განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002411123
საქმე №1/ბ-703-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ---------------------ის,მსჯავრდებულ: ე-----------------ის,ადვოკატ: კ---------------ის,თარჯიმან: ი---------------ის
მონაწილეობით,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–------------, პირადი №0----------- საქართველოს მოქალაქის, უმუშევარის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის; ქ-------–----------------------------–--–---- და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–---–----------------------–---------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით ე-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით;
ე-----------------ს საქ. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 02 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით, ე.ი. 10 დღე, რაც საქ. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეადგენს 50 საათს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას და საბოლოოდ ე-----------------ს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ოდენობით.
ე-----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქ. სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ე-----------------სა და მის მეუღლეს ლ--–----------ს შორის, რომლებიც 2010 წლის 04 ოქტომბრიდან იმყოფებიან ქორწინებაში, მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც ე-----------------მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სახეში ხელი დაარტყა მის მეუღლეს ლ--–----------ს, რის შემდეგაც ითრია თმებით. აღნიშნული ქმედებით ლ--–----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ ე-----------------ის მიმართ უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო არამარტო ძალადობის უშუალო მსხვერპლის კანონიერი ინტერესი არამედ არასრულწლოვანი ბავშვის კანონიერი ინტერესის დარღვევის ფაქტიც, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამის მიერ დედაზე ძალადობაში გამოიხატა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ე-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ე-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ლ--–-----------ის, ი-–----------------ის, კ-----------------ის, ე-–------------ის და ა-–--–----------ის გამოკითხვის ოქმებით, ე-----------------ის ალკოტესტით შემოწმების ოქმით, ე-----------------ისა და ლ--–----------ის ქორწინების მოწმობით, რ----------------ის, ი-–----------------ისა და კ-----------------ის დაბადების მოწმობებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩია და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ე-----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ე-----------------ს სრულად აქვს გააცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩანადენს, ამიტომ მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, პატიმრობით შეცლის აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი ე-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ე-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით;
ე-----------------ს საქ. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 02 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით, ე.ი. 10 დღე, რაც საქ. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეადგენს 50 საათს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას და საბოლოოდ ე-----------------ს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ოდენობით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი, ყოველდღიური ხანგრძლივობის და პროცედურების განსაზღვრა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ლ--–------------ის (პირადი №0----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ახალქალაქი, ს/ქ კორპუსი 113, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 677.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6-----------, მესაკუთრე: ლ--–---------- (პირადი №0----------), საკუთრება: ფართი სართული 1, ბინა #1, ფართი: 50.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 6------------------.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი