განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002386798 (3/ბ-279-18 წელი)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
13 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ---------------ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განჩინებაზე და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
2018 წლის 05 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა ბ---------------მა, მოპასუხე N2 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმის, სახელად მ-----ს წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით 30 000 ლარის მოპასუხეზე დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სარჩელის ფორმასთან ერთად გაეგზავნა მხარეს, რომელიც ბ---------------ს ჩაბარდა 2018 წლის 16 აპრილს.
2018 წლის 20 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ---------------მა, სადაც აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება ხარვეზის განჩინებას, ვერ წარმოადგენს ნაბეჭდი სახით სარჩელს, ვერ გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს, ამასთან მიიჩნევს, რომ მოთხოვნა დაზუსტებული აქვს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით, ბ---------------ს გაუგრძელდა დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით.
№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მ----–--------–--ის 2018 წლის 08 მაისის მიმართვით, ირკვევა, რომ ბ---------------მა ჩაიბარა ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი, თუმცა ჩაბარების ხელწერილზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, რაც დადასტურებულია სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი 2018 წლის 07 მაისის ოქმით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განჩინებით ბ---------------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, 2017 წლის 06 ივნისს, საჩივარი შეიტანა ბ---------------მა, რაც საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით ბ---------------ის კერძო საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის, გადაუხდელობის გამო და მხარეს განესაზღვრა საპროცესო ვადა - 07 (შვიდი) დღე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამასთან განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
მითითებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს, ბ---------------ს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა - 2018 წლის 29 ივნისს, ამდენად ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო - 2018 წლის 06 ივლისი, 24:00 საათი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 06 ივლისს (იხ. N3 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების შტამპი - 0-----2018) შემოვიდა ბ---------------ის განცხადება, რომლითაც მან არ გამოასწორა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი და ამასთან არც ხარვეზის ვადის გაგრძელებაზე უშუამდგომლებია.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის დადგენილი წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განჩინება სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) დასაშვებობის შემოწმების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო (კერძო) საჩივარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ მიიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით ბ---------------ს დაუდგინდა ხარვეზი, რის გამოსასწორებლადაც მიეცა ვადა 07 (შვიდი) დღე, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს - ბ---------------ის და პირადად ჩაბარდა - 2018 წლის 29 ივნისს (იხ. ხელწერილი განჩინების გადაცემის შესახებ).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება, სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს. სსკ 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. 75-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ხარვეზის შესახებ 2018 წლის 25 ივნისის განჩინება, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---------------ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 372-ე, 374-ე, 414 - 416-ე, 284-2850ე მუხლებითით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ---------------ის კერძო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განჩინებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩეს განუხილველი;
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე