განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
330210016001608601
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001608601

საქმე №2ბ/842-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი: სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------- ჰ---–-----ი“

წარმომადგენელი - ა------ი პ---------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ-----ა კ------ე

წარმომადგენელი - კ--- მ------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ-----ა კ------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ს/ს სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰ---–-----ი“-ს დაეკისრა მ-----ა კ------ის სასარგებლოდ 5 400 ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 1 ნოემბერს შპს „ა--------ი ლ----“-ს და მ-----ა კ------ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე გამწესდა დ-----------------მ---------ს პოზიციაზე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 ნოემბერი, ხოლო თვიური შრომითი ანაზღაურება 1 250 ლარი.

 

2.2. 2016 წლის 19 აპრილს ს/ს სადაზღვევო კომპანია „ჯ------- ჰ---–-----ი"-ს და მ-----ა კ------ეს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება: დაზღვევის საგანი - იძულებითი უმუშევრობა.

 

2.3. ხელშეკრულების 4.7. პუნქტი: ყოველთვიური ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა შეიძლება შეადგენდეს დაზღვეულის ხელფასის სახით მიღებულ ყოველთვიურ შემოსავალს;

 

2.4. ხელშეკრულების 4.10. პუნქტი: მოცდენის პერიოდი - სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლიდან ათვლილი 3 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება;

 

5.5. ხელშეკრულების 7.1. პუნქტი: იძულებითი უმუშევრობის მიზეზებად ითვლება, მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზებია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

 

2.6. ხელშეკრულების 9.15.(გამონაკლისები): იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ: უმუშევრობა დამდგარია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდენის მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ);

 

2.7. 2016 წლის 19 აპრილს გაიცა იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პოლისი №UI1265/16; მოქმედების პერიოდი 2017 წლის 19 აპრილამდე; ანაზღაურების ლიმიტი - 6 000 ლარი, ყოველთვიური ლიმიტი - 1 000 ლარი; ფრანშიზა - 100 ლარი.

 

2.8. 2016 წლის 1 აგვისტოს შპს „ა--------ი ლ----“-მ გაფრთხილების წერილით აცნობა მ-----ა კ------ეს, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, სადაც აღნიშნულია: „...2016 წლის 1 სექტემბრიდან საწარმოში წარმოშობილი ეკონომიკური გარემოებების გამო და აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას...“.

 

2.9. 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით შეწყდა 2015 წლის 1 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება მ-----ა კ------ეს და შპს „ა--------ი ლ----“-ს შორის.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საკითხი მოიცავს შეფასების მნიშვნელოვან სამართლებრივ ასპექტს, კერძოდ, თავსდებოდა თუ არა დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის თანმდევი ელემენტები საგამონაკლისო პირობების ფარგლებში, რაც გამორიცხავდა ანაზღაურების ვალდებულებას.

 

როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების საგამონაკლისო პირობები დეკლარირებულია 2016 წლის 19 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულების მე-9 პუნქტში. ს/ს სადაზღვევო კომპანია „ჯ------- ჰ---–-----ი"-ს მიერ მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილი იქნა აღნიშნული ხელშეკრულების 9.15. პუნქტზე მითითებით, რადგან მიიჩნია, რომ 2015 წლის 1 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების იძულებითი შეწყვეტა გამოწვეული იყო ეკონომიკური გარემოებების გავლენით, რომელიც დადგა მოცდენის პერიოდის დასრულებამდე, რაც თავის მხრივ, გამორიცხავდა მის ვალდებულებას. ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების თანახმად, მოცდენის პერიოდი მოიცავს სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლიდან 3 თვეს, ამდენად მისი მოქმედების პერიოდი სრულდებოდა 2016 წლის 19 ივლისს.

 

მხარეთა შორის დისკუსია განაპირობა ხელშეკრულების მე-9.15. პუნქტში ასახული დათქმის, კერძოდ, „...მე-7 მუხლში დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდენის მოცდის პერიოდის გასვლამდე...“ შინაარსობრივმა სპეციფიკამ და ამ მოვლენის შესატყვისობამ დროის იმ განსაზღვრულ მონაკვეთთან, რომელიც ანიჭებდა უფლებას სადაზღვევო კომპანიას უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე.

 

სასამართლომ მიუთითა 2016 წლის 19 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულების მე-7 პუნქტზე რომელიც ითვალისწინებს დაფარული რისკების ჩამონათვალს, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს სადაზღვევო შემთხვევის სახეებს. შესაბამისად, მ-----ა კ------ის გათავისუფლება „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თავსდება სადაზღვევო შემთხვევის კლასიფიკაციაში, რადგან ხელშეკრულების 7.1. პუნქტით დადგენილი ფარული რისკების შინაარსის იდენტურია. ს/ს სადაზღვევო კომპანია „ჯ------- ჰ---–-----ი" სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისას უნდა დაყრდნობოდა დამსაქმებლის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის განსაზღვრულ საფუძველს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ მ-----ა კ------ეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი სადავოდ არ გაუხდია და სასამართლო აღნიშნული საფუძვლის არსებობას ყოველგვარი შეფასების გარეშე უდავოდ მიიჩნევს. თუმცა, ამ კონკრეტული საქმის გადამწყვეტი ელემენტია მოვლენის განვითარება დროში.

 

2016 წლის 19 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულების 9.15. პუნქტი, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობად, დაფარული რისკების (ამ შემთხვევაში ეკონომიკური გარემოებები, რაც წარმოადგენს უმუშევრობის მიზეზს) განვითარებას პოლისის გაცემამდე ან მოცდენის პერიოდს უკავშირებს. ამგვარად, მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მკაფიოდ არის განსაზღვრული („საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), მნიშვნელოვანია ამ პირობის იდენტიფიცირება და მისი კავშირის დადგენა დროის კონკრეტულ მონაკვეთთან. მხოლოდ იმ პირობებში, რომ ეკონომიკური გარემოება გახდა უმუშევრობის მოტივი, მაშინ როდესაც ბუნდოვანია ამ წინაპირობის შინაარსი კონკრეტული ურთიერთობის ფარგლებში, შეუძლებელი იქნება მისი განსაზღვრა დროსთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის დეტალიზაცია წარმოადგენდა ს/ს სადაზღვევო კომპანიის „ჯ------- ჰ---–-----ის“ პოზიტიურ ვალდებულებას, რადგან მისი ვერსიით, შესრულებაზე უარი განპირობებული იყო საგამონაკლისო პირობებით, შესაბამისად, მას უფრო დეტალურად უნდა გამოეკვლია ფარული რისკების მნიშვნელობა და შეეფასებინა ისინი ხელშეკრულების მე-9 პუნქტთან შესატყვისობაში. სხვა შემთხვევაში, უცნობია რას დაეყრდნო სადაზღვევო კომპანია ამ შემთხვევის საგამონაკლისო პირობებთან დაკავშირებისას. თუ, მოსარჩელემ მხოლოდ 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძველი მიიჩნია საკმარის ინფორმაციად, მაშინ ამ მოვლენის დადგომა სცდება მოცდენის პერიოდს, რადგან იგი დასრულდა 2016 წლის 19 ივლისს.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების შემთხვევაში. აღნიშნული წინაპირობა, სასამართლო პრაქტიკაში, განვრცობადი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ზოგადი კრიტერიუმი გულისხმობს საწარმოს მატერიალურ-ფინანსურ მდგომარეობას, რაც განაპირობებს სამუშაო ადგილების შემცირებას. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 8 სექტემბრის ცნობით „...საწარმოში მომხდარი ქურდობის გამო, გამოწვეული იქნა სამუშაო ძალის შემცირება, რის გამოც საწარმომ ვეღარ შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება 2016 წლის აპრილიდან...“. ამ პირობებშიც, ბუნდოვანია, რა მიიჩნია მოპასუხემ ეკონომიკურ გარემოებად - ქურდობა, როგორც ცალკეული მოვლენა, თუ ქურდობის შედეგად გამოწვეული საწარმოს ფინანსური კრიზისი. თავისთავად, ქურდობის ფაქტის გაიგივება ეკონომიკურ გარემოებასთან (საქართველოს შრომის კოდექსის გაგებით) გამორიცხულია, რადგან იგი, როგორც დამოუკიდებელი მოვლენა, არ ქმნის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. თუკი ქურდობა იწვევს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას, საწარმოდან დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს არა ქურდობა, როგორც ცალკე აღებული ფაქტი, არამედ - საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, რაც განპირობებულია საწარმოს დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზიანით. ეკონომიკური გარემოება - საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გაუარესება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველს, თუკი იგი ობიექტურად განაპირობებს მას. კანონით პირდაპირ არის დადგენილი, რომ ეკონომიკური გარემოებები აუცილებელს უნდა ხდიდეს სამუშაო ძალის შემცირებას. ამდენად, სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს ისეთი ეკონომიკური გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამგვარ ეკონომიკურ გარემოებად კი ვერ ჩაითვლება ცალკე აღებული ქურდობის ფაქტი. საწარმომ უნდა შეაფასოს თავისი ფინანსური მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს, არის თუ არა აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირება, რაც დროში განგრძობად პროცესს წარმოადგენს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რომ მოცდის პერიოდში მოხდა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის წარმოშობა. როგორც აღინიშნა, ამ შემთხვევაში აქტუალურია არა ქურდობის, როგორც ცალკეული ფაქტის არსებობა დროში, არამედ ზიანის წარმოშობის მომენტი და დაზღვეული პირის სამსახურიდან დათხოვნის განმაპირობებელი გარემოება. ამ მიმართულებით ს/ს სადაზღვევო კომპანიის „ჯ------- ჰ---–-----ს“ სასამართლოსათვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რომ დასაქმებულის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, ნათელია, რომ ეკონომიკური გარემოების დადგომა, რაც იწვევს შრომითი კონტრაქტის შეწყვეტას, ავალდებულებს დამსაქმებელს, 30 კალენდარული დღის ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს ინფორმაცია. ამგვარი გაფრთხილება მ-----ა კ------ემ მიიღო 2016 წლის 8 აგვისტოს. შესაბამისად, ივარაუდება რომ ეკონომიკური გარემოებები, რამაც განაპირობა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, წარმოიშვა 2016 წლის აგვისტოს თვეში და სცდება მოცდენის რეჟიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ დამსაქმებელი უფრო ადრეც განახორციელებდა თავის უფლებას.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო განხილვისას ვერ დადგინდა ს/ს სადაზღვევო კომპანია „ჯ------- ჰ---–-----ის“ მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები და სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტმა, განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.8. და 3.1.9. (იხ. გადაწყვეტილების მე-3 გვ.) ქვეპუნქტებში სასამართლომ ერთი მხრივ, უდავოდ მიიჩნია, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს შპს „ა--------ი ლ----“-მ გაფრთხილების წერილით აცნობა მ-----ა კ------ეს, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, (სადაც აღნიშნულია: „...2016 წლის 1 სექტემბრიდან საწარმოში წარმოშობილი ეკონომიკური გარემოებების გამო და აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას...“) და ამავე კომპანიის 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით შეწყდა 2015 წლის 1 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება მ-----ა კ------ეს და შპს „ა--------ი ლ----“-ს შორის, ხოლო მეორე მხრივ, 3.2.1. (იხ. გადაწყვეტილების მე-3 გვ.) ქვეპუნქტში დაადგინა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, იმავდროულად, გვერდი აურა იმ ფაქტს, რომ თვით მ. კ------ის მიერ წარდგენილი 2016 წლის 8 სექტემბრის შპს "ა-------- ლ----"-ს №09/08-16 ცნობით დგინდება, რომ აღნიშნული ცნობა გაიცა (და გადაეცა მ. კ------ეს), მასზედ, რომ "შპს "ა-------- ლ----"-ში 2016 წლის 18 თებერვალს საწარმოში მომხდარი ქურდობის გამო გამოწვეული იქნა სამუშაო ძალის შემცირება, რის გამოც საწარმომ ვეღარ შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება 2016 წლის აპრილიდან.

 

აპელანტი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. (იხ. გადაწყვეტილების მე-3 გვ.) ქვეპუნქტზე სადაც სასამართლომ არასწორად დაადგინა რა, რომ "საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ", გვერდი აურა მ. კ------ის განმარტებას დაზღვევის ხელშეკრლების 2016 წლის ნოებრის თვეში ცალმხრივად მოშლისა და პრემიის გადახდაზე უარის თქმის შესახებ.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების/ განჩინებების კანონის დარღვევით მიღების მიჩნევის წინაპირობას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი.

 

აპელანტი განმარტავს, რომ "ჯ------- ჰ---–-----”-ს მიაჩნია, რომ სასამართლომ, არასწორად განმარტა კანონი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო მეორე მხრივ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი), ვინაიდან, ზემოთ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დაზღვევის პირობები, შეთანხმებული იყო ხელშემკვრელ მხარეთა მიერ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 20 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დაზღვევის პირობების შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრული იყო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისა და გამონაკლისების საკითხები. აქვე აღსანიშნავია, რომ სხვა გამონაკლისებთან ერთად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შემთხვევა, რომელიც არ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას, კერძოდ, იძულებითი უმუშევრობა დამდგარი დაზღვევის ხელშეკრულებით დაფარული რისკით, რომელიც არამხოლოდ დადგა, არამედ დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის (სამი თვე) გასვლამდე (მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ).

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა მიუთითა, რომ "შპს "ა-------- ლ----"-ში 2016 წლის 18 თებერვალს საწარმოში მომხდარმა ქურდობის ფაქტმა გამოიწვია სამუშაო ძალის შემცირება, რის გამოც საწარმომ ვეღარ შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება 2016 წლის აპრილიდან, ანუ, მოვლენა, რითაც განპირობებულია შემდგომში მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის განმავლობაში, (ალტერნატივა გამოწვეულია ცნობაში 2016 წლის აპრილის თვის რიცხვის დაუზუსტებლობის გამო), რაც თავის მხრივ, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას.

 

დამატებით აპელანტმა აღნიშნა, რომ თვით მ. კ------ის განმარტებიდან (დაზღვევის ხელშეკრლების 2016 წლის ნოებრის თვეში ცალმხრივად მოშლისა და პრემიის გადახდაზე უარის თქმის შესახებ) გამომდინარე, დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსის გაუთვალისწინებლად, სასანმართლომ უსაფუძვლოდ მზღვეველს დააკისრა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება, ამასთან, თანხის (ვალდებულების არსებობის პირობებში, რასაც არ ეთანხმება "ჯ------- ჰ---–-----ი”) გაანგარიშება განახორციელა მხარეთა შორის შეთანხმებული "დაზღვევის პირობების" 8.3 პუნნქტის (გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის გაქვითვა) დებულებათა უგულებელყოფით

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.1. შპს „ა--------ი ლ----“-ს და მ-----ა კ------ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის 1 ნოემბერს, რომლის საფუძველზე მოსარჩელე გამწესდა დ-----------------მ---------ს პოზიციაზე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო თვიური შრომითი ანაზღაურება 1 250 ლარი.

 

4.2. ს/ს სადაზღვევო კომპანია „ჯ------- ჰ---–-----ი"-ს და მ-----ა კ------ეს შორის 2016 წლის 19 აპრილს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება: დაზღვევის საგანი - იძულებითი უმუშევრობა.

 

ხელშეკრულების 4.7. პუნქტი თანახმად, ყოველთვიური ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა შეიძლება შეადგენდეს დაზღვეულის ხელფასის სახით მიღებულ ყოველთვიურ შემოსავალს; ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.10. პუნქტის საფუძველზე მოცდენის პერიოდი - სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლიდან ათვლილი 3 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება;

 

4.3. 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულების 7.1. პუნქტი თანახმად, იძულებითი უმუშევრობის მიზეზებად ითვლება, მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზებია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

 

ამავე ხელშეკრულების 9.15 პუნქტის თანახმად, იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ: უმუშევრობა დამდგარია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდენის მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ); 2016 წლის 19 აპრილს გაიცა იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პოლისი №UI1265/16; მოქმედების პერიოდი 2017 წლის 19 აპრილამდე; ანაზღაურების ლიმიტი - 6 000 ლარი, ყოველთვიური ლიმიტი - 1 000 ლარი; ფრანშიზა - 100 ლარი.

 

4.4. 2016 წლის 1 აგვისტოს შპს „ა--------ი ლ----“-მ გაფრთხილების წერილით აცნობა მ-----ა კ------ეს, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, სადაც აღნიშნულია: „...2016 წლის 1 სექტემბრიდან საწარმოში წარმოშობილი ეკონომიკური გარემოებების გამო და აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით შეწყდა 2015 წლის 1 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება მ-----ა კ------ეს და შპს „ა--------ი ლ----“-ს შორის.

 

პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 8 სექტემბრის ცნობით ’’საწარმოში მომხდარი ქურდობის გამო, გამოწვეული იქნა სამუშაო ძალის შემცირება, რის გამოც საწარმომ ვეღარ შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება 2016 წლის აპრილიდან“. ბუნდოვანია, რა მიიჩნია მოპასუხემ ეკონომიკურ გარემოებად - ქურდობა, როგორც ცალკეული მოვლენა, თუ ქურდობის შედეგად გამოწვეული საწარმოს ფინანსური კრიზისი. თავისთავად, ქურდობის ფაქტის გაიგივება ეკონომიკურ გარემოებასთან (საქართველოს შრომის კოდექსის გაგებით) გამორიცხულია, რადგან იგი, როგორც დამოუკიდებელი მოვლენა, არ ქმნის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. თუკი ქურდობა იწვევს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას, საწარმოდან დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს არა ქურდობა, როგორც ცალკე აღებული ფაქტი, არამედ - საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, რაც განპირობებულია საწარმოს დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზიანით. ეკონომიკური გარემოება - საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გაუარესება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველს, თუკი იგი ობიექტურად განაპირობებს მას. კანონით პირდაპირ არის დადგენილი, რომ ეკონომიკური გარემოებები აუცილებელს უნდა ხდიდეს სამუშაო ძალის შემცირებას. ამდენად, სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს ისეთი ეკონომიკური გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამგვარ ეკონომიკურ გარემოებად კი ვერ ჩაითვლება ცალკე აღებული ქურდობის ფაქტი. საწარმომ უნდა შეაფასოს თავისი ფინანსური მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს, არის თუ არა აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირება, რაც დროში განგრძობად პროცესს წარმოადგენს.

 

4.5. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

4.6. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი: დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა: მხარეთა შორის დაზღვევის ხელშკრულება; დამზღვევის მიერ სადაზღვევო შენატანების გადახდა; სადაზღვევო შემთხვევის დადგომა;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ხოლო ამავე 829-ე მუხლის თანახმად, დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას;

 

განსახილველ შეთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველის ინსტაციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ეკონომიკური გარემოებები, რამაც განაპირობა მ-----ა კ------ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, წარმოიშვა 2016 წლის აგვისტოს თვეში და სცდება მოცდენის რეჟიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ დამსაქმებელი უფრო ადრეც განახორციელებდა თავის უფლებას.

 

შესაბამისად, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი მზღვეველმა უნდა ამტკიცოს. მხოლოდ ამ გზით მიაღწევს იგი მითითებული ნორმით გათვალისწინებულ მატერიალურ შედეგს, კერძოდ, სადაზღვევო ანაზღაურებისაგან გათავისუფლებას. სასამართლო განხილვისას ვერ დადგინდა ს/ს სადაზღვევო კომპანია „ჯ------- ჰ---–-----ის“ მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

 

4.9. სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

 

როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულადაა აღნიშნული, იმისათვის, რომ სტანდარტულმა პირობამ მოაწესრიგოს მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობები, აუცილებელია, პირობების შემთავაზებელმა მეორე მხარისათვის უზრუნველყოს ამ პირობების გაცნობის შესაძლებლობა. სტანდარტული პირობების ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად გადაქცევისათვის აუცილებელი მოთხოვნები ჩამოყალიბებულია სსკ-ის 343-ე მუხლში, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა: ა. შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და ბ. ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები. მოცემულ შემთხვევაში არ ადადსტურდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე დამზღვევისათვის მათი ხელმისაწვდომობა და გაცნობა.

 

გარდა ამისა, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაზიარებული სასამართლო პრაქტიკა, როცა ხელშეკრულებით შეთანხმებული მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის თაობაზე დათქმა განმარტებულ იქნა დამზღვევის ინტერესებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე. კერძოდ, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე (იხ.:საქმეზე №ას-592-563-2013 მიღებული 05.07.2013წ. განჩინება).

 

შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------- ჰ---–-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------- ჰ---–-----ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 216 ლარის ოდენობით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე