პრივატიზებისას
გარიგების
გაფორმების წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის აქტი (გადაწყვეტილება) ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
4. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებულ ი განკარგვის/სარგებლობის უფლებით გა და ცემის შემთხვევებზე).
5. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
6. ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
7. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი, თუ საპრივატიზებო ვალდებულების/ვალდებულებების შესრულება, ამ ვალდებულების/ ვალდებულებების შინაარსიდან გამომდინარე, ინვესტიციის განხორციელებას/დანახარჯის გაწევას არ საჭიროებს.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2274 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025