განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310017001851022
საქმე №3/ბ-566-2017წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო (ბათუმი)
წარმომადგენელი – გ---------ა
მოწინააღმდეგე მხარე – ლ-----------------ე
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2017 წლის 21 მარტს ლ-----------------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით 303.45 ლარის დაკისრება მოითხოვა;
მოსარჩელის აღნიშვნით, იგი მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში. მან განცხადებით მიმართა მოპასუხეს კუთვნილი ხელფასისი გაცემის მოთხოვნით. განცხადების პასუხად მოპასუხემ დაადასტურა სახელფასო დავალიანების არსებობა, ხოლო თუ რა პერიოდში უნდა განხორციელდეს ხელფასის გაცემა, ამ წერილში არ მიუთითა.
მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 303,45 ლარს, რაც მას არ აუნაზღაურეს და მიუხედავად სისტემატური მიმართვისა, დავალიანება დღემდე არ არის გადახდილი.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რამდენდაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს 10 წელს. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წოდებრივი სარგოსა და კვების კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე თვლის, რომ აღნიშნული წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რაზეც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვრცელდება 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც მოსარჩელე მხარის მიერ არ არის დაცული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ-----------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწვეტილებით ლ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს, ლ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასი, თანამდებობრივი სარგოს სახით 107.91 ლარის და წოდებაზე დანამატი - 18.54 ლარის, სულ 126.45 ლარის გადახდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგრვის გათვალისწინებით; მოსარჩელე მხარეს კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში, უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ლ-----------------ე მუშაობდა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ყოველთვიურად იღებდა ხელფასს. მოსარჩელეს 2000 წლის 3 თვის ხელფასი მიღებული არ აქვს, რაც სულ შეადგენს 303,45 ლარს;
2.1.2. 2000 წელს ხელფასის სახით მოსარჩელე ლე-----------------ეს სულ დაერიცხა 1112,65 ლარი (თანამდებობრივი სარგო - 395.67 ლარი, წოდებრივი სარგო - 67.98 ლარი, კვების კომპენსაცია - 649.00 ლარი), საიდანაც მიიღო იანვრიდან სექტემბრის თვეების ჩათვლით დარიცხული ხელფასი 809.20 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი და მიუღებელი ხელფასი შეადგენს 303.45 ლარს, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოსა და კვების კომპენსაციისგან. თანამდებობრივი სარგო შეადგენს 107.91 ლარს, წოდებრივი სარგო შეადგენს 18.54 ლარს, კვების კომპენსაცია კი 177.00 ლარს;
სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ ყოფილა
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ლ-----------------ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რის საფუძველზეც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და სანაცვლოდ იღებდა ანაზღაურებას. ანაზღაურების გაცემის ვალდებულება გამომდინარეობს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, კერძოდ: მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მოსარჩელე ლ-----------------ე 2000 წლის 12 თვის განმავლობაში ნამდვილად მუშაობდა საქართველოს საქვეუწყებო დაწესებულება, სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოში, ასრულებდა სამსახურეობრივ ვალდებულებებს და ამ ვალდებულებათა შესრულებისათვის იღებდა ხელფასს. მხარეები ადასტურებენ, რომ 2000 წელს ხელფასის სახით მოსარჩელე ლ-----------------ეს დარიცხული და მიუღებელი აქვს 303.45 ლარი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნაც დაკავშირებულია ამ თანხის მიღებასთან.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისერად. დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა, მაგრამ ვალდებულება არ შეუსრულებია მოპასუხეს, კერძოდ მან უწყისებში გაწერა მოსარჩელეზე გასაცემი თანხა, მაგრამ აღარ გაუცია. მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თანამდებობრივი სარგო და წოდების სარგო უწყისით გაწერილია მოსარჩელეზე, მაგრამ ამ სტადიაზე თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს ნაწილში მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძვლიდან, კერძოდ მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა და სანაცვლო ვალდებულება უნდა შეასრულოს მოპასუხემაც. ანუ უნდა გადაუხადოს მიღებული შესრულების სანაცვლო ღირებულება, რაც ხელფასში გამოიხატება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მმიიჩნია, რომ თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ნაწილში სარჩელი იყო საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას იმ ნაწილში, რომ მოქმედების შესრულებაზე და მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა მოსარჩელემ შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ. დასახელებულ შემთხვევაში მოსარჩელე იღებდა ხელფასს, რომელიც მოიცავდა კვების კომპენსაციას, თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივ სარგოს. თითოეული მათგანი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელზეც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელისათვის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება თითოეული თვის ბოლო რიცხვიდან, რა დროსაც უნდა მომხდარიყო ხელფასის გაცემა და მოთხოვნის უფლება გრძელდება შემდგომი სამი წლის განმავლობაში, თუ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის და ხელახლა თავიდან ათვლის საფუძველი. დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელეს 2000 წლის 3 თვის ხელფასი არ მიუღია. დასახელებული ვადა უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისად, რადგანაც ამ პერიოდში დაირღვა მისი უფლება მიიღოს შესრულებული ვალდებულების ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 128-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე ხანდაზმულობის გაანგარიშებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2000 წლის შემდეგ გასულია სამ წელზე მეტი დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვეელი, მოთხოვნა ხანდაზმულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
სასამართლოს აღნიშვნით, საქმეში წარმოდგენილია სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის მიმართვა, რომლითაც მოპასუხემ წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ სასაზღვრო პოლიციის №1 სამართველოს უწყისში მის მიმართ დარიცხულია თანხა და ის კრედიტორია. სასამართლომ ჩათვალა, რომ დასახელებული წერილი არ წარმოადგენს ვალდებულების აღიარებას, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მიერ კვების ულუფის კომპენსაციის თანხის დავალიანებად აღიარებასა და მისი გადახდის დაპირებაზე. სასამართლომ მიაჩნია, რომ დასახელებული მიმართვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტია და ის ვალის აღიარებად არ უნდა ჩაითვალოს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კვების კომპენსაციის ნაწილში სარჩელი იყო ხანდაზმული და ამ მხრივ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელი იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელე ლ-----------------ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მიუღებელი ხელფასი თანამდებობრივი სარგოს სახით 107.91 ლარის და წოდებაზე დანამატი - 18.54 ლარის, სულ 126.45 ლარის გადახდა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრვის გათვალისწინებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მითითებით, როგორც საქმეში არსებული მასალებით, მოპასუხის შესაგებლით და სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის №1------ საინფორმაციო ხასიათის წერილით დასტურდება, ლ-----------------ეზე 2000 წელს დარიცხულია (არა ხელზე ასაღები) 1112.65 ლარი, აქედან მოსარჩელის მიერ იანვრიდან სექტემბრის თვეების ჩათვლით მიღებულია დარიცხული ხელფასი 908.20 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება შეადგენს 303.45 ლარს, აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 107,91 ლარს, წოდებრივი სარგო შეადგენს 18,54 ლარს, ხოლო კვების კომპენსაციაა შეადგენს 177,00 ლარს.
3.1.2. აპელანტის აღნიშვნით, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოხელის უფლებაა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს. მხარეებისათვის სადაოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ლ-----------------ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, შესაბამისად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაშიც იღებდა ხელფასს. 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოქმედი კანონმდებლობით (საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ) მოსამსახურეების ხელფასი შედგებოდა შემდეგი მუხლებისაგან: ა) თანამდებობრივი სარგო; ბ) წოდებრივი სარგო და გ)კვების კომპენსაცია. საქმის მასალების თანახმად, ლ-----------------ეს 2000 წელში მიუღებელი ხელფასის სახით დაერიცხა 303,45 ლარი, რომელიც შედგებოდა თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოსა და კვების კომპენსაციისაგან;
3.1.3. აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებაში თანამდებობრივ სარგოსა და კვების კომპენსაციის ნაწილში სასამართლოს მიერ არასწორად იქნა ნამსჯელი და აღნიშნული, როგორც კვების კომპენსაცია, არის ხანდაზმული, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება ის დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ფაქტია, რომ მოსარჩელე იღებდა ხელფასს, რომელიც მოიცავდა როგორც კვების კომპენსაციას, ასევე, თანამდებობრივ სარგოს და წოდებრივ სარგოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა;
3.1.4. აპელანტის მითითებით, არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის და ხელახლა თავიდან ათვლის საფუძველი, ფაქტია, რომ მოსარჩელეს 2000 წლის ხელფასის ნაწილი არ მიუღია. აღნიშნული ვადა უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისად, რადგანაც იმ პერიოდში დაირღვა უფლება მიიღოს შესრულებული ვალდებულების ანაზღაურება. აპელანტი ნაწილობრივ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის N1------ წერილის სამართვლებრივ შეფასებაში, როცა მიუთითებს, რომ დასახელებული წერილი არის საიფორმაციო ხასიათის და ის ვალის აღიარებად არ უნდა ჩაითვალოს, თუმცა გაუგებარია რატომ მიიჩნია სასამართლომ მხოლოდ ის, რომ თითქოს წერილში არ არის მითითებული მოპასუხის მიერ მხოლოდ კვების ულუფის კომპენსაციის თანხის დავალიანებად აღიარება და მისი გადახდის დაპირება. აპელანტს მიაჩნია, რომ წერილში არც კვების კომპენსაციის, არც თანამდებობრივი სარგოსა და არც წოდებრივი სარგოს თანხის დავალიანებად აღიარება არ არის მითითებული. რადგანაც 2000 წლის შემდეგ გავიდა სამ წელზე მეტი დრო და არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის, მოთხოვნა ხანდაზმულია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების წარმოშობის პერიოდის რედაქციით მოქმედი ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები შედიოდნენ საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში.
დასახელებულ სამართლებრივ ნორმაში 2006 წლის 25 მაისის №3--- საქართველოს კანონით შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,საქართველოს სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან’’.
პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პერიოდიდან (2006 წლის 27 დეკემბერი) მიღებული იქნა „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 2014 წლის 1 იანვრიდან), რომლითაც განისაზღვრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, როგორც სპეციალური სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსის მქონე სამართალდამცავი ორგანოს ფუნქციები. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ივლისის №2-- ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის ბრძანებულება ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ’’.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სახელფასო დავალიანების წარმოშობის პერიოდში წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეს, რა მიმართებით ვრცელდებოდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები.
კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა თანამდებობრივი და სამხედრო წოდებების ფულადი სარგოები.
პალატა განმარტავს, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ხელფასის ტერმინის ცნებას. ამ შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო წარმოადგენს იმ საზღაურს, რომლებიც ერთობლიობაში შეადგენს შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შინაარსს, ანუ ზემოაღნიშნული სარგოები წარმოადგენენ არა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, არამედ მოსამსახურის ხელფასს (დამატებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განჩინება საქმეზე ბს-168-161(კ-13).
მსგავსი შინაარსის განმარტებას შეიცავდა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისი N3-- ბრძანებულება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ’’, რომლის მიხედვით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს ეძლეოდათ ყოველთვიური ფულადი სარგო (ხელფასი), მოსამსახურეს – თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო აქტები ავალდებულებს დამსაქმებელს დასაქმებულს აუნაზღაუროს ხელფასი; კერძოდ, ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამინის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. ,,ევროპის სოციალური ქარტიის” მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს. ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თავად მისთვის და მისი ოჯახისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. გარდა ამისა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს. ამდენად, შესრულებული სამუშაოსათვის მოხელის მიერ კანონით დადგენილი გასამრჯელოს მიღება დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა, ვინაიდან როგორც საერთაშორისო აქტები, ასევე საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს მოხელის უფლებას, მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.
ამგვარი რეგულაციაა დადგენილი ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონით, რომლის 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
ამდენად ცალსახაა, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, როგორც ხელფასის შემადგენელი ნაწილის ანაზღაურება. ასევე აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 1341 მუხლის ითვალისწინებდა 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემას წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აღიარა 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურისათვის კუთვნილი სახელფასო დავალიანების დაფარვის უპირობო ვალდებულება. საყურადღებოა ისიც, რომ სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) ბალანსზე მოსარჩელის მიმართ ირიცხება სახელფასო კრედიტორული დავალიანება, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული 2015 წლის 10 სექტემბრის მიმართვა, შესაბამისად აპელანტის მსჯელობა მოთხოვნის ხამდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა (დამატებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განჩინება საქმეზე №ბს-1055-1049(კ-17).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ფაქტობრივად და სამართლებრივად არსებითად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო (ბათუმი) განთავისუფლებულა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 3---ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე