განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
330310117001941670
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310117001941670

საქმე №3ბ/1031-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ბ------’’;

დირექტორი - გ-- გ--------;

წარმომადგენელი -ი---- ს-------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ----------–---ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - ს--–--------–---;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის N------- წერილი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 26 აპრილის N------- ბრძანება.

 

1.3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, მ--------- გ----- N---ში ს.კ. 0----------------ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის წესით, საბაზრო ფასად, შპს ,,ბ------სთვის’’ საკუთრებაში გადაცემის შესახებ მთავრობის სხდომაზე ინიცირების წარდგენა.

 

2.მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხემ - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ბ------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აეკრძალა უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისში, მ--------- გ-------- №---ში, საკ. კოდი: 0---------------) გასხვისება და მესამე პირებზე სარგებლობის უფლებით გადაცემა სასამართლოში დავის საბოლოო დასრულებამდე - გაუქმდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 1 დეკემბრის N--------- დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს ,,ს------ის’’ მოთხოვნა საწარმოო ბაზრის მოსაწყობად 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ, თბილისის ხ----–----------ის მიერ გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ--------- გ-------- N-- (ს.ფ. 16-18).

 

4.2. შპს ,,ბ------’’ (ს.კ. 2--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა - შპს. სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 21.06.1996 წ (ს.ფ. 49-50).

 

4.3. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/1083) დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი: შპს ,,ბ------’’ მდებარე მ--------- გ----- N-- წარმოადგენს შპს ,,ს------ის’’ სამართალმემკვიდრეს (ს.ფ. 22).

 

4.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისის N-------- ბრძანებით დადგინდა: უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, განახორციელოს დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (მდებ: ქ. თბილისი, მ--------- გ----- N--) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ს.ფ. 134-135).

 

4.5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, მ--------- გ-------- N--, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 300.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2016 წლის 16 ივნისიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისის N-------- ბრძანება (ს.ფ. 65-66).

 

4.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის N----------- მიმართვის მიხედვით, შპს ,,ბ-----ს’’ (ს.ნ 2--------) 2016 წლის 27 ივნისის მდგომარეობით გადახდილი აქვს არასასოფლო დანიშნულების მიწის გადასახადში 487 ლარი (ს.ფ. 32).

 

4.7. შპს ,,ბ-----მა’’ 2016 წლის 13 ივლისს N------- საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.06.2016 წ. N-------- ბრძანების მოქმედების შეჩერებისა და თბილისში, მ--------- გ-------ზე N---ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ს.კ. 0---------------) საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით (ს.ფ. 132-133).

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2016 წლის 29 ივლისის N------- წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კომპეტენციის გათვალისწინებით შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა შპს ,,ბ------ს’’ დირექტორის N------- განცხადება (საჩივარი) (ს.ფ. 36).

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 7 სექტემბრის N------- წერილით შპს ,,ბ-----ს’’ აცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით (ს.ფ. 37).

 

4.8. 2016 წლის 7 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა N-------- ბრძანება ,,ქ. თბილისში, მ--------- გ----- N---ში მდებარე 300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა- ნაგებობა N1-ის (ს/კ. N0---------------) ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ’’, საწყის საპრივატიზებო საფასურად განისაზღვრა 45000 (ორმოცდახუთი ათასი ) ლარის ოდენობით (ს.ფ. 212-213).

 

4.9. შპს ,,ბ------ს’’ დირექტორმა 2016 წლის 7 ოქტომბერს N-------- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის N------- წერილი და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და თბილისში, მ--------- გ----- N---ში (ს.კ. 0---------------) მდებარე უძრავი ნივთის შპს ,,ბ------სთვის’’ საბაზრო ღირებულებით საკუთრებაში გადაცემა. შპს ,,ბ-----მა’’ საჩივარში განმარტა, რომ ს.კ. 0----------------ით რეგისტრირებული უძრავი ნივთი 21 წლის განმავლობაში იყო მის მფლობელობაში და მიაჩნია, რომ შპს ,,ბ-----ს’’ სხვა პირებთან მიმართებით აქვს უპირატესი უფლება, საჯარო აუქციონის გარეშე საბაზრო ფასად შეიძინოს მრავალი წლის მანძილზე მის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი (ს.ფ. 159-164).

 

4.10. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 ოქტომბრის N------- კორესპონდენციის საფუძველზე შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 ოქტომბრის N-------- ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული N--- ელექტრონული აუქციონი, ვინაიდან 2016 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილ იქნა შპს ,,ბ------ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 206-211).

 

4.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 აპრილის N------- ბრძანებით შპს ,,ბ------ს’’ (ს.ნ. 2--------) 2016 წლის 7 ოქტომბრის N-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 45-48).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე- 5 პუნქტით, მე-63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის მე-181 მუხლით დადგენილი წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონებათა განკარგვაზე და ელექტრონული აუქციონის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნილი უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის არგუმენატაციაზე, რომლის თანახმად, იგი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს, იმ გარემოებას, რომ ის 21 წლის განმავლობაში კანონიერად ფლობდა ქ. თბილისში, მ--------- გ--------ს N---ში მდებარე უძრავ ქონებას (ს.კ. 0---------------), აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,ბ-----ს’’ სხვა პირებთან მიმართებით აქვს უპირატესი უფლება, საჯარო აუქციონის გარეშე საბაზრო ფასად შეიძინოს მრავალი წლის მანძილზე მის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი, შესაბამისად მას უნდა მიენიჭოს უპირატესობა მითითებული ქონების პრივატიზებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირთათვის მსგავსი უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს, შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშნული არგუმენატაცია სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.

 

სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს ,,ბ------ს“ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, რამეთუ პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესში მოიაზრება არა ,,უბრალო უპირატესობა’’, რომელიც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებით შეიზღუდოს, არამედ ისეთი უფლება და ინტერესი, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა წარმოშობილი და განმტკიცებული.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ბ------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებლ სამართლებრივ ნორმებთან.

 

6. შპს ,,ბ------ს’’ სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

6.1. შპს ,,ბ------ს’’ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია შპს „ბ------ს“ მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით და არ მიუთითა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, რომლებიც საქმესთან არსებითად დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებაა. გარდა იმისა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 01 დეკემბრის დადგენილებით შპს „ს------ს“ გამოეყო 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დამტკიცდა ამ ნაკვეთის წითელი ხაზებიც, არსებობს ასევე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი კიდევ სხვა დოკუმენტებიც. აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ შპს „ბ------“ მართლზომიერად ფლობდა ქ. თბილისში, მ--------- გ-------ზე, N---ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რამდენად სწორად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული უპირატესობის მინიჭება, ქონების შეძენასთან დაკავშირებით, არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით. თუმცა, აღნიშნული უპირატესობის მინიჭებას არ გამორიცხავს კანონი, არც აკრძალული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე, რამდენად რაციონალურად და კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით გამოიყენებს აღნიშნულ უფლებამოსილებას.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2 პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შემოწმდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 7 სექტემბრის N------- წერილის კანონშესაბამისობა, რომლითაც შპს ,,ბ-----ს’’ ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნდა განეხორციელებინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით, ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე არსებითად დამოკიდებულია აპელანტის მეორე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი ბედი. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ასევე უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა აპელანტის (მოსარჩელის), მესამე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში - დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, მ--------- გ----- N---ში ს.კ. 0----------------ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის წესით, საბაზრო ფასად, შპს ,,ბ------სთვის’’ საკუთრებაში გადაცემის შესახებ მთავრობის სხდომაზე ინიცირების წარდგენა.

 

7.3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა)აუქციონი; ბ)პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ)უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე- 5 პუნქტით, მე-63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის მე-181 მუხლით დადგენილი წესით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონებათა განკარგვაზე და ელექტრონული აუქციონის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნილი უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ზღუდავს სასამართლოს მხრიდან მისი გადამოწმების შესაძლებლობას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ანუ მისი დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება. პირს შეუძლია გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული ფლებამოსილების კანოშესაბამისობა. სასამართლო კი უფლებამოსილია გადაამოწმოს არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, ხოლო ამ უკანასკნელს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი ორივე ინსტანციის სასამართლოში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ის 21 წლის განმავლობაში კანონიერად ფლობდა ქ. თბილისში, მ--------- გ--------ს N---ში მდებარე უძრავ ქონებას (ს.კ. 0---------------), აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,ბ-----ს’’ სხვა პირებთან მიმართებით აქვს უპირატესი უფლება, საჯარო აუქციონის გარეშე საბაზრო ფასად შეიძინოს მრავალი წლის მანძილზე მის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი, შესაბამისად მას უნდა მიენიჭოს უპირატესობა მითითებული ქონების პრივატიზებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირთათვის მსგავსი უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს, ამასთან პალატა დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართლზომიერი მფლობელობა არ არის დავის საგანი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

8. პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ბ------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -