განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002108471
საქმე №2ბ/1902-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტი - ზ------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ე-–-----–----–---–ი
წარმომადგენელი - თ-----------–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული დადგენილების გაუქმება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ზ------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2012 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ი--- ე------ს, თ----- ა-–------ეს და ზ------------–--ეს, როგორც იპოთეკარებსა და ზ------ ხ--–-–---–ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ზ------------–--ემ ზ------ ხ--–-–---–ს ასესხა 3000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 27 თებერვალი.
2.2. 2015 წლის 26 ნოემბერს, ნოტარიუსის ე-–-----–----–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2012 წლის 27 აგვისტოს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, კრედიტორს წარმოადგენს ი--- ე------, მოვალეს ზ------ ხ--–-–---–ი, ვალდებულების შესრულების დრო - 2013 წლის 27 თებერვალი. აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხითა და პირგასამტეხლოთი. მოთხოვნის დაკმაყოფილება განისაზღვრა აუქციონზე ზ------ ხ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის, მდებარე, ქალაქი ა-------–------, ქუჩა ჭ-------ე, ჩ-----, №3, რეალი---ციით.
2.3. 2017 წლის 16 აგვისტოს, ზ------------–--ის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაიცა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------).
დადგენილებაში განმარტებულია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ვალდებულების შესრულების დროდ ხელშეკრულებაში მითითებულია 2013 წლის 27 თებერვალი. ამასთან, იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა. იპოთეკის განხორციელების ვადა დამოკიდებულია მოთხოვნის შესრულების ვადაზე. იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი ვალდებულების შეწყვეტა იწვევს უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტასაც. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა (სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებაში) შეადგენს სამ წელს. ვინაიდან, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა გასული იყო (აღემატება სამ წელს სესხთან მიმართებაში), ნოტარიუსმა უარი განაცხადა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. 2012 წლის 27 აგვისტოს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზ------------–--ის ნოტარიუსისადმი მიმართვის დროს, 2017 წლის 16 აგვისტოს, მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული. მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან, 2012 წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული იყო 2013 წლის 27 თებერვალს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2013 წლის 27 თებერვლიდან. მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია და შესაბამისად, არც დაუდასტურებია ხანდაზმულობის ვადის დენასთან დაკავშირებით სხვა გარემოება, კერძოდ, ვადის დენის დაწყება უფრო გვიანი თარიღიდან, ვიდრე 2013 წლის 27 თებერვალია. ამდენად, 2013 წლის 27 თებერვლიდან ნოტარიუსისადმი მიმართვამდე, 2017 წლის 16 აგვისტომდე გასულია სამ წელზე მეტი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. იპოთეკის აქცესორული ბუნება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, იპოთეკის წარმოშობა, გადაცემა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე. იპოთეკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უძრავი ქონება ემსახურება ვალის გადახდის უზრუნველყოფას, იგი დაკავშირებულია ფულად მოთხოვნებთან და მის გარეშე არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკის უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა, არამედ გამოყენებული უნდა იქნეს სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან (მოცემულ შემთხვევაში სასესხო ურთიერთობიდან) გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მითითება ექვსწლიანი ვადის გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან, ნოტარიუსმა ე-–-----–----–---–მა ზ------------–--ეს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი უთხრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობს დადგენილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. ნოტარიუსმა თავის დადგენილებაში სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ 18.08.2017წ. შეიტანა ყალბი მონაცემები იმის თაობაზე, რომ მის მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელძეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი, რომელიც ეკუთვნოდა ი--- ე------ს. დასახელებული ხელშეკრულების მიხედვით უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ზ------ ხ--–-–---–ი. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ნოტარიუსის ეს ჩანაწერი განპირობებულია დღეს არსებული მონაცემების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, მესაკუთრედ ირიცხება ი--- ე------, არის სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ნოტარიუსმა 2015 წლის 26 ნოემბერს, მეორედ, სხვა ნომრით უკანონოდ გასცა ი--- ე------ზე სააღსრულებლო ფურცელი, რის შემდეგაც, ი--- ე------ კვლავ გახდა უძრავი ნივთის მფლობელი. შესაბამისად, ნათელია, რომ სწორედ ეს ადმინისტრაციული დავა გახდა მოსარჩელის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემაფერხებელი საფუძვლის აღმოფხვრის საშუალება. ამასთან, აპელანტს მიაჩნია, რომ სესხი და იპოთეკა არის აბსოლუტურად სხვადასხვა ვალდებულება, რაც გამორიცხავს იპოთეკის აქცესორულ ბუნებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს, მართლზომიერია თუ არა მოპასუხე - ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის ქმედება ზ------------–--ისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა 2012 წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის (სესხის დაბურნება) ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლა. შესაბამისად, განსახილველ დავაში, საკვანძო საკითხს წარმოადგენს არის თუ არა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდისა და აღნიშნულის საფუძველზე იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ წინამდებარე შემთხვევაში მოქმედებს ხანდაზმულობის არა სამწლიანი, არამედ ექვსწლიანი ვადა, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სკ-ის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
დადგენილია, რომ 2012 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ი--- ე------ს, თ----- ა-–------ეს და ზ------------–--ეს, როგორც იპოთეკარებსა და ზ------ ხ--–-–---–ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ზ------------–--ემ ზ------ ხ--–-–---–ს ასესხა 3000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 27 თებერვალი. ზ------------–--ემ, ნოტარიუს ე-–-----–----–---–ს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 16 აგვისტოს. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის ის ვადა, რომელიც ვრცელდება ძირითად, ე.ი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე. აქვე, პალატა მი---ნშეწონილად მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:
სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. სკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალი---ციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)
იპოთეკა სანივთოსამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს (იხ. სკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე, სახეზეა იპოთეკა, როგორც ვალდებულებითი უფლება, ხოლო უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ კი, ის მოიპოვებს აბსოლუტურ ხასიათს და შესაბამისად, რეგისტრაციის ეტაპიდან იპოთეკა სანივთო უფლებაა, რომლის მი---ნი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის უძრავი ქონების კომპენსირებაში გამოიხატება. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და იგი ძირითადი მოთხოვნის გარეშე არ არსებობს, ე.ი იზიარებს ძირითადი მოთხოვნის ბედს. აქცესორული უფლების წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე. განსახილველ შემთხვევაში, უკეთუ, ხანდაზმული იყო ძირითადი მოთხოვნა - სესხად გაცემული თანხის დაბრუნება, ხანდაზმულად მიიჩნევა ასევე დამატებითი მოთხოვნაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალი---ციის თაობაზე. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს 2013 წლის 27 თებერვლიდან, რაც ცხადყოფს, რომ ზ------------–--ის მიერ ნოტარიუსისადმი მიმართვის დროისათვის გასული იყო სამ წელზე მეტი.
4.2. ამასთან, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზე, რომ, ვინაიდან, მოსარჩელე 2013 წლიდან აწარმოებს საჯარო რეესტრთან დავას სადავო უძრავ ქონებაზე ჩანაწერების კანონიერებასთან დაკავშირებით აღნიშნული განხილული უნდა იქნეს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად, სკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
პალატა მიუთითებს, რომ სკ-ის 138-ე მუხლი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს/საშუალებებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა. კერძოდ, აღნიშნული საშუალებებია: სარჩელის შეტანა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად; განცხადებით მიმართვა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ; აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია (იხ. სუსგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საქმე Nას-960-909-2015, 4.12.2015 წელი). ამდენად, ნათელია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისათვის ნიშანდობლივია, რომ წარდგენილი სარჩელი ემსახურებოდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იგი მიმართული უნდა იყოს მოთხოვნის ადრესატისადმი. ზემოაღნიშნულში კი, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დროს მოიაზრება, გამსესხებლის (კრედიტორი) მიერ მსესხებლის (მოვალე) მიმართ თანხის გადახდის მოთხოვნის წარდგენა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 16 აგვისტომდე ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მიმართ ჩანაწერის კანონიერების შემოწმების საფუძვლით დავა და შესაბამისად, სარჩელის შეტანის ფაქტი, განსახილველი მოთხოვნის მიმართ ვერ წარმოშობს სკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგს.
4.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად, დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია: ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დგინდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით განსაზღვრულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი უარს ამბობს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დადგენილია, რომ ზ------------–--ის მიერ ნოტარიუსისათვის მიმართვა 2012 წლის 27 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განხორციელდა სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ (2017 წლის 16 აგვისტო), ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო რა დადასტურება იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას, ნოტარიუსმა მართებულად იხელმძღვანელა ზემოდასახელებული ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, რის გამოც, ზ------------–--ეს მართლზომიერად ეთქვა უარი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------------–--ეს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე