განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002169725
საქმე N3ბ/1360-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
13 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - ა---- ჩ--------ი;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - დ----- ტ------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ---- ლ-----;
წარმომადგენელი - ი-----–- ხ-----;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. აღიარებული იქნეს არარად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N1------ ბრძანება ლ---- ლ----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ ბრძანება ლ---- ლ----ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ლ---- ლ----ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ლ---- ლ----ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის სექტემბრის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. მათი განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებები გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მათი არარად აღიარების სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ---- ლ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებული იქნა არარად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N1------ ბრძანება ლ---- ლ----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ ბრძანება ლ---- ლ----ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ლ---- ლ----ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ლ---- ლ----ისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანების ამონაწერის თანახმად, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი ლ---- თ-----ის ძე ლ----- (პირადი N6----------) დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. (ს.ფ. 36).
4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N1------ ბრძანების ამონაწერის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ლ---- თ-----ის ძე ლ----- (პ/ნ 6----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. (ს.ფ. 37).
4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის N2------ ბრძანების ამონაწერის თანახმად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი ლ---- თ-----ის ძე ლ----- (პ/ნ 6----------) დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2015 წლის 22 ნოემბრიდან. (ს.ფ. 38).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს, სამსახურის გავლა კი ასევე გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან) დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება, რომელიც აწესრიგებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს. ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ლ---- ლ----- დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა - გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს).
სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ---- ლ----ის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სრული მოცულობით, კერძოდ, 2015 წლის სექტემბრის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მოწინაღმდეგე მხარისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე მიანიჭა სსიპ -ის ხელმძღვანელსაც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანების 74-ე მუხლით, რაც მისივე მოსაზრებით არ ნიშნავს, რომ მინისტრს არ გააჩნია აღნიშნული უფლებამოსილება.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
წარმომადგენელი ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით, რასაც წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი”. აღნიშნული წესის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვისა. პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ისევე როგორც კადრების განკარგულებაში აყვანა, პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი წარმოადგენს კანონშესაბამისს და არ არსებობს სადავო აქტების არარად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
წარმომადგენელს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და განმარტავს, რომ არარა ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი იმთავითვე, გამოცემისთანავე ითვლება არარად, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არავისთვის და პირველ რიგში აღნიშნული აქტის ადრესატისათვის არ აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა, იგი ითვლება არარად და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მოწინაღმდეგე მხარისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკითვნებულ საკითხებს, ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. დასაშინად წარუდგენს პრემიერ - მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემს ბრძანებებს.
წარმომადგენელი აპელირებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე და მიაჩნია, რომ მინისტრი უფლებამოსილი იყო ხელი მოეწერა სადავო ბრძანებაზე.
აპელანტის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში -სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის ფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამსახურის გავლის წესს და პირობებს, ხოლო 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, დასანიშნად წარუდგენს პრემიერ - მინისტრს სამინისტროს მმართველობს სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს.
წარმომადგენლის განმარტებით, წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო სსიპ - ების სასტატო განრიგს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სსიპ -ის ხელმძღვანელი. სსიპ-ებთან დაკავშირებით მინისტრი უფკლებამოსილების დელეგირებას აკეთებს მინისტრის მოადგილეებზე, რაც არ ნიშნავს, რომ ამ უფლებამოსილებას თვითონ ვერ გამოიყენებს, რაც წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
აპელანტი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტავს, რომ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე იმ შემთხვევაში თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი გავლის წესი არის სპეციალური ნორმატიული აქტი, რომლითაც წესრიგდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი, იგი განსაზღვრავს სამინისტროს სტრუტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართვლობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. განმარტავს, რომ პოლიციის სამსახურების სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს მომსახურების სააგენტოს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით, მიუთითებს, რომ ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით და მოქმედი კანონმდებლობით უდავოდ მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესს ადგენს საქართველოს მინისტრი, ხოლო სამსახურის გავლა წარმომადგენლის მოსაზრებით, თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
8.2. პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მითითებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით.
პალატა ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანოზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურეები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ---- ლ----- სადავოდ ხდის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტემანტი) აღმოსავლეთ სამმართველოს უფროსის მოადგილის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანისა და შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებს იმ საფუძვლით, რომ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. კერძოდ, მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ-ის თანამშრომლის გათავისუფლება არ შედის უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს.
პალატა მიუთითებს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომლითაც დადგენილია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესი და პირობები. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს, სამსახურის გავლა კი ასევე გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“, ეს არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი ,,პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმდაგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირში დასაქმებული წოდების მქონე პირი (პოლიციელი) მიჩნეული იქნეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ; ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 74.1 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა) (სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით).
8.3. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან) დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება, რომელიც აწესრიგებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს. ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, ლ---- ლ----- დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს, შესაბამისად, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს).
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების იმ პოზიციას, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების’’ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმებით (მინისტრი - აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, იგი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე, ვინაიდან იგი წარმოადგენდა სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ-ის მოსამსახურეს.
პირველი ინსტანციის სასმართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის” 74-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. სადავო შემთხვევაში განხორციელდა სწორედ სსიპ-ის მოსამსახურე ლ---- ლ----ის თანამდებობიდან გათავისუფლება.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს ლ---- ლ----ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანებების არარად აღიარების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ.
8.4. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ლ---- ლ----ის თანამდებობაზე აღდგენა უნდა დაევალოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ვინაიდან, სწორედ სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილებას წარმოადგენს სააგენტოს მოსამსახურის დანიშვნის საკითხი. ამასთან, პალატას დასაბუთებულად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც და განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ლ---- ლ----ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მოსარჩელეს აუნაზღაუროს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, სრული მოცულობით, კერძოდ, 2015 წლის სექტემბრის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -