განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3ბ/2170-17
საქმე № 330310017001786234
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - მ---------–---------
წარმომადგენელი - ნ-----–-----------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მესამე პირი - თ----------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
მ---------–---------ს სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, მესამე პირი - თ----------------------, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, მ---------–---------, დ------------------- და თ---------------------- რეგისტრირებული არიან ერთ საოჯახო ნომერზე (ოჯახის N---------), მისამართზე - ქ. თბილისი, ნ--–----------–---------------------------.
2.2. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N--- განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ბ-------------------------, ფართი 69,17 კვ.მ. უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ თ----------------------ს, დ-------------------სა და მ---------–---------ს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული განკარგულების მიღებამდე არსებობდა ოჯახის სრულწლოვან წევრთა ნება მიეღოთ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში, თუმცა 2016 წლის 12 აპრილის მ---------–---------მ განცხადებით უარი განაცხადა ოჯახის ამ შემადგენლობით ბინის საკუთრებაში გადაცემაზე, ვინაიდან ქმართან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა, შესაბამისად, ითხოვდა მასზე და შვილზე ბინის დაკანონებას. ვინაიდან ფართი გადაცემული ჰქონდა სამივე პირს და ჰქონდათ დავა ერთმანეთთან, კომისიის გადაწყვეტილებით მოცემული ეტაპისათვის უარი ეთქვათ ბინის პრივატიზაციაზე.
2.3. 2016 წლის 22 დეკემბრის N6------- ადმინისტრაციული საჩივარი, მ---------–---------სა და მისი შვილისათვის ქ. თბილისში, ნ--–--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად დაადგინა, რომ მ---------–---------, დ------------------- და თ---------------------- რეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ მისამართზე ერთ სარეგისტრაციო ნომერზე (ერთ ოჯახად).
ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენისას დამატებით გამოირკვა, რომ თ---------------------- უარს აცხადებს სარეგისტრაციო ნომრის (ოჯახის) გაყოფაზე, რაზეც მოსარჩელე თანხმობას გამოხატავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტრომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს მ---------–--------- და მისი შვილი - დ-------------------, ხოლო თ---------------------- განიხილოს საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დამოუკიდებელ ოჯახად.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით გაიცა დამცავი ორდერი თ---------------------ის მიმართ, რომელსაც აეკრძალა მ---------–---------სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა. იგი ასევე მოშორებულ იქნა იმ სახლისაგან, სადაც მ---------–--------- იმყოფებოდა. ამავე კოლეგიის 2015 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის მოქმედების ვადა გაგრძელდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 20 იანვრის N0----------- წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
ამდენად, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N--- განკარგულების მიღებამდე არსებობდა ოჯახის სრულწლოვან წევრთა ნება მიეღოთ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში, თუმცა 2016 წლის 12 აპრილის მ---------–---------ს განცხადებით მან უარი განაცხადა ოჯახის ამ შემადგენლობით ბინის საკუთრებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ ქმართან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა, შესაბამისად, მან ითხოვა მხოლოდ მასზე და თავის შვილზე ბინის დაკანონება. ვინაიდან ფართი გადაცემული ჰქონდა სამივე პირს და ჰქონდათ დავა ერთმანეთთან, კომისიის გადაწყვეტილებით მოცემული ეტაპისათვის უარი ეთქვათ ბინის პრივატიზაციაზე.
2.7. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-63 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს, კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს. ამავე ნორმის მეორე პუნქტით საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი. ხოლო მე-3 პუნქტით, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების მმართველსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს პროცედურას, რომლის მიზანია დევნილი ოჯახებისათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა.
2.8. სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, მ---------–---------, დ------------------- და თ---------------------- რეგისტრირებული არიან ერთ მისამართზე და ერთ საოჯახო ნომერზე (ოჯახის N---------), კერძოდ, ქ. თბილისში, ნ--–-----------–---------------------------. მოცემული მონაცემები კი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N--- განკარგულების მიღების სამართლებრივ საფუძველს („სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-63 მუხ.), რომლითაც უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ბ-------------------------, ფართი 69,17 კვ.მ. უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ თანასაკუთრების უფლებით თ----------------------ს, დ-------------------სა და მ---------–---------ს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მესამე პირს თ----------------------ს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი ფართში შესაბამისი იდეალური წილი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. ამავე განკარგულების მე-4 პუნტით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განკარგულების შესრულების მიზნით უნდა განეხორციელებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. კანონმდებლობით შესასრულებელ შესაბამის ღონისძიებას წარმოადგენს შემძენთან ხელშეკრულების გაფორმება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილისათვის შესაბამისი უძრავი ქონების გამოყოფის შემდეგ, იგი ექვემდებარება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამ პირისათვის გადაცემას. მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირს - თ------------------------ ჰქონდა სპეციალური სტატუსი და აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ პირობებს, რათა საკუთრებაში გადასცემოდა კონკრეტულ უძრავ ქონებაში შესაბამისი წილი, რომელსაც წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მართლზომიერად ფლობდა.
ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნა და საქმეში წარმოდგენილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N1966 განკარგულების მე-4 პუნქტის დანაწესი შესაბამის უწყებას ცალსახად ავალდებულებს 3 თვის ვადაში ხელშეკრულების გაფორმებას (ბუნებრივია, ხელშეკრულების მეორე მხარის ნების გამოვლენის პირობებში), რათა განხორციელდეს უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საჯარო რეესტრში შესაბამისი დადასტურება. ამასთან, სახეზეა ის გარემოება, როდესაც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N--- განკარგულება - მესამე პირის, როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიმართ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ძალაშია და ქმნის ქონების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას. ამასთან, თ---------------------- უარს აცხადებს სარეგისტრაციო ნომრის (ოჯახის) გაყოფაზე, რაზეც მოსარჩელე თანხმობას გამოხატავს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სამინისტრომ სწორად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს მ---------–--------- და მისი შვილი - დ-------------------, ხოლო თ---------------------- განიხილოს საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დამოუკიდებელ ოჯახად.
2.9. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება, რომ თ---------------------ის მიმართ გამოცემული დამცავი/შემაკავებელი ორდერების საფუძველზე შეწყვეტილია თ---------------------ის მიერ ქონების მართლზომიერი მფლობელობა. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომლის მიზანია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა. აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიება ემსახურება მსხვერპლის პირად უფლებებსა და თავისუფლებების დაცვას და არა უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დაცვას.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ მითითებული კანონის რეგულაციის ფარგლებში თ---------------------ის მიმართ გამოყენებული ამ კანონის 10.32 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების ღონისძიება, ეს არ შეიძლება იქცეს უძრავი ქონების მართლზომიერად თუ არამართლზომიერად ფლობის მიჩნევის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
3. მ---------–---------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო არასწორად იყენებს ტერმინს „საოჯახო ნომერი“. ერთ სარეგისტრაციო ნომერზე შესაძლებელია რეგისტრირებული იყოს ორი ან მეტი სხვადასხვა ოჯახი. ამდენად, მ---------–---------სა და თ---------------------ის საერთო სარეგისტრაციო ნომერი არ ნიშნავს, რომ ისინი ერთ ოჯახს წარმოადგენენ. 2013 წლიდან სადავო ბინას ფლობს მ---------–--------- შვილთან ერთად. აღნიშნულის შემოწმებას ახორციელებს მონიტორინგის სამსახური, რომელმაც დაადასტურა, რომ თ---------------------- არ ცხოვრობს თბილისში, ნ--–--------------–----–-----------------------------ში. შესაბამისად, თ---------------------- ვერ ჩაითვლება მართლზომიერ მფლობელად.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა, რომ მხარეთა ნებაზე იყო დამოკიდებული სარეგისტრაციო ნომრის ცვლილება. თუკი აპელანტი მოითხოვს სარეგისტრაციო ნომრის ცვლილებას, სამინისტროს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნია, რადგან მისთვის ცნობილია, რომ მოსარჩელე და მესამე პირი სხვადასხვა მისამართებზე ცხოვრობენ.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, არ მისცა რა მას შესაძლებლობა, წარედგინა მოსაზრება მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე. სასამართლოს მთავარი სხდომა გაიმართა 2017 წლის 16 ივნისს, ხოლო გადაწყვეტილება გამოცხადდა 2017 წლის 14 ივლისს. მოსარჩელემ კი მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ჩაიბარა 2017 წლის პირველ ივლისს. სასამართლო გადაწყვეტილება დაფუძნებულია 2016 წლის 7 ოქტომბრის N-- სხდომის ოქმზე, რომელიც მხარეს სასამართლოს მთავარი სხდომის დასრულების შემდეგ ჩაბარდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. მ---------–---------ს მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
4.5. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, მ---------–---------, დ------------------- და თ---------------------- რეგისტრირებული არიან მისამართზე ქ. თბილისი, ნ--–----------–--------------------------- (ოჯახის N---------).
4.6. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N--- განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ბ-------------------------, ფართი - 69,17 კვ.მ. უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ თ----------------------ს, დ-------------------სა და მ---------–---------ს.
4.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხების განმხილველი კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მ---------–---------ს უარი ეთქვა თბილისში, შ-----–------------------------–----------------------ში მდებარე ფართის პრივატიზებაზე, ვინაიდან ფართი გადაეცა სამ პირს და მათ დავა ჰქონდათ ერთმანეთთან. კომენტარის სახით აღნიშნულია, რომ მითითებულ ფართთან დაკავშირებით თ----------------------სა და მ---------–---------ს ჰქონდათ დავა, მაგრამ 2015 წლის 21 მაისისთვის გამოცხადდნენ სამინისტროში და განაცხადეს თანხმობა ერთობლივად დაეკანონებინათ უძრავი ნივთი. 2016 წლის 12 აპრილის განცხადებით მ---------–---------მ განაცხადა, რომ ფართის დაკანონება სურს შვილთან ერთად, რადგან ქმართან აქვს კონფლიქტი. 2016 წლის 30 სექტემბერს გამოცემული იყო განკარგულება მ---------–---------ს, თ---------------------ისა და დ-------------------- შემადგენლობით, თუმცა მ---------–---------მ მიმართა სამინისტროს და ითხოვა ფართის მხოლოდ მასზე და შვილზე დაკანონება.
4.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 8 დეკემბრის N0------------- მიმართვით მ---------–---------ს ეცნობა, რომ ვინაიდან მას და თ----------------------ს შორის, რომელთან ერთადაც მიღებული აქვს ფართი, მიმდინარეობს დავა ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რაც დასტურდება თ---------------------ის არაერთი განცხადებით, საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე ეთქვა უარი.
4.9. 2016 წლის 22 დეკემბერს მ--------–---------მ N6------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისთვის და მისი შვილისათვის ქ. თბილისში, ნ--–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 20 იანვრის N0----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ---------–---------ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აქტის მიხედვით, დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, დადგინა, რომ მ---------–---------, დ------------------- და თ---------------------- რეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ მისამართზე ერთ სარეგისტრაციო ნომერზე (ერთ ოჯახად). ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენისას დამატებით გამოირკვა, რომ თ---------------------- უარს აცხადებს სარეგისტრაციო ნომრის (ოჯახის) გაყოფაზე, რაზეც მ---------–--------- თანხმობას გამოხატავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტრომ ჩათვალა, რომ არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს მ---------–--------- და მისი შვილი - დ-------------------, ხოლო თ---------------------- განიხილოს საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დამოუკიდებელ ოჯახად.
4.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით გაიცა დამცავი ორდერი თ---------------------ის მიმართ, რომელსაც აეკრძალა მ---------–---------სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა. იგი ასევე მოშორებულ იქნა იმ სახლისაგან, სადაც მ---------–--------- იმყოფებოდა. ამავე კოლეგიის 2015 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით დამცავი ორდერის მოქმედების ვადა გაგრძელდა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
4.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 20 იანვრის N0----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნულზე არის დამოკიდებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 20 იანვრის N0----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აპელანტს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ნ--–---------------–----–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ფართის მისთვის და მისი შვილის - დ--------------------ათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.
4.13. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-63 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს, კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს. ამავე ნორმის მეორე პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების მმართველსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
4.14. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ერთ-ერთი ფორმაა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, 63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზანია დევნილი ოჯახებისათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა.
4.15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ---------–---------, დ------------------- და თ---------------------- რეგისტრირებული არიან მისამართზე - ქ. თბილისი, ნ--–--------------–--------------------------- (ოჯახის N---------). საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N--- განკარგულებით, აღნიშნული უძრავი ნივთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ თ----------------------ს, დ-------------------სა და მ---------–---------ს. ასევე დადგენილია, რომ განკარგულების გამოცემისას მათ განაცხადეს თანხმობა ერთობლივად დაეკანონებინათ უძრავი ნივთი, თუმცაღა მოგვიანებით მ---------–---------მ მიმართა სამინისტროს და ითხოვა ფართის მხოლოდ მასზე და მის შვილზე დაკანონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიმდინაროებდა დავა ფართზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსბეული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხების განმხილველი კომისიის 2016 წლის 7 ოქტომბრის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მ---------–---------ს უარი ეთქვა თბილისში, შ-----–------------------------–----------------------ში მდებარე ფართის პრივატიზებაზე.
4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის სადავო საცხოვრებელი ფართის სამი პირისათვის - მ---------–---------სათვის, დ--------------------ა და თ---------------------ისათვის გადაცემის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, მესამე პირს - თ----------------------ს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი ფართში შესაბამისი იდეალური წილი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მართებულად, რადგან მას ჰქონდა სპეციალური სტატუსი და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამის უწყებას ცალსახად ავალდებულებდა 3 თვის ვადაში ხელშეკრულების გაფორმებას. ამასთანავე, ხელშეკრულების დადებისას მნიშვნელოვანია მეორე მხარის თანმხვედრი ნების გამოვლინება. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N--- განკარგულება თ---------------------ის მიმართ არ გაუქმებულა, ძალაშია და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონეა. აღნიშნული განკარგულება კი ქმნის ქონების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულების, მათ შორის, თ----------------------სთან, გაფორმების წინაპირობას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მ---------–---------, თ---------------------- და დ------------------- რეგისტრირებულნი არიან ერთ სარეგისტრაციო ნომერზე (ერთ ოჯახად). თ---------------------- კი უარს აცხადებს სარეგისტრაციო ნომრის (ოჯახის) გაყოფაზე. ამდენად, სამინისტრომ სწორად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს მხოლოდ მ---------–--------- და მისი შვილი - დ-------------------, ხოლო თ---------------------- განიხილოს საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ დამოუკიდებელ ოჯახად.
4.16. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ თ---------------------- ვერ ჩაითვლება სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელად. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი - დაინტერესებული მხარის განმარტების საფუძველზე კი ვერ დადგინდება კონკრეტული გარემოების არსებობა. რაც შეეხება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იგი არ წარმოადგენს საკუთრების უფლების ჩამორთმევის წინაპირობას, თ---------------------ის მიერ ქონების მართლზომიერი მფლობელობის გამომრიცხველ ფაქტს.
პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებუბლია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს კი განსაზღვრავს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა. აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიება ემსახურება მსხვერპლის პირად უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მათ შორის, მსხვერპლის უფლებების დასაცავად მოძალადეს შეიძლება გარკვეული დროით შეეზღუდოს მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება, თუმცაღა აღნიშნული ღონისძიებები არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დამდგენ სამართლებრივ საფუძვლებს.
4.17. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამცავი/შემაკავებელი ორდერი იმავდროულად არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მესაკუთრისათვის ჩამორთმევის საფუძველს. თუკი მხარეთა შორის, გარდა ოჯახში ძალადობის საკითხისა, არსებობს ქონებრივი დავა, აღნიშნული შესაბამისი პროცედურების დაცვით, სათანადო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა გადაწყდეს. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ თ---------------------ის მიმართ გამოცემულია დამცავი ორდერი, ვერ გახდება მისი საკუთრების უფლების შელახვის საფუძველი იმ კუთხით, რომ გამოირიცხოს მის მიერ უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობა და საკუთრებაში არ გადაეცეს ქონება, რომელზეც საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას. სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არ დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროცესუალურ-სამართლებრივი ნორმების, მათ შორის, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი და საქმეზე შესაბამისი წესით დართული მტკიცებულებებით, რომელთა შესახებაც აპელანტისათვის ცნობილი არის.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---------–---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი ტყავაძე