ი. ჭ-------ის ქ. №1--, ს--------–---, ბ-------, ფართი: 51.53 კვ.მეტრი.
პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-13 მუხლი ადგენს დევნილის უფლებას, უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო საცხოვრებლით და აღნიშნული უფლება რეალიზებული იქნეს ჯეროვნად. სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით (მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი).
ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დევნილის ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისას მისი ღირსების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) დევნილი/დევნილი ოჯახი სრულად იყოს ინფორმირებული გადაადგილებისა და განსახლების მიზეზებსა და პროცედურებზე, ასევე ჰქონდეს ინფორმაცია შესაბამისი შეთავაზებების შესახებ, რათა მიეცეს თავისუფალი და ნებაყოფლობითი არჩევანის საშუალება; ბ) ყოველი დევნილი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო საცხოვრებლით; გ) დევნილის განსახლება განხორციელდეს უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება.
პალატა მიუთითებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის №47 განკარგულებაზე, რომლითაც იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დადგინდა. დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობა და თავისუფალი არჩევანი, დიალოგი დევნილ მოსახლეობასთან და მისი თანამონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპებად განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებები დეტალურად სამოქმედო გეგმაში ჩამოყალიბდა.
პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებაზე, რომლითაც დამტკიცებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა. დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა (შემდგომში - დევნილთა) სოციალურ - ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, ვიდრე შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება. მითითებული სამოქმედო გეგმის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის N-------- განკარგულების გამოცემის პროცესში მოსარჩელის ჩართულობა და საერთოდ მისი შემხებლობა იმ საცხოვრებელ ფართთან, რომლითაც დაკმაყოფილებულად ჩაითვალა იგი ამ განკარგულების გამოცემითა და მის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებით .
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა შემდეგი: მართალია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან წარმოებული მასალებით დგინდება ნ---- შ--------ის გ------ შ--------ესთან ერთად ერთ ოჯახად ერთ მისამართზე დარეგისტრირების ფაქტი, თუმცა არ დგინდება, რომ უშუალოდ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის ნ---- შ--------ე ფაქტობრივად ცხოვრობდა რეგისტრაციის მისამართზე და მითითებულ მისამართზე მცხოვრებ პირებთან ერთად შინასამეურნეო საქმიანობას ეწეოდა, რაც ამ აქტის გამოცემის განმაპირობებელი არსებითი გარემოება უნდა ყოფილიყო.
პალატა მიიჩნევს, რომ სადავო განკარგულების გამოსაცემად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ის აუცილებელი გარემოებები, რისი შესწავლაც და გათვალისწინებაც ევალებოდათ პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 მაისის №-------- განკარგულება ნ---- შ--------ის ნაწილში, გამოცემულია კანონის დარღვევით და უსაფუძვლოდ ადგენს მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ფაქტს, რის გამოც იგი ნ---- შ--------ის ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს გ------ შ--------ესა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2012 წლის 21 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილშიც და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას სამოქალაქო კოდექსის ნორმები აწესრიგებს, ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობას იმ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იწვევს, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულება დაიდო. იმის გათვალისწინებით, რომ პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სადავო ხელშეკრულების საფუძვლად მითითებული პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ბათილი აქტის შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების გაბათილების საფუძველიც.
პალატა ეთანხმება ხელშეკრულების სადავო ნაწილის ბათილად ცნობის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მითითებას და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მსჯელობას: ნ---- შ--------ის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ------ შ--------ეს შორის 2012 წლის 21 მაისის ხელშეკრულება მასთან დაკავშირებით ნ---- შ--------ის ინფორმირებისა და მისი მხრიდან მოსაზრების მიღებისა და შეფასების გარეშე გაფორმდა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლი კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებისას ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, დასადებ ხელშეკრულებაზე აცნობოს იმ პირს, რომლის ინტერესებსაც ხელშეკრულება შეიძლება შეეხოს და მიიღოს მისგან მოსაზრება. ამდენად, 2012 წლის 21 მაისის ხელშეკრულება დადებულია სამინისტროს მხრიდან მითითებული ვალდებულების დარღვევით, ხოლო აღნიშნული დარღვევის შედეგად მოსარჩელის უფლების უგულებელყოფამ განაპირობა მისი, როგორც დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების ჯეროვანი რეალიზების ინტერესის შელახვა.
პალატა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი გასაჩივრებული აქტების - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ და აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 12 აპრილის №01- 0--------- წერილით, რომლითაც ნ---- შ--------ეს ეცნობა, რომ მის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან კერძო საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი მისამართზე: ლ--------ი, ი. ჭ-------ის ქ. №1--, ყოფილი ს----–- ი----------ი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მისი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებული არ იყო. ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მართებულად მიიჩნია რომ ხანდაზმულობის ვადა სწორედ 2017 წლის 12 აპრილის №------------- წერილიდან უნდა აითვალოს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლზე და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, ხოლო მოპასუხე მხარეების მიერ არ იქნა წარდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მათ მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ სისწორეს და შესაბამისად, მათი მოთხოვნის კანონიერებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
11. პროცესის ხარჯები:
11.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე, 251, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -