განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2018
საქმის ნომერი
200210015001043945
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/2887-17

განჩინება

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - შპს „ვ---------“

წარმომადგენელი - პ------------–---, ზ------------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-------------–-“

წარმომადგენელი - ზ------------–---–-, ზ---------------

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ვ---------ს“ მოთხოვნა მოპასუხე - შპს ,,ე-------------–-“ დაეკისროს მოსარჩელის შპს ,,ვ---------ს“ სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 140 618 ლარის გადახდა - არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2014 წლის 15 აპრილს ერთის მხრივ შპს ,,ე-------------–-, წარმოდგენილი მისი დირექტორის ზ----------------- სახით (შემდგომში წოდებული ,,შემსრულებელი“) და მეორეს მხრივ შპს ,,ვ---------ს“, წარმოდგენილი მისი დირექტორის ზ------------–---–-ს სახით (შემდგომში წოდებული ,,დამკვეთი“) დაიდო წინამდებარე ხელშეკრულება შემდეგზე:

 

2.2. ,,დამკვეთი“ უკვეთავს, ხოლო ,,შემსრულებელი“ იღებს ვალდებულებას შეასრულოს სამშენებლო სამუშაო, კერძოდ ღვინის ქარხნის მშენებლობა მოცემული პროექტის მიხედვით (დანართი N1), დამკვეთის სამშენებლო მასალებით, კერძოდ რკინა-მასალები - ხრახნილი, გლინულა, ინერტული მასალები - ქვიშა, ცემენტი, ბეტონი.

 

სამშენებლო მასალებში არ იგულისხმება სახარჯი საშუალებები, ხელსაწყოები და დანადგარები. აგრეთვე ,,შემსრულებელი“ უზრუნველყოფს მშენებლობას ღორღის მიწოდებით.

 

დამატებითი სამშენებლო სამუშაოს შესრულება მოხდება მხარეთა შეთანხმებით.

 

2.3. მიღება-ჩაბარების წესი;

 

სამუშაო შესრულებულად ჩაითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დამთავრების და საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას უზრუნველყოფს ,,შემსრულებელი“.

 

2.4. მხარეთა უფლება-მოვალეობები:

 

,,დამკვეთი“ ვალდებულია დროულად მოამარაგოს ,,შემსრულებელი“ სამშენებლო მასალებით.

,,დამკვეთის“ მიერ მასალების დაგვიანებით მიწოდების გამო სამშენებლო გარაფიკის და შესაბამისად ვადების დარღვევაზე ,,შემსრულებელს“ პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

 

,,დამკვეთი“ ვალდებულია გადაუხადოს ,,შემსრულებელს“ შეთანხმებული ფასი.

 

,,დამკვეთი“ ვალდებულია ოპერატიულად, ერილობითი სახით აცნობოს ,,შემსრულებელს“ დაწუნებული მომსახურების ოდენობა და წუნდების მიზეზი.

 

იმ შემთხვევაში, თუ ,,შემსრულებელი“ ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ,,დამკვეთი“ უფლებამოსილია ერთჯერადად წერილობით მისცეს გაფრთხილება, ხოლო შემდგომ შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება (ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზე გაწეული ხარჯების გამოკლებით).

 

,,შემსრულებელს“ უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის დროული გადახდა.

 

თუ ,,დამკვეთი“ არ იხდის ვადით განსაზღვრულ დროში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, ან ,,შემსრულებელი“ არ ასრულებს დროულად სამუშაოს, მხარე უფლებამოსილია მოსთხოვოს დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლოს სახით გადაიხადოს ძირითადი თანხის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2.5. ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები:

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 200 000 (ორასი ათასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

ანგარიშსწორების ფორმაა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება.

 

ანგარიშსწორება მოხდება შემდეგი გრაფიკით:

 

საერთო თანხის 50% - ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.

საერთო თანხის 25% - მთლიანი სამუშაოების 50%-ით შესრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2014 წლის 01 ივნისი.

საერთო თანხის 25% - სამუშაოების დასრულებისას და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, არაუგვიანეს 2014 წლის 15 ივლისი.

 

2.6. დავები და მათი გადაწყვეტის წესები:

 

მხარეთა შორრის დავის წარმოშობის შემთხვევაში დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს გზით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

2.7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

 

ხელშეკრულება მოქმედებს ხელშეკრულების ხელმოწერიდან და გრძელდება სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, არაუგვიანეს 2014 წლის 15 ივლისი.

 

ხელშეკრულებაში რაიმე ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ ორივე მხარის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

 

2014 წლის 14 ოქტომბერს შედგენილი მორიგების აქტის თანახმად, ერთის მხრივ შპს ,,ე-------------–-“, წარმოდგენილი მისი დირექტორის ზ---------------- სახით და მეორეს მხრივ სპს ,,ვ---------“, წარმოდგენილი მისი დირექტორის ზ-------------–---–-- სახით, ადგენენ მორიგების აქტის შემდეგზე:

 

2014 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 15 ივლისს, ხოლო სიტყვიერად და შემდგომ წერილობით განისაზღვრა 20 აგვისტო, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო დამკვეთის მხრიდან სრული ანგარიშსწორება.

 

2.8. სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 25 სექტემბერს. შესრულებულ სამუშაოს გააჩნია ხარვეზი.

 

შესრულების ვადის და სამშენებლო ხარვეზის კომპენსაციის სანაცვლოდ მხარეები თანხმდებიან, რომ დავალიანება, რომელიც 2014 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 32 000 (ოცდათორმეტ ათასი) ლარს, გადანაწილდება 8 (რვა) თვეზე თანაბარწილად და ყოველთვიური გადასახდელი თანხა განისაზღვრება 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. გადახდა დაიწყება 2014 წლის 20 ოქტომბერს და დასრულდება 2015 წლის მაისის თვეში. გადახდა განხორციელდება ყოველი თვის 15 რიცხვში.

 

ხელმოწერის მომენტიდან ,,შემსრულებლის“ ყველა ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, ხოლო ,,დამკვეთის“ ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად თანხის სრულად გადახდის შემდეგ, არაუგვიანეს 2015 წლის 15 მაისისა.

 

2014 წლის 14 ოქტომბერს, შედგენილი მორიგების აქტის შემდეგ, შპს ,,ვ---------ს“ მიერ შპს ,,ე-------------–-ს“ სასარგებლოდ (საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა) გადახდილია 2014 წლის ოქტომბრის თვეში 4000 ლარი, 2014 წლის ნოემბრის თვეში 4000 ლარი და 2015 წლის იანვრის თვეში 4000 ლარი, სულ 12 000 ლარი. დარჩენილი დავალიანება შეადგენს 20 000 ლარს, რომელსაც ემატება ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით, 5628.01 ლარი.

 

შენობის მდგრადობის დადგენისათვის მოსარჩელე მხარის მიერ ექსპერტიზისათვის წარდგენილი მასალები არასაკმარისია. ამისათვის საჭიროა დამატებით წარდგენილი იქნეს საამშენებლო მოედნის გეოლოგიური კვლევა, შენობის სივრცითი მოდელის კონსტრუქციული ანგარიშის ელექტრონული ვერსია და შენობის მთლიანი (არქიტექტურული და კონსტრუქციული) პროექტების საბოლოო ვერსიები სრულყოფილი სახით. რაც შეეხება წარმოდგენილ პროექტს იგი სამუშაო ვერსიის შთაბეჭდილებას ტოვებს და არ არის სრულყოფილი. მასში არ არის ნაჩვენები გადახურვის ფილებისა და რიგელების არმირება (არმატურების ურთიერთ გადადების ზონების ჩვენებით). 3.5 მ ნიშნულზე მონოლითური რკინაბეტონის ფილის და მონოლითური რკინაბეტონის კედლის ურთიერთ შეერთების კვანძი. ნახაზზე საერთოდ არ არის დატანილი არსებული სარდაფი. შენობის ექსპლოატაციაში მისაღებად საჭიროა პირველ რიგში მოწესრიგდეს და სრულყოფილად იქნეს საპროექტო დოკუმენტაცია და აღმოიფხვრას განსხვავებები პროექტსა და აშენებულ ნაგებობას შორის.

 

მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებული ექპერტიზის კვლევები აჩვენებს, რომ მშენებლის (მოპასუხის) მიერ გამოყენებული ბეტონის მარკის მაჩვენებელი მერყეობს 300-35--ის ფარგლებში, რაც პროექტით გათვალიწინებულს დასაშვებ ზღვრებში ემთხვევა (პროექტით გათვალიწინებულია B-25 კლასის ბეტონი, რაც მარკიანობის კლასიფიკაციით 350-ის ტოლია).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე მუხლებით და მიუთითა აბსოლიტურად იგივე გარემოებები, რაც სადაო ფაქტობრივ გარემოებებში ჰქონდა მითითებული.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხოლოდ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი. დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, რაც მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც შენობის ხარვეზს მიღმა დაფარულმა დეფექტმა იჩინა თავი. აღნიშნული კი, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას შეუძლებელი იყო. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და ამავე დროს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მის სამართლებრივ საფუძვლიანობაზე მსჯელობა და შემოწმება ფაქტობრივად შეუძლებელია. პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომელზე დაყრდნობითაც, საფუძვლიანად არ მიიჩნია სარჩელი და მიიღო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, ხოლო თუ რატომ უარყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი და ამ უარყოფას რა სამართლებრივი ნორმა დაუდო საფუძვლად, გადაწყვეტილებაში არც ნამსჯელი და არც დაფიქსირებული არ არის.

 

ის ფაქტი, რომ მოპასუხის (მშენებელი) ბრალეულობით გაიღუნა ძირითადი კედელი და წყალმა დაიწყო გაჟონვა დადასტურებულია, რომელსაც მოპასუხე ვერ უარყოფს, ასევე დადგენილია, რომ ამ დეფექტმა, სადავო და მოტყუებით დადებული მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ იჩინა თავი, რის საწინააღმდეგო მტკიცებულებანი მოპასუხის მიერ წარდგენილი ვერ იქნა. ასევე, აუდიტის დასკვნით იქნა დადგენილი ზიანის ოდენობა და მოპასუხე მხარეს არც აუდიტის დასკვნის სისწორის გაბათილება არ მოუხდენია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე1” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, უნდა გაარკვიოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს თუ არა იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. „სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, CASE OF JGARKAVA v. GEORGIA (#7932/03)).

 

პალატა, უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია 2014 წლის 25 სექტემბრის მიღება-ჩაბარებისა და 2014 წლის 14 ოქტომბრის გარიგების ბათილობაზე. შესაბამისად, პალატა, მოცემულ შემთხვევაში, მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს და იმსჯელოს ფაქტობრივ ან სამართლებრივ უსწორობებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

4.2. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, დასახელებულ ნაწილში გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ასახვს მსჯელობას, სახეზეა თუ არა ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი კომპონენტები, კერძოდ, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებას და შედეგს შორის (სკ-ის 394-ე მუხლი). სასამართლომ ზემოდასახელებული საკითხის კვლევა უნდა განახორციელოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე და შესაბამისად, უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი მტკიცებისა და მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტით. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური გადაწყვეტის დასაბუთების მიზნებისათვის, პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „..მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე # ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წ.).

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. აღნიშნულით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლები არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ დავაში დასადგენი გარემოებები წარმოადგენს ისეთ საკითხებს, რომელთა დადგენა უნდა მოხდეს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, რაც აუცილებელს ხდის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს არ შეეზღუდოთ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა, პალატას მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ შპს „ვ---------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.შპს „ვ---------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

ხათუნა არევაძე