განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001971670
საქმე №3ბ/242-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ------------–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თე---------------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით თე---------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4--- და 2017 წლის 01 მაისის №M---------------- ბრძანებები და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. თე---------------------ას სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 05 მარტის M---------------- ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში მყოფ ქვედანაყოფებში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის N9-- ბრძანება და დამტკიცდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N8--------. აღნიშნული დანართის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი განისაზღვრა სულ 1118 პირით. ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული კოორდინაციის სამმართველოში განისაზღვრა სამმართველოს უფროსის 01 შტატი, სამმართველოს უფროსის მოადგილის 01 შტატი. ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში განისაზღვრა განყოფილების უფროსის 01 შტატი, განყოფილების უფროსის მოადგილის 01 შტატი, მთავარი ინსპექტორის 07 შტატი. ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს მეორე განყოფილებაში განისაზღვრა განყოფილების უფროსის 01 შტატი, განყოფილების უფროსის მოადგილის 01 შტატი, მთავარი ინსპექტორის 06 შტატი. სულ სამმართველოში ოფიცერთა რაოდენობა შეადგენდა 19 პირს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის M---------------- ბრძანებით, ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის M---------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილება და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N8-------- ჩამოყალიბდა დანართის შესაბამისად. აღნიშნული დანართის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი განისაზღვრა სულ 951 პირით. ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოში განისაზღვრა მთავარი სამმართველოს უფროსის 01 შტატი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის 03 შტატი. ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამსახურში განისაზღვრა სამსახურის უფროსის 01 შტატი, სამსახურის უფროსის მოადგილის 01 შტატი, მთავარი ინსპექტორის 06 შტატი (ვიცე-პოლკოვნიკი), მთავარი ინსპექტორი (სამოქალაქო პირის) 05 შტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 05 მარტის M---------------- ბრძანება და დანართი (იხ. ს.ფ. 58-61);
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის M---------------- ბრძანება და დანართი (იხ. ს.ფ. 55-57).
3.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს მეორე განყოფილების მთავარი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია ,,ვიცე-პოლკოვნიკი’’; შტატის N8--------), თავდაცვის სამხედრო პოლიციის მაიორი თ---------- ზ------ის ძე თ---------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2016 წლის 30 დეკემბრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 01 მაისის M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს მეორე განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია ,,ვიცე-პოლკოვნიკი’’; შტატის N8--------), თავდაცვის სამხედრო პოლიციის მაიორი თ---------- ზ------ის ძე თ---------ა გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის პირველი მაისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4--- ბრძანება (იხ. ს.ფ. 19);
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 01 მაისის M---------------- ბრძანება (იხ. ს.ფ. 21).
3.3. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ნ--- ფ-----–--ას 2017 წლის 16 ოქტომბრის MOD 5------------ წერილით ირკვევა, რომ თე---------------------ას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1394 ლარს, წოდებრივი სარგო 50 ლარს, წელთა ნამსახურების დანამატი 361 ლარს, კვების კომპენსაცია 75 ლარს. სულ დარიცხული 1880 ლარი, საშემოსავლო 376 ლარი. ხელზე ასაღები 1504 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ნ--- ფ-----–--ას 2017 წლის 16 ოქტომბრის MOD 5------------ წერილი (იხ. ს.ფ. 145).
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4--- და 2017 წლის 01 მაისის M---------------- ბრძანებები, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლოს, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა ემსჯელა, შეესაბამებოდა თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს თე---------------------ას მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
4.2. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლომ ასევე მოიხმო მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.
დადგენილია, რომ თე---------------------ა მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს მეორე განყოფილების მთავარი ინსპექტორის (საშტატო კატეგორია ,,ვიცე-პოლკოვნიკი’’; შტატის N8--------) თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
4.3. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
4.4. სასამართლომ მიუთითა „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – სამხედრო პოლიცია) დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და უფლებამოსილებებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის N297 დადგენილებით, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებობს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის N7 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულება განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – სამხედრო პოლიცია) დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, უფლებამოსილებებს და სტრუქტურას. დებულების პირველი მუხლის მეორე ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში – გენერალური შტაბი) სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში – გენერალური შტაბი) სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი და მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით, „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი კანონი) მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესით“ განისაზღვრება სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი, რომელიც ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე.
„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელს სამხედრო პოლიციიდან დაითხოვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის N7 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უფროსის წარდგინებით, სამხედრო პოლიციის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს, ანიჭებს წოდებას და ამტკიცებს სამხედრო პოლიციის საშტატო განრიგს, გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით, მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს მეორე განყოფილების მთავარი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია ,,ვიცე-პოლკოვნიკი’’; შტატის N8--------), თავდაცვის სამხედრო პოლიციის მაიორი თ---------- ზ------ის ძე თ---------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2016 წლის 30 დეკემბრიდან.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 01 მაისის M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს მეორე განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია ,,ვიცე-პოლკოვნიკი’’; შტატის N8--------), თავდაცვის სამხედრო პოლიციის მაიორი თ---------- ზ------ის ძე თ---------ა გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის პირველი მაისიდან.
4.5. სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი კანონი) 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ: საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
აღნიშნული ნორმების ანალიზით ცხადია, რომ მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.
4.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ბრძანებები კი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის N7 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულია სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია. ამავე დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტით ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; ბ) ქვედანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება; გ) სამინისტროს სისტემაში სისხლის სამართლის დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, პროგნოზირება და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარება; დ) ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა და დისციპლინურ გადაცდომათა გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება; ე) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად მიმტოვებელი და დეზერტირობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილ პირთა ძებნა-დაკავება; ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, გენერალურ შტაბსა და მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში (მათ შორის, ჯარის სახეობებში) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასანიშნი და დასაწინაურებელი კანდიდატების მონაცემების შესწავლა, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მიზანშეწონილობის განსაზღვრა; ზ) ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოზე რიცხული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილება და შესაბამისი ანგარიშგება; თ) სამხედრო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების, სამართალდარღვევებისა და სამხედრო ტექნიკის (პირადი შემადგენლობის) გაცილების საჭიროების შესახებ განცხადება-შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია; ი) კომპეტენციის ფარგლებში არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოება; კ) ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და კავშირგაბმულობის საშუალებების მიღება-გაცემის ორგანიზება; ლ) დღე-ღამური ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი სისტემატიზაცია.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 05 მარტის M---------------- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში მყოფ ქვედანაყოფებში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის N9-- ბრძანება და დამტკიცდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N8--------. აღნიშნული დანართის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში განისაზღვრა მთავარი ინსპექტორის 07 შტატი (ვიცე-პოლკოვნიკი). ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს მეორე განყოფილებაში განისაზღვრა მთავარი ინსპექტორის 06 შტატი (ვიცე-პოლკოვნიკი). სულ სამმართველოში მთავარ ინსპექტორთა რაოდენობა შეადგენდა 13 პირს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის M---------------- ბრძანებით ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის M---------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილება და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოში ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამსახურში განისაზღვრა მთავარი ინსპექტორის 06 შტატი (ვიცე-პოლკოვნიკი), მთავარი ინსპექტორის (სამოქალაქო პირის) 05 შტატი, ჯამში 11 საშტატო ერთეული.
ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოში, სადაც მთავარი ინსპექტორის შტატი ჩამოყალიბდა უფრო მცირე რაოდენობით, კერძოდ, 13 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 11 საშტატო ერთეულამდე, თუმცა დებულების შესაბამისად, ზოგადად ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ფუნქციები არ შეცვლილა და დარჩა უცვლელად. როგორც უკვე აღინიშნა საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. ბრძანების ამ კუთხით დასაბუთებით ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციულ მიდგომას. ამდენად, ამგვარ პირობებში, მოპასუხემ უნდა იკვლიოს შესაძლებელი იყო თუ არა თე---------------------ას დარჩენა ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე და დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება.
4.7. სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
4.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4--- და 2017 წლის 01 მაისის №M---------------- ბრძანებები და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4--- და 2017 წლის 01 მაისის №M---------------- ბრძანებები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვერ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნები სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის აზრით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოში რეორგანიზაცია /ოპტიმიზაციის მიზნით განხორციელებული იქნა გარკვეული ცვლილებები, კერძოდ, გაუქმებული იქნა ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამმართველო და მასთან ერთად ამავე სამმართველოში შემავალი პირველი და მეორე განყოფილება. შესაბამისად, გაუქმებული იქნა ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობები, მათ შორის, მეორე განყოფილების მთავარი ინსპექტორის* თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა გათავისუფლებამდე დაკავებული.
ამასთან, აპელანტის აზრით, ვინაიდან სადავო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4--- ბრძანება მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, არსებობდა ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებულია, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება თე---------------------ას სარჩელი.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს თე---------------------ას სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართლზომიერად.
6.3. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. საჯარო მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.
პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). ამავე მუხლის თანახმად, მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ, ვინაიდან სადავო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N4--- ბრძანება მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდგომ, არსებობდა აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში, თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეგორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად გაუქმებას ან რეორგანიაზაციის შედეგად, ასეთი საშტატო ერთეულის დაკავებისათვის განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესებას. საჯარო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა აპრიორი არ გულისხმობს დასაქმებულის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმებას და მის სამსახურიდან დათხოვნას, რის გამოც თე---------------------ა მიმდინარე რეორგანიზაციის პირობებში, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეწყო დარღვეული უფლების დაცვა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჭიროებს ერთიანობაში განხილვას.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად გაკეთებულ დასკვნას, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოში, სადაც მთავარი ინსპექტორის შტატი ჩამოყალიბდა უფრო მცირე რაოდენობით, კერძოდ, 13 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 11 საშტატო ერთეულამდე, თუმცა დებულების შესაბამისად, ზოგადად ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ფუნქციები არ შეცვლილა და დარჩა უცვლელად, საშტატო ერთეული კი გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ., რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული თანამდებობების მხოლოდ რაოდენობრივად გაუქმება იმგვარად, რომ ახალ საშტატო ნუსხაში კვლავ იქნა გათვალისწინებული იგივე თანამდებობა - მთავარი ინსპექტორის საშტატო ერთეული, რომელიც იმავე იერარქიულ საფეხურზეა და მისთვის არ არის დაწესებული ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. იმ პირობებში, როდესაც თე---------------------ას მიერ დაკავებული თანამდებობა კვლავ არსებობს, ამასთან სახეზეა შტატების მხოლოდ რაოდენობრივად შემცირება, აღნიშნული მიუთითებს დამსაქმებელი ორგანიზაციის ვალდებულებაზე საქმის გარემოებათა არსებითი გამოკვლევის შემდეგ გამოეცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ გადმოცემულა დასაბუთება თე---------------------ას პიროვნების, დამსახურების, კვალიფიკაციის შესახებ, ასევე მოტივაცია, თუ რატომ მიენიჭათ უპირატესობა სხვა კანდიდატებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მას შეეძლო თავად დაედგინა მთელი რიგი გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისეთ პირობებში, როდესაც მთავარი ინსპექტორის საშტატო ერთეული იმავე ფუნქციური დატვირთვით, რომელზეც თე---------------------ა იყო დანიშნული კვლავ არსებობს, დამსაქმებელი, მიუხედავად, თუნდაც 13 საშტატო ერთეულიდან 11 საშტატო ერთეულამდე შემცირების შემთხვევაში, ვალდებული იყო გამოეკვლია, შეეფასებინა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოეცა დასაბუთება იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება თე---------------------ას გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ხსენებულ თანამდებობაზე რეორგანიზაციამდე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით, ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდათ დანიშნულიყვნენ რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ ახალ საშტატო ერთეულებზე.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულიად გასაზიარებელია საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალები და მხარეთა პოზიციები სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება.
6.4. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხოლო აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დათქმიდან გამომდინარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლევან მურუსიძე