განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2018
საქმის ნომერი
080210118002049180
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210118002049180

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 570

4 ივლისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძემ

სხდომის მდივანი: თეონა ქიმერიძე

აპელანტები: მ----- ჭ--------–--ე და ნ--- ჭ--------–--ე

წარმომადგენელი: გ------ გ---–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: ქ------- ლ-------ე

წარმომადგენელი: ი----- ა----–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე: ზ---- ლ-------ე

წარმომადგენელი: რ---- ზ-----–---–ი

დავის საგანი: დანაშაულით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

აპელანტების მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

აპელანტების ზ---- ლ-------ისა და ქ------- ლექთაძის მოთხოვნა: ახალი გადაწყვეტილების მიღებით მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხეებისათვის ნაცვლად 3000 ლარისა 1000 ლარის დაკისრება, ასევე ქელეხის ხარჯის 1600 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეებისათვის უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. მ----- ჭ--------–--ემ და ნ--- ჭ--------–--ემ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარეებად ზ---- ლ-------ე და ქ------- ლ-------ე მიუთითეს და ითხოვეს მოპასუხეთათვის სოლიდარულად, დელიქტით (დანაშაულით) მიყენებული ზიანის ანაზღაურება 26 992. 20 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელეთა განმარტებით ისინი ზ------ ჭ--------–--ის მშობლები არიან. 2017 წლის 17 აპრილს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მათი შვილის ზ------ ჭ--------–--ე გარდაიცვალა. ქ.ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ზ---- ლ-------ე მართავდა ქ------- ლ-------ის საკუთრებად რიცხულ ავტომანქანას ,,სანგ იონგ კორანდოს’’ მოდელის, სახ.ნომრით BC404DB, მოძრაობდა 80 კმ/სთ სიჩქარით, ამ ავტომანქანისათვის სხვა მანქანას საფრთხე არ შეუქმნია, ხოლო ქვეითი ზ------ ჭ--------–--ე მოძრაობდა გვერდულზე და ავტომანქანის მოძრაობას ხელს არ უშლიდა. მძღოლმა ზ---- ლ-------ემ დაარღვია მოძრაობის წესები, მანქანა გადავიდა სავალი ნაწილიდან უკიდურეს მარჯვენა მხარეს არსებულ მოხრეშილ გვერდულზე და შეეჯახა ქვეითად მიმავალ ზ------ ჭ--------–--ეს, რომელიც ჩავარდა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ზომები თავის დასაცავად, ზ---- ლ-------ეს კი შეეძლო მისი დახმარება თუმცა მან, განსაცდელში დაუხმარებლად მიატოვა იგი და ადგილიდან მიიმალა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2017წ. განაჩენით ზ---- ლ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სასჯელის მოხდის შემდეგ. ზ---- ლ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან, 2017 წლის 03 ივნისიდან.

4. პროკურორის 2017 წლის 01 ივნისის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ზ------ ჭოხონებილიძის მამა - მ----- ჭ--------–--ე.

5. მოსარჩელეები ითხოვენ აღნიშნული დანაშაულის შედეგად მათთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ აღნიშნავენ, რომ ოჯახის მიერ ზ------ ჭ--------–--ის საფლავის პასპორტის აღების და სარიტუალო მომსახურების ხარჯის სახით გადახდილი იქნა 200 ლარი. ქელეხის სუფრის მოსაწყობად 100 კაცზე- 1600 ლარი, ხოლო ე.წ. ,,გოჭოურას’’ სასაფლაოზე მისი საფლავის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოთა ღირებულებამ, სამშენებლო მასალების შეძენის და ხელოსნების შრომის ანაზღაურების სახით შეადგინა 26906 ლარი.

6. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ახალგაზრდა, ერთადერთი შვილის ნაადრევად და ძალადობრივად გარდაცვალების გამო მშობლები მ----- და ნ--- ჭ--------–--ეები აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში, მათ მიიღეს ძლიერი სულიერი ტანჯვა და სტრესი, რამაც მკვეთრად შეარყია მათი ჯანმრთელობა და რაც დრო გადის ტკივილი უფრო მწვავე და აუტანელი ხდება.

7. ავტომანქანა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, წარმოადგენს მოპასუხე ქ------- ლ-------ის საკუთრებას, რომელიც მან ნებაყოფლობით გადასცა ექსპლოატაციისათვის ზ----

ლ-------ეს. შესაბამისად ის სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს ზ---- ლ-------ესთან ერთად.

8. მოსარჩელეთა განმარტებით: მოპასუხეებს არავითარი თანადგომა არ გამოუხატავთ მოსარჩელეებისათვის არც მატერიალური და არც მორალური თვალსაზრისით, არც არანაირი შეთავაზება მომხდარა მათი მხრიდან ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

9. ამგვარ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელეებმა მოპასუხეებისაგან ითხოვეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 26 992. 20 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეთა პოზიცია:

 

10. მოპასუხე ქ------- ლ-------ის მითითებით, მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენებაში. იგი გულწრფელად განიცდის მოსარჩელეთა შვილის გარდაცვალებას. მას სურდა თანადგომა გამოეხატა მოსარჩელეებისათვის, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. ქ------- ლ-------ის განმარტებით, მისთვის კარგად არის ცნობილი ის განცხდა, რაც გამოწვეული ახლობელი ადამიანის დაკარგვით, რადგან თავად ახალგაზრდამ 21 წლის ასაკში დაკარგა მეუღლე და მარტოხელა დედამ, გაჭირვებაში გაზარდა ერთადერთი შვილი ზ---- ლ-------ე რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ჩადენილი გაუფრთხილეველი დანაშაულისათვის, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთა შვილის სიკვდილი - კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მისჯილი აქვს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელს იხდის ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თავად ქ------- ლ-------ე არის ჯანმრთელობაშერყეული, მეორე ჯგუფის ინვალიდი. მოპასუხე ქ------- ლ-------ე მიიჩნევს, რომ ის არასათანადო მოპასუხეა.

11. მოპასუხე ზ---- ლ-------ემაც წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მიუთითა, რომ იგი მომხდარი გაუფრთხილებელი დანაშაულის გამო განიცდის მძიმე სულიერ ტკივილს. ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურებას მხარს არ უჭერს. ამასთან აღნიშნა, რომ ის თანახმაა გაიღოს მატერიალური ხარჯი მოსარჩელეთათვის, თუმცა არა იმ ოდენობით, რასაც ისინი ითხოვენ.

12. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი. კერძოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში - 6920.36 ლარის ოდენობით, რაც სავსებით საკმარისია ერთი მიცვალებულის საფლავის მოწყობისათვის, საფლავის პასპორტის ხარჯის 200 ლარის და მორალური ზიანის 1000 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ქელეხის ხარჯის გაწევის ნაწილში და მორალური ზიანისათვის 2000 ლარის დაკისრების ნაწილში მოპასუებმა სარჩელი არ ცნეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ზ---- ლ-------ეს და ქ------- ლ-------ეს მოსარჩელეების მ----- ჭ--------–--ის და ნ--- ჭ--------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის 8720 (რვაათასშვიდასოცი) ლარის ანაზღაურება (საფლავის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოთა ღირებულება-6920 ლარი, საფლავის პასპორტის აღების და სარიტუალო მომსახურების ხარჯი-200 ლარი; ქელეხის სუფრის -1600 ლარი); მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ზ---- ლ-------ეს და ქ------- ლ-------ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხეებს ზ---- ლ-------ეს და ქ------- ლ-------ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 468.8 ლარის ოდენობით;

საქმეზე მიღებული უზრუნევლყოფის ღონისძიება - დარჩა უცვლელი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

14. ზ---- ლ-------ე, 2017 წლის 17 აპრილს, მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზ------ ჭ--------–--ეს, რომელიც მიატოვა ადგილზე, ხოლო ეს უკანასკნელი მიღებული დაზიანებების გამო, გარდაიცვალა.

15. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2017წ. განაჩენით ზ---- ლ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სასჯელის მოხდის შემდეგ. ზ---- ლ-------ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 03 ივნისიდან.

16. ავტომანქანა ,,სანგ იონგ კორანდო’’ (სახნომრით BC404DB), რომელსაც მართავდა ზ---- ლ-------ე ავტოავარიის დროს, წარმოადგენს მოპასუხე ქ------- ლ-------ის საკუთრებას.

17. მ----- ჭ--------–--ე და ნ--- ჭ--------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1987 წლის 22 დეკემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ზ------ი ჭ--------–--ე, დაბადებული 1990 წლის 02 ივლისს.

18. ზ------ ჭ--------–--ე 2016 წლის 01 აგვისტოდან 2017 წლის 17 აპრილის ჩათვლით მუშაობდა ქუთაისის რაგბის კლუბ ,,აია’’-ს ექიმ-მასაჟისტად, მისი ხელფასი შეადგენდა 400 ლარს. ხასიათდებოდა როგორც თავისი საქმის პროფესიონალი, რაგბის დიდი მოყვარული, ასევე ძალიან თბილი და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ყველა თანამშრომელთან.

19. ზ------ ჭ--------–--ე ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 2017 წლის 17 აპრილს.

20.ვინაიდან ზ---- ლ-------ის მიერ ჩადენილმა საგზაო-სატრანსპორტო დანაშაულმა გამოიწვია ზ------ ჭ--------–--ის გარდაცვალება, მისი მამა მ----- ჭ--------–--ე სისხლის სამართლის #076170417003 საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.

21. შპს ,,ქართული ტრადიციები 2011’’-ის მიერ ,,გოჭოურას’’ სასაფლაოზე გაცემულ იქნა საოჯახო საფლავის პასპორტი ზ------ ჭ--------–--ის დაკრძალვისათვის, რომლის ღირებულებამ სარიტუალო მომსახურების ჩათვლით შეადგინა 200 ლარი.

22. 04.08.2017 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზ---- ლ-------ე წარმოადგენს ქ.ქუთაისი, ქ. ვაჟა-ფშაველა, №128 (ყოფილი №116)-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეს ლევანი ლ-------ესთან ერთად.

23. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ მ----- ჭ--------–--ის დიაგნოზია: ძილის დარღვევები (G47), დაძაბულობის თავის ტკივილი (G44.2), ხოლო ნ--- ჭ--------–--ის დიაგნოზია: დაძაბულობის თავის ტკივილი (G44.2), ძილის დარღვევები (G47), სხვა შერეული შფოთვითი აშლილობები F41.3. ესაჭიროებათ ამბულატორიული მეთვალყურეობა.

24. მცირე მეწარმე ერმილე ბარაბაძის მიერ ე.წ. ,,გოჭოურას’’ სასაფლაოზე მ----- ჭ--------–--ის დაკვეთით შესრულებულია საფლავის ლითონის სახურავი და მისი დამზადება, შეღებვა-მონტაჟისათვის მიღებული აქვს 800 ლარი.

25. ქ------- ლ-------ე ქორწინებაში იმყოფებოდა თამაზ ლ-------ესთან. თამაზი ლ-------ე გარდაიცვალა 1980 წლის 16 ივნისს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ზ---- ლ-------ე, დაბადებული 1980 წლის 26 ნოემბერს.

26. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 29.08.2017წ.გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ქ------- ლ-------ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, უვადოდ. მისი სოციალური პაკეტი/ფულადი კომპონენტი თვეში შეადგენს 100 ლარს.

27. ი/მ ლევანი ლეკიშვილის მიერ 11.08.2017წ. გაცემული #08 ცნობის თანახმად, მას დაქვემდებარებულ სარიტუალო დარბაზში, მდებარე ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43-ში 2017 წლის 22 აპრილს გაიმართა ა/გარდაცვლილი ზ------ი ჭ--------–--ის დაკრძალვის სუფრა 130 კაცზე. მომსახურების თანხა 1600 (ათასექვსასი) ლარი გადახდილ იქნა ზ------ ჭ--------–--ის მამის მ----- ჭ--------–--ის მიერ.

28. სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის #006207517 დასკვნის მიხედვით (ექსპერტი ილია აბესაძე), ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ.ქუთაისში ,,გოჭოურას’’ სასაფლაოზე მდებარე ზ------ ჭ--------–--ის საფლავის მოწყობაზე გამოყენებული მასალების საბაზრო ღირებულება მოცემულია დანართ №1-ში და საორიენტაციოდ შეადგენს 16260.75 ლარს, ხოლო ამ სამუშაოების სახელფასო საბაზრო ღირებულება მოცემულია დანართ #1-ში და საორიენტაციოდ შეადგენს 8831.45 ლარს.

29. სასამართლო - ექსპერტიზის #006997317 დასკვნის მიხედვით (ექსპერტი ილია აბესაძე), ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობასა და ქვის მასალით მოპირკეთებაზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მონაცემებისა და მასალის გათვალისწინებით, მოცემულია #1 დანართში და საორიენტაციოდ შეადგენს 6920.36 ლარს.

30. ამგვარ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 998-ე, 999-ე, 408-ე და 412-ე მუხლებზე მითითებით მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

31. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული როგორც მოსარჩელე მხარის მიერ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ისე მოპასუხე მხარის მიერ. მოპასუხე მხარე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მორალური ზიანის 3000 ლარიდან 2000 ლარის და ქელეხის ხარჯის დაკისრების ნაწილში.

31. აპელანტების მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების განმარტებით: უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.03.2018წ. გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად-მოპასუხეებს, ზ---- ლ-------ეს და ქ------- ლ-------ეს მოსარჩელეების, მ----- ჭ--------–--ის და ნ--- ჭ--------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დამატებით დაეკისროთ 25092-8720=16372,2 ლარის გადახდა. შესაბამისად, იმავე მოპასუხეებს იმავე მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ ექსპერტიზის ჩატარებაზე გაწეული ხარჯი 586,24 ლარი.

32. აპელანტები მიუთითებენ, რომ ერთი და იმავე საექსპერტო დაწესებულების, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, გაცემული 2 ექსპერტიზის დასკვნიდან, სასამართლომ უპირატესობა არასწორად მიანიჭა №006997317 დასკვნას, რომელიც მხოლოდ თეორიული პასუხია მოპასუხე მხარის წარმომადგელის რ---- ზ-----–---–ის მიერ დასმულ კითხვაზე. პრაქტიკულად ეს დოკუმენტი ექსპერტიზის დასკვნას არ წარმოადგენს, ვინაიდან იგი არ ეყრდნობა ზ------ ჭ--------–--ის საფლავის აზომვის, შესწავლის და საექსპერტო კვლევის კონკრეტულ მონაცემებს და ზოგადად მიუთითებს „ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობასა და ქვის მასალით მოპირკეთებაზე შესასრულებელი სამუშაოების საბაზრო ღირებულებაზე ექსპერტიზაზე წარდგენილი მონაცემებისა და მასალის გათვალისწინებით. ამ მონაცემებსა და მასალებზე ექსპერტიზას შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინა მოპასუხე მხარის ადვოკატმა. აპელანტთათვის გაუგებარია, საიდან და ვისგან შეიკრიბა მსგავსი მონაცემები მოპასუხე მხარის მიერ და რატომ მიიჩნია ისინი სარწმუნოდ ექსპერტიზამ.

33. თავად ექსპერტიზის №006997317 დასკვნაში არსად არის მითითებული, რომ 6920,36 ლარი წარმოადგენს ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობის, ქვის მასალით, საშუალო საბაზრო ღირებულებას, რა კითხვაც ექსპერტიზას დაუსვა მოპასუხე მხარემ, არამედ, აღნიშნული თანხა გამოყვანილი იქნა მოპასუხე მხარის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი მონაცემებისა და მასალების გათვალისწინებით, რომლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების 7.3. პუნქტში იმის აღნიშვნა, რომ „მიცვალებულისათვის აუცილებელი საშუალო ღირებულების საფლავის მოწყობა ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია 6920,36 ლარად“ - არასწორია, რადგან №006997317 ექსპერტიზის დასკვნაში მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება.

34. აპელანტები მიუთითებენ, რომ ზ------ ჭ--------–--ის საფლავი არ წარმოადგენს ძვირადღირებული მასალით და ძვირადღირებული ხელოსნის მიერ მოწყობილ საფლავს. აღნიშნული საფლავის მოწყობის საბაზრო ღირებულება (მასალები, ხელფასი) ექსპერტიზის №006207517 დასკვნით განისაზღვრა 25 092,2 ლარით, რაც ემთხვევა მოწმე (ხელოსან) თეიმურაზ უკლებას ჩვენებას იმ ნაწილში, რომ ამავე საფლავის მოწყობისათვის მან გარდაცვლილის მშობლებისაგან საზღაურის სახით ეტაპობრივად მიიღო 25 000 ლარი. სასამართლომ არ გაითვალისწინა და სწორად არ შეაფასა თეიმურაზ უკლებას ჩვენება იმ ნაწილშიც, რომლის თანახმად, საფლავის ღირებულების გაზრდა გამოიწვია მისმა თავისებურმა ადგილმდებარეობამ, კლდის ნაპირას არსებობამ, რამაც მოითხოვა 2 მ. სიღრმეში ჩასვლა და ბეტონის კედლის მოწყობა.

35. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაწილი ფაქტობრივი გარემოებებისა საქმეზე სწორად დაადგინა და მათ მისცა მართებული სამართლებრივი შეფასება. ეს განსაკუთრებით შეეხება დანაშაულით მიყენებული მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურებას, რაც სასამართლომ სავსებით სწორად გადაწყვიტა, როგორც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის და ადამიანის უფლებათა ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს პრეცედენტების საფუძველზე. რაც შეეხება დანაშაულით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ სწორად არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება და მათ არ მისცა მართებული სამართლებრივი შეფასება.

36. სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა მოაწყვეს შვილის საფლავი და გაიღეს ქელეხის ხარჯები, მაგრამ ამ ხარჯებიდან სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საფლავის მოწყობაზე გადახდილი 25092,20 ლარის მოპასუხეებზე სრულად დაკისრება, რადგან მიცვალებულისათვის აუცილებელი საშუალო ღირებულების საფლავის მოწყობა ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია 6920,36 ლარად. რეალურად აღნიშნული საფლავის მოწყობაზე გაწეულმა ხარჯმა, თანახმად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 11.08.2017წ.-23.10.2017წ. №006207517 ექსპერტიზის დასკვნისა, შეადგინა სულ - 25 092,2 ლარი, რაშიც შედის მასალების საბაზრო ღირებულება 16260,75 ლარი და შესრულებული სამუშაოების სახელფასო საბაზრო ღირებულება 8831,45 ლარი. აპელანტთა მოსაზრებით სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

37. აპელანტებმა ქ------- ლ-------ემ და ზ---- ლ-------ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ითხოვეს, კერძოდ ქელეხის ხარჯის - 1600 ლარის დაკისრებაზე უარის თქმა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ნაცვლად 3000 ლარისა, მათთვის 1000 ლარის დაკისრება.

38. მათი განმარტებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ მორალური ზიანი 3000 ლარის ოდენობით, რაც არ არის გონივრული და სამართლიანი ოდენობა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის. ის არ შეესაბამება მოპასუხის ქონებრივ მდგომარეობას. გარდა ამისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება ფულადი სახით. არც სამოქალაქო სამართლის კოდექსი და არც სხვა კანონები არ ითვალისწინებენ მორალური ზიანის განსაზღვრის ზუსტ წესს. კანონმდებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ კრიტერიუმების განსაზღვრით, რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მორალური ზიანის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას. სასამართლო პირველ რიგში მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხს. ბრალი სამოქალაქო სამართალში არის პასუხისმგებლობის პირობა და არა ზომა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია გამონაკლისი, ამიტომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ზიანის მიმყენებლის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი.

39. დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ თითეულ კონკრეტულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრება არა ექვივალენტობის პრინციპით, არამედ საქმის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, მორალური ზიანის ხარისხის და ხასიათის, ასევე დაზარალებულისა და ზარალის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტები ითხოვენ სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების ათვალისწინებას, რომ ზ---- ლ-------ე აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს (იხ. ზ---- ლ-------ის მიმართ გამოტანილი განაჩენი), ასევე მოპასუხე ქ------- ლ-------ე მძიმედ განიცდის მომხდარ ფაქტს, ეს იყო გაუფრთხილებლობითი ბრალით ჩადენილი დანაშაული, რომლისთვისაც მოპასუხე ზ---- ლ-------ე კიდევ 5 წელი უნდა იყოს პატიმარი, ხოლო მოპასუხე ქ------- ლ-------ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შრომიუუნარო ინვალიდი, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გამოიმუშაოს თანხა. რაც შეეხება დაყადაღებულ მანქანას, მხარე თანახმაა მისი რეალიზაციით აანაზღაუროს ზიანის გარკვეული ნაწილი, ხოლო მოპასუხე ზ---- ლ-------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელ სახლს, - მართალია საჯარო რეესტრის სამსახურში ზ---- ლ-------ე დარეგისტრირებულია 1/2 მესაკუთრედ, რეალურად კი სახლის უმეტესი ნაწილი ეკუთვნის მის ბიძას ლევან ლ-------ეს. სხვა რაიმე ქონება თუ შემოსავალი მოპასუხე მხარეებს არ გააჩნიათ და ასეთ პირობებში მათ არ შეუძლიათ აანაზღაურონ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მორალური ზიანის ეს ოდენობა, გონივრულად ოდენობად კი მიიჩნევენ 1000 (ათასი) ლარის დაკისრებას.

41. სასამართლომ ასევე უკანონოდ დააკისრა მოპასუხეებს ქელეხის ხარჯის 1600 ლარის გადახდა, ვინაიდან მხარეები არიან მეზობლები და მათთვის ცნობილია, რომ ქელეხი არ ყოფილა. საქმეში წარმოდგენილი მარტოოდენ ცნობა და მოწმე ნინო გოქაძის (ისიც არაპირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელიც ქელეხზე არ ყოფილა და გადმოცემით იცის ამის შესახებ) ჩვენება არ გამოდგება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად. შესაბამისად აპელანტები ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვენ.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

42. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების ახსნა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ არემოებათა გამო:

43. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 აპრილს ზ---- ლ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, მომხდარი ავტოავარიის შედეგად ზ------ ჭ--------–--ე გარდაიცვალა.

44. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2017წ. განაჩენით ზ---- ლ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სასჯელის მოხდის შემდეგ. ზ---- ლ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან, 2017 წლის 03 ივნისიდან.

45.საქმეში, ტ.3. ს.ფ. 19-24-ზე წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა - გარდაცვლილი ზ------ ჭ--------–--ის საფლავის მოწყობისთვის გაწეული ხარჯების შესახებ. მითითებული #006207517 დასკვნის მიხედვით (ექსპერტი ილია აბესაძე) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ.ქუთაისში ,,გოჭოურას’’ სასაფლაოზე მდებარე ზ------ ჭ--------–--ის საფლავის მოწყობაზე გამოყენებული მასალების საბაზრო ღირებულება მოცემულია დანართ №1-ში და საორიენტაციოდ შეადგენს 16260.75 ლარს, ხოლო ამ სამუშაოების სახელფასო საბაზრო ღირებულება მოცემულია დანართ #1-ში და საორიენტაციოდ შეადგენს 8831.45 ლარს.

46. საქმეში ასევე განთავსებულია სასამართლო - ექსპერტიზის #006997317 დასკვნა (ტ.3. ს.ფ. 70-72), რომელიც პასუხს სცემს შეკითხვას - თუ რას შეადენს ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობა ქვის მასალით, საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით. დასკვნის თანახმად: ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობასა და ქვის მასალით მოპირკეთებაზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მონაცემებისა და მასალის გათვალისწინებით, მოცემულია №1 დანართში და საორიენტაციოდ შეადგენს 6920.36 ლარს.

47.უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას საქმეში წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნებს, რომელთა ავტორი ერთი და იგივე ექსპერტი ილია აბულაძეა, პალატა ასკვნის, რომ საექსპერტო დასკვნები არ არის ურთიერთგამომრიცხავი (ამაზე არც მხარეები მიუთითებენ) და მათი სამართლებრივი შეფასება სასამართლოს საკითხია

48. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით, პალატა ერთმნიშვნელოვნად და დადასტურებულად მიიჩნევს იმფაქტობრივ გარემოებას, რომ გარდაცვლილის ზ------ ჭ--------–--ის საფლავის მოწყობაში მისმა მშობლებმა 25 092 ლარი გაიღეს, მაგრამ პალატა ასევე უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობა (საშუალო სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით) 6920.36 ლარს შეადგენს.

49. სასამართლოს შესაფასებელია საკითხი, რა იქნება კანონიერი და სამართლიანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მიერ ნამდვილად გაღებული 25 092 ლარის დაკისრება, თუ იმ ოდენობის თანხის დაკისრება, რაც ეჭვგარეშეა, რომ საკმარისია საშუალო ხარისხისა და სტანდარტის საფლავის (ერთ მიცვალებულზე გათვალისწინებით) მოსაწყობად.

50. იმის გათვალისწინებით, რომ ზ------ ჭ--------–--ის საფლავი მოწყობილია ძვირადღირებული მასალით (მათ შორის ე.წ. გაბროს ქვა), რამაც გაზარდა მასზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება (მასალის ჩათვლით), სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, მითითებულ დასკვნებზე დაყრდნობით, საფლავის ხარჯის 6920.36 ლარით განსაზღვრასთან და ამ ოდენობის თანხის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში. და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელი.

51. საქმეში განთავსებულია ი/მ ლევანი ლეკიშვილის მიერ, 11.08.2017წ. გაცემული №08 ცნობა, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ მას აქვს სარიტუალო დარბაზი, მდებარე ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის №43-ში, რომელშიც 2017 წლის 22 აპრილს გაიმართა ა/გარდაცვლილი ზ------ი ჭ--------–--ის დაკრძალვის სუფრა 130 კაცზე. მომსახურების თანხა 1600 (ათასექვსასი) ლარი გადახდილ იქნა ზ------ ჭ--------–--ის მამის მ----- ჭ--------–--ის მიერ.

52. ამ მტკიცებულების საპირისპიროდ აპელანტები, ზ---- და ქ------- ლ-------ეები მხოლოდ მათ მიერ გაკეთებულ ზეპირ განმარტებას იშველიებენ და განმარტავენ, რომ ქელეხის სუფრა არ ყოფილა, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. აპელანტთა აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო პალატა მტკიცების ტვირთის განაწილებისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ ქელეხის თანხის 1600 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში სარჩელის განმხილველმა სასამართლომ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

53. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერებას - პალატა განმარტავს შემდეგს :

54. საქმეში განთავსებულია არაერთი ცნობა, რომლებიც ასახავენ მოსარჩელე მხარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

55. ტ.3. ს.ფ.12-ზე განთავსებულია მ----- ჭ--------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. მითითებული დოკუმენტის თანახმად, დადგენილია, რომ მ----- ჭ--------–--ის დიაგნოზია: ძილის დარღვევები (G47), დაძაბულობის თავის ტკივილი (G44.2). ანამნეზის თანახმად: 2017 წლის აპრილის თვეში პაციენტმა მიიღო ძლიერი ნერვული სტრესი შვილის გარდაცვალების გამო, მას შემდეგ უჩივის უძილობას, ადვილად გაღიზიანებას, გუნება განწყობის დაქვეითებას, ძლიერ თავის ტკივილს. პაციენტი იმყოფება ოჯახის ექიმის, ნევროპათოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ს.ფ. 78-ზე განთავსებული 2017 წლის 22 დეკემბრის ჯანმრთელობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ პაციენტის დიაგნოზია: ძილის დარღვევები (G47), დაძაბულობის თავის ტკივილი (G44.2). პაციენტი იმყოფება ოჯახის ექიმის, ნევროპათილოგის და ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.

56. ტ.3. ს.ფ.13-ზე განთავსებულია ნ--- ჭ--------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ნ--- ჭ--------–--ის დიაგნოზია: დაძაბულობის თავის ტკივილი (G44.2), ძილის დარღვევები (G47), ანამნეზის თანახმად: შვილის გარდაცვალების გამო პაციენტმა მიიღო ძლიერი ნერვული სტრესი, მას შემდეგ უჩივის უძილობას, გუნება განწყობის დაქვეითებას, ძლიერ თავის ტკივილს, უნებლიე მოძრაობებს. პაციენტი იმყოფება ოჯახის ექიმის, ნევროლოგის, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ. ს.ფ. 14-ზე განთავსებული ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს ნ--- ჭ--------–--ეს დაესვა გიაგნოზი:

სხვა შერეული შფოთვითი აშლილობები F41.3. ანამნეზის თანახმად: ფსიქიატრისთვის აქამდე არასოდეს მიუმართავს, ცვლილებები ფსიქიკის მხრივ აღენიშნება დაახლოებით 4 თვეა, მას შემდეგ რაც გადაიტანა ფსიქოტრავმა:გარდაეცვალა შვილი, თავს გრძნობს ცუდად, აქვს ძლიერი შფოთვა, დაერღვა ძილი, აქვს თავის ტკივილები, პერიოდულად გულის წასვლის შეგრძნება, წუხდება, ვერაფერს ვერ უდებს გულს რაც მის შვილს არ ეხება. გარეგნულად პაციენტი მოწესრიგებულია, გამოხატულია შფოთვა, ფორიაქი, კონტაქტისთვის მისაწვდომია, ცნობიერება ნათელია, აქვს უძილობა, უსიამოვნო სხეულებრივი შეგრძნებები. . . პაციენტი იმყოფება ოჯახის ექიმის, ნევროპათილოგის, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ. ს.ფ. 76-ზე წარმოდგენილ ცნობაში მითითებულია, რომ პაციენსტს ნ--- ჭ--------–--ეს, რომელსაც დაესვა დიაგნოზი ტრავმული ნევროზი F43.1 ესაჭირობა, როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე ფსიქოთერაპიის სეანსები.

57. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები იძლევა საფუძველს მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისა.

58. მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (№ას-593-568-2016; 14 ივლისი 2017 წელი) განმარტა, რომ: ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, საკმარისი წინაპირობა არაა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ადამიანებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მსგავს შემთხვევებში, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დასაშვებია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, რომლებიც არსებითად სცილდება, უბედური შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს (ვნებებს) და, რომელიც, ამის გამო, შეიძლება, გავაიგივოთ სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ავადმყოფობის (ჯანმრთელობის დაზიანების) დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან, ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც, მას უნდა წარმოედგინა, ასევე, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც.

59. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს იმისას, რათა მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ანუ დამდგარ შედეგსა და მოპასუხის ქმედებას შორის დადასტურებულად მივიჩნიოთ (ეს საკითხი სადავოდ არც გაუხდიათ მოპასუხეებს), ამასთან სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მორალური ზიანის არსებობა დაადასტურეს მოპასუხეებმა და ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, თუმცა მორალური ზიანის ანაზღაურების გონივრულ ოდენობად ისინი 1000 ლარს მიიჩნევენ.

60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ამ ნორმით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში დაზარალებულმა შეიძლება, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, არის ადამიანის ჯანმრთელობა. მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, იგულისხმება ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პროცესებს (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1156-1176-2011,20.01.2012).

61. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ შვილის გარდაცვალების შედეგად, მისი მშობლების, მოსარჩელეების მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლას, მათ ფსიქიკურ სტრესს, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანი, კანონშესაბამისი, ადეკვატური და პროპორციულია მოთხოვილი თანხა და იგი სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1. ქ------- ლ-------ის ადა ზ---- ლ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

4. აპელანტების ქ------- და ზ---- ლ-------ეების მიერ გადახდილია ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5. აპელანტები მ----- და ნ--- ჭ--------–--ეები კანონის თანახმად გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

9. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე