განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310016001258429 (3ბ/2332-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენლები - ნ------------ე, თ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ს--–-----–-----------------–--ე”
წარმომადგენელი - ბ--------–---–---–ი
დავის საგანი - ბეს თანხის დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ს--–-----–-----------------–--ეს” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 14.12.15წ. №-------- წერილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 22.01.16წ. №---- ბრძანება; სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა შპს ,,ს--–-----–-----------------–---------ს” აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი საგარანტიო თანხის 93 298 (ოთხმოცდაცამეტიათასორასოთხმოცდათვრამეტი) ლარის დაბრუნება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 02.10.2015წ. გამოაცხადა აუქციონი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ი------ს ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების თაობაზე ლიცენზიის მიღებისათვის. აუქციონში მონაწილეობის მიზნით შპს ,,ს--–-----–-----------------–--ე” დარეგისტრირდა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ.გვერდზე WWW.EAUCTION.GE .
2.2. შპს ,,ს--–-----–-----------------–--ემ” „ბეს“ სახით გადაიხადა თანხა 93 298 ლარის ოდენობით.
2.3. ელექტრონული აუქციონი 2015 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ხ---ი“. აუქციონის მსვლელობის დროს შპს ,,ს--–-----–-----------------–--ეს’’ ბიჯი არ დაუფიქსირებია. აუციონის დასრულებიდან დღემდე შპს ,,ს--–-----–-----------------–--ეს’’ არ დაბრუნებია ბეს სახით გადახდილი თანხა.
2.4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 14.12.2015წ. წერილით შპს ,,ს--–-----–-----------------–--ეს” ეცნობა, რომ მის მიერ გადახდილი „ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. ხსენებული პასუხი შპს ,,ს--–-----–-----------------–--ეს’’ მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 22.01.2016წ. №---- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს--–-----–------------------–---ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 2.1. მუხლის თანახმად, საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. იმავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს. იმავე კანონის 18.2 მუხლის თანახმად, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს შპს ,,ს--–-----–-----------------–--ემ’’ მონაწილეობა მიიღო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, კერძოდ, აუქციონის მიმდინარეობის დღეს შევიდა ელექტრონულ სისტემაში და აკვირდებოდა ვაჭრობის მიმდინარეობას. იმავე დროს დადგენილია, რომ კომპანიამ ბიჯი არ დააფიქსირა ელექტრონულ აუციონში, რაც სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობად და შესაბამისად, ბეს თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 04.04.2008წ. N------- ბრძანებით დამტკიცებული „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ’’ დებულების 18.8 მუხლი ადგენდა, რომ ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, თუ მონაწილე არ მიიღებდა მონაწილეობას ვაჭრობაში, თუმცა მოპასუხის პოზიცია, რომ ვაჭრობაში მონაწილეობას ადასტურებს ბიჯის დაფიქსირება, არ გამომდინარეობს არც ხსენებული დებულებიდან და არც ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან. სადავო შემთხვევაში ბეს სახით შესატანი თანხა იყო 93 298 ლარი, ხოლო ბიჯის ოდენობა 11 637 ლარი. მოპასუხის პოზიციის მიხედვით, იმისათვის, რომ ბეს თანხა დაბრუნებას დაქვემდებარებოდა, ყველა მონაწილეს უნდა დაეფიქსირებინა ბიჯი. კონკრეტულ შემთხვევაში ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ 2 პირი, თუმცა კანონმდებელი არ ზღუდავს მონაწილეთა რაოდენობას და შესაძლებელი იყო მასში მონაწილეობა მიეღო ათასზე მეტ პირს. მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, ყველა მონაწილე ან დაკარგავდა ბეს თანხის უკან მიღების უფლებას ან იძულებული იქნებოდა დაეფიქსირებინა ბიჯი, თუნდაც ბიჯის დაფიქსირების შემდეგ მის მიერ შეთავაზებული ფასი მიუღებელი და არაგონივრული ყოფილიყო აუქციონში მონაწილე პირისათვის. აუქციონზე არასასურველ ფასის დაფიქსირების შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმავე დებულების მე-18 მუხლით გათვალისწინებულ ბეს თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მეორე საფუძველზე: ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დებულებით გათვალისწინებული დათქმა ,,ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით’’ არ ადასტურებს, რომ ვაჭრობაში მონაწილეობს პირი მხოლოდ ბიჯის დადების შემდეგ. საქალაქო სასამართლომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 04.04.2008წ. N-------- ბრძანებით დამტკიცებული „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ’’ დებულების შესაბამისად მიიჩნია, რომ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას ადასტურებს: 1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების დროს სისტემაში შესვლა/რეგისტრირება; 2 ღია აუქციონის ჩატარების დროს ღია აუქციონზე გამოცხადება. დებულების 15.1 მუხლის თანახმად, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი. ხსენებული დებულების 15.5 მუხლის თანახმად, აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. ამდენად, ვაჭრობა იწყება აუქციონის მომწყობის მიერ განსაზღვრულ დროს და ვაჭრობა დაწყებულად და მიმდინარედ ითვლება, თუნდაც მასში მონაწილე არც ერთ პირს ჯერ არ ჰქონდეს ბიჯი დაფიქსირებული.
2.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, რომ სადავო აქტები კანონშეუსაბამოა, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოპასუხე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს შპს ,,ს--–-----–-----------------–---------ს” აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი თანხის 93 298 (ოთხმოცდაცამეტიათასორასოთხმოცდათვრამეტი) ლარის დაბრუნება.
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო)
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394- ე მუხლების მოთხოვნებით. იმავე კოდექსის 393-ე მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია და გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული და განმარტებული კანონი და გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ,,„ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, თუ მონაწილე არ მიიღებდა მონაწილეობას ვაჭრობაში. თუმცა პოზიცია, რომ ვაჭრობაში მონაწილეობას ადასტურებს ბიჯის დადება, არ გამომდინარეობს არც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულებიდან და არც ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონიდან და დებულებით გათვალისწინებული დათქმა - “ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით” არ ადასტურებს, რომ ვაჭრობაში პირი მხოლოდ ბიჯის დადების შემდეგ მონაწილეობს’’. საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა, რომ ,,ვაჭრობაში მონაწილეობას ელექტრონული აუქციონის ჩატარების დროს სისტემაში შესვლა/რეგისტრირება ადასტურებს’’.
3.3. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულების 18.8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში”. იმავე დებულების მე-7 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით და იგი საწყისი ფასის არა უმეტეს 10%-ის ტოლია. ბიჯი წარმოადგენს თანხის იმ ოდენობას, რომლითაც პრეტენდენტმა შეიძლება გაზარდოს სხვა პრეტენდენტის მიერ დასახელებული ფასი. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, სააუქციონე ვაჭრობა მიმდინარეობს სწორედ ბიჯის დადებით, რაც გამოხატავს აუქციონში მონაწილე პრეტენდენტების ნებასა და მზადყოფნას, სათანადო თანხის დაფიქსირებისა და გადახდის შესაძლებლობით მიიღოს შესაბამისი ლიცენზია. აპელანტის მითითებით, შპს „ს--–-----–---------------–-----ს“ მიერ ბიჯის არ დადება, მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით, ნიშნავს ვაჭრობაში მონაწილეობის არ მიღებას, რაც ზემოაღნიშნული დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს აუქციონში მონაწილე პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის „ბეს“ დაბრუნებაზე უარის თქმის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს. ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების თანმდევ შედეგს წარმოადგენს „ბეს“ სახით გადახდილი თანხის დაბრუნება. შესაბამისად, თუ აუქციონში მონაწილე პრეტენდენტი არ მიიღებს ვაჭრობაში მონაწილეობას, მას ერთმევა საშუალება დაიბრუნოს გადახდილი საგარანტიო თანხა.
3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისათვის რეგისტრირდება შესაბამის ვებ-გვერდზე, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი, ხოლო ვაჭრობა იწყება საწყის ფასზე ონლაინ რეჟიმში ბიჯის დამატებით. შესაბამისად, გაუგებარი და ბუნდოვანია სასამართლოს მიერ რატომ იქნა გაიგივებული აუქციონში მონაწილეობის მიღება ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებასთან. მით უმეტს იმ პირობის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ერთმანეთისგან განასხვავებს აუქციონში მონაწილეობასა და ვაჭრობაში მონაწილეობას. შესაბამისად, ვებ-გვერდზე დარეგისტრირება ვერ იქნება განხილული როგორც ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქციონში მონაწილე პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის „ბეს“ დაბრუნებაზე უარის თქმის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის N---- ბრძანების კანონიერების შეფასებასთან მიმართებაში, ასევე არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, კანონის ის არსებითი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა იგივე საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტიელების მიღება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს (უფლებამონაცვლე სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო) სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.5. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიუთითა №4.1 უდავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. კერძოდ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონის გამოცხადება დასტურდება არა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2015 წლის 01 ოქტომბრის №------ ბრძანებით, არამედ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 01 ოქტომბრის №------ ბრძანებით. სასამართლომ არასწორად მიუთითა №4.1.2 უდავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაზე. კერძოდ, ის გარემოება, რომ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ხ---ი“, დასტურდება არა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 06.11.2015 წლის №------ ბრძანებით, არამედ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 06 ნოემბრის №------ ბრძანებით. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპს ,,ს--–-----–---------------–-----ს” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 14.12.2015 წერილით ეცნობა, რომ მის მიერ გადახდილი ,,ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, მაშინ, როდესაც აღნიშნულის შესახებ შპს ,,ს--–-----–---------------–-----ს” განემარტა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 დეკემბრის №-------- წერილით. შესაბამისად, №4.1.3 უდავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაც სასამართლოს მიერ არასწორადაა მითითებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
3.6. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული და არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” პუნქტების გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს. იმავე კოდექსის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებათა ერთ-ერთი სახეა მხარის ახსნა-განმარტება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს გარემოებები, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, მათ შორის მოპასუხის მიერ მითითებულ პოზიციას სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რითიც სასამართლო ხელმძღვანელობდა. აპელანტის მითითებით, კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული მოპასუხე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სამართლებრივი პოზიცია, არ არის უარყოფილი სააგენტოს მიერ დასახელებული სამართლებრივი დასაბუთებაც, არ არის მითითებული სააგენტოს სამართლებრივი მსჯელობის უსწორობის თაობაზეც. შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.7. აპელანტის მითითებით, შპს ,,ს--–-----–---------------–-----ს” მეორე სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №---- ბრძანების ბათილად ცნობა იყო. საქალაქო სასამართლომ ფაქტობრივად სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა აღნიშნული ბრძანების კანონშესაბამისობის საკითხი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის სამართლებრივი დასაბუთება აღნიშნული აქტის კანონშეუსაბამობასთან მიმართებით. ბუნდოვანია ასევე, სამინისტროსა და სააგენტოს აქტების კანონთან შეუსაბამობის კონკრეტულად რომელი შემთხვევა გვქონდა სახეზე. საქალაქო სასამართლო ბათილობის საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლს. თუმცა არ აკონკრეტებს ბათილობის კონკრეტულ საფუძველს, კერძოდ, სახეზე იყო აქტების კანონსაწინააღმდეგობა თუ აქტის მომზადებისა თუ გამოცემის კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
3.8. აპელანტის მითითებით, შპს ,,ს--–-----–---------------–-----ს” კიდევ ერთი სასარჩელო მოთხოვნა აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი საგარანტიო თანხის 93 298 (ოთხმოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის დაბრუნება იყო. სადაო გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, კონკრეტულად რა სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა სასამართლომ ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სათანაოდ არ არის შეფასებული საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მნიშვნელოვანი გარემოებები, მტკიცებულებები და შუამდგომლობები. მაგალითად, მოსარჩელე მიუთითებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 04 აპრილის №------- ბრძანებით დამტკიცებული ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის “Aა” ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც წარმოადგინდა საკუთარი პოზიცია. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა ეს გარემოებაც, დასაბუთებული არ არის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვაზე უარის შესაბამისი მოტივებიც. გარდა ამისა, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შესაგებელშიც და ზეპირ სხდომაზეც წარმოადგინა არაერთი არგუმენტი მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული არგუმენტები და პოზიცია სასამართლოს სამართლებრივად არც კი შეუფასებია. ყოველივე ზემოთხსენებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ბუნდოვნებას სძენს, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი სამართლიანი განხილვის უფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამომავლოდ არ უნდა ქმნიდეს რაიმე გაურკვევლობას ან შეიცავდეს საეჭვო, სადავო დებულებებს, რაც ხელს შეუშლის მის აღსრულებას, ყოველივე აღნიშნული არღვევს პირის, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინება, საქმე №2ბ/835-16). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზე გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ეპრიმა” ქვეპუნქტებით დადგენილი, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
3.9. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების 7.1 პუნქტში სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ კომპანიის მიერ ბიჯის დაუფიქსირებლობა ელექტრონულ აუქციონში სააგენტოს მიერ შეფასებულ იქნა ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობად და ბეს თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად. შეფასება გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოს თავისუფლებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს საქმის გარემოებები და მიიღოს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციული გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის “ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას მოიაზრებს. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა. კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოხატული ტერმინი ,,დისკრეციული უფლებამოსილება”, იგი გამოიხატება სიტყვებით - ადმინისტრაციულ ორგანოს “შუეძლია”, “უფლება აქვს”, ან “უფლებამოსილია”. მთელ რიგ შემთხვევებში ეს გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან. ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო “ვალდებულია”, “უნდა განახორციელოს”, “უფლება არა აქვს”, “უნდა აიკრძალოს” და ა.შ. ასეთ შემთხვევაში აშკარაა კანონმდებლის ნება: ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული არა აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მაშასადამე შეფასების თავისუფლებაც. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის №1-1/480ბრძანებით დამტკიცებული ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობას ბიჯის მეშვეობით და იგი საწყისი ფასის არა უმეტეს 10%-ის ტოლია. იმავე დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში. აღნიშნული დანაწესით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ ბე არ ექვემდებარება დაბრუნებას. აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დისკრეციას არ წარმოადგენს, ანუ სააგენტო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს კონკრეტული შემთხვევა და საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე, კანონიერების პრინციპითაა შეზღუდული, მას არ აქვს უფლება განახორციელოს კანონსაწინააღმდეგოდ რაიმე ქმედება. ვინაიდან, ბეს დაუბრუნებლობა ეფუძნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული “სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულების იმპერატიულ დანაწესს, ბუნებრივია, აღნიშნული მუხლის ნორმები ატარებს იმპერატიულ ხასიათს და ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულობაზე ვერ იქნება დამოკიდებული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბეს დაუბრუნებლობა არათუ სააგენტოს შეფასების საგანი იყო, არამედ კანონით განსაზღვრული იმპერატიული ვალდებულება იყო.
3.10. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულება, როდესაც მიუთითა, რომ ვაჭრობაში მონაწილეობა მხოლოდ ბიჯის მეშვეობით არ გამომდინარეობდა აღნიშნული აქტის შინაარსიდან და არც ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან. მითითებული დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობას ბიჯის მეშვეობით და იგი საწყისი ფასის არა უმეტეს 10%-ის ტოლია. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ბიჯი წარმოადგენს თანხის იმ ოდენობას, რომლითაც პრეტენდენტმა შეიძლება გაზარდოს სხვა პრეტენდენტის დასახელებული ფასი. ფასის გაზრდა ბიჯის ოდენობაზე ნაკლები სხვა ოდენობით დაუშვებელია. დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. აღნიშნული ნორმების სისტემური ანალიზის მეშვეობით, ცხადი ხდება, რომ, მართალია შპს ,,ს--–-----–---------------–-----მ” მიიღო აუქციონში მონაწილის სტატუსი, თუმცა, ვინაიდან ვაჭრობა ბიჯის მეშვეობით მიმდინარეობს და მას ბიჯი არ დაუდია, შესაბამისად, არც ნება გამოუხატავს რომ თანხის დაფიქსირებისა და გადახდის შესაძლებლობით მიეღო შესაბამისი ლიცენზია. ამრიგად, მას მონაწილეობა ვაჭრობაში არ მიუღია, ვინაიდან დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობას ბიჯის მეშვეობით. აღნიშნული ნორმის (იმ დროს მოქმედი რედაქია) მიზანი უკავშირდება აუქციონის ჩაშლის პრევენციას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების (აუქციონის ჩატარების) ეფექტურობასა და შესაბამისად მმართველობის სტაბილურობას. ხოლო, სასამართლოს ამგვარი განმარტება აღნიშნული დანაწესს უგულებელყოფს და ეწინააღმდეგება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულებას, მის მიზანსა და შინაარსს.
3.11. აპელანტის მითითებით, არასწორია სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოსდა დებულებით გათვალისწინებული დათქმა ,,ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით” არ ადასტურებს, რომ ვაჭრობაში მონაწილეობს პირი მხოლოდ ბიჯის დადების შემდეგ. დებულება ერთმანეთისაგან მიჯნავს აუქციონში მონაწილესა და ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტს. მაგალითად, დებულების მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, ღია აუქციონი ცხადდება ჩაშლილად, თუკი არცერთმა ,,პრეტენდენტმა”, რომელიც ესწრებოდა აუქციონს, საჯარო ვაჭრობაში არ მიიღო მონაწილეობა. დებულების 1-ლი მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის შემტანი პირი, რომელსაც შემდგომ კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი (დებულების მე-15 მუხლი). ამრიგად, დებულებით ერთმანეთისაგან გამიჯნულია, ერთი მხრივ აუქციონში მონაწილე, და მეორე მხრივ ვაჭრობაში მონაწილე პირი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ დასტურდება ბიჯის წარდგენა შპს ,,ს--–-----–---------------–-----ს” მიერ, შესაბამისად, მისი მხოლოდ აუქციონში მონაწილეობა, ვინაიდან მას მინიჭებული ჰქონდა სისტემაში რეგისტრაციისა და სათანადო საფასურის გადახდის მეშვეობით აუქციონში მონაწილის სტატუსი, ვერ ჩაითვლება, რომ იგი მონაწილეობდა ვაჭრობაში.
3.12. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა ელექტრონული აუქციონისას მიმდინარე ვაჭრობის ცნება. სასამართლოს განმარტება, რომ ვაჭრობა დაწყებულად და მიმდინარედ ითვლება, თუნდაც მასში მონაწილე არც ერთ პირს ჯერ არ ჰქონდეს ბიჯი დაფიქსირებული, რაც არსობრივად ეწინააღმდეგება იმ დროს მოქმედ დებულებას. დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ღია აუქციონი ცხადდება ჩაშლილად, თუ არც ერთმა პრეტენდენტმა რომელიც ესწრებოდა აუქციონს საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღო. ამრიგად, თუკი არცერთმა მონაწილემ არ დააფიქსირა ბიჯი, ბუნებრივია, ვაჭრობა არ შედგა. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, ვაჭრობა, დებულების მიზნებისათვის, არ განიმარტება, როგორც ცალმხრივი პროცესი, იგი პრეტენდენტთა მიერ წარმართული აქტიური პროცესია, რაც გამოიხატება ბიჯის დამატებით. უმოქმედობა ანუ ბიჯის წარმოუდგენლობა კი ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობას ნიშნავს. აპელანტის მითითებით, აღნიშნულ საკითხზე (ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის გამო ,,ბეს” დაუბრუნებლობაზე) არსებობს აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაც. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის №ბს-162-160(კ-17) გადაწყვეტილების თანახმად: „დადგენილია, რომ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიუღებლობა გამოწვეული არ იყო დაუძლეველი ძალის ან სხვა ცალსახა დამაბრკოლებელი გარემოების არსებობით. შესაბამისად, გონივრული დაშვების პირობებში, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს დამაჯერებლად ელექტრონულ აუქციონში მისი მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო გარემოებად მიჩნევისათვის. საგარანტიო თანხის უკან დაბრუნების აუცილებელ წინაპირობას „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება წარმოედგენს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საუბარია „ბეს“ სამართლებრივ ბუნებაზე, მაგრამ გადაწყვეტილება არსებითად სწორია, იმდენად, რამდენადაც საგარანტიო ვალდებულების ინსტიტუტის სამართლებრივი განმარტების საფუძველზეც ანალოგიური შედეგი დადგებოდა, რადგან ზემოაღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, „თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში“. ამდენად, აპელანტის მითითებით, დებულების მსგავსი ჩანაწერია ზემოთ მითითებულ აქტში, რა დროსაც უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება, რითიც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის გათვალისწინებით “ბეს” დაბრუნების თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 02.10.2015წ. გამოაცხადა აუქციონი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ი------ს ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების თაობაზე ლიცენზიის მიღებისათვის. აუქციონში მონაწილეობის მიზნით შპს ,,ს--–-----–-----------------–--ე” დარეგისტრირდა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ.გვერდზე WWW.EAUCTION.GE .
4.2. შპს ,,ს--–-----–-----------------–--ემ” „ბეს“ სახით გადაიხადა თანხა 93 298 ლარის ოდენობით.
4.3. ელექტრონული აუქციონი 2015 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ხ---ი“. აუქციონის მსვლელობის დროს შპს ,,ს--–-----–-----------------–--ეს’’ ბიჯი არ დაუფიქსირებია. აუციონის დასრულებიდან დღემდე შპს ,,ს--–-----–-----------------–--ეს’’ არ დაბრუნებია ბეს სახით გადახდილი თანხა.
4.4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 14.12.2015წ. წერილით შპს ,,ს--–-----–-----------------–--ეს” ეცნობა, რომ მის მიერ გადახდილი „ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. ხსენებული პასუხი შპს ,,ს--–-----–-----------------–--ეს’’ მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 22.01.2016წ. №---- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს--–-----–------------------–---ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი.
სამართლებრივი დასაბუთება
4.5. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ბეს თანხის უკან დაბრუნების დავალდებულების საფუძველი.
4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 2.1. მუხლის თანახმად, საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. იმავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს. იმავე კანონის 18.2 მუხლის თანახმად, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს შპს ,,ს--–-----–-----------------–--ემ’’ მონაწილეობა მიიღო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, კერძოდ, აუქციონის მიმდინარეობის დღეს შევიდა ელექტრონულ სისტემაში და აკვირდებოდა ვაჭრობის მიმდინარეობას. იმავე დროს დადგენილია, რომ კომპანიამ ბიჯი არ დააფიქსირა ელექტრონულ აუციონში, რაც სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობად და შესაბამისად, ბეს თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 04.04.2008წ. N------- ბრძანებით დამტკიცებული „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ’’ დებულების 18.8 მუხლი ადგენდა, რომ ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, თუ მონაწილე არ მიიღებდა მონაწილეობას ვაჭრობაში. ამდენად, ცალსახად იყო დადგენილი, რომ მონაწილეს ბე უკან აღარ დაუბრუნდებოდა, თუ იგი მონაწილეობას არ მიიღებდა ვაჭრობაში. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, დებულებით გათვალისწინებული დათქმა ,,ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით’’ არ ადასტურებს, რომ ვაჭრობაში მონაწილეობს პირი მხოლოდ ბიჯის დადების შემდეგ. საქალაქო სასამართლომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 04.04.2008წ. N-------- ბრძანებით დამტკიცებული „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ’’ დებულების შესაბამისად მიიჩნია, რომ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას ადასტურებს: 1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების დროს სისტემაში შესვლა/რეგისტრირება; 2 ღია აუქციონის ჩატარების დროს ღია აუქციონზე გამოცხადება. სააპელაციო პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული დებულებით გათვალისწინებული ნორმები. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის N1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ” დებულების მე-7 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით და იგი საწყისი ფასის არა უმეტეს 10%-ის ტოლია. ბიჯი წარმოადგენს თანხის იმ ოდენობას, რომლითაც პრეტენდენტმა შეიძლება გაზარდოს სხვა პრეტენდენტის მიერ დასახელებული ფასი. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააუქციონე ვაჭრობა მიმდინარეობს სწორედ ბიჯის დადებით, რაც გამოხატავს აუქციონში მონაწილე პრეტენდენტების ნებასა და მზადყოფნას, სათანადო თანხის დაფიქსირებისა და გადახდის შესაძლებლობით მიიღოს შესაბამისი ლიცენზია. შესაბამისად, შპს „ს--–-----–---------------–-----ს“ მიერ ბიჯის არ დადება, მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით, ნიშნავს ვაჭრობაში მონაწილეობის არ მიღებას, რაც ზემოაღნიშნული დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს აუქციონში მონაწილე პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის „ბეს“ დაბრუნებაზე უარის თქმის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს. ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების თანმდევ შედეგს წარმოადგენს „ბეს“ სახით გადახდილი თანხის დაბრუნება. შესაბამისად, თუ აუქციონში მონაწილე პრეტენდენტი არ მიიღებს ვაჭრობაში მონაწილეობას, მას ერთმევა საშუალება დაიბრუნოს გადახდილი საგარანტიო თანხა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაიგივებული აუქციონში მონაწილეობის მიღება ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებასთან. ზემოაღნიშნული დებულებით ერთმანეთისგან არის განსხვავებული აუქციონში მონაწილეობა და ვაჭრობაში მონაწილეობა. შესაბამისად, მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და ვაჭრობის მიმდინარეობისათვის თვალყურის დევნება ვერ იქნება განხილული როგორც ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ცალსახად არის დადგენილი, რომ ვაჭრობაში მონაწილეობა ხდება არა ვებ-გვერდზე შესვლით, არამედ ბიჯის დადებით, რასაც მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების მიზანია ბეს შეტანით მონაწილე დაავალდებულოს არა მხოლოდ იმაში, რომ თვალყური ადევნოს ვაჭრობის მიმდინარეობას, არამედ იმაში, რომ მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში ბიჯის დადების გზით, რათა თავიდან იქნეს აცილებული აუქციონის ჩაშლა. შესაბამისად, თუ პირი დარეგისტრირდება მონაწილის სტატუსით ვებ-გვერზე, მაგრამ შემდეგ მონაწილეობას აღარ მიიღებს ვაჭრობაში და უარს განაცხადებს ბიჯის დადებაზე, მას ბეს თანხა უკან აღარ დაუბრუნდება ზემოაღნიშნული დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს (უფლებამონაცვლე სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო) სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ს--–-----–-----------------–--ეს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, შპს „ს--–-----–-----------------–--ეს“ მიერ თბილისი საქალაქო სასამართლოში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს (უფლებამონაცვლე სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ს--–-----–-----------------–--ეს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ს--–-----–-----------------–--ეს“ მიერ თბილისი საქალაქო სასამართლოში გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე