განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210116001427749
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი, სამოქალქო
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001427749

საქმე №2ბ/109-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები _ ნატალია ნაზღაიძე

ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი _ ოთარ ბუკია

 

აპელანტი - ა-–------ რ---- ს--–- მ.

წარმომადგენელი - ზ-----------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს------- ქ---------ე

წარმომადგენელი - ნ--------–---ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა-–------ რ---- ს--–- მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ს------- ქ---------ის მიმართ 37 820 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 ა-–------ რ---- ს--–- მ-სა და ს------- ქ---------ეს შორის არსებობდა მეგობრული ურთიერთობა და მოსარჩელე საქართველოში ვიზიტის დროს გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მოპასუხის ბინაში.

 

2.2 დადგენილია, რომ ს------- ქ---------ეს 2015 წლის 6 იანვარს საბანკო გადარიცხვის გზით, ა-–------ რ---- ს--–- მ-ისგან მიღებული აქვს 2 000 აშშ დოლარი. (იხ. ს.ფ.89-90).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადგენილად მიიჩნია, რომ ს------- ქ---------ის მხრიდან სასარჩელო განცხადებაში დასახელებული თანხის ნაწილის - 35 820 აშშ დოლარის მიღების ფაქტი არ დასტურდება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მას--–-ბით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ ს------- ქ---------ეს გადასცა 37820 აშშ დოლარი. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ გარდა 2015 წლის 06 იანვარს შესრულებული გადარიცხვისა, ს------- ქ---------ეს მოსარჩელისგან თანხა არ მიუღია და ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებანი მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლოს შეფასებით, ასევე არაა დადასტურებული, რომ 35820 აშშ დოლარი, რომელიც მიღებულია სხვა პირის მიერ, ს------- ქ---------ეს მოსარჩელის დავალების შედეგად გადაეცა მოგვიანებით.

 

სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. სასამართლომ შენიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. სასამართლოს შეფასებით, ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ, იგი შესაძლებელია სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა, ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს------- ქ---------ეს 2015 წლის 6 იანვარს საბანკო გადარიცხვის გზით ა-–------ რ---- ს--–- მ-სგან მიღებული აქვს მხოლოდ 2 000 აშშ დოლარი, რაც შეეხება 35820 აშშ დოლარს, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული თანხის მოპასუხისადმი გადაცემა ა-–------ რ---- ს--–- მ-მ ვერ დაადასტურა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავის არსის შეფასებისას მნიშვნელოვანი იყო მხარეებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის ხასიათის ხაზგასმა. სასამართლომ უვადოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–------ რ---- ს--–- მ-ს და ს------- ქ---------ეს შორის არსებობდა მეგობრული ურთიერთობა და მოსარჩელე საქართველოში ვიზიტის დროს გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მოპასუხის ბინაში. ამასთან, მას არაერთხელ გაუწია გარკვეული სახის დახმარება, რაც მოსარჩელის მიერ უარყოფილი არ ყოფილა. ყოველივე აღნიშნულმა კი სასამართლოს მისცა ლოგიკური და დასაბუთებული დასკვნის საფუძველი, რომ რომ ა-–------ რ---- ს--–- მ-ს გააჩნდა საკმარისი მორალური მოტივები, რათა გამოეხატა ს------- ქ---------ის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და აღნიშნული აესახა ფინანსური დახმარების კუთხით, რაც გამორიცხავს საპასუხო შესრულების ვალდებულებას და გადაცემული 2000 აშშ დოლარის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასაც.

 

სასამართლომ აგრეთვე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამ კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილ ფულად გზავნილები, რომელშიც თანხის მიმღებად (გარდა 2015 წლის 6 იანვრის გადარიცხვისა), ფიქსირდება ფიზიკური პირი დ-------------. საგულისხმოა თავად მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოება, რომ 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში მოსარჩელის ორი საბანკო ვიზა ბარათი საფოსტო გზავნილით გამოაგზავნა სწორედ დ-------------ს სახელზე. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1 აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად ჩაითვალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის, რომ მოსარჩელე საქართველოში ვიზიტის დროს გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მოპასუხის ბინაში, რამდენადაც. მოპასუხის ბინაში რამდენიმე დღით მოსარჩელის ცხოვრების ფაქტიდან არ წარმოშობილა მხარეებს შორის ის ურთიერთობა, რომლის გამოც აპელანტი მოწინააღმდეგეს პერიოდულად, მისი (ს. ქ---------ის) მითითებისამებრ გაუგზავნიდა თავისთვის შესაძენი ბინის თანხას. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად არ იქნა დადგენილად მიჩნეული, რომ მოწინააღმდეგის მითითებით და დავალებით ჩაურიცხა აპელანტმა 35.820 აშშ დოლარი დ-------------ს და ა-–------ რ---- ს--–- მ–სა და დ---------ს დამაკავშირებელი იყო ს------- ქ---------ე.

 

3.2. აპელანტი განმარტავს, რომ მოწინააღმდეგეს არ დაუმყარებია თავისი მოთხოვნები და შესაგებელი ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, როგორიც არის ჩუქება, რაც სასამართლომ საკუთარი ინტერპრეტაციით განმარტა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ამასთან, აპელანტის შეფასებით, შეუძლებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით საკმარისად დასაბუთებულად ჩაითვალოს, ვინაიდან იგი მხოლოდ სამართლებრივი ნორმებზეა დამყარებული და არ არის დასაბუთება, თუ რა წინაპირობამ წარმოშვა აღნიშნულ ნორმათა გამოყენება სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტისთვის და რომელი საფუძვლის მიხედვითაა ამ ნორმების გამოყენება მართებული, მეტიც - ჩუქებაზე მხარეებს საერთოდ არ მიუთითებიათ და რატომ შეაფასა ქვემდგომმა ინსტანციამ სადავო სამართალურთიერთობა ჩუქებად, ბუნდოვანია და აპელანტის აზრით, ასეთი კვალიფიკაციის არანაირი ფაქტობრივ–სამართლებრივი საფუძველი სასამართლოს არ გააჩნდა. აპელანტი აგრეთვე მიუთითებს, რომ სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა,–საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე და 991–ე მუხლები, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ფორმალურად სწორად არის კანონები, ზემოხსენებული მუხლები, განმარტებული, თუმცა აღწერილმა ფაქტობრივი უსწორობებმა განაპირობეს არსობრივად კანონის არასწორი განმარტება, ვინაიდან, თუკი უდავო ფაქტობრივ გარემოებად ჩაითვლება, რომ მხარეებს შორის ჩუქებას ჰქონდა ადგილი და საქმეში არსებული მტკიცებულებების არათუ ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, არამედ ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე გაზიარებული იქნება დასკვნა, 35.820 აშშ დოლართან მოწინააღმდეგის კავშირის არქონის შესახებ, მაშინ ხსენებული მუხლების გამოყენება და მათი განმარტებაც მართებული იქნება. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხსენებული ნორმის არსებითი დარღვევით წინასწარ დადგენილი ძალა მიენიჭა მოწინააღმდეგის შესაგებელს, რომ მოწინააღმდეგეს კავშირი არ ჰქონდა აპელანტის მიერ საქართველოში გამოგზავნილ 35.820 აშშ დოლართან, ხოლო 2.000 აშშ დოლარი მიიღო ა-–------ რ---- ს--–- მ–თვის გაწეული ,,მრავალმხრივი დახმარების" სანაცვლოდ. ამასთან, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე–3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, რის შედეგადაც პირველმა ინსტანციის სასამართლომ საქმის გარემოებების არასწორად შეფასებით არსებითად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მას--–-ბს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- ა-–------ რ---- ს--–- მ-სა და ს------- ქ---------ეს შორის არსებობდა მეგობრული ურთიერთობა და მოსარჩელე საქართველოში ვიზიტის დროს გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მოპასუხის ბინაში.

 

- დადგენილია, რომ ს------- ქ---------ეს 2015 წლის 6 იანვარს საბანკო გადარიცხვის გზით, ა-–------ რ---- ს--–- მ-სგან მიღებული აქვს 2 000 აშშ დოლარი. (იხ. ს.ფ.89-90).

 

- საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადგენილია, რომ ს------- ქ---------ის მხრიდან სასარჩელო განცხადებაში დასახელებული თანხის ნაწილის - 35 820 აშშ დოლარის მიღების ფაქტი არ დასტურდება.

 

პალატა შენიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ ა-–------ რ---- ს--–- მ-ის არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას არ გაითვალისწინა მისი ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მას--–-ბით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბინის შეძენის მიზნით 37820 აშშ დოლარის ს------- ქ---------ისათვის გაგზავნისა და გადარიცხვის ფაქტის დასტურად აპელანტი იშველიებს საქმეში წარმოდგენილ გადარიცხვის ქვითრებსა და გზავნილის ასლებს, რომელთა გამოკვლევის შედეგადაც დგინდება, რომ 2014 წლის 12 აპრილს ა-–------ რ---- ს--–- მ-მ დ-------------ს ფედექსის ექსპრეს ფოსტით გამოუგზავნა ორი ვიზა ბარათი, რომლებზეც პერიოდულად ხორციელდებოდა როგორც თანხის შეტანა, ასევე - გატანა, გარდა ამისა, საქმის მას--–-ბით დგინდება ისიც, რომ აპელანტმა სხვადასხვა დროს ,,ვ-----------------ის“ საშუალებით გამოუგზავნა დ-------------ს თანხები, კერძოდ - 2015 წლის 25 ნოემბერს - 6000 აშშ დოლარის ექვივალენტი საუდის როიალი, 2014 წლის 12 სექტემბერს - 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი საუდის როიალი, 2014 წლის 12 ოქტომბერს - აგრეთვე 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი საუდის როიალი და მხოლოდ ერთი გზავნილი ფიქსირდება მოწინააღმდეგე მხარის - ს------- ქ---------ის სახელზე - 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი საუდის როიალი, 2015 წლის 06 იანვარს. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ს------- ქ---------ის მხრიდან სასარჩელო განცხადებაში დასახელებული თანხის ნაწილის - 35 820 აშშ დოლარის მიღების ფაქტი არ დასტურდება, მეტიც - პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აპელანტს ხსენებული თანხა მოწინააღმდეგე მხარისათვის არ გამოუგზავნია, გზავნილის მიმღებ პირს წარმოადგენდა დ------------- და ს------- ქ---------ის შუამავლობა მოცემულ საფინანსო ოპერაციებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, გარდა აპელანტის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა. აქვე პალატა მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგის მითითებით და დავალებით ჩაურიცხა მან 35.820 აშშ დოლარი დ-------------ს და ა-–------ რ---- ს--–- მ–სა და დ-------------ს დამაკავშირებელი იყო ს------- ქ---------ე.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სარჩელი აპელანტს დ-------------ს მიმართ არ აღუძრავს. ის გარემოება, რომ თანხები ერიცხებოდა დიდიას არ ადასტურებს მოპასუხის მიერ თანხების მიღების ფაქტს. სხვა მტკიცებულებებით კი შეუძლებელია ამ ფაქტის დადგენა.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს არც სახელშეკრულებო არც სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად, პალატის შეასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მართებულად გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმები.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე , არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და მათ შორის რაიმე სახის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი, ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და შესაბამისად, მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლიც გამორიცხავს უკან დაბრუნების მოთხოვნას, კერძოდ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შეფასება, კერძოდ: ა-–------ რ---- ს--–- მ-ს და ს------- ქ---------ეს შორის არსებობდა მეგობრული ურთიერთობა და მოსარჩელე საქართველოში ვიზიტის დროს გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მოპასუხის ბინაში. ამასთან, მას არაერთხელ გაუწია გარკვეული სახის დახმარება, რაც მოსარჩელის მიერ უარყოფილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მოსარჩელის მოქმედება ზნეობრივი მოვალეობის შესრულებას წარმოადგენდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ზღვარი უნდა გაივლოს ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის. ამ თვალსაზრისით კი საყურადღებოა თავად გადახდილი თანხის ოდენობა, რაც მოცემულ შემთხვევაში 2000 აშშ დოლარს შეადგენს და პალატის შეფასებით, მითითებული ოდენობით შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს და არ არსებობს მისი უკან დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------ რ---- ს--–- მ-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ იქნა გადახდილი 3721 ლარი, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–------ რ---- ს--–- მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო