განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001660426
საქმე №3ბ/1902-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი
22 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - დ----- ბ--------ძე;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი- ი--------–--ა, მ--------------რი;
დავის საგანი - სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანება დ----- ბ--------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დ----- ბ--------ძის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა კონტროლის მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის ან საგანგებო დავალებათა მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მათ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე;
1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ----- ბ--------ძისათვის იძულებით განაცდური ხელფასის, ყოველთვიურად 2202,16 ლარის (ორიათასორასორი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად;
1.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ----- ბ--------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2015-2018 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება, თითოეული წლისათვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
დ----- ბ--------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანება დ----- ბ--------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში; დ----- ბ--------ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 16 თებერვლის MOD 9------------ ბრძანებით დ----- ბ--------ძე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 მარტის MOD 0------------ ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს უფროსს დ----- ბ--------ძეს მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება „თავდაცვის მაიორი“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 28 მაისის MOD 0------------ ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს უფროსი დ----- ბ--------ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მაისის MOD 0------------ ბრძანებით თავდაცვის მაიორი დ----- ბ--------ძე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის MOD 3------------ ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს უფროსი თავდაცვის მაიორი დ----- ბ--------ძე გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 08 თებერვლის MOD 4------------ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის MOD 3------------ ბრძანებაში. განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული ინსპექტირების სამმართველოს უფროსი თავდაცვის მაიორი დ----- ბ--------ძე გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 08 თებერვლის MOD 0------------ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 28 მაისის MOD 0------------ ბრძანებაში და განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს უფროსის მოადგილეს „იუსტიციის მაიორს“ დ----- ბ--------ძეს მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება „თავდაცვის მაიორი“.
მოხელის ნამსახურობის ნუსხის თანახმად, დ----- ბ--------ძეს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა (ს.ფ. 21; 22; 23; 24; 25; 27; 26; 31; 32).
3.2.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის MOD 9------------ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 03 სექტემბრის MOD 5------------ ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურა N1-N18 დანართების შესაბამისად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის MOD 9------------ ბრძანების თანახმად, იგი ძალაში შევიდა 2016 წლის 26 სექტემბრიდან.
მითითებული ბრძანებით დამტკიცებული N11 დანართის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ჩამოყალიბდა ჯამში 67 შტატით, მათ შორის - ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველო - 8 საშტატო ერთეულით, მათ შორის სამმართველოს უფროსის მოადგილის შტატი განისაზღვრა 1 ერთეულით (ს.ფ. 29; 33-35).
3.2.3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 1------------ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის MOD 9------------ ბრძანებით დამტკიცებულ N11 დანართში, რომელიც ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. მისი ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 28 ნოემბერი.
მითითებული ბრძანებით დამტკიცებული N11 დანართით დგინდება, რომ ოპერატიული და საგამოძიებო სამმართველოები ჩამოყალიბდა ერთ სამმართველოდ - ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოდ, სადაც შემცირდა შტატების რაოდენობა. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ჯამში შტატების რაოდენობა განისაზღვრა 30 საშტატო ერთეულით (ს.ფ. 30; 36-37).
3.2.4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს უფროსის მოადგილე თავდაცვის მაიორი დ----- ბ--------ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2016 წლის 28 ნოემბრიდან. ამავე ბრძანების თანახმად, მისი გამოცემის საფუძველი გახდა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის MOD 0 16 0------- ბრძანება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის MOD 0------------ ბრძანება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ (ს.ფ. 28).
3.2.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 20 დეკემბრის MOD 4------------ წერილით, რომელიც დ----- ბ--------ძეს გაეგზავნა 2016 წლის 12 დეკემბრის განცხადების პასუხად, დგინდება, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობათა მოსალოდნელი შესაძლო შემცირების თაობაზე, დ----- ბ--------ძისათვის ცნობილი იყო 2016 წლის 28 ოქტომბერს. აღნიშნული დასტურდება „გაფრთხილებაზე“ დ----- ბ--------ძის ხელმოწერით. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 1------------ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 28 ნოემბერს, გაუქმდა დ----- ბ--------ძის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული. შესაბამისად, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 27 ოქტომბრის MOD 2 16 0------- ბრძანებით, 2016 წლის 29 ნოემბრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შესაძლო შემცირებით. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურის სამოქალაქო პირთა გაფრთხილება დაევალა ამავე სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა 2016 წლის 28 ოქტომბრის MOD 4------------ გაფრთხილებით გენერალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეები, დანართის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნენ სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული გაფრთხილება დ----- ბ--------ძისათვის ცნობილი გახდა 2016 წლის 28 ოქტომბერს, რაც დაადასტურა გაფრთხილების წერილის ასლზე ხელმოწერით (ს.ფ.40-42; 43; 45; 132).
3.2.6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 იანვრის MOD 7------------ წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დ----- ბ--------ძის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურება ხდებოდა შემდეგი ოდენობით: თანამდებობრივი სარგო 1868,00 (ერთიათასრვაასსამოცდარვა) ლარი, წოდებრივი სარგო - 50,00 (ორმოცდაათი) ლარი, დანამატი (ნამს. წლებზე) - 479,50 ლარი (ოთხასსამოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი), დანამატი (საიდუმლო) – 280,20 ლარი (ორასოთხმოცი ლარი და ოცი თეთრი), კომპენსაცია - 75,00 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, ჯამში - 2752,70 ლარი (ორიათასშვიდასორმოცდათორმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი), ხოლო ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 2202,16 ლარი (ორიათასორასორი ლარი და თექვსმეტი თეთრი).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 27 მარტის MOD 8------------ წერილის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ თანამდებობაზე შეადგენდა 1868,00 (ერთიათასრვაასსამოცდარვა) ლარს (ს.ფ. 139-140; 175).
3.2.7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 იანვრის MOD 7------------ წერილითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 16 აგვისტოს MOD 7------------ ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს უფროსის მოადგილეს თავდაცვის მაიორს დ----- ბ--------ძეს მიეცა 2016 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება 27 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით (10 კალენდარული დღე), რაც აუნაზღაურდა 957,46 ლარით (ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 26 იანვრის MOD 7------------ წერილის თანახმად, დ----- ბ--------ძის სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების დღისთვის (2016 წლის 28 ნოემბერი) შეადგენდა 11 წელს, 5 თვეს და 7 დღეს. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების მე-101 პუნქტის გათვალისწინებით, მას ეძლეოდა პროცენტული დანამატი ფულადი სარგოს 25%-ის ოდენობით, კერძოდ, თანამდებობრივ სარგოს (1868,00 ლარი) და წოდებრივ სარგოს (50,00 ლარი) 25% - (1868,00+50,00)*25%=479,50 ლარი. ამავე წერილის მიხედვით, სპეციალური წოდების მქონე პირებზე გასაცემი ხელფასის გაანგარიშება ხორციელდება სამუშაო დღეების მიხედვით. ვინაიდან 2016 წლის აგვისტოს თვეში 23 სამუშაო დღეა, ხოლო დ----- ბ--------ძის საშვებულებო პერიოდი - 10 დღე მოიცავს 8 სამუშაო დღეს, საშვებულებო თანხა გაანგარიშებულია შემდეგი სახით: 2752,70/23*8=957,46 ლარი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 04 აპრილის MOD 2------------ წერილით დგინდება, რომ დ----- ბ--------ძეს 2015-2016 წლებში კუთვნილი შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სხვა განცხადება არ წარუდგენია (ს.ფ. 139-140; 141; 188; 204).
3.2.8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 03 თებერვლის MOD 4------------ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის MOD 9------------ ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული N11 დანართი ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით.
დანართის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამოქალაქო მიმართულებით ჩამოყალიბდა ინსპექტირების მთავარი სამმართველო, რომელმაც თავის თავში სხვადასხვა სამმართველოებთან ერთად გააერთიანა ოპერატიული სამმართველოებიც (ს.ფ. 145; 146-149).
3.2.9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 14 თებერვლის MOD 3------------ წერილით, რომელიც დ----- ბ--------ძეს ეცნობა 2017 წლის 10 თებერვლის N132451 განცხადების პასუხად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2016 წლის 29 ნოემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ფუნქცია-მოვალეობები შეეცვალა 14 სამოქალაქო პირს, ხოლო დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა 6 სამოქალაქო პირი (150-151; 152).
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დ----- ბ--------ძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მუშაობდა 2015 წლიდან. სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის მას დაკავებული ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში განხორციელდა ცვლილებები, რაც გამოიხატა ფუნქციების ცვლილებების გარეშე, ორი სამმართველოს გაერთიანებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის MOD 9------------ ბრძანებით განხორციელდა ცვლილებები და თავიდან დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურა N1-N18 დანართების შესაბამისად. მე-11 დანართით დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სტრუქტურა. აღნიშნულ დანართში კვლავ განხორციელდა ცვლილება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 1------------ ბრძანებით, განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ოპერატიული და საგამოძიებო სამმართველოები ჩამოყალიბდა ერთ სამმართველოდ - ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოდ, შემცირდა შტატების რაოდენობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შტატების რაოდენობა სულ განისაზღვრა 30 საშტატო ერთეულით. 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 1------------ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით, გაუქმდა დ----- ბ--------ძის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული. შესაბამისად, სწორედ ამ ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს უფროსის მოადგილე თავდაცვის მაიორი დ----- ბ--------ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2016 წლის 28 ნოემბრიდან.
სასამართლომ დაადგინა, რომ გაუქმდა დ----- ბ--------ძის მიერ დაკავებული თანამდებობა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ იგი არ გულისხმობს საშტატო ერთეულის ფუნქციურად არარსებობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის N08 ბრძანებით 2017 წლის 31 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ახალი დებულება. მითითებული დებულებით გაუქმდა ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო და განისაზღვრა თითოეული სამმართველოს კომპეტენცია.
აღნიშნული ცვლილებები შეეხო საშტატო ერთეულებსაც, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 03 თებერვლის MOD 4------------ ბრძანების N11 დანართის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამოქალაქო მიმართულებით ჩამოყალიბდა ინსპექტირების მთავარი სამმართველო, რომელმაც თავის თავში სხვადასხვა სამმართველოებთან ერთად გააერთიანა ოპერატიული სამმართველოებიც და თითქმის ყველა მათგანს ჰყავს საკუთარი უფროსი მოადგილესთან ერთად.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანება, დ----- ბ--------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნები სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების, ასევე, 2015-2018 წლებში კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ რეორგაზიაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.
აპელანტის განმარტებით, დაწესებულებაში რეორგანიზაციის შემდგომ, ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოში ოპერატიული სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს ფუნქციების გაერთიანების მიუხედავად, დარჩენილ 8 საშტატო ერთეულზე ვერ მოხდებოდა გაუქმებული ოპერატიული და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლების სრულად დასაქმება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებასთან დაკავშირებით, დ. ბ--------ძე გაფრთხილებულ იქნა 28.10.2016 წლის N MOD 4------------ წერილით, ხოლო თავდაცვის მინისტრის 27.01.2017 წლის N08 ბრძანების შესაბამისად, გენერალური ინსპექციის ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდა 2017 წლის 31 იანვრიდან. 2016 წლის 28 ოქტომბრიდან 2017 წლის 31 იანვრამდე პერიოდი მოიცავს სამ თვეს, ხოლო დ. ბ--------ძის არდანიშვნის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მისი გაფრთხილებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ გამოეცა აქტი მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
5. დ----- ბ--------ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაკმაყოფილდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები.
5.1. დ----- ბ--------ძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
დ----- ბ--------ძე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის N MOD 0------------ ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია რა კანონმდებლობის დანაწესის უგულებელყოფით და ზღუდავს მის კანონიერ უფლებებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოხდეს მისი დაუყოვნებლივ აღდგენა, რამეთუ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოხელის უფლება, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, არ არის დამოკიდებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არსებობაზე, არც იმაზე, გამართლდება თუ არა გათავისუფლებული პირის ინტერესები სამსახურში უკანონო გათავისუფლების გამო აღდგენაზე, ასეთი მოთხოვნის საფუძვლიანობას არ აბათილებს ის ფაქტი, წარადგინა თუ არა განაცხადი გათავისუფლებულმა ან დასაქმებუმა პირმა კუთვნილი შვებულებით სარგებლობისათვის მუშაობის პერიოდში.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
6.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დ----- ბ--------ძემ სააპელაციო ინსტანციაში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მისი სასარჩელო მოთხოვნები შემდეგია:
1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანება დ----- ბ--------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღადგინოს დ----- ბ--------ძე განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ----- ბ--------ძისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 2202,16 ლარის (ორიათასორასორი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ოდენობით მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენის დღემდე;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ----- ბ--------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2015-2018 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია), თითოეული წლისათვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2016 წლის 10 (ათი) კალენდარული დღით შვებულებით სარგებლობის გათვალისწინებით.
ამდენად, დავის ძირითადი საგანია დ----- ბ--------ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება. სადავო აქტით შეიზღუდა მოსარჩელის - დ----- ბ--------ძის შრომითი უფლება. მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო გამართლება.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).
სქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური ზომა გამოიყენოს მის მიმართ. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე დ----- ბ--------ძის სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში კი მოსარჩელე ექვემდებარება უფლებებში აღდგენას სრულად.
დადგენილია, რომ დ----- ბ--------ძეს დაკავებული ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა. იგი აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანებით.
საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ბრძანება მიჩნეულ იქნა კანონის დარღვევით გამოცემულად და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას ასაჩივრებს როგორც მოსარჩელე დ----- ბ--------ძე, ასევე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს სადავო აქტის გამოცემის კანონიერებაზე სრულყოფილად, გასცდეს 32.4 მუხლის ფარგლებს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობის განხილვის თვალსაზრისით.
სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის MOD 0 16 0------- ბრძანება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის MOD 0------------ ბრძანება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 27 ოქტომბრის MOD 0 16 0------- ბრძანებით დადგინდა 2016 წლის 29 ნოემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შესაძლო შემცირებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის N72 ბრძანებით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ცვლილების შედეგად განსხვავებულად ჩამოყალიბდა გენერალური ინსპექციის სტრუქტურა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 სექტემბრის N MOD 9------------ ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული N11 დანართი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
ამდენად, დ----- ბ--------ძის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული სამართლებრივი აქტებით განხორციელდა დაწესებულების რეორგანიზაცია.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები.
ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციის პირობებში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაში, თუმცა მნიშვნელოვანია, ამგვარი შემცირება არ ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. საშტატო ერთეულის შემცირება უპირველესად გულისხმობს მის როგორც რაოდენობრივ, ასევე ფუნქციური ვალდებულებების კუთხით შემცირებას. შემცირებული შტატის ასახვა სხვა სახელწოდებისა თუ უწყების საფარქვეშ არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შტატების შემცირებას. მნიშვნელოვანია შეფასდეს დაწესებულების რეორგანიზაცია შინააარსობრივად, ფუნქციური უფლება-მოვალეობებისა და შტატების ოდენობის ცვლილების ანალიზის გათვალისწინებით. ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საჯარო მოხელის კანონიერი უფლებების დასაცავად, არამედ მთლიანად საჯარო სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის. შტატების შემცირების საფუძველზე, თანამშრომლის გათავისუფლება უნდა იყოს დასაბუთებული, დისკრიმინაციული ნიშნებისგან თავისუფალი, უნდა არსებობდეს ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოება, რაც გაამართლებს კონკრეტული მოხელის გათავისუფლებას სხვა მოხელესთან შედარებით. პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ ამგვარი ტესტის გავლის შემთხვევაში არის შესაძლებელი შტატების შემცირება საფუძვლად დაედოს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას.
პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის, საქმე Nბს-449-442(კ-15), გადაწყვეტილებას, სადაც აღნიშნულია, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ...საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეორგანიზაციის განხორციელებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ სტრუქტურულ დანაყოფს წარმოადგენდა ოპერატიული მთავარი სამმართველო, რომელიც თავის მხრივ აერთიანებდა პირველ და მეორე სამმართველოებს. მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა. გენერალურ ინსპექციაში ასევე შედიოდა ოპერატიული მთავარი სამმართველო, საგამოძიებო ნაწილი (სამმართველო), ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო. დანაყოფის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავდა მოადგილე, რომლის ფუნქციური ვალდებულებები გაწერილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით. 2016 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიულ მთავარი სამმართველოში გათვალისწინებული იყო მთავარი სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული, I სამმართველოში - უფროსის 1, ხოლო უფროსის მოადგილის 1 საშტატო ერთეული; ანალოგიურად იყო გათვალისწინებული II სამმართველოშიც. ჯამში გენერალურ ინსპექციაში გათვალისწინებული იყო 67 საშტატო ერთეული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბერის N72 ბრძანებით 2015 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებაში შესული ცვლილებით, გენერალური ინსპექციის სტრუქტურა ჩამოყალიბდა სხვაგვარად. კერძოდ, გენერალური ინსპექციის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენდა: ა) ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო, რომელიც აერთიანებდა ოპერატიულ განყოფილებას და საგამოძიებო განყოფილებას; ინსპექტირების სამმართველო, რომელიც აერთიანებდა ადმინისტრაციული ინსპექტირების განყოფილებასა და ფინანსური შემოწმების განყოფილებას; გ) შიდა კონტროლის სამმართველო და დ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება. საშტატო ნუსხის შესაბამისად გათვალისწინებულ იქნა სამმართველოს/განყოფილების უფროსის მოადგილე, რომელსაც დაუდგინდა იგივე ფუნქციური უფლება-მოვალეობები, რაც გააჩნდა ცვლილებამდე არსებული დანაყოფის უფროსის მოადგილეს. 2016 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით ოპერტიულ-საგამოძიებო სამამრთველოში გათვალისწინებულ იქნა სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული და უფროსის მოადგილის 1 საშტატო ერთეული, ასევე, ოპერტიული განყოფილების უფროსის 1 საშტატო ერთეული და საგამოძიებო განყოფილების უფროსისთვის 1 საშტატო ერთეული. ჯამში გენერალური ინსპექციაში გათვალისწინებულ იქნა 30 საშტატო ერთეული.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა ცვლილებები, რაც გამოიხატა ფუნქციების ცვლილებების გარეშე, ორი სამმართველოს გაერთიანებაში. მოცემულ ეტაპზე დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა საშტატო ერთეულის შემცირებას, თუმცა ფუნქციური მოვალეობების კუთხით საშტატო ერთეულები გარკვეული რაოდენობით კვლავ დარჩა.
დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საშტატო ნუსხით დამტკიცებულ თანამდებობათა მოსალოდნელი შესაძლო შემცირების თაობაზე დ----- ბაღადავაძე ინფორმირებული იყო 2016 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო ამავე წლის 29 ნოემბერს დ----- ბ--------ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის გათავისუფლებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და დაასაბუთა, თუ რატომ გახდა დ----- ბ--------ძის გათავისუფლება პრიორიტეტული ანალოგიურ პოზიციაზე მყოფ სხვა თანამშრომლებთან შედარებით. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ დ----- ბ--------ძეს ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის პერიოდში (დასაქმებული იყო 2015 წლიდან) მიენიჭა ,,თავდაცვის მაიორის“ სახელმწიფო სპეციალური წოდება, მას არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, დ----- ბ--------ძის გათავისუფლება დაუსაბუთებელია, არ იკვეთება გათავისუფლების კანონისმიერი საფუძვლები. კანონდარღვევით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უნდა იქნეს ბათილად ცნობილი.
დ----- ბ---------ის რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით სამსახურიდან განთავისუფლების უკანონობის დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ სამსახურიდან განთავისუფლებამდე გენერალური ინსპექციის საშტატო რაოდენობა განისაზღვრებოდა 67 ერთეულით (ს.ფ. 35, ტ. 1), რეორგანიზაციის შემდეგ განისაზღვრა 30 საშტატო ერთეულით (ს.ფ. 37, ტ.1), ხოლო 2017 წლის 31 იანვრის შემდეგ და 2017 წლის 21 დეკემბრის შემდეგ კი განისაზღვრა 77 ერთეულით (ს.ფ. 149, ტ.1; ს.ფ. 54 ტ. 2), ანუ სამსახურიდან განთავისუფლების მომენტისათვის არსებულზე 10 ერთეულით მეტით. საშტატო ერთეულების ამგვარი რადიკალური შემცირება, ამ მოტივით დასაქმებულთა განთავისუფლება, მცირე ხანში საშტატო ერთეულების პირვანდელზე მეტად გაზრდა, სააპელაციო პალატას არწმუნებს იმაში, რომ რეორგანიზაცია (შტატების შემცირებით) განხორციელდა არა უპირატესად რაიმე ობიექტური ფაქტორის გავლენით, არამედ თანამშრომელთა, მოცემულ შემთხვევაში კი დ----- ბ--------ძის სამსახურიდან განთავისუფლების მოტივით, რაც სააპელაციო პალატას, ბუნებრივია, უკანონოდ, ადამიანის შრომითი უფლების დარღვევად, საჯარო სამსახურის მიზნის გაუცნობიერებლობად, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დარღვევად, უპასუხისმგებლობად....მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის MOD 0------------ ბრძანება დ----- ბ--------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დ----- ბ--------ძის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თანამდებობაზე აღდგენაც. პალატა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის N08 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება, რომლითაც განისაზღვრა ინსპექციის სტრუქტურა. ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის სახით ჩამოყალიბდა სამოქალაქო მიმართეულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველო, სადაც გაერთიანდა ინსპექტირების სამმართველო და ოპერატიული სამმართველო. მითითებულ დებულებაში თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის N92 ბრძანებით შევიდა ცვლილება და გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ სტრუქტურულ დანაყოფად მიეთითა ინსპექტირების მთავარი სამმართველო, რომელიც მოიცავს სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოსა და სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოს. სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოში გათვალისწინებულია სამმართველოს უფროსის მოადგილის 2 საშტატო ერთეული. ამასთან, მოცემული თანამდებობის ფუნქციური უფლება-მოვალეობები იდენტურია დ----- ბ--------ძის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისა.
პალატა მიუთითებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს N62 ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის თანახმად, სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოადგილის საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენს უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი), მათ შორის სამართლის მიმართულებით.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომით (U-------) დასტურდება, რომ დ----- ბ--------ძემ დაამთავრა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N----- ბრძანებით დამტკიცდა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო. მოცემული ბრძანებით დამტკიცდა მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალი დანართი N4-ის შესაბამისად. N4 დანართის თანახმად, სამართლის მიმართულების დარგს/სპეციალობას წარმოადგენს როგორც სამართალმცოდნეობა, ასევე საერთაშორისო სამართალი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ დ----- ბ--------ძე აკმაყოფილებს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც დადგენილია სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობისთვის.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ბ--------ძის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა; მოსარჩელე აკმაყოფილებს აღნიშნული თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ხოლო დ----- ბ--------ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო აქტს. მითითებული გარემოებები ქმნის დ----- ბ--------ძის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს აღადგინოს დ----- ბ--------ძე მითითებულ თანამდებობაზე.
მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელისათვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.
მითითებული ნორმა წარმოადგენს დასაქმებული პირის სამართლებრივ გარანტიას, რომ იგი უკანონოდ გათავისუფლებისა და შემდგომ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სრულად დაკმაყოფილდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო მიუღებელი შემოსავლით. დადგენილია, რომ დ----- ბ--------ძის შრომითი ანაზრაურების მოცულობა იყო ხელზე ასაღები 2202,16 ლარი. დადგენილია, რომ დ----- ბ--------ძემ ისარგებლა 2016 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით 27 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით (10 კალენდარული დღე), რაც აუნაზღაურდა 957,46 ლარით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ბ--------ძის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის სახით ყოველთვიურად 2202,16 ლარის ოდენობით, განთავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე და 2015-2018 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება, თითოეული წლისათვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, (2016 წელს 10 კალენდარული დღით შვებულებით სარგებლობის გათვალისწინებით, ანუ მისი გამოკლებით) უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საქმის გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარდა სრულყოფილად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რასაც შედეგად მოჰყვა კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემა. აღნიშნული კი დ----- ბ--------ძის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. დ----- ბ--------ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილბა და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
4. დ----- ბ--------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
5. ბათილად იქნას ცნობილი დ----- ბ--------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ნოემბრის ბრძანება.
6. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღადგინოს დ----- ბ--------ძე განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს დ----- ბ--------ძისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 2202,16 ლარის ოდენობით, განთავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენის დღემდე.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ----- ბ--------ძის სასარგებლოდ დაევალოს 2015-2018 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია) თითოეული წლისთვის 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 2016 წელს 10 (ათი) კალენდარული დღით შვებულებით სარგებლობის გათვალისწინებით.
9. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -