განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002352548
საქმე №1/ბ-797-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრი საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქის, განქორწინებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ა---–---–------------------------–--------–--ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----––------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით ა-–-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
ა-–-----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 იანვარს საღამოს საათებში ქ-----––---–-----------------------------ზე დროებით მცხოვრებ ა-–-------------------ეს არასრულწლოვან ძმისშვილ ლ------------სთან ერთად მიაკითხა ძმამ გ----------მ სახლში, რომელმაც სთხოვა დისგან მ--–-----------ისაგან დროებით წაღებული DVD მოწყობილობის დაბრუნება, აღნიშნულზე განაწყენებულმა ა-–-----------------ემ ძმას გ----------ს არასრულწლოვან ლ-----------ის თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფეხის დარტყმით ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გ----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ საერთოდ არ იღო ყურად დაზარალებულის მდგომარეობა მისთვის მიყენებული დამამცირებელი მოპყრობის გამო, ასევე არ გაითვალისწინა ჯეროვნად ქმედების განხორციელების მართლსაწინააღმდეგო შედეგი, აღნიშნული სასჯელი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-–-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა-–-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით კერძოდ: მოწმეების გ---------ის და ლ-----------ის ჩვენებებით, 2018 წლის 15 იანვრის N37/05/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმე მ--–----------ის გამოკითხვის ოქმით, გ---------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ა-–-----------------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს ბრალს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ა-–-----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ- ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მსჯავრდებულ ალექსანდრე მოსიძის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი