განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2018
საქმის ნომერი
010141318700062974
ინსტანცია
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700062974

საქმე №1/აგ-436-18 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯა-----–--------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, ჯა-----–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

ჯა-----–--------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო დაფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2018 წლის 04 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ჯა-----–--------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ თამაზ ღარიბაშვილის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

 

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (64 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

 

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის განაჩენით ჯა-----–--------------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანასა და კულტივირებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: ჯა-----–--------------მა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ქ. თელავში, ბერიტაშვილის ქ. №13-ში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის კულტივირებას. 2017 წლის 12 მაისს, ჯა-----–--------------ის საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად, შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ორი ძირი კულტივირებული, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე, რომელიც ექსპერტიზის №81/სქ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ მცენარეს წონით 18,68 გრამს.

 

ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ფარგლებში დადგენილია 151 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, ეს ოდენობა კი მოიცავს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯად ოდენობასაც, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ჯა-----–--------------ი უნდა გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი ალტერნატიული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას. შესაბამისად, ჯამბულად ხეთაგურს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ჯა-----–--------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჯა-----–--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

მსჯავრდებულ ჯა-----–--------------ს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

დანარჩენ ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე