1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტის მიერ დაფუძნებული ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

11. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის შესაძლებელია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – უსასყიდლოდ.

3. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი.

4. (ამოღებულია).

5. ქონების სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს სახელმწიფო ქონების (გარდა მოძრავი ქონებისა) ფიზიკური პირის, კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაში გაცვლას. სახელმწიფო ქონების გაცვლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს 2021 წლამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები.

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4852 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1104 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1351 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1027 – ვებგვერდი, 14.11.2025