განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2018
საქმის ნომერი
330100117001960491
ინსტანცია
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117001960491

საქმე № 1ბ/662-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ---------------–--ე.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: გ-----–-------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ხ---------–--------------------–---–-------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ბ--------–---–--------.

 

ადვოკატი: თ------------ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ-----–-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით. აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. განაჩენში არ აისახა სრულად ის ჩვენებები, რაც მოწმეებმა დააფიქსირეს სასამართლოში მათ შორის დაზარალებულის და პატრულ ინსპექტორების ჩვენებები. დაზარალებულმა დაკითხვისას განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა როგორ ჯანმრთელობის დაზიანების ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარას ამასთან სიცოცხლის მოსპობის შიში მას არ გასჩენია თუმცა გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების და ცემის შიში გ-----–-------ის მხრიდან. დაზარალებულის განმარტებით ადგილი ჰქონდა მუქარას, რაც შეეხება ფაქტს თუ რამდენად რეალური იყო ეს მუქარა ამ კუთხით აღსანიშნავია რომ გ-----–-------ე წარსულში მკურნალობას გადიოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რაც ცნობილი იყო დაზარალებულისთვის, რომელიც მატერიალურად დამოკიდებული იყო გ-----–-------ეზე. სასამართლო პროცესზე დაკითხვის დაწყებისას დაზარალებულმა საერთოდ განაცხადა რომ დუმილის უფლების გამოიყენება სურდა, სახეზეა ფაქტობრივი გარემოება რომ დაზარალებულს სურდა და ცდილობდა გ-----–-------ისთვის აეცილებინა მოსალოდნელი სასჯელი. მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით გ-----–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სადაც ასევე დაზარალებულია ქ---------------–---ა. საქმეზე მოწმე პოლიციელებმა აჩვენეს, რომ ნახეს შეშინებული ქ---------------–---ა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გ-----–-------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გ-----–-------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე გამართლებულ გ-----–-------ის ადვოკატმა თ------------ემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა გ-----–-------ემ და მისმა ადვოკატმა თ------------ემ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

2017 წლის 01 მაისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ-----–-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 29 აპრილს ქ. თბილისში, ფ------------–-–-–-–---–ის ქუჩაზე არსებულ N1-------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ-----–-------ე სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ქ------- ა------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, ემუქრებოდა მას ცემით, სხეულის დასახიჩრებით, გამოფატრვით და მოკვლით. აღნიშნულის შედეგად, ქ---------------–---ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით, გ-----–-------ე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულ გ-----–-------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ქ---------------–---ასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. მან იგი ბავშვთან ერთად გამოიყვანა თავშესაფრიდან, იქირავა ბინა და მათთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მას ქირის თანხის გადახდა გაუჭირდა და შესთავაზა ნ----------------–---–ს მათთან ერთად გადასვლა და ქირის თანხის გაყოფა, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. 2017 წლის 28 აპრილის ღამეს იყო მორიგე, სახლში დაბრუნდა 2017 წლის 29 აპრილს დილით. ქ---------------–---ამ დაუტოვა ბავშვი და გავიდა საქმეზე, თუმცა სახლში დაბრუნება დააგვიანა, რის გამოც უსაყვედურა და წავიდა სახლიდან. სახლში დაბრუნდა გვიან, თუმცა ქ-------მა კარები არ გაუღო და უთხრა გარეთ დალოდებოდა. იმის გამო, რომ არ უნდოდა მეზობლებს გაეგოთ, რომ ქ-------ი კარებს არ უღებდა, ჩავიდა ქვემოთ, სადაც შეხვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მისთვის უცნობია დაზარალებულმა პოლიცია რატომ გამოიძახა, რადგან მათ შორის არაფერი მომხდარა.

 

დაზარალებულ ქ---------------–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ფ------------–-–-–-–---–ის ქუჩაზე ცხოვრობდა გ-----–-------ესთან ერთად, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა იგი და მისი შვილი თავშესაფრიდან გამოიყვანა. 2017 წლის 29 აპრილს განვითარებული მოვლენებიდან ახსოვს მხოლოდ ის, რომ ბრალდებულმა შეაგინა და მისკენ გაიქაჩა. რეალური მუქარა არ ყოფილა, მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო. გ----ს დანა ან რაიმე იარაღი არ ჰქონია. არ გასჩენია შიში, რომ ის მუქარას შეასრულებდა და ზიანს მიაყენებდა. მხოლოდ იმის შეეშინდა, მათი კამათი ბავშვს არ გაეგო და ამით ზიანი არ მისდგომოდა, საპატრულო პოლიციაც მხოლოდ ამიტომ გამოიძახა. გ---- რომ არ მოკლავდა - არ გამოფატრავდა და არც ჯანმრთელობის დაზიანებას მიაყენებდა, მაშინაც იცოდა და ეხლაც დარწმუნებულია. გამწარებულზე მაქსიმუმ ხელი გაერტყა, რაც ყველა ოჯახში ხდება. ასე რომ არ ყოფილიყო, ბავშვსაც არ დაუტოვებდა.

 

მოწმე ნ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის დასაწყისში გაიცნო გ-----–-------ე, რომელიც ქ. თბილისში, ფ------------–--–-–-–---–ის ქუჩაზე მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. გ-----–-------ემ შესთავაზა მასთან გადასვლა და ბინის ქირის თანხის გაყოფა. ის შეთავაზებას დათანხმდა და გ-----–-------ის დაკავებამდე ორი თვით ადრე გადავიდა მათთან საცხოვრებლად. გ-----–-------ეს და ქ---------------–---ას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და იშვიათად კამათობდნენ. გ-----–-------ე ზრუნავდა, როგორც ქ---------------–---აზე ისე ბავშვზე და მათ მიმართ რაიმე ძალადობა არ შეუნიშნავს.

 

მოწმე მ------------------–ის ჩვენებით, დადგენილია, რომ იგი მუშაობს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს----------–--- მიმართულების მ------–----–ის პატრულ-ინსპექტორად. 2017 წლის 29 აპრილს 16:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში გამოძახების საფუძველზე, თანამშრომელ გ------------–--ესთან ერთად გამოცხადდა ქ. თბილისი, ფ------------–-–-–-–---–ის ქუჩაზე მდებარე N-----------------------ში. ადგილზე მისვლისას სადარბაზოში კიბეებთან დახვდათ გ-----–-------ე, ხოლო ბინის კარი გააღო ქ---------------–---ამ, რომელმაც განაცხადა, რომ გ-----–-------ესთან იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში. გ----მ მასზე განახორციელა ფიზიკური და სექსუალური ძალადობა. ქ---------------–---ა შეშფოთებული იყო, რაც შეეხება ბავშვს, იგი შეშინებული არ ყოფილა. მათი მისვლისას გ-----–-------ე იყო მშვიდად და არანაირი აგრესია არ გამოუხატავს. გ------------–--ის მიერ მოხდა გ-----–-------ის დაკავება და პირადი ჩხრეკა, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა საგამოძიებო ორგანოში.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა გ------------–--ემ.

 

მოწმე ლ-–--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას გ-----–-------ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. შემთხვევის ადგილზე იგი მივიდა გ-----–-------ის დაკავების შემდეგ. გაესაუბრა დაზარალებულ ქ---------------–---ას, რომელმაც განუმარტა, რომ გ-----–-------ე დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით. თუმცა ქ---------------–---ას განმარტებით, მას არ უნდოდა გ-----–-------ის დაკავება გამომდინარე იქედან, რომ სწორედ გ----მ გამოიყვანა თავშესაფრიდან და ზრუნავდა როგორც მასზე, ასევე მის შვილზე.

 

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ირკვევა, რომ გ-----–-------ე დაკავებული იქნა 2017 წლის 29 აპრილს, თბილისში, ფ------------–-–-–-–---–ის ქ. 1----------–--

 

შპს აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათიდან ერკვევა, რომ 2015 წელს გ-----–-------ეს დაუდგინდა დიაგნოზი -მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ-----–-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ-----–-------ის მიერ, ქ---------------–---ას მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ოჯახის წევრის მიმართ მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ-----–-------ის მიერ ქ---------------–---ას მიმართ განხორციელებული მუქარის - შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულ ქ---------------–---ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება იმ საკითხთან დაკავშირებით რეალურად აღიქვა თუ არა გ-----–-------ის მხრიდან განხორციელებული მუაქარა - არის არადამაჯერებელი. მას თავდაპირველად არ სურდა გ-----–-------ის მიმართ ჩვენების მიცემა, შემდგომ დასმულ შეკითხვებზე განმარტა, რომ მისთვის კარგადაა ცნობილი გ-----–-------ის პიროვნება და იგი მას ზიანს არ მიაყენებდა. შემდგომ დააზუსტა, რომ შესაძლოა ეცემა თუმცა დაზიანების მიყენება გამორიცხა, ბოლოს კი პროკურორის შეკითხვაზე განმარტა, რომ გ-----–-------ის მხრიდან ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების მუქარა დაიჯერა. ჩვენების შეფასებისას აღსანიშნავია კონფლიქტის შემდგომ დაზარალებულის ქცევა - იგი მიდის სახლიდან, მის არასრულწლოვან შვილს კი, რომელიც არ არის გ-----–-------ის ბიოლოგიური შვილი უტოვებს ამ უკანასკნელს. ამ საკითხზე თავად დაზარალებულიც ამახვილებს ჩვენებაში ყრადღებას, როდესაც განმარტავს, რომ მას რომ შეშინებოდა ბავშვს გ----ს ხომ არ დაუტოვებდა. მანვე დაადასტურა, რომ არ გასჩენია გ-----–-------ის მხრიდან ზიანის მიყენების შიში - მუქარა იყო ცარიელი სიტყვები და არარეალური. 2017 წლის 29 აპრილს, მომხდარ ოჯახურ კონფლიქტს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს. საქმეზე დაკითხული ყველა სხვა მოწმე ირიბია, რომლებიც უშუალოდ ფაქტის შემსწრენი არ არიან. პალატა განმარტავს, რომ მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული ქ---------------–---ა, რომლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით არ დასტურდება გ-----–-------ის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

ამასთან, პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ-----–-------ის ბრალეულობას და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ-----–-------ის მიერ მუქარის ჩადენის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და ინფორმაციას ფლობენ ქ---------------–---ასგან, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა რომ გ-----–-------ის მხრიდან განხორციელებული მუქარის მას არ შეშინებია, ხოლო ბრალდების მხარის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა გ-----–-------ის მიერ განხორციელებული მუქარით, ნამდვილად განიცადა თუ არა შიში ქ---------------–---ამ. პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ გ-----–-------ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-----–-------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი გ-----–-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-----–-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.

 

გ-----–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ქ---------------–---ას მიერ წარდგენილი 2 (ორი) ერთეული მცენარე კანაფის თესლი (რაც დარჩა საექსპერტო კვლევის შედეგად), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ – განადგურდეს.

 

გ-----–-------ეს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე