განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
330310016001457155
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001457155

საქმე №3ბ/598-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-------ი ჭ--–--ე;

წარმომადგენელი- კ-----------–---–ი;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ-------ა ჭ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის N0------------ გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ-------ა ჭ--–--ისათვის 2016 წლის 01 ივნისიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) გაცემის შესახებ და ამავე პერიოდიდან ანაზღაურება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ნ-------ა ჭ--–--ე დაიბადა 1949 წლის 03იანვარს.

 

ნ-------ა ჭ--–--ე 2016 წლის 01 იანვრიდან მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რ-------–ი“ ბ---–-----------ს თანამდებობაზე.

 

2016 წლის 1 ივნისიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N0------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ნ-------ა ჭ--–--ეს შეუწყდა საპენსიო პაკეტის ჩარიცხვა.

 

2016 წლის 21 ივნისს ნ-------ა ჭ--–--ემ განცხადებით ერთჯერადად მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის N0------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების მიზნით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის №0------- პასუხით ნ-------ა ჭ--–--ეს განემარტა საპენსიო პაკეტის შეწყვეტის საფუძველი და უარი ეთქვა პენსიის აღდგენაზე.

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის N04-0---------- გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ნ-------ა ჭ--–--ეს შეუწყდა სახელმწიფო პენსია მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ნ-------ა ჭ--–--ის მოთხოვნა გაუცემელი პენსიის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

2.3.2 საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

2.3.3 ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

2.3.4. სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე ნ-------ა ჭ--–--ე დაიბადა 1----–-–-------------ს შესაბამისად, იგი წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა- განმარტებით დადგენილია, რომ ნ-------ა ჭ--–--ე კანონით დადგენილი წესით იღებდა პენსიას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის N0------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეუწყდა საპენსიო პაკეტის ჩარიცხვა, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის №0------- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ნ-------ა ჭ--–--ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის აღდგენაზე და განემარტა, რომ მოსარჩელე ნ-------ა ჭ--–--ე ეწეოდა საჯარო საქმიანობას (დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რ-------–ი“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

საქმის მასალების თანახმად, ნ-------ა ჭ--–--ე 2016 წლის 01 იანვრიდან დღემდე მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რ-------–ი“, ბ---–-----------ს თანამდებობაზე.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია ბიბლიოთეკაში საქმიანობა განურჩევლად იმისა ბიბლიოთეკა დამოუკიდებელი დაწესებულებაა, თუ რომელიმე იურიდიული პირის დაქვემდებარებაშია. მოცემულ საქმეში ნ-------ა ჭ--–--ე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. მუშაობს ბ---–-----------ს თანამდებობაზე. საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებიდან კი არ ირკვევა, რომ ნ-------ა ჭ--–--ე ასრულებს რაიმე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებას, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე ის არც სახელმწიფო ინტერესს ემსახურება, რაც დამატებით ხაზს უსვავს და გამორიცხავს ნ-------ა ჭ--–--ის მიერ საჯარო სამსახურის განხორციელებას.

 

ბიბლიოთეკა ეს არის დაწესებულება, რომლის დაფუძნება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებელი დაწესებულების, ისე იურიდიული პირის ქვედანაყოფის სახით, მაგრამ ორივე შემთხვევაში უცვლელი რჩება ბიბლიოთეკის, როგორც დაწესებულების დანიშნულება და ფუნქცია. ბიბლიოთეკა ეს არის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება, მიუხედავად იმისა თუ რომელი იურიდიული პირის ქვედანაყოფია, სახელმწიფო, თუ კერძო ბიბლიოთეკაა, შესაბამისად ის ყოველმხრივ ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებში.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ნ-------ა ჭ--–--ე მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რ-------–ი“ ბ---–-----------ს თანამდებობაზე. მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს.

 

2.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვღრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

2.3.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა ცნობილიყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე - ნ-------ა ჭ--–--ეს უნდა აღუდგეს სახელმწიფო გასაცემელი - პენსია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს ნ-------ა ჭ--–--ის სასარგებლოდ 2016 წლის 01 ივნისიდან მიუღებელი პენსიის თანხის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1 აპელანტს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლი „რუსთავი“ არ მიეკუთვნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სააღმზრდელო დაწესებულებათა რიცხვს, რის გამოც მათთან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების პერიოდში სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება იზღუდება. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შრომითი საქმინობას ეწევა უშუალოდ სსიპ - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლი „რუსთავი“, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. ნ-------ა ჭ--–--ე დაიბადა 1----–-–-------------ს.

 

ნ-------ა ჭ--–--ე 2016 წლის 01 იანვრიდან მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რ-------–ი“ ბ---–-----------ს თანამდებობაზე.

 

2016 წლის 1 ივნისიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N0------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ნ-------ა ჭ--–--ეს შეუწყდა საპენსიო პაკეტის ჩარიცხვა.

 

2016 წლის 21 ივნისს ნ-------ა ჭ--–--ემ განცხადებით ერთჯერადად მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის N0------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების მიზნით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის №0------- პასუხით ნ-------ა ჭ--–--ეს განემარტა საპენსიო პაკეტის შეწყვეტის საფუძველი და უარი ეთქვა პენსიის აღდგენაზე.

 

4.1.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოპასუხე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

გასნახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-------ა ჭ--–--ე 2016 წლის 01 იანვრიდან დღემდე მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რ-------–ი“, ბ---–-----------ს თანამდებობაზე.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია ბიბლიოთეკაში საქმიანობა განურჩევლად იმისა ბიბლიოთეკა დამოუკიდებელი დაწესებულებაა, თუ რომელიმე იურიდიული პირის დაქვემდებარებაშია. მოცემულ საქმეში ნ-------ა ჭ--–--ე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. მუშაობს ბ---–-----------ს თანამდებობაზე. საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებიდან კი არ ირკვევა, რომ ნ-------ა ჭ--–--ე ასრულებს რაიმე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებას, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე ის არც სახელმწიფო ინტერესს ემსახურება, რაც დამატებით ხაზს უსვავს და გამორიცხავს ნ-------ა ჭ--–--ის მიერ საჯარო სამსახურის განხორციელებას.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ბიბლიოთეკა ეს არის დაწესებულება, რომლის დაფუძნება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებელი დაწესებულების, ისე იურიდიული პირის ქვედანაყოფის სახით, მაგრამ ორივე შემთხვევაში უცვლელი რჩება ბიბლიოთეკის, როგორც დაწესებულების დანიშნულება და ფუნქცია. ბიბლიოთეკა ეს არის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება, მიუხედავად იმისა თუ რომელი იურიდიული პირის ქვედანაყოფია, სახელმწიფო, თუ კერძო ბიბლიოთეკაა, შესაბამისად ის ყოველმხრივ ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებში.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ნ-------ა ჭ--–--ე მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რ-------–ი“ ბ---–-----------ს თანამდებობაზე. მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მოსარჩელის მიერ ბ---–-----------ს თანმდებობაზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება, მოსარჩელე ასრულებდა რაიმე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და შესაბამისად მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებში და აპელანტის მხრიდან საქმეში რაიმე ტიპის დამატებითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, რაც გააქარწყლებდა ზემოთაღნიშნულ გარემოებას სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით აპელანტის (მოპასუხის) მითითება რომ გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, შესაბამისად, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა