განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001145385
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2152-18 21 ივნისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია,მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ნო-------------–-ძე
წარმომადგენელი - პა----------–--–--ა
მოწინააღმდეგე მხარე - ავ--------–-----------ი
წარმომადგენელი - ნა----–-----------ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - მესაკუთრედ აღიარება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნო-------------–-ძემ მოპასუხე ავ--------–-----------ისა და მე----------------ს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შემდეგი: 2014 წლის 01 თებერვალს გაცემული №1-------- სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე თ---–-------------------------------------- 1/4 წილზე მესაკუთრედ აღიარება. ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა უძრავი ქონებაზე მდებარე მისამართზე თბილისი, თ---–-------------------------------------- საკადასტრო კოდი 01--------------------- ერთ მეოთხედ წილზე ყადაღის დადება. 2017 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა მოპასუხე მე----------------ს მიმართ სარჩელის გამოხმობის, ასევე ავ--------–-----------ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის თაობაზე. სასამართლო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა: ნო-------------–-ძის სარჩელი მე----------------ს მიმართ, ასევე ნო-------------–-ძის სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში ავ--------–-----------ის მიმართ დარჩა განუხილველი. ამავე განჩინებით გაგრძელდა საქმის წარმოება ნო-------------–-ძის სარჩელისა გამო ავ--------–-----------ის მიმართ მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
4. აღნიშნული განჩინება ნო-------------–-ძემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 16 ნოემბერს 11:45 საათზე. მოსარჩელემ სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ წინასწარ წერილობით აცნობა სასამართლოს და განუმარტა, რომ მას ფიზიკური ტრავმის გამო პროცესზე დასწრება არ შეეძლო, ამავე დროს სასამართლოს შეატყობინა, რომ მოსარჩელის მეორე წარმომადგენელი მე--------------–--ე, მოსარჩელის ძმისშვილია, მას იურიდიული განათლება არ აქვს და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის უფლების დაცვას, სწორედ ამ მოტივაციით სასამართლოს სხდომის გადადება მოსთხოვა (ტომი I, ს.ფ. 263).
2017 წლის 16 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა. ამავე სხდომაზე მოპასუხე მხარემ გამოიყენა თავის საპროცესო უფლება და სასამართლოს მთავარ სხდომაზე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 264-266).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო და არ დაკმაყოფილდა ნო-------------–-ძის სარჩელი (ტომი I, ს.ფ. 278-282).
2017 წლის 01 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით (კანცელარიის რეგისტრაციის N2------) მომართა ნო-------------–-ძის წარმომადგენელმა პა----------–--–--ამ და მოითხოვა 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი II, ს.ფ. 1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი და ამავე სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: მოსარჩელის წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობა რამდენად იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით და აღნიშნულის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მოსარჩელის მეორე წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა მაინც ხომ არ გამოიწვევდა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.
პირველ საკვლევ გარემოებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ წერილს, რომლითაც მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლოს ატყობინებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას და იქვე განუმარტავს, რომ მე--------------–--ის სახელზე გაცემული რწმუნებულება ფორმალური ხასიათისაა, მას იურიდიული განათლების უქონლობის გამო მოსარჩელის დაცვა არ შეუძლია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის - პა----------–--–--ას მიერ წარდგენილი ცნობა აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებს შესაბამისად, იგი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უნდა მიჩნეულიყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული სამედიცინო ცნობა რელევანტურ მტკიცებულებად არ მიიჩნია და მიუთითა, რომ წარდგენილი ცნობიდან ვერ ირკვევა თუ ვინ აწერს ხელს ცნობას მკურნალი ექიმი თუ სამედიცინო დაწესებულების დირექტორი და ამავდროულად, ცნობა პირდაპირ არ მიუთითებს ფიზიკური პირის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ. აღნიშნული მოტივაცია სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, 2016 წლის 6 მაისის განჩინებაში საქმეზე N187-179-2016 საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია, სამედიცინო ცნობაში არ არის სასამართლოში გამოცხადების პირდაპირი აკრძალვა, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება, მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე Nას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი). გარდა ამისა, მხოლოდ ის გარემოება, რომ სამედიცინო ცნობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი (მით უფრო, როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით), არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩნება საქმეზე Nას-955-917-2014, 24.07.2015 წ; Nას-187-179-2016, 06.05.2016წ). შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში არსებობს სამედიცინო ცნობა, რომელიც, თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი სხდომის ჩატარების დროს, პა----------–--–--ას ავადმყოფობას მოწმობს და ამასთანავე აღნიშნული ცნობის ავთენტურობა მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ იგი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატამ პა----------–--–--ას გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნია, იმ პირობებში, როდესაც მხარეს რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავს, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის საპატიო გამოუცხადებლობა გავლენას ვერ იქონიებს სხვა პირების სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მოსარჩელის მეორე წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობასა და მის სამართლებრივ შედეგზე. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, N30459/13, 2017 წლის 17 იანვარი, რომელიც მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერებას ეხებოდა განმარტა, რომ საქმისადმი მეტისმეტად ფორმალური მიდგომა არაგონივრული იყო. განსახილველ შემთხვევაში მართალია, საქმეში არსებობს მე--------------–--ის სახელზე მოსარჩელის მიერ გაცემული რწმუნებულება, თუმცა იგი 2015 წლის 31 ივლისს არის გაცემული ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2015 წლის 5 ნოემბერს, ანუ თითქმის 4 თვის შემდგომ, ამასთანავე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პირი არ არის იურისტი, იგი მარწმუნებლის ძმისშვილია. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 23 ოქტომბერს მინდობილობა იურისტ პა----------–--–--ას გაუფორმა, რაც ცალსახად მოწმობს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ საქმის წარმოება საქმის პროფესიონალს-იურისტს მიანდო, ხოლო მისი ძმისშვილი საქმეში დაინტერესებული პირის სტატუსით, მარწმუნებლისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით მონაწილეობდა. აღნიშნულთან მიმართებით უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ სასამართლოსთვის მიწერილი წერილით პა----------–--–--ამ ამ გარემოების შესახებ წინასწარ აცნობა სასამართლოს, რაც მხარის კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს, მით უფრო კი იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით მოსარჩელის მიერ პროცესის გაჭიანურების მცდელობები არ იკვეთება. საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული და ობიექტური კვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გონივრული განსჯის შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მე--------------–--ის, როგორც მხარის ფორმალური წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებას, სადაც სასამართლო მსჯელობს იმის თაობაზე, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც თავად მოსარჩელის გამოუცხადებლობას საპატიოდ აქცევდა, რაც სხვა გარემოებების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს ქმნიდა. სააპელაციო პალატა ამ მიმართებით, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მყარ პრაქტიკაზე, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებას ანიჭებს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ საკუთარი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები საწმეზე Nას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; Nას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმ ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ აპელანტის სრულუფლებიან წარმომადგენლად წინამდებარე დავაში პა----------–--–--ა იქნა მიჩნეული, რომლის გამოუცხადებლობის საპატიოობაც სააპელაციო პალატამ გაიზიარა, ასევე იმ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა კერძო საკუთრების მესაკუთრედ ცნობას და შესაბამისად პირის კონსტიტუციურ უფლებას ეხება და საქმის მასალებით არ დასტურდება სარჩელის მიმართ მოსარჩელის ინტერესის არარსებობა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება იმავე პირის მიმართ იმავე სასარჩელო მოთხოვნით კვლავ მიმართოს სასამართლოს, რაც შესაძლებელია პირისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის კონვენციურ ნიშნებს შეიცავდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში საქმისადმი ფორმალური მიდგომა არ არის მისაღები და ყურადღება გამახვილებულ უნდა იქნეს საქმის შინაარსობრივ მხარეზე, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული სასამართლო აქტები და საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს იმ ფაქტის დადასტურება, რომ მისი პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და რომ მეორე რწმუნებულების გაცემა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობისა და საქმის მასალების სრული და ობიექტური გამოკვლევის ასევე, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენით მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნო-------------–-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე