განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002134937
საქმე N3ბ/766-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
5 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ------ ა------–---–ი;
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე ბ------ ა------–---–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 797.03 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბ------ ა------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ------ ა------–---–ის სასარგებლოდ დაევალა 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 750.02 ლარის ოდენობით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 07 ივნისის №------- წერილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებაში ელ. ვერსიით შესული 2017 წლის 6 ივნისის №------- განცხადების პასუხად ბ------ ა------–---–ს ეცნობა, რომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანებების წარმოქმნა, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის ორგანიზაციას. აღნიშნული მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებითი გამოყოფის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მოახდენს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას. ამასთან მხარეს ეცნობა, რომ კუთვნილი მიუღებელი 1994-2000 წლების სახელფასო დავალიანება, სულ შეადგენს 797.03 ლარს (ს.ფ. 38).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1 სასამართლომ განმარტა, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად, ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოდ მიიჩნია ის, რომ ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, 1998 -2003 წლებში მიუღებელი ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და კვების ულუფის 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით) ოდენობა შეადგენს 750.02 ლარს, შესაბამისად, მოპასუხე, ვალდებულია გადაუხადოს მას ხსენებული თანხა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ბ------ ა------–---–ის მოთხოვნას 2003 წლის დეკემბრის კვების ულუფის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ჩაითვლება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად და მასზე გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 17 სექტემბერს და მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების დაწყების დროს ის ნორმა, რომელსაც სასამართლო ეყრდნობოდა გადაწყვეტილების მიღებისას, ძალადაკარგული იყო.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა "საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის N1022 საქართველოს კანონის (2017 წლის 01 ივლისამდე რედაქცია) 1341 მუხლი (2005 წლის 01 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად"), რომელიც აპელანტის განმარტებით, სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისთვის ძალადაკარგული იყო. აპელანტის განმარტებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი (2015 წლის 27 ოქტომბრის N4346-Iს) კანონი არ ითვალისწინებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის N1022 კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე რედაქცია) 1341 მუხლის მსგავს ნორმას, რაც ხანდაზმულობის ვადის განსხვავებულად განსაზღვრის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 1998-2003 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა სარჩელის შეტანის დროისათვის - 2017 წლის 17 სექტემბრისათვის იყო ხანდაზმული, აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე და 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჩივრებულია 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების 750.02 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს "საჯარო სამსახურის შესახებ კანონს", რომლის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ?? ??????? ?? 9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
პალატას დადგენილად მიაჩნია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ------ ა------–---–ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
პალატა მიუთითებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე და ამავე კანონის მე-2 მუხლზე რომლის თანახმად, საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში წარმოადგენს საჯარო სამსახურს, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში - დაწესებულება) კი, არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამდენად, ბ------ ა------–---–ი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მისი სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით უნდა იქნეს შეფასებული.
პალატა ასევე მიუთითებს ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისთვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს; ასეთივე დანაწესს შეიცავდა, სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის, №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს იმ განმარტებას, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტზე და ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამდენად საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუძალა.
პალატა ასვე ყურადღებას ამახვილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341-ე მუხლზე, რომლის თანახმად, "2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიად ის გარემოება, რომ ბ------ ა------–---–ის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ირიცხება სახელფასო დავალიანება 797.30 ლარის ოდენობით.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებებსა და დასკვნებს მასზედ, რომ მითითებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, 1998 - 2003 წლებში მიუღებელი ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და კვების ულუფის 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით) ოდენობა შეადგენს 750.02 ლარს.
პალატა ვერ გაიზიარეს აპელანტის იმ პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა "საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის N1022 საქართველოს კანონი, რომელიც აპელანტის განმარტებით, სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისთვის ძალადაკარგული იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბ------ ა------–---–ს შორის წარმოშობილია 2000 წლის 28 ივნისამდე არსებული კანონის მოქმედების პირობებში, კერძოდ დავა ეხება კუთვნილი მიუღებელი 1994-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც მითითებულია, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა ის, რომ ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუძალა.
რაც შეეხება აპელნატის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით, მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 07 ივნისის №------- წერილზე, რომლითაც ბ------ ა------–---–ს ეცნობა, რომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანებების წარმოქმნა, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის ორგანიზაციას. მხარეს ასევე ეცნობა, რომ აღნიშნული მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებითი გამოყოფის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მოახდენს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას. წერილში მითითებულია, რომ კუთვნილი მიუღებელი 1994-2000 წლების სახელფასო დავალიანება, სულ შეადგენს 797.03 ლარს. აღნიშნული წერილი, პალატის მოსაზრებით, ცალსახად წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარებს.
პალატა განმარტავს, რომ მართალია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 07 ივნისის №------- წერილით, დავალიანების აღიარება მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ცალსახად ადგენენ, რომ თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.
პალატა განმარტავს, რომ ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოვალეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ვალი აღიარებულია 2017 წლის 7 ივნისს, რა დროიდანაც ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თავიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2017 წლის 18 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებული პირის მიერ ხანდაზმული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. აღნიშნული დანაწესი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ხანდაზმული მოთხოვნა, მართალია, განუხორციელებადია, მაგრამ ის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას შესრულებადი რჩება. ხანდაზმულობის ვადის გასვლისას 144-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი შედეგები მაშინაც დგება, როდესაც ვალდებული პირი აღიარებს ვალს და კრედიტორი ვალდებულების უზრუნველსაყოფად განახორციელებს შესაბამის ქმედებას ან გამოიყენებს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -