დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1158(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1158(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წალკის მუნიციპალიტეტის მერია, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო);

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 28 ივნისს ა. ა-იმა სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 მარტის N..., 2021 წლის 14 აპრილის N..., 2021 წლის 24 მაისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

სარჩელისა და მოპასუხე მხარეთა დაზუსტების შემდგომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 აპრილის N... გადაწყვეტილება; 3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 მაისის N... გადაწყვეტილება; 4. ნაწილობრივ - 977 კვ.მ ½ ნაწილში - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 თებერვლის N... წერილი; 5. ნაწილობრივ - 977 კვ.მ ½ ნაწილში - ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 თებერვლის N... გადაწყვეტილება; 6. ნაწილობრივ - 977 კვ.მ ½ ნაწილში - ბათილად იქნეს ცნობილი წალკის რაიონის გამგეობის 2001 წლის 8 ივნისის დადგენილება; 7. ნაწილობრივ - 977 კვ.მ ½ ნაწილში - ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 13 მარტის N... გადაწყვეტილება; 8. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ... (ყოფილი ...) საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა - ნაგებობა N1-ის (განაშენიანების ფართი 977,73 კვ.მ) ½ ნაწილის ა. ა-იზე რეგისტრაცია.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მარტის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-8 მუხლები, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-6 მუხლი, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №500 ბრძანებულების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-4 პუნქტი, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-10 მუხლი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (მიმდინარე რედაქცია) 31 მუხლი და ყურადღება გაამახვილა აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ წალკის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს და ო. ა-ის შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორებულა. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის ძირითადი მოტივაცია მოთხოვნების საფუძვლიანობის თაობაზე ემყარება მხარის იმ არგუმენტს, რომ წალკის რაიონული გამგეობის 2000 წლის 25 აპრილის №42 დადგენილება, მიღება - გადაცემის აქტი და თანხის გადახდის ქვითარი ერთობლიობაში ქმნის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ასევე არსებული საკანონმდებლო დანაწესი, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების დადებით. ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რაც გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისკენ. პალატის მსჯელობით, მნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა, მხოლოდ კონსენსუსის შედეგად დადგეს. სამართლებრივი შედეგი შეიძლება ნიშნავდეს როგორც ახალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას მხარეებს შორის, ისე არსებული უფლება - მოვალეობების შეცვლას ან შეწყვეტას.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-10 მუხლზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა მხარეთა შორის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების დადება. სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ის პოზიცია, რომ ხელშეკრულების დადება სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პროცედურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და აღნიშნული ფორმით სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელი იყო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული პროცედურის ზედმიწევნით დაცვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ.

კასატორის მსჯელობით სადავო გარემოებას წარმოადგენს არა ის საკითხი, იყიდა თუ არა მისმა მამამ - ო. ა-იმა საძროხე 2000 წელს, არამედ იყო თუ არა უფლებამოსილი წალკის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო გაესხვისებინა საძროხე. კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ წალკის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო არ წარმოადგენდა საძროხის გასხვისებაზე უფლებამოსილ ორგანოს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარდგენილი არაერთი დოკუმენტი ადასტურებს ფაქტს, რომ ო. ა-იმა საძროხე იყიდა. მიუთითებს 2000 წლის 17 აპრილის აქტზე, რომელიც შედგენილია წალკის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართლოს ...სის ჩ-ის, სასოფლო საბჭოს თავმჯდომარის - დ-ის და სასოფლო საბჭოს დეპუტატის - ა-ის მიერ და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პირების მონაწილეობით შემდგარი კომისიის გადაწყვეტილებით, საძროხე გაიყიდა კერძო პირზე. ამდენად, დადგენილად მიიჩნევს, რომ საძროხის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ. მიუთითებს, რომ 2000 წლის 25 აპრილს შედგა წალკის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის რაიონული სამმართველოს კომისიის სხდომა და №4 კომისიის ოქმით დადგინდა, რომ საძროხე უნდა გაყიდულიყო 2 400 ლარად. ამდენად, საძროხის გაყიდვის გადაწყვეტილება და მისი გასაყიდი ფასის განსაზღვრა მისივე მსჯელობით განახორციელა შესაბამისმა კომისიებმა. კასატორის მსჯელობით, 2000 წლის 25 აპრილს წალკის რაიონის გამგეობამ №42 დადგენილებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს ნება დართო მოეხდინა ყოფილი სოფლის მეურნეობისა და სხვა საწარმოების ძირითადი სახსრების რეალიზაცია. შედგა მიღება - ჩაბარების აქტი და ო. ა-იმა შეიძინა საძროხის ნახევარი, გადაიხადა თანხა 1200 ლარი და ქვითარი წარადგინა გამგეობაში.

სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ო. ა-იმა არაუფლებამოსილი პირისგან იყიდა საძროხე, კასატორს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია. წარმომადგენლის განმარტებით, ო. ა-იმა საძროხე შეისყიდა სახელმწიფოსგან, გადაიხადა თანხა და ვერ ივარაუდებდა რეგისტრაციისას შეფერხების შექმნას. მიუთითებს, რომ 25 წელზე მეტია უწყვეტად ფლობს და სარგებლობს აღნიშნული ქონებით რომელიც სახელმწიფოსაგან აქვს შეძენილი და ექსპერტიზის და აუდიტის დასკვანაზე მითითებით განმარტავს, რომ თითქმის 60 000 ლარი გასწია დანახარჯი დანგრეული საძროხის აღდგენაში, სადაც დღემდე აგრძელებს მეცხოველეობას. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: სოფლის მეურნეობის რაიონულ სამმართველოში წარსადგენი 2000 წლის 17 მარტის აქტის თანახმად, წალკის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მთ. ზოოტ. ა.მ ჩ-ის, ...ის ს/საბჭოს თავმჯდომარე ა. დ-ის და ს/საბჭოს დეპუტატის ა.გ ა-ის მონაწილეობით შედგა აქტი მასზედ, რომ დათვალიერდა ...ის სახაზინო საწარმოს ოთხრიგიანი საძროხე, რომელიც აშენებულია 1972 წელს საბალანსო საფასურით 8381 რუბ, არის საავარიო მდგომარეობაში, აშენების დღიდან რემონტი ჩატარებული არ იყო, დიდი ხნის განმავლობაში არის უპატრონოდ, მოსახლეობა ღამე ანგრევდა და შლიდა ხის და სხვა შენობის ნაკეთობებს. წაღებულია რძის და წყლის მილები, არ არის ბაგა და გეჯა. საძროხის ჩრდილოეთის მხრიდან წაღებულია შიფერი. არ არის ნაკელის აპარატი, სათანადო აღჭურვილობა და საწველი საამქროს აღჭურვილობა. რძის საამქროს მხრიდან წაღებულია სამშენებლო ბლოკები დაახლოებით 350 ცალი. მოხსნილია წყლის სადენი ხაზი, ელექტრო განთება. ზოგ ადგილად დახეულია ბათქაში, როგორც შიგნით, აგრეთვე გარედან. მომავალში საძროხის დანგრევისა და დაშლის თავიდან აცილების მიზნით კომისიამ მიიჩნია, რომ საძროხე გაიყიდოს კერძო პირზე, რაიონის ბიუჯეტის შესავსებად, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს N500 ბრძანების შესაბამისად.

წალკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის რაიონული სამმართველოს კომისიის 2000 წლის 25 აპრილის №4 სხდომის (ძირითადი სახსრების რეალიზაციაზე) ოქმით დადგინდა 1972 წელს აშენებული ...ის სახაზინო მეურნეობა - საძროხის რეალიზაცია 2400 ლარად.

წალკის რაიონული გამგეობის 2000 წლის 25 აპრილის №42 დადგენილებით (სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის და ყოფილი სახაზინო საწარმოების ძირითადი სახსრების გაყიდვის შესახებ), საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს N500 ბრძანების საფუძველზე, წალკის რაიონულმა გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება: 1. სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს ნება დაერთოს რეალიზაცია მოახდინოს ყოფილი სოფლის მეურნეობის და სხვა საწარმოების ძირითადი სახსრების (თან ერთვის ოქმი №4, 2000 წლის 5 მაისიდან); 2. სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველო უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი თანხით, რომელიც შემოსულია ბიუჯეტში ძირითადი სახსრების გაყიდვიდან.

საქმეში წარმოდგენილია მიღება - გადაცემის აქტი სადაც მითითებულია, რომ რასგ ...ის ფ.ნ ლ-ის, მთ. ზოოტ. ა.მ ჩ-ის, ...ს სახ. მეურნეობის ყოფილი დირექტორის ზ.ი. ბ-ის შემადგენლობით და სოფელ ...ის საძროხის მყიდველების ო. ა-ის და ე. ა-ის მონაწილეობით შედგა აქტი მასზედ, რომ წალკის რაიონული გამგეობის 2000 წლის 25 აპრილის №42 დადგენილების საფუძველზე მიღებულია (N2 ქვითარი 2000 წლის 31 მაისიდან, ანგარიში №..., ქვითარი №6, ქვითარი №2, ქვითარი №35, ქვითარი №2, შეტანილი ანგარიში №...) 2 400 ლარი. ზემოაღნიშნული თანხიდან 1 200 ლარი ჩააბარა ო. ა-იმა, ხოლო 1 200 - ე. ა-იმა. მხარეთა შეთანხმებით, საძროხე გაყოფილია ორ ნაწილად, ანუ საძროხის მფლობელები არიან ო. ა-ი და ე. ა-ი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებით ა. ა-ის 2019 წლის 28 ივნისის განცხადება არ დაკმაყოფილდა. განიმარტა, რომ არ არის წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი და ასევე დაფიქსირდა ზედდება ს/კ ... საკ/კოდით სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 აპრილის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ა. ა-ის 2019 წლის 28 ივნისის განცხადებასთან დაკავშირებით.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 მაისის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ა-ის წარმომადგენლის მ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი შემთხვევაში მსჯელობის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილების, სააგენტოს 2021 წლის 14 აპრილის N... გადაწყვეტილების, 2021 წლის 24 მაისის N... გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 თებერვლის N... წერილის (977 კვ.მ ½ ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 თებერვლის N... გადაწყვეტილების (977 კვ.მ ½ ნაწილში), წალკის რაიონის გამგეობის 2001 წლის 8 ივნისის დადგენილების (977 კვ.მ ½ ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 13 მარტის N... გადაწყვეტილების (977 კვ.მ ½ ნაწილში) კანონიერება და აქტის გამოცემის თაობაზე (წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ... (ყოფილი ...) საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა - ნაგებობა N1-ის (განაშენიანების ფართი 977,73 კვ.მ) ½ ნაწილის ა. ა-იზე რეგისტრაცია) მოთხოვნის საფუძვლიანობა. კერძოდ, უნდა შეფასდეს ადგილი ჰქონდა თუ არა სახელმწიფო ქონების პრივატიზებას სადავო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით და შესაბამისად, ო. ა-იმა მოიპოვა თუ არა სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის პროცესი მკაცრ ნორმატიულ ფარგლებშია მოქცეული. ამ პროცესის მომწესრიგებელი ერთ - ერთი სამართლებრივი აქტია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შექმნას უკავშირებს საჯარო რეესტრში ამ უფლების რეგისტრაციის მომენტს, რა დროიდან უძრავი ნივთის შემძენი იძენს მასზე მესაკუთრის ექსკლუზიურ უფლებებს. ამდენად, საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მისი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი საბუთი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით კანონმდებელმა დაარეგულირა სარეგისტრაციო წარმოების დაწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა 2019 წლის 28 ივნისს ა. ა-ის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე (მდებარე: წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., 1076 კვ.მ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 მარტის №... და 2021 წლის 19 მარტის №... გადაწყვეტილებებით, ა. ა-ის ეცნობა, რომ წარსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი ან/და დასაზუსტებელი იყო სარეგისტრაციო მოთხოვნა. სააგენტოს 2021 წლის 14 აპრილის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება 2019 წლის 28 ივნისის განცხადებასთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3512) სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულია სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმები. მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა - გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი ფორმით გაყიდვის მიზანია გასაყიდი ქონების თავისებურებებიდან გამომდინარე, ინვესტიციების მოზიდვა წარმოდგენილი ბიზნესგეგმის საფუძველზე. ამავე ნორმის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №500 ბრძანებულების (ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №571) მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ „სასოფლო - სამურენო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შექმნილმა კომისიებმა უზრუნველყონ მმართველობის ორგანოების გამგებლობაში გადაცემული სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის, შენობა - ნაგებობებათა და წარმოების სხვა ძირითად საშუალებათა გასხვისება.

კასატორი მიუთითებს 2000 წლის 17 მარტის აქტის შინაარსზე, რომლის თანახმად, წალკის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს ...ის ს/საბჭოს თავმჯდომარის და ს/საბჭოს დეპუტატის მონაწილეობით დათვალიერდა ...ის სახაზინო საწარმოს ოთხრიგიანი საძროხე, რომელიც აშენებულია 1972 წელს, არის საავარიო მდგომარეობაში და მომავალში საძროხის დანგრევისა და დაშლის თავიდან აცილების მიზნით კომისიამ მიიჩნია საძროხე გაიყიდოს კერძო პირზე. ასევე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს წალკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის რაიონული სამმართველოს კომისიის 2000 წლის 25 აპრილის №4 სხდომის ოქმს და მიღება - გაცემის აქტს, რომლის თანახმად, 1972 წელს აშენებული საძროხეს სარეალიზაციოდ განისაზღვრა 2400 ლარი. აქედან 1 200 ლარი ჩააბარა ო. ა-იმა, ხოლო 1 200 ლარი ე. ა-იმა. მხარეების შეთანხმებით საძროხე გაიყო ორ ნაწილად. როგორც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ირკვევა, მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ წალკის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს და ო. ა-ის შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორებულა. მხარის ძირითადი მოტივაცია სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის თაობაზე ემყარება იმ არგუმენტს, რომ წალკის რაიონული გამგეობის 2000 წლის 25 აპრილის №42 დადგენილება, მიღება - გადაცემის აქტი და თანხის გადახდის ქვითარი ერთობლიობაში ქმნიდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3512) სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-10 მუხლზე, რომლითაც კანონმდებელი განსაზღვრავს პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმების წესს. მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კონკურსით, აუქციონითა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას (გარდა აუქციონის ფორმით აქციების გაყიდვისა), მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება, იჯარა - გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას კი – საიჯარო ხელშეკრულება. შესაბამისი ხელშეკრულება იდება პირდაპირ მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებიდან, კონკურსის ან აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების გადაცემისას დასადებ ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებაში შეიტანება: ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ, ქონების დასახელება, შემადგენლობა და ფასი, მხარეთა მისამართები, მყიდველის ვალდებულება პრივატიზებული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი წესით პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ. სასამართლო ასევე მიუთითებს ამჟამად არსებულ საკანონმდებლო დანაწესზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესს. მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია მატერიალურ - სამართლებრივი ნორმების შინაარსზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მართლზომიერება, რომელიც თავისი ბუნებით კომპლექსური პროცესია. პრივატიზაციის პროცედურის დამაგვირგვინებელი სამართლებრივი აქტია - ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რომელიც თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოშობს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების რეგისტრაციის საფუძველს („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 31.1 მუხ., „წესის“ 7.3 მუხ.). ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ (სზაკ-ის 65.2 მუხ) (სუს 2024 წლის 27 დეკემბრის Nბს-1042(კ-24) განჩინება; სუს 2023 წლის 25 დეკემბრის Nბს-549 (კ-21) განჩინება).

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.).

განსახილველ შემთხვევაში მართებულია სადავო პერიოდში მოქმედ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3512) მე-10 მუხლზე მითითება და გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს ის განმარტება, რომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა მხარეთა შორის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების დადება. როგორც სადავო პერიოდში, ასევე დღეს მოქმედი კერძო და საჯარო სამართლებრივი ნორმები იმპერატიულად განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლისთვის ხელშეკრულების დადების სავალდებულო წერილობითი ფორმის დაცვას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელე) მიერ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია დამოუკიდებლად, შესაბამისი სანოტარო ფორმით დამოწმებული ხელშეკრულების გარეშე (მხარეებს შორის ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული) არ წარმოშობს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველს. აღნიშნული გარემოება კი საფუძველმოკლებულად აქცევს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

საკასაციო საჩივრის ფარგლებში, პალატა ასევე შეაფასებს გასაჩივრებულ განჩინებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 მაისის N... გადაწყვეტილებაზე მსჯელობის ნაწილში რომლითაც, განმცხადებელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებით მხარემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს 2021 წლის 19 მარტის N... გადაწყვეტილების (შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება) და სააგენტოს 2021 წლის 14 აპრილის N... გადაწყვეტილების (შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება) ბათილად ცნობა. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილს, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის Nბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 19 მარტის N... და სააგენტოს 2021 წლის 14 აპრილის N... გადაწყვეტილებები, შესაბამისად კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 მაისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ა-ის უარი ეთქვა მითითებულ აქტებთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება კასატორის შედავებას განჩინების იმ ნაწილზე რომელიც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილს, საკასაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლზე აპელირებით მიუთითებს, რომ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ არ არის დადგენილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების უკანონობა, რაც გაზიარებულია საკასაციო პალატის მიერ, შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება შედავებულ ნაწილშიც.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ა. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მარტის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა. ა-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 05 ნოემბერს მ. ა-ის (...) მიერ გადახდილია (სს ...; საგადასახადო დავალება N7313) სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ა. ა-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მარტის განჩინება;

3. ა. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 05 ნოემბერს მ. ა-ის (...) მიერ გადახდილი (სს ...; საგადასახადო დავალება N7313) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე