განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001130020
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2961-2017 21 მარტი, 2018 წლის
ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი: ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი (მოპასუხე)- მ----- ი-------ე
წარმომადგენელი - რ----- რ-–----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ----- მ--–------ა
წარმომადგენელი - რ---- გ--–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სარეზოლუციო ნაწილი
შ----- მ--–------ას სარჩელი დაკმაყოფილდა.
მ----- ი-------ეს შ----- მ--–------ას სასარგებლოდ დაეკისროს 370 000 აშშ დოლარის გადახდა
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.3. 2015 წლის 12 აპრილს შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილით მ----- ი-------ემ აღიარა შ----- მ--–------ას მიმართ ვალის არსებობა 370 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა განეხორციელებინა ეტაპობრივად 2015 წლის დეკემბრის ბოლოს 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილის 2016 წლის განმავლობაში მთლიანად (იხ. ს/ფ 12);
3.4. 2016 წლის 14 იანვარს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული, ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელწერილით მ----- ი-------ე აღიარა შ----- მ--–------ს მიმართ არსებული დავალიანება. ხელწერილში მოპასუხემ მიუთითა, რომ მან 2010-2011 წლებში დაიწყო ბიზნეს საქმინობა, რისთვისაც ისესხა ნაღდი ფული მოსარჩელისგან, რამაც დღეის მდგომარეობით ჯამურად შეადგინა 370 000 აშშ დოლარი. იგი იღებს პასუხისმგებლობას ვალის დასაფარად და თანახმაა მისი გადახდა განახორციელოს შემდეგნაირად: 2016 წლის 20 აპრილიდან ამავე წლის 10 მაისამდე გადაიხადოს 150 000 აშშ დოლარი, 2017 წლის 30 დეკემბრამდე - 150 000 აშშ დოლარი, ასევე პარალელურად 2016 წლის 1 ივლისიდან ყოველთვიურად გადაიხდის 2000 აშშ დოლარს. ე.ი 2017 წლის 30 დეკემბრისათვის სრულად დაფარავს მთლიან დავალიანებას (იხ. ს/ფ 144);
4. სამართლებრივი შეფასება
4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. სსკ-ის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.
4.2. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ვალის აღიარება დეკლარაციული (კაუზალური) ხასიათისაა და იგი არსებულ სამართალურთიერთობას ადასტურებს.
4.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის 21 აპრილის და 2016 წლის 14 იანვრის შეთანხმება შეესაბამება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, კერძოდ მასში მითითებულია კონკრეტული დავალიანება 370 000 აშშ დოლარი, რომელიც გააჩნია მ----- ი-------ეს, შ----- მ--–------ას მიმართ ასევე, ამ ვალდებულების მომავალში მხარეთა შეთანხმებული პერიოდით გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, შ----- მ--–------ას სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქვს უფლება მ----- ი-------ე მოსთხოვოს ვალის აღიარების ხელწერილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
4.4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2015 წლის 21 აპრილის და 2016 წლის 14 იანვრის (სარჩელის აღძვრის შემდგომ) სანოტარო წესით დამოწმებულ ვალის აღიარების ხელწერილების შინაარსზე, სადაც მ----- ი-------ე მკაფიოდ დაადასტურა, რომ ეტაპობრივად გადაიხდიდა დავალიანებას 370 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც გამომდინარეობდა სასესხო ურთიერთობიდან.
4.5. მოპასუხემ სადაოდ გახადა ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და აღნიშნა, რომ შესასრულებელი ვალდებულება გამომდინარეობდა საერთო ბიზნეს საქმიანობიდან და ეხებოდა 2010 წლის 17 სექტემბრის შპს-ს წილის გასხვისების ხელშეკრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არ არსებობის დადასტურება. მხარეთა შორის სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ ორივე ხელწერილი ზუსტად განსაზღვრას იმ ფინანსურ ვალდებულებას, რომელიც დამოუკიდებლად გააჩნია მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და რასაც ბიზნეს საქმიანობასთან შემხებლობა არ გააჩნია.
4.6. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთს და სასამართლო, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ დაარწმუნა მის მიერ მითითებული გარემოებების სისწორეში. ყოველივე აღნიშნულის გამო მ----- ი-------ეს აღიარებული ვალდებულების შესასრულებლად დაეკისრა 370 000 აშშ დოლარის გადახდა.
5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა ხელწერილის საფუძველზე, რასაც ფულადი ვალდებულების აღიარების ხელშეკრულების კვალიფიკაცია მისცა. მაშინ როდესაც საქმეში მრავლად არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მხარეებს შორის იყო სამეწარმე - სამართლებრივი ურთიერთობა, რაც უკავშირდებოდა შპს „ა-–------ში“ მოსარჩელეს მიერ 60% წილის შეძენას. ამ გარემოებას ადასტურებს თვით მოსარჩელე მხარეც, როგორც სარჩელში, ისე ახსნა - განმარტებაში, ხოლო სხვა ურთიერთობის არსებობა უნდა ამტკიცოს არა მოპასუხემ არამედ მოსარჩელემ.
ამასთან, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (მოცემული განჩინების 3.3. - 3.4. პუნქტები), მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
6.2. დავის შინაარსიდან და აპელანტის პრეტენზიებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის კვლევისა და შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება ჰქონდა თუ არა ადგილი მხარეებს შორის ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობას და რა ედო საფუძვლად ფულადი ვალდებულების აღიარებას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებებს, რომ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობას, რაც უკავშირდებოდა შპს ა-–------ში 60% წილის შეძენას. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის ერთობლივ საქმიანობას და მიუთითებს, რომ აპელანტს სადავო თანხა ასესხა დამოუკიდებელი ბიზნეს საქმიანობის დაწყების მიზნით, რაც სრულად უნდა დაებრუნებინა ორ წელიწადში. დათქმულ ვადაში, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, აპელანტმა თანხა ვერ დააბრუნა, თუმცა ორჯერ დაუდასტურა ხელწერილით, რომ გააჩნდა ეს დავალიანება და დაპირდა თანხის დაბრუნებას გარკვეულ პერიოდში. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შ----- მ--–------ას მიერ შპს ა-–------ში 60% წილის შეძენა. კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით მხოლოდ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მითითება არ არის საკმარისი, რადგან ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის თანახმად, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს) ან სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ პირს ..... ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილებას ხელს აწერს საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ან სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ ცვლილებას წარადგენენ პარტნიორები, მას ხელი უნდა მოაწერონ პარტნიორებმა რეესტრში რეგისტრირებული გადაწყვეტილების მიღების წესის შესაბამისად და იგი დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. დადგენილია, რომ შპს ა-–------ს დამფუძვნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო აპელანტი და სწორედ ის იყო უფლებამოსილი რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაზე განაცხადი წარედგინა რეესტრში. დადგენილია ასევე, რომ მხარეთა შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის (17.09.2010წ.) რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება არ განხორციელებულა და საწარმოს დამფუძვნებლად და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად კვლავ რჩებოდა აპელანტი. რეესტრის მონაცემებით, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება განხორციელდა მხოლოდ 23.04.2015წ. (განაცხადის რეგისტრაციის თარიღი) და შპს-ს 60% წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა სულ სხვა პირი (მ------- კ-----ე), ხოლო 40% წილის მესაკუთრედ და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად კვლავ დარჩა აპელანტი. ამდენად, საქმის მასალებით და რეესტრის მონაცემებით შ----- მ--–------ას მიერ შპს ა-–------ში 60% წილის შეძენა არ დასტურდება. ამასთან, გარადა ზეპირი განმარტებისა, რასაც უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, აპელანტი ვერ ადასტურებს თუ რა შემხებლობა გააჩნდა შპს ა-–------ს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადმორიცხულ სადავო თანხებთან. კერძოდ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ გადმორიცხული თანხები რაიმე ფორმით აისახა ამ საწარმოს შემოსავალში და მის ბრუნვაში. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, აპელანტისთვის, როგორც ამ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის, რაიმე სირთულე არ უნდა ყოფილიყო. და ბოლოს, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში, სანოტარო წესით დამოწმებული ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელწერილით, აპელანტმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ სადავო თანხა მან სესხად მიიღო მოწინააღმდეგე მხარისგან 2010 - 2011 წლებში მის მიერ წამოწყებულ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით და არსად აქვს ნახსენები, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ ბიზნეს საქმიანობაზე.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც გამტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის (აპელანტის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არ არსებობის დადასტურება, რაც მან სათანადო წესით ვერ განახორციელა. ასევე ვერ დაადასტურა მხარეთა შორის საერთო სამეწარმეო საქმიანობის არსებობა. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს და ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას და დასკვნას, რომ ორივე ხელწერილი ზუსტად განსაზღვრას იმ ფინანსურ ვალდებულებას, რომელიც დამოუკიდებლად გააჩნია აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის წინაშე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და რასაც ერთობლივ ბიზნეს საქმიანობასთან შემხებლობა არ გააჩნია.
6.3. პალატა მიუთითებს სსკ-ის 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის განმარტებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკიდან (სუსგ №ას-226-213-2015). საკასაციო პალატამ სსკ-ის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტებისას აღნიშნა: „ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ., სუსგNას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ.).
2015 წლის 21 აპრილის და 2016 წლის 14 იანვრის ვალის არსებობის აღიარების ხელწერილის სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნებისათვის, პალატა განმარტავს, რომ ვალის აღიარება შეიძლება იყოს კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (კაუზალური). ორივე შემთხვევაში, სახეზეა ვალის აღიარება, თუმცა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კონსტიტუციური ვალის აღიარების შემთხვევაში, სახეზეა ახალი, ძველი სამართალურთიერთობისაგან დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც ძველი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებელი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, შესაგებელი ძველი გარიგების ბათილობის საფუძვლით სამართალურთიერთობის არარსებობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აღიარება წერილობით ფორმას მოითხოვს, იგი უფლებამოსილი პირის წინაშე უნდა იყოს გაცხადებული, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იკვეთებოდეს ნება ვალდებულების აღიარების თაობაზე და რაც მთავარია, მითითებული ვალის აღიარება ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის. მას ხელშეკრულების ორივე მხარე უნდა აწერდეს ხელს.
არსებობს ვალის აღიარების კიდევ ერთი ფორმა, ე.წ. ვალის დეკლარაციული აღიარება. იგი არ წარმოადგენს ახალ გარიგებას, თუმცა, ადასტურებს არსებულს, იმ სამართლებრივი შედეგებით, რაც მას თან სდევს. დეკლარაციული ვალის აღიარება არ არის ახალი გარიგება, მას არ ჭირდება სპეციალური ფორმის დაცვა, იგი გარიგების ზეპირსიტყვიერ აღიარებაშიც შეიძლება გამოიხატოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვალის დეკლარაციული აღიარება არის მტკიცებულება არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულების არსებობის თაობაზე. 2015 წლის 21 აპრილის და 2016 წლის 14 იანვრის ვალის აღიარების ხელწერილები სწორედაც, რომ ვალის აღიარებაა, თუმცა, არა კონსტიტუციური, დამდგენი, არამედ დეკლარაციული, კაუზალური. შესაბამისად, წარმოადგენს მტკიცებულებას შეუსრულებელ ვალდებულებათა არსებობის თაობაზე.
ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებს აღიარების ხელწერილებთან დაკავშირებით, რომ როგორც 2015 წლის 21 აპრილის ისე 2016 წლის 14 იანვრის შეთანხმება შეესაბამება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, კერძოდ მასში მითითებულია კონკრეტული დავალიანება 370 000 აშშ დოლარი, რომელიც გააჩნია მ----- ი-------ეს, შ----- მ--–------ას მიმართ ასევე, ამ ვალდებულების მომავალში მხარეთა შეთანხმებული პერიოდით გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, შ----- მ--–------ას სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქვს უფლება მ----- ი-------ეს მოსთხოვოს ვალის აღიარების ხელწერილებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, სასამართლო ხარჯები ეკისრება აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ----- მ--–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
ირაკლი ბონდარენკო