განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100118002357370
საქმე №1ბ/706-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------------–---–ის,გამართლებულ: ე------------–---ის,ადვოკატ: მ----------ს,თარჯიმან: ს-----------–---–ის,მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N5----------- დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: წ--–---------------------–--–---–-ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე------------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, წ--–---------------------–--–---–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე------------–---მა ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების - ი---------------------–-----ის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არაერთჯერადად თავის არეში მარჯვენა მუშტის დარტყმით იძალადა მეუღლის - კ--------------–---ის მიმართ, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა; 2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 15:00-16:00 საათების შუალედში, წ--–---------------------–--–---–-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე------------–---მა ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არაერთჯერადად კისერში მარჯვენა ხელის ძლიერად მოჭერისა და მარცხენა მკერდზე ხელის ძლიერად მოჭერით იძალადა მეუღლის - კ--------------–---ის მიმართ, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა;
2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 10:10 საათზე, წ--–---------------------–--–---–-ში ე-------------–---მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მარჯვენა მუშტის სახის არეში მრავალჯერადი დარტყმით იძალადა მეუღლის - კ--------------–---ის მიმართ და ემუქრებოდა მოკვლით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით ე------------–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და გამართლებული ე------------–---ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126 მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ კ--------------–---ს აღენიშნებოდა დაზიანებები. მოწმემ გ----------------–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ასევე დაზარალებულთან გასაუბრების ფაქტი. მოწმების ბ----------------------–---–-------------------------- გამოკითხვის ოქმებით, დასტურდება, რომ დაზარალებულმა კ--------------–---მა როგორც პოლიციელებს, ასევე ექიმს განუცხადა, რომ მასზე იძალადა მისმა ქმარმა. აგრეთვე მოწმეების გ---------------------------------------------------ს ჩვენებებით, დაზარალებულის სახეზე შენიშნეს დაზიანებები. რაც შეეხება ირიბი მტკიცებულებების გამოყენების საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე------------–---ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ე------------–---ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების ჩვენებებს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ე------------–---ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს დაზარალებულმა კ--------------–---მა და მოწმეებმა - ი---------------------–-----მა, რომლებიც მისი ახლო ნათესავები არიან (მეუღლე და შვილები).
საქმის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით, შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება #5-----, კ--------------–---ის საპასპორტო მონაცემები, კ--------------–---ის სამედიცინო ბარათი, ე------------–---ის ალკოტესტით შემოწმების ბარათი, მიმართვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მიმართვა ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს, ადვოკატ მ----------ს ორდერი, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მ-------------ის საპასპორტო მონაცემები, ე-----------------------------------–---ების საპასპორტო მონაცემები, მოწეების - ბ----------------------–---–--------------------------------------ს გამოკითხვის ოქმები, ასევე ნ---------------ე - როგორც მოწმე უდავოდ იქნა ცნობილი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმეების ჩვენებებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ე------------–---ის ბრალდება, ვინაიდან მოწმეთაგან არცერთი მათგანი ირიბადაც არ მიუთითებს არა მარტო ე------------–---ის მიერ 2018 წლის 5 და 6 მარტს განხორციელებულ ქმედებებზე, არამედ, ზოგადად ამ დღეებში მომხდარ რაიმე შემთხვევებზე. მხოლოდ 2018 წლის 14 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა (რომელიც თავის მხრივ ემყარება 2018 წლის 9 მარტის ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვის შედეგებსა და 2018 წლის 7 მარტის სამედიცინო ცნობას), რომლის თანახმადაც, კ--------------–---ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხნივ საფეთქელზე, მარჯვნივ ორივე ტუჩზე, მარცხენა ძუძუზე, მარცხენა წინამხარზე, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით (რაზეც ექსპერტმა გ----------------–---–მა სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ ასეთი დაზიანებების მიყენება შესაძლებელია ნებისმიერი მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მათ შორის იატაკზე დაცემისა და სხვა მრავალი მსგავსი შემთხვევისას) და არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღებს, არ შეიძლება გახდეს რაიმე ფორმით ე------------–---ის მიერ 2018 წლის 5 და 6 მარტს განხორციელებული ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულება. ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია ამ დაზიანებების ე------------–---ის მიერ მიყენების თაობაზე, ვერ გამოდგება ამ ფაქტის დადგენის საკმარის და ობიექტურ საფუძვლად, რადგან, ერთი მხრივ, იგი ეფუძნება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და, მეორე მხრივ, ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებას, რაზეც სასამართლო საერთოდ არ შეჩერდება, რადგან იგი მტკიცებულებას არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით. ამიტომ, სასამართლო აღარ შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს ექსპერტიზის დასკვნის ამ ნაწილის გაუზიარებლობის თაობაზე დაზარალებულის მიერ რუსული და ქართული ენების არცოდნის პირობებში ექსპერტთან კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო.
რაც შეეხება 2018 წლის 7 მარტის ეპიზოდს, ის მტკიცებულებები, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებს და რომელთა ნაწილი დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, მათი ნაწილი, მაგალითად, მოწმე მა----------------------ი (მეზობელი), მართალია, ადასტურებს, რომ ე------------–---ს და დაზარალებულს პერიოდულად აქვთ დაძაბული ურთიერთობა, ე-------------–---ი სვამს და ეჩხუბება დაზარალებულს, ასევე 2018 წლის 7 მარტს ნახა კ--------------–---ის სახეზე, თვალთან ჩალურჯებები, თუმცა იგი თავად არ შესწრებია იმ მომენტს, რა ვითარებაშიც დაზარალებულმა აღნიშნული დაზიანებები მიიღო და მისი მითითება ე------------–---ზე, როგორც ამ დაზიანებების კ--------------–---ისადმი მიმყენებელზე, ეფუძნება პოლიციის თანამშრომლებსა და დაზარალებულს შორის საუბრებიდან მოსმენილს. კ--------------–---ს თავად არ უთქვამს მისთვის, რომ ეს დაზიანებები მას ე------------–---მა მიაყენა. ზუსტად ანალოგიური დგინდება მოწმე გ------------------ის (მეზობელი) ჩვენებიდანაც, რომელმაც ნახა დაზარალებულის თვალთან შეწითლებები, გაიგო, რომ ერნესტმა ცემა, თუმცა თავად არ შესწრებია ამ ფაქტს. მოწმე გ------------------მა (მეზობელი) აღნიშნა, რომ მას გაგებული აქვს, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არის კონფლიქტი, რომ 2018 წლის 7 მარტს ბრალდებულმა დაზარალებული სცემა, თუმცა არც თავად შესწრებია ამ ფაქტს და არც დაზიანებები უნახავს კ--------------–---ის სხეულზე, ასევე ვერ მიუთითა აღნიშნული ინფორმაციის წყარო. გარდა ამისა, მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებლები - ბ------------------------–---–-----, რომლებიც გამოცხადდნენ კ--------------–---ის სახლში 2018 წლის 7 მარტს გამოძახებისას და რომლებიც ადასტურებენ მის დაზიანებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ კ---------------–---ი აღნიშნული დაზიანებების მიმყენებლად ასახელებდა ე------------–---ს. ასევე აღსანიშნავია მოწმე მ-------------ე-ბ-------ის (სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მორიგე ექიმი) ჩვენება, რომელიც გამოცხადდა კ--------------–---თან და ნახა მისი დაზიანებები, ასევე ის რომ დაზიანებები მას მიაყენა ქმარმა, თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნული, ფაქტის დასადგენად წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ეყრდნობა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას), რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, პირის მსჯავრდებისთვის არავარგის მტკიცებულებას წარმოადგენს. ასევე, როგორც ზემოთაც აღინიშნა, 2018 წლის 14 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა (რომელიც თავის მხრივ ემყარება 2018 წლის 9 მარტის ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვის შედეგებსა და 2018 წლის 7 მარტის სამედიცინო ცნობას და რომლის სისწორეც ექსპერტმა გ----------------–---–მა დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას), რომლის თანახმადაც, კ--------------–---ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხნივ საფეთქელზე, მარჯვნივ ორივე ტუჩზე, მარცხენა ძუძუზე, მარცხენა წინამხარზე, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღებს, ვერ გახდება საკმარისი საფუძველი ე------------–---ის მიერ ამ დაზიანებების მიყენების დასადგენად. სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ზოგადად, შესაძლებელია, დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა, მოცემულ საქმეზე, ობიექტურად შეუძლებელია მოცემული ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი კონკრეტული პირის ვინაობა, თუ ასეთი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, იგი აუცილებლად სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასახავს და არა მის მიერ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას. ისიც აღსანიშნავია, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სიკვდილის მუქარის ფაქტები მოცემულ თარიღებში არცერთი მტკიცებულებით დგინდება. გარდა ამისა, არც სხვა მტკიცებულებები მიუთითებს ე------------–---ის ბრალეულობაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ე------------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ე------------–---ის მხრიდან კ--------------–---ზე ცემისა და ძალადობის ფაქტები 2018 წლის 5, 6 და 7 მარტს.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ე------------–---მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ე------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენი ე------------–---ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენი ე------------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ე------------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ე------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ე------------–---ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი