განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001273748
საქმე №2ბ/2894-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: გოდერძი გიორგიშვილი
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „პა----------ი“
წარმომადგენლები: და--------–---–---–ი, არ---–--–---------ე
ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - სს „ენ----------------------ა“
წარმომადგენელი - თა------–----------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება
І. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ІІ. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „პა----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ს.ს. „ენ----------------------ას“ შ.პ.ს. „პა----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 25582.98 (ოცდახუთი ათას ხუთასოთხმოცდაორი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა. შ.პ.ს. „პა----------ის“ სარჩელი ს.ს. „ენ----------------------ას“ მიმართ 1259729.75 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დადგენილია, რომ შ.პ.ს. „პა----------ის“ საკუთრებაში არის ქ.თბილისში, დ------–--–--- ტერიტორიაზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგური და ელექტროგადამცემი ქსელი (ტ. І, ს.ფ. 36-43; 201-208).
2.2. დადგენილია, რომ შ.პ.ს. „პა----------ი“ არ არის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი, მოპასუხე ს.ს. „ენ----------------------ა“ არის განაწილების ლიცენზიატი, რომელიც სარგებლობს შ.პ.ს. „პა----------ის“ სატრანსფორმატორო ქვესადგურით და ელექტროგადამცემი ქსელით (ტ. І, ს.ფ. 44; 96-115).
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ს.ს. „ენ----------------------ას“ შ.პ.ს. „პა----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 01 იანვრიდან 2011 წლის 01 იანვრამდე შ.პ.ს. „პა----------ის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისათვი 78368.5 ლარის გადახდა, ტარიფით: 1 კვტ.სთ - 0.0035 ლარი (ტ. І, ს.ფ. 96- 115).
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.4. შ.პ.ს. „პა----------ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გატარების მომსახურებაში მონაწილე შ.პ.ს. „პა----------ის“ აქტივების საბალანსო ღირებულება შეადგენს 67112 ლარს და 48 თეთრს (ტომი ІІ, ს.ფ. 307). ელექტროგამანაწილებელი ქსელის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 47471040 კვტ.სთ (ტ. І, ს.ფ. 309). შ.პ.ს. „პა----------ის“ ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით გატარებული იქნა: 2011 წელს - 6011640 კვტ.სთ, 2012 წელს - 5563332 კვ.სთ, 2013 წელს - 6401052 კვტ.სთ, 2014 წელს - 6245856 კვტ.სთ, 2015 წელს - 5108796 კვტ.სთ. (ტ. І, ს.ფ. 116-118; 308). მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ №8--------, №8-------- და №0-------- საკადასტრო კოდებით რეგიტრირებული ხაზობრივი ნაგებობებით გატარებული ელექტროენერგიის მის მიერ შედგენილ მონაცემებს, იგი სრულად არ ასახავს შ.პ.ს. „პა----------ის“ საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემი ქსელში გატარებულ ელექტროენერგიის რაოდენობას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. „პა----------ის“ საკუთრებაში არის ქ.თბილისში, დ------–--–--- ტერიტორიაზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგური და ელექტროგადამცემი ქსელი, შ.პ.ს. „პა----------ი“ არ არის განაწილების ლიცენზიატი და საკუთარი ხარჯით უვლის სადავო ქონებას, მოპასუხე ს.ს. „ენ----------------------ა“ არის განაწილების ლიცენზიატი და სარგებლობს მოსარჩელის კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგურით და ელექტროგადამცემი ქსელით.
2.7. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით.
აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიატის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური.
2.8. „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით (ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან) დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). კერძოდ, დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური („R“) გაიანგარიშება გატარების ფასის („P“) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე („W“) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის(„P“) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე - 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა:P = (A * K) / (S)).
2.9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ თმენის კომპენსაცია და გატარების საფასური არის სხვადასხვა კატეგორია და რომ მის მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით განსაზღვრული გატარების საფასურის გაანგარიშების წესი, რადგან, ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად გათანაბრებულია „ელექტროენერგიის გატარებისა“ და „თმენის“ კომპენსაცია და დადგენილია შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად (იხ. სუსგ №ას-1174-1104-2015, 11/03/2016).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გატარების მომსახურებაში მონაწილე შ.პ.ს. „პა----------ის“ აქტივების საბალანსო ღირებულება შეადგენს 67112 ლარს და 48 თეთრს. ელექტროგამანაწილებელი ქსელის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 47471040 კვტ.სთ. შ.პ.ს. „პა----------ის“ ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით გატარებული იქნა: 2011 წელს - 6011640 კვტ.სთ, 2012 წელს - 5563332 კვ.სთ, 2013 წელს - 6401052 კვტ.სთ, 2014 წელს - 6245856 კვტ.სთ, 2015 წელს - 5108796 კვტ.სთ.
„მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“ ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად, 2014-2015 წლების თმენის კომპენსაცია უნდა განისაზღვროს აღნიშნული წესების მიხედვით, რაც 2014 წლისათვის შეადგენს 1748 ლარს და 84 თეთრს, კერძოდ: გატარების ფასი განისაზღვრება 0.00028 ლარით (67112 ლარი და 48 თეთრი (აქტივების ღირებულება)*0.2 / 47471040 (წლიური გამტარუნარიანობა), რომელიც მრავლდება 2014 წელს ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე - 6245856 კვტ.სთ. 2015 წლის კომპენსაცია ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის - 5108796 კვტ.სთ-ის და აღნიშნული გაანგარიშების წესების შესაბამისად შეადგენს 1430 ლარს და 46 თეთრს.
2.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
დადგენილია, რომ ამავე მხარეებს შორის მიმდინარეობდა დავა ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობიდან გამომდინარე 2008 წლიდან 2011 წლის 01 იანვრამდე პერიოდის კომპენსაციასთან დაკავშირებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ს.ს. „ენ----------------------ას“ შ.პ.ს. „პა----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 01 იანვრიდან 2011 წლის 01 იანვრამდე შ.პ.ს. „პა----------ის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისათვის 78368.5 ლარის გადახდა, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა გონივრული ტარიფი 1 კვტ.სთ - 0.0035 ლარი. შესაბამისად, „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ ამოქმედებამდე არსებულ პერიოდზე, კერძოდ ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისათვის 2013 წლის კომპენსაცია უნდა განისაზღვროს ამავე მხარეებს შორის არსებულ დავაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გონივრული ტარიფის - 1 კვტ.სთ - 0.0035 ლარის გამრავლებით 2013 წელს ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე - 6401052 კვტ.სთ, რაც შეადგენს 22403 ლარს და 68 თეთრს.
შესაბამისად, სასამართლომ მოპასუხე ს.ს. „ენ----------------------ას“ შ.პ.ს. „პა----------ის“ სასარგებლოდ 2013-2015 წლებში შ.პ.ს. „პა----------ის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის სახით დააკისრა 25582 ლარის და 98 თეთრის გადახდა.
რაც შეეხება შ.პ.ს. „პა----------ის“ სარჩელს 2011-2012 წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა შემდეგ სარჩელის ხანდაზმულობის გამო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა 2011-2012 წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაციის დაკისრებას და მითითებულ დროს უნდა ყოფილიყო ცნობილი მოსარჩელისათვის უფლების დარღვევის თაობაზე. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2016 წლის 09 მარტს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხანდაზმულობის ვადის სამწლიანი ვადის განმავლობაში ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე თანხის გადახდით ან/და სხვაგვარად მოთხოვნის არსებობის აღიარებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი 2011-2012 წლებში ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. І აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სემეკის 2013 წლის №15 დადგენილება გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული თმენის კომპენსაციის გადახდას და ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ (2014 წლის 01 იანვარი), ქსელის მფლობელს შეუძლია მხოლოდ გატარების საფასურის მოთხოვნა.
3.1.2. მხარის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, შპს „პა----------ისთვის“ სხვადასხვა პერიოდში თმენის ვალდებულებისთვის საკომპენსაციო თანხა უნდა განისაზღვროს სემეკის მიერ დადგენილი შემდეგი ტარიფებით:ა) 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდისთვის - 3.6 თეთრი/კვტსთ-ზე; ბ) 2014 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე - 6.837 თეთრი/კვტსთ-ზე.
მხარის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მტკიცდება, რომ სს „ენ----------------------ამ“ შპს „პა----------ის“ კუთვნილი „ელექტროგადამცემი ქსელით“ სარგებლობის პროცესში 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით (2014 წლის 1 სექტემბრამდე) გაატარა 22 243 608 კვტ.სთ ელექტროენერგია 0.4 კვტ ძაბვის საფეხურით (ამ პერიოდისთვის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი იყო - 3.6 თეთრი/კვტსთ-ზე). 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სს „ენ----------------------ას“ მიერ შპს „პა----------ის“ ელექტროგადამცემი ქსელით გატარებული იქნა 7087068 კვტ.სთ ელექტროენერგია 0.4 კვტ ძაბვის საფეხურით (ამ პერიოდისთვის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი იყო - 6.837 თეთრი/კვტსთ-ზე).
აპელანტის მოსაზრებით, მოყვანილი მიზეზების გამო, სს „ენ----------------------ა“ ვალდებულია გადაუხადოს შპს „პა----------ს“ 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდისთვის - 800 769 ლარი და 89 თეთრი, ხოლო 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის - 484 542 ლარი და 84 თეთრი. ჯამში - სს „ენ----------------------ას“ მიერ, შპს „პა----------ისთვის“ გადასახდელი საკომპენსაციო თანხა შეადგენს - 1285312 ლარს და 73 თეთრს (მილიონ ორას ოთხმოცდახუთიათას სამასთორმეტი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი).
3.1.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „პა----------ი“ სადავო პერიოდში (2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე) უზრუნველყოფდა საკუთარი ქსელებით სს „ენ----------------------ას“ ელექტროენერგიის გატარებას და გარდა ამისა, ის მომსახურებას (მოვლა-პატრონობა) უწევდა აღნიშნულ ქსელებს, რაც აუცილებელია „ელექტროგადამცემი ქსელის“ გამართულად ფუნქციონირებისათვის.
საკომპენსაციო თანხა მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რამაც შეიძლება გაამართლოს თმენის ვალდებულება, კერძოდ, ლიცენზიატებს შორის ელ. ენერგიის ტარიფში (არალიცენზიატი მფლობელის შემთხვევაში - საკომპენსაციო თანხა) იგულისხმება განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით, სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი, ე.ი. დადგენილ ტარიფში (საკომპენსაციო თანხაში) შედის სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი (სემეკის 2011 წლის 8 ივნისის №8 დადგენილება).
კომპენსაციის ოდენობის დადგენისთვის მნიშვნელოვანია გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც ზოგადად მესაკუთრეს ან მფლობელს გააჩნია. მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ ე.წ. საშუალო მესაკუთრის ინტერესი, ანუ, აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს ელ. ქსელების საშუალო მესაკუთრის ინტერესი (იგივე სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სარგებლობისას გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გათვალისწინებით).
მითითებული საკითხის გარკვევა კი შესაძლებელი ხდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ წესების“ მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული წესები არეგულირებენ ლიცენზიატებს შორის არსებულ სატარიფო სისტემას, მისი გამოყენება ატარებს არალიცენზიატი მესაკუთრისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისთვის სახელმძღვანელო ხასიათს.
აქედან გამომდინარე, შპს „პა----------ისთვის“ სხვადასხვა პერიოდში თმენის ვალდებულებისთვის საკომპენსაციო თანხა უნდა განვსაზღვროთ სემეკის მიერ დადგენილი შემდეგი ტარიფებით: 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდისთვის - 3.6 თეთრი/კვტსთ-ზე; 2014 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე - 6.837 თეთრი/კვტსთ-ზე.
3.1.4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46 პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტი. სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ დასახელებული ნორმა იძლევა მხოლოდ გატარების საფასურის მოთხოვნის შესაძლებლობას და არ ანიჭებს ქსელის მფლობელს თმენის კომპენსაციის მოთხოვნის უფლებამოსილებას, თუმცა ეს პირდაპირაა მითითებული კანონში.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46-ე პრიმა მუხლში მოცემულია ალტერნატივა. ალტერნატივა ნიშნავს ერთადერთი არჩევანის გაკეთების აუცილებლობას ორი ურთიერთგამომრიცხველი შესაძლებლობიდან. დასკვნა, რომლის თანახმადაც ალტერნატივისას შეიძლება მხოლოდ ერთი ქმედება განხორციელდეს ეწინააღმდეგება თავად კატეგორიის - „ალტერნატივა“ - არსს. ამასთან, თქმა იმისა, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46-ე პრიმა მუხლში ალტერნატივის სახით მოცემული ორი სხვადასხვა კატეგორია – თმენის კომპენსაცია და გატარების საფასური - იგივეა, იმისი თქმის ტოლფასია, რომ ურთიერთგამომრიცხველი შეიძლება იგივე იყოს.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 374-ე მუხლი. რაკიღა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისთვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა – ნათელი ხდება, რომ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, განსახილველ შემთხვევაში, სწორედ შპს „პა----------ს“ გააჩნია.
აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც „პა----------ის“ შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ გატარების საფასური და არა თმენის კომპენსაცია ავტომატურად იწვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევასაც, რადგან მხოლოდ მოსარჩელეა უფლებამოსილი განსაზღვროს საკუთარი მოთხოვნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვერც სასამართლო და ვერც სს „ენ----------------------ა“ ვერ დაადგენს, თუ რას მოითხოვს ან რა უნდა მოითხოვოს „პა----------მა“. მოთხოვნის განსაზღვრა მხოლოდ „პა----------ის“ პრეროგატივაა.
3.1.5. მხარის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი. გათვალისწინებულ არ იქნა, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების შესახებ“ სემეკ-ის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება ვერ შეცვლის საკანონმდებლო აქტის - „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსს. ამასთან, თუკი დადგინდა, რომ დასახელებული ნორმატიული აქტები კოლიზიურია, მაშინ უნდა იმოქმედოს კანონმა და არა კანონქვემდებარე აქტმა - სემეკის დადგენილებამ.
3.1.6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი დასკვნა, რომ „პა----------სა“ და სს „ენ----------------------ას“ ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს კანონი, რადგან „№15 დადგენილებით“ ქსელით სარგებლობისათვის თმენის კომპენსაცია ამ წესებით უკვე აღარ არის გათვალისწინებული – არასწორია. გარდა ნორმატიული აქტების იერარქიის გაუთვალისწინებლობის მიზეზისა, დასკვნა მცდარია იმ მხრივაც, რომ სინამდვილეში, სემეკ-ის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46-ე პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტი ერთმანეთს არ ეწინააღმდგება. შეუძლებელიცაა გატარების საფასურის გამოანგარიშების წესების დადგენა წინააღმდეგობაში მოდიოდეს კანონით განსაზღვრულ ალტერნატივასთან, რომ ქსელის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გატარების საფასური ან თმენის კომპენსაცია. გამოდის, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46-ე პრიმა მუხლის მოქმედების აუცილებელ პირობას წარმოადგენს გატარების საფასურის განუსაზღვრელობა, რაც არაგონივრულია.
რაკიღა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46-ე პრიმა მუხლით ქსელის მფლობელს, მისი არჩევით, შეიძლება მიეცეს გატარების საფასურიც, ცხადია, რომ უნდა დადგენილიყო ამ საფასურის გამოთვლის წესი, რაც განხორციელდა სემეკ-ის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით.
აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა სასამართლომ არასწორად განმარტა მიუთითა რა, რომ თმენის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ქსელით სარგებლობისთვის მოსარჩელეს არა აქვს, რადგან ამ დროიდან უკვე დაწესდა არალიცენზიატის კუთვნილი ქსელით გატარების საფასური დარეგულირდა მათ შორის ელექტროენერგიის გატარებასთან დაკავშირებული ურთიერთობა. ამ დადგენილებით თმენის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის. ანუ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ როგორც კი სემეკმა დაადგინა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული ალტერნატიული ვალდებულებიდან ერთ-ერთის გამოთვლის წესი, ალტერნატივა მოისპო, კანონში მოცემული მეორე მოთხოვნა - კომპენსაცია თმენისთვის - გაქარწყლდა და კანონმა შეწყვიტა არსებული რედაქციით მოქმედება!?
ასეთი ინტერპრეტაცია არასწორია იმ მხრივაც, რომ „№15 დადგენილების“ გამოცემისას სემეკი-ს მიზანი მხოლოდ გატარების საფასურის დადგენა იყო და არა ზოგადად მესაკუთრისათვის მისაკუთვნებელი თანხის დადგენა. გარდა ამისა, სემეკი არც იყო უფლებამოსილი განესაზღვრა კანონში მოცემული მეორე ალრტენატიული მოთხოვნის - თმენის კომპენსაციის – ოდენობა, რადგანაც მისი გამოანგარიშება სამოქალაქო კოდექსის თანახმად უნდა მოხდეს.
3.1.7. სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის „სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა“ - მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელია ორი პირობის არსებობა – მოთხოვნა უნდა იყოს სახელშეკრულებო და წარმოიშობოდეს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან. არც ერთი პირობა არ არსებობს. კერძოდ:
ა) შპს „პა----------ის“ მოთხოვნა სახელშეკრულებო არ არის. ამას პროცესუალური მოწინააღმდეგეც არ უარყოფს და პირიქით უთითებს, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2008 წელს. არც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ თითქოსდა „პა----------ის“ მოთხოვნა სახელშეკრულებოა. სასამართლომ ნორმა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობას შეეხება, გაავრცელა არასახელშეკრულებო მოთხოვნაზე.
ბ) „პა----------ის“ მოთხოვნა არც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა. ვალდებულებები პერიოდულად წარმოშობისათვის აუცილებელია გარკვეული პერიოდების არსებობა, რომლებიც რეალურად არ არსებობს. თუკი არსებობს - რომელია ეს მითიური პერიოდები? თუკი დავუშვებთ, რომ შპს „პა----------იმ“ კომპენსაცია მოითხოვა სხვადასხვა პერიოდებისთვის (თუმცა ასეთი პერიოდები არ არსებობს) - სასამართლოს დასკვნა არც ამ არასწორი დაშვებისას იქნებოდა მართებული, რადგან კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს კუთვნილი თანხის ნაწილი გარკვეული პერიოდისთვის, რაც არ ნიშნავს, რომ ვალდებულებები პერიოდულად შესასრულებელია. აპელანტის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
3.1.8. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი. მან მიიჩნია, რომ რაკიღა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ენ----------------------ას“ შპს „პა----------ის“ სასარგებლოდ ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისთვის დაეკისრა 1 კვტ.სთ - 0.0035 ლარი, მაშასადამე აღნიშნული ტარიფი მუდმივად უნდა ვრცელდებოდეს მხარეთა ურთიერთობაზე.
მხარის მოსაზრებით, ამ ნაწილში, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ტარიფი დადგინდა 2008 წლიდან 2011 წლის 01 იანვრამდე პერიოდისთვის, რაც არ ნიშნავს, რომ სასამართლოს აზრით, ეს ტარიფი მუდმივად უნდა გამოყენებულიყო ეკონომიკური ფაქტორებისა და სამართლებრივი ბაზის, ასევე, ახალი სასამართლო პრაქტიკის გაუთვალისწინებლად. შპს „პა----------ის“ პოზიცია ხომ სწორედ ახალ სასამართლო პრაქტიკას ემყარება და სარჩელში მთლიანადაა გადმოტანილი დებულებები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. გარდა უსაფუძვლობისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ეს ნაწილი წინააღმდეგობრივია, რადგან თუკი სასამართლოს მცდარი შეხედულებით, თმენის კომპენსაცია და გატარების საფასური იგივე ცნებებია და ერთხელ დადგენილი ოდენობა კომპენსაციისა მუდმივად უნდა გამოიყენებოდეს, მაშინ რატომ არ გაავრცელა სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ტარიფი - 1 კვტ.სთ - 0.0035 ლარი 2014 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდზე?! ამისი ახსნა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი არ არის და ვერც იქნებოდა მოყვანილი დასკვნის ალოგიკურობის გამო.
3.2. ІІ აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის განმარტებით, ტერმინი „ქსელი“ მოიცავს შესაბამისი ძაბვის ქვესადგურებსაც და გადამცემ (გამანაწილებელ) ხაზებსაც. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქსელის შემადგენლობა სადავო იყო საქმის განხილვის ყველა ეტაპზე: 15.06.16წ. და 07.09.16წ. უძრავი ქონების საკუთრების დადასტურებისათვის აუცილებელი იყო სპეციალური მტკიცებულებები (საჯარო რეესტრის ამონაწერები). მოსარჩელის მიერ საკუთრად მიჩნეული აქტივები და წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერები რაოდენობრივადაც კი არ ედრებოდა ერთმანეთს და საქმეში არსებული დოკუმენტაცია არ იძლეოდა ქსელის იდენტიფიცირების საშუალებას.
ზოგადად „ქსელის“ და რომელიღაც დაუდგენელი სატრანსფორმატორო ქვესადგურის კუთვნილება არ უნდა გამხდარიყო მოპასუხისათვის კონკრეტული აქტივებით სარგებლობისათვის, გაურკვეველი წესით დაანგარიშებული თანხის დაკისრების საფუძველი. სასამართლომაც გაიზიარა, რომ ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის, განაწილების ლიცენზიანტის მიერ გადასახდელი კომპენსაციის გაანგარიშება ითვალისწინებს გატარებაში მონაწილე აქტივების ღირებულებას და მათში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობას, ეს ორი კომპონენტი კი ქსელის ზუსტი იდენტიფიცირების გარეშე ობიექტურად შეუძლებელია დადგინდეს.
მხარის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ შპს „პა----------ის“ საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივები არის 8--------, 8-------- და 0-------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება.
დავის შინაარსის გათვალისწინებით საქმისათვის უდავოდ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაა განაწილებაში მონაწილე აქტივების (შესაბამისად მათში გატარებული ელექტროენერგიის, მათი ისტორიული - საბალანსო ღირებულების და გამტარუნარიანობის) დადგენა; აქტივებზე საკუთრების უფლების დადგენა თავისთავად გულისხმობს იდენტიფიცირებას, რის გარეშეც ცხადია ობიექტურად შეუძლებელია მათში ელექტროენერგიის გატარების ფაქტის, გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის, მათი ისტორიული - საბალანსო ღირებულების და გამტარუნარიანობის დადგენა, ამ მონაცემების გარეშე კი გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებული ვერ იქნება.
სარჩელით შპს „პა----------ი“ მის კუთვნილ ქსელად მიიჩნევს უძრავ ქონებას. სარჩელს თან ერთვოდა 5 ერთეული ხაზობრივი ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2008 წლის მდგომარეობით (ს/კ 0-------, 0-------, 8--------, 8--------, 8--------), რომლებიც ვერ უზრუნველყოფდა სადავო პერიოდში საკუთრების დადასტურებასა და ქსელის იდენტიფიცირებას. დავის მიმდინარეობისას მოსარჩელემ დააზუსტა რეგისტრაციები და შედეგად, საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული ამონაწერების თანახმად, საკუთრების უფლება დადასტურდა და შესაძლებელი გახდა მხოლოდ 3 ერთეული 0-------, 8-------- (ახალი კოდი 8--------) და 8-------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონების იდენტიფიცირება. შესაბამისად, დასტურდება შპს „პა----------ის“ საკუთრება შემდეგ ელექტროგადამცემ ქსელზე:
1. ს/კ 0------- – 8000მ. სიგრძის ეგხ (მასზე განთავსებული 1 ცალი 250/6 ტრანსფორმატორით) - ეგხ ელექტრონული აზომვის შედეგად იდენტიფიცირდა, როგორც „თე--------------ან“ გამომავალი 25-ე ფიდერის ნაწილი;
2. ს/კ 8-------- – 4586,48ნ. სიგრძის ეგხ (მასზე განთავსებული 1 ცალი 400 კვა ტრანსფორმატორით - ეგხ ელექტრონული აზომვის შედეგად იდენტიფიცირდა, როგორც „თე--------------ან“ გამომავალი 21-ე ფიდერის ნაწილი.
3. ს/კ 8-------- (წინა ს/კ 8--------) – 175,31მ. სიგრძის ეგხ 1 ცალი 400 კვა ტრანსფორმატორით - ეგხ ელექტრონული აზომვის შედეგად იდენტიფიცირდა, როგორც „თე--------------ან“ გამომავალი 21-ე ფიდერის განშტოება.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ზუსტად უნდა დაედგინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქსელი, რისი შესაბამისი დოკუმენტაციაც საქმის მასალებში წარმოდგენილია და რაზედაც მოსარჩელე დავის განხილვის ყველა ეტაპზე უთითებდა. სპეციალური მტკიცებულების აუცილებლობიდან გამომდინარე, ობიექტურად შეუძლებელია სათანადო მსჯელობის პირობებში სასამართლოს დაედგინა სხვა ხაზობრივ ნაგებობებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სასამართლომ (მოპასუხე მხარის მტკიცების იგონირირებით) საერთოდ არც იმსჯელა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე და შემოიფარგლა არაიდენტიფიცირებული „ქსელის“ კუთვნილებაზე აბსტრაქტული მითითებით.
3.2.2. მხარის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად სადავო პერიოდში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა.
სასამართლოს არ დაუდგენია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქსელი, შესაბამისად, შეუძლებელია სწორად დაედგინა მოსარჩელის კუთვნილ ქსელში მოპასუხის მიერ გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა. სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობებში მითითითებული ოდენობები, არადა ორივე მათგანში (როგორ შპს „ჯო-------------------------------ის“ ენერგეტიკის დირექტორის (სამეწარმეო რეესტრის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მას არ გააჩნია), ისე თავად შპს „პა----------ის“ დირექტორის მიერ ხელმოწერილ ცნობებში ხაზგასმით მითითებულია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ეხება თეთრიხევიჰესიდან გამომავალ ფიდერ №17-ს. საყურადღებოა, რომ მხარის მიერ გაცემული ცნობა მტკიცებულება ვერ იქნება და მხოლოდ მისი ახსნა-განმარტების ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, კანონით შპს „პა----------ს“ შეუძლებელია გააჩნდეს ინფორმაცია თუნდაც მის ქსელში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობის თაობაზე, ვინაიდან ის არ არის განაწილების ლიცენზიანტი. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების მრიცხველების ჩვენების აღება მის კომპეტენციას სცილდება და სემეკის 18.09.08წ. №20 დადგენილების მე-16 მუხლის თანახმად, ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლისათვის... თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი უდავოდ ის ფაქტია, რომ ეს ცნობები მე-17 ფიდერს ეხება და მოცემულ საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ფიდერი №17 შპს „პა----------ის“ კუთვნილებაა. სასამართლოს არც კი უმსჯელია მე-17 ფიდერის კუთვნილებაზე, ისე მიაკუთვნა მოსარჩელეს მე-17 ფიდერში ელექტროენერგიის გატარებისათვის კომპენსაცია. სასამართლომ მხოლოდ მიგვითითა, რომ თურმე საწინააღმდგეო მტკიცებულების წარდგენა ვერ შევძელით. გაუგებარია რას შეიძლება გულისხმობდეს „საწინააღმდეგო მტკიცებულება“... საერთოდ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს შპს „პა----------ის“ სასარჩელო მოთხოვნასთან მე-17 ფიდერში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობას?! საქმის მასალებით დასტურდება მხოლოდ ს/კ 8--------, ს/კ 8-------- და ს/კ 0-------- ხაზობრივი ნაგებობების კუთვნილება და მათში გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის თაობაზე ინფორმაცია წარდგენილია (ეს ოდენობა სადავოც არ გამხდარა). სასამართლო აცხადებს, რომ თურმე ეს მონაცემები ვერ ასახავს მთლიანად შპს „პა----------ის“ ქსელს, ამასთან ისე, რომ არც კი განმარტავს კიდევ რა შედის ამ ქსელის შემადგენლობაში.
3.2.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად გატარებაში მონაწილე აქტივების ფასი და გამტარუნარიანობა. სასამართლოს არ დაუდგენია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქსელი, შესაბამისად, შეუძლებელია სწორად დაედგინა მოსარჩელის კუთვნილ ქსელში მოპასუხის მიერ გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა.
3.2.4. აპელანტი უთითებს სსსკ 244-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლომ 2013 წელს ელექტროენერგიის გატარებისათვის კომპენსაციის გატარების წესი განსაზღვრა მხარეთა შორის მანამდე არსებულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და გონივრულ ტარიფად მიიჩნია 0.0035ლარი/კვტ-სთ ელექტროენერგიის გატარებისათვის. 2014 წლიდან კი მხარეთა შორის ურთიერთობა დაარეგულირა სემეკის 30.12.13წ. №15 დადგენილებით, რომლითაც კომპენსაციის ოდენობა არის გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა გამრავებული გატარების ფასზე, ფასი კი თავის მხრივ, განისაზღვრება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის საბალანსო ისტორიული ღირებულებისა და საპროექტო წლიური გამტარუნარიანობის მიხედვით. სადავო ვერ იქნება, რომ ორივე წესით კომპენსაციის განსაზღვრა აუცილებლად საჭიროებს გატარებაში მონაწილე აქტივების იდენტიფიცირებას - რაც სასამართლოს არ გაუკეთებია. კონკრეტული აქტივების იდენტიფიცირების გარეშე ობიექტურად შეუძლებელია განსაზღვრო მასში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა, მისი ღირებულება და გამტარუნარიანობა. ამასთან, ყველა ის აქტივი, რომლის კუთვნილებაზე მოსარჩელე აპელირებდა, წარმოადგენს უძრავ ქონებას და შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების დადასტურების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ შესაბამისი ჩანაწერი საჯარო რეესტრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს აუცილებლად და ამასთან, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით უნდა დაედგინა სადავო პერიოდში რა აქტივებია მოსარჩელის საკუთრებაში, მათგან რას იყენებდა მოპასუხე თავისი მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის გატარების მიზნით, რამდენი ელექტროენერგია გაატარა, რა იყო ამავე პერიოდში გატარებაში მონაწილე მოსარჩელის კუთვნილი აქტივების საბალანსო ღირებულება და გამტარუნარიანობა, რაც სასამართლოს კანონდარღვევით არ განუხორციელებია.
სასამართლოს არც უმსჯელია სადავო პერიოდში რა კონკრეტული აქტივები იყო მოსარჩელის საკუთრებაში. დაადგინა რაღაც აბსტრაქტული, განუსაზღვრელი „ქსელის“ საკუთრება, ამასთან, მან ეს ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი არასწორად უდავოდ წარმოაჩინა, კანონდარღვევით აუარა გვერდი საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების მხარეთა მიერ მითითებული არგუმენტებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე დადგენას, რითაც ცალსახად ხელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გარანტირებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.
სასამართლომ არ დაადგინა საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობებით გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა და დაადგინა (ამასთან არასათანადო მტკიცებულებებით) მე-17 ფიდერში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა ისე, რომ არც კი განუმარტია რა კავშირი აქვს მე-17 ფიდერს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელ კომპენსაციასთან;
სასამართლოს არ დაუდეგნია არც საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად მოსარჩელის კუთვნილი ქსელის გამტარუნარიანობა და ისტორიული საბალანსო ღირებულება, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
აპელანტის მოსაზრებით, ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმებით კომპენსაციის ოდენობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტების უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებული ვერ იქნება. სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა შპს „პა----------ისათვის“ „მისი ქსელით“ სარგებლობის გამო კონკრეტული თანხის გადახდა - ისე, რომ არც კი განუმარტა რომელი ხაზობრივი ნაგებობებითა თუ სატრანსფორმატორო ქვესადგურებით სარგებლობისათვის იხდის მოპასუხე ამ კომპენსაციას. ამ გადაწყვეტილებით კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში ვერასოდეს შეძლებს მოპასუხე დადასტურებას, რომელი კონკრეტული აქტივით სარგებლობისათვის იხდის ამ თანხას. მოსარჩელის კუთვნილი აქტივების ზუსტი იდენტიფიცირება ობიექტურად აუცილებელია, ამასთან არამხოლოდ სადავო პერიოდის გათვალისწინებით. სს „ენ----------------------ა“ კვლავ რჩება განაწილების ლიცენზიატად და კვლავ მოუწევს გამოიყენოს მესამე პირების საკუთრებაში არსებული ქსელები. ცხადია, ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფში აისახება. ამდენად, ამ ხარჯების სწორად განსაზღვრა ცალსახად აღემატება მხოლოდ სს „ენ----------------------ას“ კანონიერ ინტერესებს.
სადავო საკითხის დარეგულირებისათვის სასამართლომ გამოიყენა შესაბამისი ნორმები: სემეკის 30.12.13წ. №15 დადგენილება „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ და 18.09.08წ. №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლი... სასამართლოს მიერ გამოყენებული ყველა ნორმა ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას არალიცენზიატი პირის საკუთრებაში არსებული ქსელის ლიცენზიანტის მიერ გამოყენებისათვის და ამასთან, კომპენსაციის ოდენობა ცალსახად დაკავშირებულია გამოყენების მოცულობასა და ქსელის მახასიათებლებთან. მე-15 დადგენილებაში პირდაპირ მითითებულია და მანამდე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკაც, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოყენებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.04.12წ. გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის არსებულ დავაზე, ცალსახად იზიარებს, რომ ქსელში ელექტროენერგიის გატარებისათვის კომპენსაციის გაანგარიშება ხდება გატარებული ელექტროენერგიის ოდენობის გატარების ფასზე გამრავლებით. გატარების ფასი მე-15 დადგენილებით კი, თავის მხრივ გატარებაში მონაწილე აქტივების (და არა თუნდაც ზოგადად საკუთრებაში არსებული ქსელის) გამტარუნარიანობისა და ისტორიული საბალანსო ღირებულებიდან გამომდინარე იანგარიშება. გატარებული ელექტროენერგიის ოდენობის დადგენაც, აქტივების საბალანსო ისტორიული ღირებულების და გამტარუნარიანობის განსაზღვრაც ობიექტურად გამორიცხულია გატარებაში მონაწილე აქტივების ზუსტი იდენტიფიცირების გარეშე.
სასამართლო არც კი მსჯელობს იმ კონკრეტულ აქტივებზე, რომელთა საკუთრების უფლებაც საქმის მასალებით დადასტურდა.
მხარის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს და მათი ობიექტური ანალიზის, შეჯერების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. საქმეში არსებული სათანადო მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ 3 ერთეული ხაზობრივი ნაგებობის საკუთრება და წარდგენილია ინფორმაცია მათში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობის შესახებ. სხვა უძრავი ქონების საკუთრება მოსარჩელემ მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, მოძრავი ქონების საკუთრებაზე კი მითითებაც არ ყოფილა. 0-------, 8-------- და 8-------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული აქტივების საბალანსო ისტორიული ღირებულებისა და გამტარუნარიანობის შესახებ მონაცემები, რომელთა წარმოდგენა მხოლოდ მოსარჩელეს შეეძლო და მასვე ევალებოდა, საქმეში არ არის.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის კუთვნილი აქტივებით სარგებლობისათვის სს „ენ----------------------ასთვის“ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, შესაძლებელია გარკვეულწილად დასაბუთებული იყოს მხოლოდ 2013 წლის ნაწილში, ანუ სემეკის 30.12.13წ. №15 დადგენილების ძალაში შესვლამდე, რადგან №15 დადგენილება გატარების ფასის განსაზღვრას გატარებაში მონაწილე აქტივების საბალანსო ისტორიულ ღირებულებასა და გამტარუნარიანობას უკავშირებს (რაც საქმის მასალებით არ დგინდება) და ამასთან, 2013 წლისთვისაც შპს „პა----------ს“ შესაძლოა მიეკუთვნოს კომპენსაცია მხოლოდ იმ აქტივებით სარგებლობისთვის, რაც რეალურად მის საკუთრებაშია (ასეთი კი მხოლოდ 0-------, 8-------- და 8-------- კოდებით რეგისტრირებული ქონებაა) და არა თეთრიხევიჰესის №17 ფიდერით გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა, რომლის კუთვნილება საქმის მასალებით არ დგინდება და სასამართლოს მსჯელობის საგანიც არ ყოფილა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების, ობიექტის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციაში მიღების 2000 წლის 22 ნოემბრის აქტის და თანდართული სქემის, მხარეების მიერ ხელმოწერილი ელექტროენერგიის მოხმარების მიღება-ჩაბარების აქტების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების და სააპელაციო სასამართლოში გამოკითხული სპეციალისტების განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „პა----------ის“ საკუთრებას წარმოადგენს ქ.თბილისში, დ------–--–--- ტერიტორიაზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგური და ელექტროგადამცემი ქსელი, კერძოდ, №1------------------–--------------–----------- შემდეგი საკადასტრო კოდებით: 0---------------------------------------------------. (ტ. І, ს.ფ. 36-43; 201-208, ტ. ІІ, ს.ფ 10-15, 68-73, 304-305, 314, ტ.ІV, ს.ფ.51-68). აღნიშნული გარემოება პრეიუდიციულად დადგენილია ასევე კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებითაც, რის შემდეგაც ვითარება არსებითად არ შეცვლილა (ტ. І, ს.ფ. 96-115).
4.2. მხარეთა და სპეციალისტთა განმარტებებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და ელექტროენერგიის მოხმარების მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილია, რომ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი სს „ენ----------------------ა“ 2008 წლიდან დღემდე, სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე სარგებლობს არალიცენზიატი შპს „პა----------ის“ სატრანსფორმატორო ქვესადგურით და ელექტროგადამცემი ქსელით.
4.3. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ენ----------------------ას“ მხრიდან შპს „პა----------ის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისათვის დადგენილ იქნა გონივრული ტარიფი - 0.0035 ლარი 1 კვტ.სთ-ზე (ტ. І, ს.ფ. 96- 115).
4.4. შპს „პა----------ის“ ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით გატარებული იქნა: 2011 წელს - 6011640 კვტ.სთ, 2012 წელს - 5563332 კვტ.სთ, 2013 წელს - 6401052 კვტ.სთ, 2014 წელს - 6245856 კვტ.სთ, 2015 წელს - 5108796 კვტ.სთ. (ტ. І, ს.ფ. 116-118; 308).
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი, მის მიერ შედგენილი მოსარჩელის კუთვნილი, №8--------, №8-------- და №0-------- საკადასტრო კოდებით რეგიტრირებული ხაზობრივი ნაგებობებით გატარებული ელექტროენერგიის მონაცემები სრულად არ ასახავს შპს „პა----------ის“ საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ქსელში გატარებულ ელექტროენერგიის რაოდენობას, ვინაიდან, როგორც სპეციალისტთა განმარტებებით გაირკვა მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მონაცემები არ მოიცავს მოსარჩელის კუთვნილი მ---------------- გატარებული ელექტროენერგიის სრულ აღრიცხვას (იხ. სააპელაციო სასამართლოს 05.07.2018 წლის სხდომის ოქმი).
4.5. სააპელაციო პალატა იზიარებს ІІ აპელანტის პოზიციას, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მიუთითებია იმ ფაქტობრივ მონაცემებზე (გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე და მათ გამტარუნარიანობაზე), რომლებიც აუცილებელი იყო „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით შემოღებული ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულის გამოსათვლელად, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს (სსსკ-ის მე-3-4 მ.), როდესაც თავისი ინიციატივით გამოიკვლია ხსენებული გარემოებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის პოზიციაზეც, რომლის მიხედვითაც, ის უარს აცხადებს №15 დადგენილების მიხედვით გამოთვლილი ელექტროენერგიის გატარების საფასურის მიღებაზე, ვინაიდან ის ითხოვს თმენის კომპენსაციას, ხოლო სადავო ფორმულით გამოსაანგარიშებელი გატარების საფასურის მიღება მის ინტერესს არ წარმოადგენს (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმები).
4.6. სააპელაციო პალატა არ იზიარებს І აპელანტის მოსაზრებას სარჩელის ნაწილობრივ ხანდაზმულად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობასთან დაკავშირებით. პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, ელენერგიის გატარების საფასური გამოიანგარიშება ელ.ქსელში გატარებული ელ.ენერგიის ოდენობის გათვალისწინებით და გადაიხდება ყოველთვიურად, შესაბამისად, ელ.ენერგიის გატარების საფასურის გადახდა პერიოდულად, ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა კი, სამი წელია (სსკ-ის 129.3 მუხლი), რაც, მოცემულ შემთხვევაში, 2011-2012 წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაციის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გასულია (შდრ. სუსგ №ას-516-493-2016, 23.09.2016 წ.).
4.7. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება 2013 წელს ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობის თმენის საკომპენსაციო თანხის გამოთვლისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ მეთოდიკას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „პა----------ის“ ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით 2013 წელს გატარებული იქნა 6401052 კვტ.სთ ელექტრო ენერგია (ტ. І, ს.ფ. 116-118; 308).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
ამავე კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობდა დავა ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობიდან გამომდინარე 2008 წლიდან 2011 წლის 01 იანვრამდე პერიოდის კომპენსაციასთან დაკავშირებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ენ----------------------ას“ შპს „პა----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 01 იანვრიდან 2011 წლის 01 იანვრამდე შპს „პა----------ის“ საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისათვის 78368.5 ლარის გადახდა, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა გონივრული ტარიფი 1 კვტ.სთ - 0.0035 ლარი. შესაბამისად, „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ ამოქმედებამდე არსებულ პერიოდზე, კერძოდ ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისათვის 2013 წლის კომპენსაცია უნდა განისაზღვროს ამავე მხარეებს შორის არსებულ დავაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გონივრული ტარიფის - 1 კვტ.სთ - 0.0035 ლარის გამრავლებით 2013 წელს ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე - 6401052 კვტ.სთ, რაც შეადგენს 22403 ლარს და 68 თეთრს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს მსგავს საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, განსახილველი წესები ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის განსაზღვრისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებენ. კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ნორმატიული აქტები უთითებენ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე საკომპენსაციო თანხის განსაზღვრაზე, პირდაპირ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის, რაც კანონის ანალოგიით გამოყენების საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ ურთიერთობისათვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს“ (იხ. სუსგ, საქმე №ას-803-762-2013, 10.10.2014). ამავე საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, ასევე, რომ: „განსახილველი დავის სპეციფიკის თანახმად, საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული წესები. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავა ეხება არალიცენზიატი მესაკუთრის უფლებებს, მითითებული სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოვიყენოთ არა, როგორც პირდაპირი გამოყენების წყარო, არამედ - სახელმძღვანელო, რადგან სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრა გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტის, მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენისას“. იქვე პალატა განმარტავს, რომ: „ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი). ამდენად, მითითებული წესის მიხედვით, ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. ამდენად, მოსარჩელის ელქსელით სარგებლობისათვის ამ უკანასკნელის თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხა 1 კვტ/სთ-ზე არ უნდა აღემატებოდეს 0.580 თეთრს“.
მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეეძლო, მოსარჩელისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა (1 კვტ/სთ-ზე 0.0035 ლარი) უფრო ნაკლებითაც განესაზღვრა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია І აპელანტის მოსაზრება საკომპენსაციო თანხის გაზრდის თაობაზე მის მიერ მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ეს აქტები ადგენენ შესაბამის ტარიფებს ლიცენზიატი მფლობელებისათვის, ხოლო არალიცენზიატი მფლობელისათვის ტარიფი შესაძლოა, ნაკლებიც იყოს, რა დროსაც ითვალისწინებენ არალიცენზიატი მფლობელის ელ.ქსელების ტექნიკურ მონაცემებს, რომლებიც, როგორც წესი, ჩამორჩება ლიცენზიატის ელ.ქსელების ტექნიკურ მონაცემებს (შდრ. სუსგ №ას-516-493-2016, 23.09.2016 წ.).
4.8. სააპელაციო პალატა არ იზიარებს І აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ თმენის კომპენსაცია და გატარების საფასური არის სხვადასხვა კატეგორია და რომ მის მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით განსაზღვრული გატარების საფასურის გაანგარიშების წესი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად.
პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმების დებულებით გათანაბრებულია „ელექტროენერგიის გატარებისა“ და „თმენის“ კომპენსაცია და დადგენილია შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად (იხ. სუსგ №ას-1174-1104-2015, 11/03/2016).
4.9. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ІІ აპელანტის პოზიციას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ელ.ენერგიის გატარების და ელ.ქსელით სარგებლობის თმენის საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშება 2014 წლის 01 იანვრის შემდგომი პერიოდისთვის უნდა განხორციელდეს „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების საფუძველზე.
„მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით (ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან) დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). კერძოდ, დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური („R“) გაიანგარიშება გატარების ფასის („P“) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე („W“) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის(„P“) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე - 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა: P = (A * K) / (S)).
სააპელაციო პალატის მოსაზრებით ზემოთ მოყვანილი ფორმულის გამოსათვლელად შესაბამისი ფაქტობრივი მონაცემების მითითების საპროცესო ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ვინაიდან, მის საკუთრებაში არსებული ელექტრო ქსელის მონაცემები უპირატესად მისთვისაა ხელმისაწვდომი.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ფორმულის გამოთვლის კომპონენტებზე მოსარჩელეს სასამართლოსთვის არც მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგენია. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მას არ გააჩნია ინტერესი მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის თმენისთვის ხსენებული ფორმულით დაანგარიშებული კომპენსაცია მიიღოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა შპს „პა----------ის“ სასარგებლოდ, 2014-2015 წლებში მისი ქსელით სარგებლობისათვის მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი ამ ნაწილში სარჩელის დაუსაბუთებლობის გამო.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „პა----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; სს „ენ----------------------ას“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, როლითაც შპს „პა----------ის“ სარჩელი დაკმაყოფლდება ნაწილობრივ.
6. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან სს „ენ----------------------ას“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „პა----------ს“ სს „ენ----------------------ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად 127.17 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება სარცელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 672.11 ლარის ოდენობით (სსსკ-ის 53 მ.)
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „პა----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. სს „ენ----------------------ას“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
4. სს „ენ----------------------ას“ შპს „პა----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 22403.68 ლარის გადახდა.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. სს „ენ----------------------ას“ შპს „პა----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 672.11 ლარის ოდენობით
7. შპს „პა----------ს“ სს „ენ----------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 127.17 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის
გზით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: გოდერძი გიორგიშვილი
ქეთევან მესხიშვილი