განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2018
საქმის ნომერი
330210015001140378
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3875-16 01 მაისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - შპს ,,ყა-------------------–---“

წარმომადგენელი - ა---–------–---–-, თ---------------ძე, თა------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს----------ი“

წარმომადგენელი - იო---- ს------–---–ი (დირექტორი)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე შპს ,,ს----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12396.48 (თორმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 48 თეთრი) ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მითითებებს არ შეიცავს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

2009 წლის 09 ივლისის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N12 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ყ--------------------–--მა“ განახორციელა შპს „ს----------ის“ კუთვნილ მილსადენზე მარეგულირებელი პუნქტის მიერთება, რომლის საშუალებითაც ხდებოდა გაზის გადინება შესაბამის აბონენტებზე. აღნიშნულს სადავოდ არ ხდიდა მოპასუხე მხარე, თუმცა სადავოდ ხდიდა თვიური გატარების ოდენობას და მეორეს მხრივ, გატარებული - 1მ3-ის საფასურის ოდენობას. საფასურის ოდენობასთან დაკავშირებით, მოპასუხის წარმომადგენელი აპელირებდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 30.12.2013წ. N15 დადგენილებაზე; იგი 2014 წლის 01 იანვრიდან შევიდა ძალაში და ამ დადგენილებით განისაზღვრა ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი.

 

სასამართლომ აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებულ მითითებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წ. 24 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ყ--------------------–--ს“ შპს „ს----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ბუნებრივი აირის გატარების საფასურის გადახდა 2012 წლის 30 ნოემბრიდან _ 2013 წლის მაისამდე პერიოდზე, 1მ3-ზე 0.02 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „იმ ვითარებაში, როდესაც სადავო პერიოდის განმავლობაში (2011 წლის ნოემბრიდან - 2013 წლის მაისი, სარჩელის აღძვრის მომენტი) არ არსებობს კონკრეტული გატარების საფასურის დამდგენი ფორმულა, შესაბამისად, გატარების საფასურის დადგენა იმ საშუალო გონივრული სტანდარტით უნდა მოხდეს რაც მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის საფუძველზე არ გამოიწვევს ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირებას და ამავე დროს არ უგულებელყოფს ქსელის მფლობელის უფლებას - მიიღოს მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის გონივრული საფასური. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს 2012 წლის 30 ნოემბრიდან (ხაზოვანი ნაგებობის საკუთრებაში აღრიცხვის მომენტი) სარჩელის აღძვრის მონეტისათვის - 2013 წლის მაისამდე (5 თვე) საშუალოდ დადგენილი თვიური გატარების ოდენობის - 77 478 მ3 გათვალისწინებით 1მ3 x 0.02 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას, რაც ჯამურად შეადგენს - 7748 ლარს“.

 

ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხზე, კერძოდ, მილსადენის მიერ თვეში საშუალოდ გატარებული ბუნებრივი აირის ოდენობაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს----------ის“ საკუთრებაში არსებული ქ. თბილისი, ჩ-----–-ს ქ. N7--ის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0--------) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში ატარებს 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს (24.01.2014წ. გადაწყვეტილება, 3.2.3. პუნქტი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ყა-------------------–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2014წ. გადაწყვეტილება. პალატამ მართებულად და დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საფასურის ოდენობა ბუნებრივი გაზის გატარებისთვის, 0.02 ლარი 1მ3-ზე. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 30.12.2013წ. N15 დადგენილება უნდა ყოფილიყო გამოყენებული სადავო ურთიერთობაზეც და მასში დადგენილი ტარიფებით უნდა ყოფილიყო გამოყენებული საფასურის განსაზღვრისას. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულის დასასაბუთებლად მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომელთა მიხედვითაც, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული შესაბამისი აქტით. აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილება ვერ გავრცელდება 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.10.2014წ. განჩინება, ს.ფ. 19-33).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „ყა-------------------–---ს“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მილსადენის მეშვეობით გატარებული 1მ3 საფასურის ღირებულება 0.02 ლარით. ამავე განჩინებაში მითითებულია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 30.12.2013წ. N15 დადგენილებას უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია, მის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობები უნდა გადაწყდეს იმ ნორმატიული აქტების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებენ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც სადავო პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა კონკრეტული გატარების საფასურის დამდგენი ფორმულა, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გატარების საფასურის დადგენა იმ საშუალო გონივრული სტანდარტით უნდა მომხდარიყო, რაც მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის საფუძველზე არ გამოიწვევდა ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირებას და ამავე დროს არ უგულვებელყოფდა ქსელის მფლობელის უფლებას მიიღოს მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისთვის გონივრული საფასური (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.04.2015წ. განჩინება, ს.ფ. 12-18).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, რადგან დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

პირველი ინსტანციის სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში მონაწილეობდნენ მხარეები (მოსარჩელე - შპს „ს----------ი“, მოპასუხე შპს „ყა-------------------–---), რომელთა შორის არსებულ ანალოგიურ სამოქალაქო დავაზე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ბუნებრივი აირის 8 თვის გატარების საფასურის მოპასუხეზე დაკისრებას, 12 396.48 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს 0.02 ლარს 1მ3 ბუნებრივი გაზის გატარებაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ სამოქალაქო დავაში დადგინდა სწორედ მითითებული ფასი, რაც დაეკისრა კიდეც მოპასუხეს 5 თვის პერიოდზე და რომელზეც სააღსრულებო წარმოებაც მიმდინარეობდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეფასებით, დადგენილ იქნა ფაქტების პრეიუდიცია, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება, სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით, პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

სასმართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო:

 

1. ის გარემოება, რომ შპს „ს----------ის“ საკუთრებაში არსებული მილსადენი თვეში ატარებს 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს;

2. ის გარემოება, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 30.12.2013წ. N15 დადგენილებას უკუქცევითი ძალა არ გააჩნია და მასში მითითებული საფასურის ოდენობა არ უნდა იქნეს გამოყენებული.

 

გარდა ამისა, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში მართლზომიერი იყო 0.02 ლარი 1მ3 ბუნებრივი გაზის გატარებაზე.

 

შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა სარჩელში მოთხოვნილი ოდენობით გაზის გატარების საფასურის ანაზღაურების ვალდებულება; აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქომ სასამართლომ არასწორად გამოიკვლია და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ბუნებრივი აირის გატარების საფასურთან მიმართებით უკვე არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც შპს "ყ--------------------–--ს" დაეკისრა შპს "ს----------ისათვის," მხარის მიერ ხაზობრივი ნაგებობის დარეგისტრირებიდან _ სარჩელის აღძვრამდე პერიოდში, გატარების საფასურის ანაზღაურება. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ანალოგიური წესი უნდა გავრცელებულიყო 2013 წლის 01 მაისიდან _ 2014 წლის 01 იანვრამდე პერიოდზეც;

 

აპელანტის შეფასებით, სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა უმართებულოა, რადგან მოცემულ დავამდე არსებულ საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ბუნებრივი აირის გატარების ფაქტი დადგინდა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ შპს "ყ--------------------–--ს" სადავოდ არ გაუხდია ეს უკანასკნელი, ხოლო წინამდებარე საქმის განხილვისას არაერთხელ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც გატარების საფასურთან დაკავშირებით დავა წამოიწყო შპს ,,ს----------მა", შპს ,,ყ--------------------–--მა" - 2013 წლის 01 ივნისიდან _ 2014 წლის 01 იანვრამდე პერიოდში, შეწყვიტა ბუნებრივი აირის გატარება მოწინააღმდეგე მხარის მილსადენში; აპელანტის განმარტებით, მოცემულ ქმედებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ დავის პერიოდისათვის არ არსებობდა რაიმე სახის ნორმატიული მასალა, რომლის მიხედვითაც დარეგულირებოდა ბუნებრივი აირის გატარების საფასური; შესაბამისად, მოცემული ქმედებით კომპანია შეეცადა მოულოდნელად მაღალი საფასურის გადახდისაგან თავის არიდებას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ რაც შეეხება 2014 წლის 01 იანვრის შემდგომ პერიოდში მოწინააღმდგეგე მხარის მილსადენში ბუნებრივი აირის გატარების აღდგენას, აღნიშნულს საფუძვლად დაედო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება, რომელიც 2014 წლის 01 იანვარს შევიდა ძალაში და ამ დადგენილების მიხედვით წინასწარ გახდა ცნობილი ბუნებრივი აირის გატარებისათვის გადასახდელი საზღაურის ოდენობა.

 

აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი; პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთაც არ გააჩნიათ კავშირი განსახილველ საქმესთან; ამით არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მართალია შპს ,,ყა-------------------–---“ აღარ იყენებდა მოწინააღმდეგე მხარის მილსადენს, თუმცა ამის საპირისპირო პირობებშიც კი, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ბუნებრივი აირის გატარების საზღაურის ოდენობა, რამდენადაც მისი გაანგარიშება უნდა მომხდარიყო ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 0,0004 ლარის ოდენობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ შპს ,,ყა-------------------–---ს“ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა განსახილველ საქმეზე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; აპელანტი მიიჩნევს, რომ ასევე სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, სადავო პერიოდისათვის მოსარჩელის ქსელით მოპასუხის მხრიდან სარგებლობის თაობაზე; კერძოდ, აპელანტის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გატარების საფასურთან დაკავშირებით შპს ,,ს----------მა" სასამართლოში დავა წამოიწყო, შპს ,,ყ--------------------–--მა" - 2013 წლის 01 ივნისიდან _ 2014 წლის 01 იანვრამდე პერიოდში, შეწყვიტა ბუნებრივი აირის გატარება მოწინააღმდეგე მხარის მილსადენში;

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერით შპს ,,ყა-------------------–---“ სადავოდ არ ხდიდა შპს „ს----------ის“ კუთვნილ მილსადენზე მარეგულირებელი პუნქტის მიერთებას, რომლის საშუალებითაც ხდებოდა გაზის გადინება შესაბამის აბონენტებზე. აქვე პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ შპს ,,ს----------ის“ კუთვნილი მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება აპელანტს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის და არც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო პალატის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დადგინდა ის გარემოება, რომ აპელანტი ახორციელებდა ბუნებრივი აირის სხვა აბონენტებისთვის მიწოდებას, მოწინააღმდეგე კომპანიის კუთვნილი მილსადენის გავლით. ამავდროულად, პალატის აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ 2017 წლის 26 ივნისს შპს ,,ს----------ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს და მოითხოვა მისი საწარმოს კუთვნილი საშუალო წნევის მილსადენიდან, შპს ,,ყა-------------------–---ს“ მიერ მიერთებული დაბალი წნევის მილსადენის და მის მიერვე მოწყობილი გაზგამანაწილებელი პუნქტის ჩახსნის თაობაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ე.წ. გადართვის აქტის გადაცემა; აღნიშნული წერილის პასუხად ,,შპს ,,ს----------ის“ საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ყა-------------------–---ს“ 2017 წლის 26 მაისის გადართვის აქტი (აღნიშნული აქტი საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო სააპელაციო პალატის 2018 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით), საიდანაც დგინდება, რომ 2017 წლის 26 მაისს, თ-------ს ქუჩაზე მდებარე წნევის მარეგულირებელი დანადგარები გადმოირთო შპს ,,ყა-------------------–---ს“ კუთვნილ ქსელზე. შესაბამისად, დადგენილია ის გარემოება, რომ სადავო პერიოდისათვის შპს ,,ყა-------------------–---“ აბონენტებზე ბუნებრივი აირის გატარებას ახორციელებდა შპს ,,ს----------ის“ კუთვნილი მილსადენით.

 

4.2. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოს წარმოადგენს ასევე აპელანტისთვის მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ მილსადენზე განხორციელებული დაერთების შედეგად, რვა თვის განმავლობაში გატარებული ბუნებრივი აირის ტარიფის ოდენობა.

,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. N12 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. აღნიშნული დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი. ამავე მუხლის მე-2 პუქნტის თანახმად კი, ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. N12 დადგენილება ადგენს ასევე იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს კომპენსაციის მოცულობის დადგენისას, კერძოდ, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპლენატის მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 30.12.2013წ. მიიღო დადგენილება N15 „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“, წინამდებარე სარჩელით სადავოდ გამხდარ პერიოდშიც გატარებული გაზის საფასურის ტარიფის დადგენა უნდა განხორციელდეს აღნიშნული დადგენილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 30.12.2013წ. N15 დადგენილებას უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია, მის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობები უნდა გადაწყდეს იმ ნორმატიული აქტების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებდნენ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ ვითარებაში, როდესაც სადავო პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა კონკრეტული გატარების საფასურის დამდგენი ფორმულა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გატარების საფასურის დადგენა იმ საშუალო გონივრული სტანდარტით უნდა მომხდარიყო, რაც მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის საფუძველზე არ გამოიწვევდა ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირებას და ამავე დროს არ უგულებელყოფდა ქსელის მფლობელის უფლებას _ მიეღო მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის გონივრული საფასური.

 

ამასთან, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასევე მართებულად მიუთითა პრეიუდიციულ ფაქტებზე და გადაწყვეტილების დასაბუთებისას გამოიყენა იმავე მხარეებს შორის ანალოგიურ დავაზე მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ს----------ის“ საკუთრებაში არსებული მილსადენი თვეში ატარებს 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს; ასევე დასაბუთებულია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 30.12.2013წ. N15 დადგენილებას უკუქცევითი ძალა არ გააჩნია და განსახილველ შემთხვევაში, მასში მითითებული საფასურის ოდენობა არ უნდა იქნეს გამოყენებული.

 

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მილსადენის მეშვეობით გატარებული 1მ3 ბუნებრივი აირის გატარების საფასურის 0,02 ლარით და რვა თვის პერიოდზე გაანგარიშებით, საშუალოდ დადგენილი თვიური გატარების ოდენობის გათვალისწინებით (რაც, როგორც აღინიშნა, შეადგენს 77 478 მ3-ს), მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 12396.48 (თორმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 48 თეთრი) ლარის გადახდა.

 

4.3. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში, დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა. ამასთან ერთად, აპელანტი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით აპელანტს გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 495.85 ლარის გადახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შპს ,,ყა-------------------–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 495.85 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ყა-------------------–---ს“ სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. შპს ,,ყ--------------------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 495.85 ლარის გადახდა;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/