გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
საქმე N3/3102-18 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ნ------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----------–---ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №5------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისში, ი-–-----------ის გამზირის N3--ში, კორპუსი N1ა-ში მდებარე N25 ბინის ნ------------–---–ისათვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ქალაქ თბილისის ვ------------ის სასამართლოს 1996 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის ვ------------ის გამგეობის სარჩელი მოპასუხე ნ------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა, ნ------------–---–ი მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქალაქ თბილისში, ი. ჭ-------ის გამზირი N3--ში არსებული ს---------–--ის N1ა კორპუსის N25 კომუნალური ფონდის ბინიდან და შესახლებულ იქნა ამავე ს---------–--ის N2ა კორპუსში, მისთვის გამოყოფილ 16 კვ.მ ფართის N3- იზოლირებულ ბინაში.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის ვ------------ის სასამრთლოს 1996 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-19).
3.2. 2017 წლის 2 ნოემბერს ნ------------–---–მა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ი-–-----------ის გამზირის N3--ში, კორპუსი N1ა-ს N25 ბინის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.
მტკიცებულება: განცხადება (ს.ფ. 59-61).
3.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №5------ წერილით ნ------------–---–ს განემარტა, რომ განცხადებაში მითითებული საკითხი სააგენტოს კომპეტენციას არ წარმოადგენდა. ამასთან, მითითებული წერილით ნ------------–---–ს განემარტა, რომ შესაბამისი დაინტერესების არსებობის შემთხვევაში, სააგენტო მზად იყო ემსჯელა მოთხოვილი უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის საკითხზე.
მტკიცებულება: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №5------ წერილი (ს.ფ. 12).
3.4. 2017 წლის 14 დეკემბერს ნ------------–---–მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №5------ წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. ნ------------–---–ი წარდგენილ საჩივარში უთითებდა, რომ ქალაქ თბილისის ვ------------ის სასამრთლოს 1996 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ი-–-----------ის გამზირის N3--ში, კორპ. N1ა-ში მდებარე ბინა N25 გადაეცა, აღნიშნულ ქონებას კანონიერად ფლობს და სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით ითხოვდა მითითებული ქონების საკუთრებაში გადაცემას.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 3--38).
3.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №1------ ბრძანებით ნ------------–---–ის 2017 წლის 14 დეკემბრის N1---8/21 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სადავო ბრძანების თანახმად, საჩივრის ავტორის მიერ დასმული საკითხი შესაძლოა ექცეოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ რეგულირების ფარგლებში, რის გამოც მითითებული საკითხი განხილულ უნდა იქნეს აღნიშნული წესის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი გამგებლის მიერ.
მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №1------ ბრძანება (ს.ფ. 13-15).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №5------ წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №1------ ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №5------ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მისი შეფასებისათვის უნდა იქნეს დადგენილი, გააჩნდა თუ არა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნ------------–---–ისათვის ქალაქ თბილისში, ი-–-----------ის გამზირის N3--ში მდებარე N1ა კორპუსის N25 ბინის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოთხოვნის განხილვის ან/და დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს.
დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს.
აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე (,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი).
სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის 18-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება: ა) აუქციონით; ბ) პირდაპირი მიყიდვით ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით, გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით პრივატიზების შემდეგი ფორმები დაიშვება:
- ქონების მმართველის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობით ფიზიკური პირებისათვის ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებისათვის, საქართველოს ეროვნულ ბანკისათვის და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემა მისი ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით (კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი);
- ქონების მმართველის მიერ საქმის მომზადებისა და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების − დევნილებისათვის, აგრეთვე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა (კანონის მე-63 მუხლი).
- იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო მისი ნაკვეთის პრივატიზება (მე-10 მუხლი);
- იჯარით გაცემული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შესაბამის მოიჯარეზე (მე-181 მუხლი).
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო, ნ------------–---–ისათვის ქონების გადაცემის თაობაზე წინადადებით საქართველოს მთავრობისათვის მიემართა იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნებოდა კანონმდებლობით დაშვებული პრივატიზების კონკრეტული სახის განხორციელებაზე მოთხოვნა შესაბამის საფუძვლებზე მითითებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს არ ჰქონდა ნ------------–---–ისათვის ქონების პირდაპირი მიყიდვით სიმბოლურ ფასად გადაცემის პირობა, რამეთუ იგი არ წარმოადგენს სუბიექტს, რომელზეც ამ სახით პრივატიზება დაიშვება - იგი არ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი. რაც შეეხება მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოთხოვნას, მის განხილვაზე კომპეტენტურ ორგანოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს. სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’ განსაზღვრავს. წესის შესაბამისად ხორციელდება ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა (წესის პირველი და მე-2 პუნქტები). დასახელებული წესის მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად (წესის მე-3 მუხლი), არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში (წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი).
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №5------ წერილის ბათილად ცნობის საფუძველი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის №1------ ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული ბრძანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილთან დაკავშირებული დასკვნებიც მიუთითებს (პუნქტი 6.1). ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესაბამისად სასამართლო ხარჯი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, თუმცა იგი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში დარეგისტრირებული პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია