განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/627-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - ლ-–----------–--ლის,მსჯავრდებულ - ნ-----------–---–-ს,ადვოკატ - ი----------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ-----------–---–-ს და მისი ადვოკატის ი----------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ------------------------–---–-ს მიმართ - დაბადებული 1--- წლის 1---------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს---------------------------–-------------–----------------------------------------–---------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის განაჩენით:
ნ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ნ-----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 ოქტომბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ნ-----------–---–-ა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნ-----------–---–- თავს დაესხა თბილისში, ჯ-----------------------ში მდებარე შ-------------ს“ კუთვნილ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს ო-–-------–--–--ლს და ლ-------------ეს და დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, თუმცა მათი წინააღმდეგობის გამო თანხის დაუფლება ვერ შეძლო.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ-----------–---–-ა და მისმა ადვოკატმა ი----------ამ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის განაჩენის გაუქმება და ნ-----------–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ნ-----------–---–-ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების ლ------------ძის და ო-–-------–--–--ლის ჩვენებები არ შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერების შინაარს, საიდანაც ირკვევას, რომ ნ-----------–---–- საოპერატოროში არ შევარდნილა და მათგან ფულად თანხას არ ითხოვდა. ასევე, აღნიშნული ჩანაწერით დასტურება, რომ ნ-----------–---–-ს თავზე მოხვეული პოლიეთილენის პარკი, მის სახეს ვერ ფარავდა. ხოლო ექსპერტმა ლ--------–-----მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს წვიმდა და პოლიეთილენის პარკი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იყო ამოღებული, უფრო საწვიმარს გავდა. შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს შეფასება ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის ნაწილში ცდება რეალობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა, რითაც დადგინდებოდა, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები დადასტურებულია სანდო წყაროდან მიღებული, ჯეროვანი ინფორმაციის საფუძველზე. ამ მხირვ ადვოკატი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე არ არის ჩატარებული გამოკვლევა. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მისი მეშვეობით არ დასტურდება, რომ ო-–-------–--–--ლმა სწორედ დანის წართმევის შედეგად მიიღო ხელზე არსებული დაზიანება.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ნ-----------–---–-ს განზრახვაში არ იკვეთება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამ აუცილებელი მაკავლიფიცირებელი ნიშნის გარეშე კი ნ-----------–---–-ს ქმედებაში არ შეიძლება არსებობდეს ყაჩაღობის შემადგენლობა. მსჯავრდებულის ქმედება განპირობებული იყო მასსა და შ------------- შორის არსებული სადავო ვალდებულებითი ურთიერთობებით, რაც სასამართლო სხოდმაზე დაკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს. ნ-----------–---–-ა კარგად იცოდა, თუ რა ვითარებაში მუშაობდა ბენზინგასამართი სადგური და განზრახვის არსბობის შემთხვევაში, თვადასხმის გარეშეც თავისუფლად შეაღწევდა იქ თანხის დასაუფლებლად. ასევე, ვიდეოჩანაწერიდან ნათლად ჩანს, რომ ნ-----------–---–- საოპერატოროში შესვლისას არ ეუფლება მაგიდაზე არსებულ ფულად თანხას და იგი მიმართავს ოპერატორ ლ------------ძეს. ამდენად, აპელანტის შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ სტანდარტს, რის გამოც ითხოვს ნ-----------–---–-ს მიმართ გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ-----------–---–-ა და ადვოკატმა ი----------ამ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, სასამართლო სხდომაზე სრული მოცულობით გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნ-----------–---–-ს მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ნ-----------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ------------ძემ განაცხადა, რომ მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად, სადაც 2017 წლის 2 ოქტომბერს მორიგეობდა ო-–-------–--–--ლთან ერთად. ღამის საათებში საოპერატორო ოთახში შეიჭრა ნ-----------–---–-, რომელსაც თავზე ლურჯი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა შემოხვეული, ხოლო მარჯვენა ხელში პურის საჭრელი დანა ეჭირა. ეს უკანასკნელი ორივე ოპერტორის მიმართულებით იქნევდა დანას, მოითხოვა ფულადი თანხა და თან დაემუქრათ - ,,დროზე, თორემ დაგხოცავთო“. გაუჩნდა დანის დარტყმის შიში. მისმა მეწყვილემ - ო-–--------–--–---–მა კი თავდამსხმელს დანა გადაუღუნა და წაართვა, რა დროსაც ნ-----------–---–ს თავზე შემოხვეული პარკი მოსძვრა და დაინახეს მისი სახე. როგორც ლ------------ძემ განმარტა, ნ-----------–---–- გარეთ გაიყვანეს და დაცვის პოლიცია გამოძახეს, რომელიც დაახლოებით ერთ წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე და დააკავეს ბრალდებული. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ნ-----------–---–- თავდასხმამდეც იყო მისული ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც კომპანიის დირექტორთან ქონდა ხმამაღალი საუბარი, თუმცა ზუსტად რაზე ლაპარაკობდნენ, არ გაუგია; თავდასხმისას მას არ უთქვამს, რომ კუთვნილ თანხას ითხოვდა; შემთხვევის დღეს დაახლოებით 300-400 ლარი ნავაჭრი თანხა ექნებოდათ, რასაც მაგიდის უჯრაში ინახავდნენ. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ბრალდებული იყო მათი ყოფილი თანამშრომელი და ჰქონდა კომპანიის დავალიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ო-–--------–--–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში - ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც მუშაობს ოპერატორად. საღამოს მეწყვილესთან - ლ------------ძესთან ერთად ისვენებდა საოპერატორო ოთახში, რა დროსაც მათთან შევარდა ნ-----------–---–-. მას თავზე შემოხვეული ჰქონდა ლურჯი პოლიეთილენის პარკი, რომელიც თავს მთლიანად უფარავდა, მარჯვენა ხელში დანა ეკავა, ითხოვდა ფულს და დაიმუქრა - ,,ჩქარა, თორე დაგხოცავთო“. მოწმე შეეცადა დანა წაერთმია თავდამსხმელისთვის, რა დროსაც ჭიდაობისას ძირს დაეცნენ, მან ნ-----------–---–ს დანა გადაუღუნა და მოახერხა მისი წართმევა, თუმცა მარცხენა ხელი დაიზიანა. ისინი შეხლა-შემოხლით გავიდნენ გარეთ, ამასთან, ო-–-------–--–--ლმა ღილაკზე თითის დაჭერით გამოიძახა დაცვის პოლიცია, რომლის თანამშრომლებიც მალევე მივიდნენ და დააკავეს ნ-----------–---–-. მოწმემ დაადასტურა, რომ თავდასხმის დღეს, დაახლოებით შუადღისას, ბრალდებული იყო მისული ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც დირექტორს და მენეჯერს ესაუბრა; ნავაჭრ თანხას მაგიდის უჯრაში ინახავდნენ, რაც შემთხვევის დღეს დაახლოებით 300-400 ლარი იქნებოდა; მისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული წარსულში მუშაობდა მათ ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად, თუმცა პირადად არ იცნობდა; იცის, რომ ნ-----------–---–ს ჰქონდა კომპანიის დავალიანება, მაგრამ ბრალდებულისთვის სახელფასო დავალიანების თაობაზე არაფერი სმენია. ამასთან, ნ-----------–---–ს თავდასხმისას კუთვნილი ხელფასი არ უხსენებია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–--------------–---–--ლმა განაცხადა, რომ არის დაცვის პოლიციის თანამშრომელი. 2017 წლის 2 ოქტომბერს სამსახურში მორიგეობისას დაცვის ერთ-ერთი ობიექტიდან მიიღეს გამოძახების შეტყობინება. მოწმე დაახლოებით წუთნახევარში მივიდა შემთხვევის ადგილზე - ქ-------–--–----------------------- მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც დახვდა ბენზინგასამართი სადგურის ორი თანამშრომელი და ბრალდებული ნ-----------–---–-. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ თანამშრომელს ეჩხუბებოდა, ხოლო მეორე მოშორებით იდგა. განუმარტეს, რომ ნ----------–-–--ლს თავზე პოლიეთილენის პარკი ეფარა და დანით შეიარაღებული ცდილობდა მათ დაყაჩაღებას. ნ-----------–---–- შეაჩერეს და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მოწმემ შემთხვევის ადგილზე შეამჩნია, რომ კართან ეგდო დანა და ლურჯი პოლიეთილენის პარკი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------–-–---–მა განაცხადა, რომ არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. 2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე მეწყვილესთან - პ---------------ესთან ერთად ავტომანქანით მოძრაობისას თბილისში, ჯ---------------ზე შენიშნა დაცვის პოლიციის ოპერატიული მანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა სირენა და მოძრაობდა სწრაფად. ისინი გაჰყვნენ დაცვის პოლიციის ავტომანქანას, რომელიც მივიდა ჯ-------------------–- მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან. შემთხვევის ადგილზე ნახეს, რომ დაცვის პოლიციას შეჩერებული ჰყავდა ნ-----------–---–-, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებმა კი მიუთითეს მასზე, რომ დანის მუქარით, სთხოვდათ ფულს. მათ მიერ მოდხა ნ-----------–---–-ს ადგილზე დააკავება.
ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ---------------ემ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 3 ოქტომბერს 00:30-02:40 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ჯ-----------------------ში და წარმოადგენს შ-------------ს“ ბენზინგასამართ სადგურს, რომელსაც აქვს ორ თეთრ ბოძზე შემდგარი სახურავი, რომლის ქვეშ განთავსებულია ორი ჩამსხმელი აპარატი. ჯა--------------ს პარალელურად, გადახურული ტერიტორიის ქვეშ განთავსებულია სადგურის ოპერატორების სამუშაო ოთახი, რომელსაც აქვს მეტალოპლასტმასის ერთფრთიანი კარი და მეტალოპლასტმასის უძრავი ფანჯრები, რომელზეც აკრულია სარეკლამო აბრა. შესასვლელ კარში, გარეთა მხრიდან, ყვითელ პოლიეთილენის საწვიმარზე გდია ხისტარიანი სუფრის დანა, რომლის პირიც მოღუნულია. კარიდან მარჯვნივ, დაახლოებით ერთ მეტრში, გარეთა მხრიდან გდია ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერი. ოპერატორების სამუშაო ოთახი არის ერთგანყოფილებიანი, მარცხენა მხარეს დგას დივანი, მარჯვნივ ფანჯარასთან მიდგმულია საუშაო მაგიდა, მარჯვენა კედელთან კი დგას სამზარეულო მოწყობილბა, კარადა, ტელევიზოორი, კუთხეში, პატარა მაგიდაზე დგას მონიტორი, რომელზეც აისახება ვიდეო კამერების ჩანაწერები. სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, ტერიტორია განათებულია ელექტრონით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა გ---------------–---–მა და ექსპერტმა ლ--------–-----მ დაადასტურეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა და შედგენილი ოქმის სისწორე. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს წვიმდა, თუმცა ამოღებული პარკი იყო ჩეულებრივი პოლიეთილენის პარკი, ლურჯი ფერის შედარებით დიდი ზომის.
2017 წლის 18 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში, ჯ------------------------ში მდებარე შ-------------ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან და ერთი ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ნ-----------–---–-საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ-----------------მ.
2017 წლის 20 ოქტომბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნით დადგენილია, რომ ო-–--------–--–---–ის სხეულზე არსებული დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრები მარცხენა ხელისგულის არეში განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მთლიანობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 2 ოქტომბერს. ექსპერტის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–---- და დამატებით განმარტა, რომ მახვილი საგნის წვეტი, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგანი შესაძლებელია ყოფილიყო - დანაც.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით ირკვევა, რომ პირველ ვიდეოჩანაწერში ჩნდება პირი, რომელიც ქუჩიდან გადმოირბენს ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიას და შერბის საოპერატორო ოთახში. მას თავზე აფარია პოლიეთილენის პარკი. მეორე ვიდეოჩანაწერში ჩანს საოპერატორო ოთახი, სადაც არიან დაზარალებულები. 02.10.2017 წელს 22:03:08 წუთზე ოთახში შერბის ბრალდებული, რომელსაც გაშლილ ხელში უკავია დანა და 22:03:08 საათიდან, 22:03:10 საათამდე აშკარად ,,უღერებს“ ჯერ ერთ მაგიდასთან მდგომ დაზარალებულს, ხოლო შემდეგ მეორეს რომელიც წამოდგა დივნიდან. კადრში ნათლად ჩანს ბრალდებული, რომელსაც თავზე შემოხვეული აქვს პოლიეთილენის პარკი, რომელიც უფარავს თვალების ზედა ნაწილს - წარბებსა და შუბლს და ცხვირის ქვედა ნაწილს - ტუჩებსა და ყბებს. დაზარალებულები ბრალდებულს ოთახში შევარდნისთანავე, სწრაფად ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ თავდამსხმელს და ცდილობენ დანის წართმევას. 22:03:10 წუთზე ძირს ვარდება გაურკვეველი საგანი. დაზარალებულები კი კვლავ ცდილობენ თავდამსხმელის განეიტრალებას და დანის წართმევას. 22:03:16 საათიდან 22:03:17 საათამდე მონაკვეთში ჩანაწერში ნათლად ჩანს ბრალდებულისა და ერთ-ერთი დაზარალებულის სხეულის წინ გაწვდილი დანის პირი. დაზარალებულები კვლავ წინააღმდეგობას უწევენ ბრალდებულს და ცდილობენ მის განეიტრალებას, 22:03:45 საათზე დაზარალებული და თავდამსხმელი ეცემიან ძირს. 22:03:59 საათზე ჩანაწერი სრულდება.
ბრალდებულმა ნ-----------–---–-ა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1 მარტიდან, რვა თვის განმავლობაში, მუშაობდა შ-------------ს“ კუთვნილ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორად. მუშაობის პერიოდში დანაკლისის არსებობისას ხდებოდა ამ თანხის ხელფასიდან დაქვითვა, რის გამოც ხშირად მოსდიოდა უფროსებთან შეკამათება. მისი განმარტებით, ნავაჭრი თანხა დაუთვლელად მიჰქონდათ უფროსებს, თუმცა დანაკლისის შემთხვევაში ანგარიშსწორება მაინც ოპერატორებს უხდებოდათ; დანაკლისს, ასევე იწვევდა აპარატების მუდმივი გაუმართაობა. 2017 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, იგი მივიდა ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც უფროსებმა შესთავაზეს, გაეგრძელებინა მუშაობა და დანაკლისი დაეფარა. ხოლო როდესაც თავისი კუთვნილი ხელფასი მოითხოვა, ხელმძღვანელობამ აბუჩად აიგდო, რასაც მოჰყვა მათ შორის ხმამაღალი კამათი. მისი ხელფასის დავალიანება შეადგენდა დაახლოებით 1000 ლარზე მეტს, თუმცა უფროსები, თავის მხრივ მოითხოვდნენ მისგან დანაკლისის დაფარვას. მანვე დაადასტურა, რომ ხელფასებს თვითონ იღებდნენ მორიგეობის დასრულების შემდეგ, ხოლო დანაკლისის არსებობისას ხელმძღვანელობა არ აძლევდა აღების შესაძლებლობას. მენეჯერ ზ--------------იძეს კი ხელფასების გაცემასთან შემხებლობა არ ჰქონია. მან (ნ-----------–---–-ა) დატოვა იქაურობა და ზ--------------იძეს დაუბარა, რომ საღამოს მიაკითხავდა. დაახლოებით 22:00 საათზე, სამსახურის შემდეგ დაბრუნდა ბენზინგასამართ სადგურზე, იყო ნასვამი, ასევე თავზე პოლიეთილენის პარკი ეფარა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო. ადგილზე მხოლოდ ოპერატორები დახვდნენ, რომლებსაც ჰკითხა უფროსების ადგილსამყოფელი. ამ დროსაც ერთმა ოპერატორმა მისკენ გაიწია და დაიწყეს ჩხუბი, მეორემ კი დაცვის ღილაკს მიაჭირა თითი. ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ როდესაც ბენზინგასამართ სადგურზე მიდიოდა, გზაში იპოვნა პურის საჭრელი გაღუნული დანა და თავის დასაცავად წაიღო თან, რადგან მანამდე როგორც უკვე აღნიშნა ხელმძღვანელობამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აბუჩად აიგდო. თუმცა ოპერატორებთან ჩხუბისას დანა მაშინვე გადააგდო, რადგან შეეშინდა, ვინმე არ დაზიანებულიყო; მას ოპერატორებისთვის ფული არ მოუთხოვია, არც აგრესიული ყოფილა, არ უთქვამს ,,დროზე ფული, თორემ დაგხოცავთო“; ოპერატორებმა აქეთ გაარტყეს ხელი და გაიწიეს მის საცემად; იცოდა, რომ ღამის 22:00 საათისთვის უფროსები ბენზინგასამართ სადგურზე არ იქნებოდნენ, მაგრამ ზ--------------იძე შეიძლება დახვედროდა, იგი გვიანობამდეც რჩებოდა ხოლმე. ნ-----------–---–-ა დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახულ ინციდენტში ის მონაწილეობს, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანა არის ის დანა, რომელიც მან ქუჩაში იპოვა და თან წაიღო.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს, ქონდა თუ არა ნ-----------–---–-ს ქმედებაში ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიაშროება იმაში მდგომარეობს, რომ ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება; ხოლო ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმის მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.
სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა, რომ თითქოს მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების - ლ------------ძის და ო-–-------–--–--ლის ჩვენებები არ შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერების შინაარს და სასამართლოს შეფასება ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის ნაწილში ცდება რეალობას, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულების გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ სასამართლოს მისცეს საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. თითოეულმა მათგანმა თანმიმდევრულად, ლოგიკურად და ურთიერთთანხვედრილად გადმოსცა 2017 წლის 02 ოქტომბერს საღამოს განვითარებული მოვლენები. კერძოდ მიუთითეს, რომ შემთხვევის დღეს, ღამის საათებში საოპერატორო ოთახში შეიჭრა ნ-----------–---–-, რომელსაც თავზე ლურჯი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა შემოხვეული, ხოლო მარჯვენა ხელში დანა ეჭირა. იგი ორივე ოპერტორის მიმართულებით იქნევდა დანას, მოითხოვა ფულადი თანხა და თან დაემუქრათ - ,,დროზე, თორემ დაგხოცავთო“. ო-–--------–--–---–მა ურთიერთდაპირისპირებისას თავდამსხმელს დანა გადაუღუნა და წაართვა. დაზარალებულებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებეი ასახეს სრულყოფილად და ზედმიწევნით; მათ ჩვენებებში მომხდარი ფაქტის თაობაზე არც ერთ დეტალტან დაკავშირებით არ გამოვლენილა წინააღმდეგობები; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, თუ რა პირადი ინტერესი გააჩნდათ ლ------------ძეს და ო-–-------–--–---–ს ეცრუათ სასამართლოს წინაშე და ბრალდებულის წინააღმდეგ მიეცათ არასწორი ჩვენება.
დაზარალებულების ჩვენება ასევე, სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეჩანაწერთან. კადრში ნათლად ჩანს, რომ ნ-----------–---–- მნიშვნელოვანი სისწრაფით გადმოირბენს ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე. იგი სწრაფად შევარდება საოპერატოროში და პირდაპირ დანას უღერებს მაგიდასთან მდგომ ერთ-ერთ დაზარალებულს, ხოლო როდესაც მეორე დაზარალებული წამოდგება დივნიდან, ნ-----------–---–- ტრიალდება მისი მისამართით და მასაც დანას უღერებს. შესაბამისად, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებულია დაცვის მხარის შეფასება, რომ ნ-----------–---–- საოპერატოროში არ შევარდნილა და დაზარალებულებისგან ფულად თანხას არ ითხოვდა. ასევე, ვიდეომასალის მიხედვით, ნ-----------–---–- საკუთარი ინისციატივით არ აგდებს დანას, როგორც ამას დავის მხარე განმარტავს, არამედ დაზარალებულები წინააღმდეგობის გაწევისას ცდილობენ ხელიდან დააგდებინონ, ხოლო იმის შემდეგ, რაც გაურკვეველი ნივთი ვარდება ძირს, ნ-----------–---–ს დანა კვლავ ხელში უჭირავს. რაც შეეხება ფაქტს, რომ ნ-----------–---–ს თავდასხმისას თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა მოხვეული, აღნიშნულთან დაკავშირებითაც დაზარალებულების ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ვიდეოჩანაწერში ასახულ კადრებთად, საიდანაც იკვეთება, რომ ნ-----------–---–ს პოლიეთილენის პარკი მთელს სახეზე არ აქვს ჩამოცმული, იგი თავზე აქვს მოხვეული იმგვარად, რომ უფარავს წარბებს, შუბლს, ტუჩებსა და ყბებს, ანუ თვალები და ცხვირი უჩანს ბრალდებულს. აქვე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადვოკატი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტ ლ--------–-----ს ჩვენებას, რომლის განმარტებითაც, შემთხვევის დღეს წვიმდა, თუმცა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პარკი იყო ჩეულებრივი, არც ისეთი პატარა ზომის პოლიეთილენის პარკი. ექსპერტი არ მიუთითებს, რომ აღნიშნული პარკი საწვიმარს გავდა ან ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულიყო.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა, რითაც დადგინდებოდა მისი სანდოობა და აშკარა იქნებოდა, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები დადასტურებულია ჯეროვანი ინფორმაციის საფუძველზე. პალატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია კანონის მოთხვნათა სრული დაცვით და მის ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის საფუძვლები არ გამოვლენილა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩანაწერის გამოკვლევისას მასზე ასახული ინფორმაცია დაცვის მხარის მიერ არ გამხდარა სადავო და ნ-----------–---–-ა ნათლად დაადასტურა კადრებზე წარმოდგენილ ინციდენტში მონაწილეობა.
პალატა ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაცვის მხარის განმარტებით, ნ-----------–---–-ს განზრახვაში არ იკვეთება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და 2017 წლის 02 ოქტომბერს საღამოს, მსჯავრდებულის ბენზინგასამართ სადგურზე მისვლის მიზანი იყო მხოლოდ მასსა და შ-------------- ხელმძღვანელობას შორის არსებული სადავო ვალდებულებითი ურთიერთობების გარკვევა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე გამოკველული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ნ-----------–---–- დანის დემონსტრირებით შევარდა ბენზინგასამართი სადგურის საოპერატოროში, დანას იქნევდა თანამშრომლების მისამართით და ითხოვთა ფულად თანხას, ამასთან, ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით. პალატისათვის უსაფუძვლო და დამაჯერებლობას მოკლებულია მსჯავრდებულის განმარტება, რომ იგი 22:00 საათზე ბენზინგასამართ სადგურზე მიდის ხელმღვანელობასთან შესახვედრად და კუთვნილი სახელფასო დავალიანების მოსათხოვად, მაშინ, როდესაც თვითონვე ადასტურებს, რომ ამ დროს შ-------------- ხელმძღვანელობა იქ აღარ იქნებოდა; მხოლოდ მენეჯერი ზ--------------იძე შეიძლება დახვედროდა შემთხვევის ადგილზე და ამასთან აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელს ხელფასების გაცემასთან შემხებლობა არ ჰქონია. ასევე არ არის სარწმუნო ნ-----------–---–-ს მითითება, რომ დანა, რომელიც თან ჰქონდა ბენზინგასამართ სადგურზე შესვლისას, გზად მიმავალმა იპოვა ქუჩაში და თან წაიღო, იმ პირებისაგან თავდაცვის მიზნით, რომლებიც იცოდა, რომ მოცემულ მომენტში, ღამის საათებში ადგილზე არ დახვდებოდნენ. მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტებები მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამოირიცხოს მის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. აპელანტის პოზიცია აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ნ-----------–---–-ს მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის მიერ ნ-----------–---–- დამნაშავედ იქნა ცნობილი. არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ნ-----------–---–- არ მოქმედებადა წინასწარ განზრახული მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ, ძალადობის გამოყენების მუქარით დაუფლებოდა სხვის ქონებას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ნ-----------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია მინიმალური სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ-----------–---–-ს და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელიად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აპრილის განაჩენი.
ნ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ნ-----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკი, სუნის კვალი 2 ქილად, ხისტარიანი დანა და ნ-----------–---–-საგან აღებული სუნის კვალის ნიმუში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ერთი DVD და ერთი CD დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე