განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150210017001954680
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/523-18 3 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ა----- გ-------–---ი
წარმომადგენელი - რ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა-------------ი
წარმომადგენელი - ე-------------–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ნივთების უკანონო დაბრუნება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ა-------------ის (პ--------------) სარჩელი მოპასუხე ა----- გ-------–---ის (პ--------------) მიმართ პირადი ოქროს სამკაულებისა და ნივთების უკან დაბრუნების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ა----- გ-------–---ს (პ--------------) დაევალა, მოსარჩელე ა-------------ისთვის (პ--------------) ძვირფასი ნივთების: 1) ოქროს ყელსაბამის; 2) ოქროს ჯვარის; 3) ოქროს წითელ თვლიანი ბეჭედის; 4) ოქროს უთვლო მოქარგული ბეჭედის; 5) მწვანე თვლიანი ბეჭედის; 6) ლურჯთვლია-----ქროს ბეჭედს; 7) ოქროს თეთრ თვლიანი ბეჭედის (სულ - 2,150 (ორი ათას ას ორმოცდაათი) ლარის ღირებულების) დაბრუნება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1 2016 წლის 02 იანვრიდან მოსარჩელე ა-------------ი და მოპასუხე ა----- გ-------–---ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ ქალიშვილი - ა------- ო--------ი.
2.2 2016 წლის 14 სექტემბერს, გართულებული ფეხმძიმობის გამო მოსარჩელე მეუღლის ოჯახიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში, საიდანაც მეუღლის ოჯახში აღარ დაბრუნებულა.
2.3 მართალია მოპასუხესა და მოსარჩელეს თავიანთი ქორწინების რეგისტრაცია არ მოუხდენიათ, მაგრამ ოჯახების ურთიერთშეთანხმებით გადაიხადეს ქორწილი და ა-------------მა საჩუქრად მიიღო ნათესავებისაგან ძვირფასეულობა, რომელიც მის პირად საკუთრებას წარმოადგენს. ეს ძვირფასი ნივთებია: 1. ოქროს ყელსაბამი - 600 ლარის ღირებულების; 2.ოქროს ჯვარი - 250 ლარის ღირებულების; 3.ოქროს წითელთვლიანი ბეჭედი - 300 ლარის ღირებულების; 4.ოქროს უთვლო მოქარგული ბეჭედი - 250 ლარის ღირებულების; 5.მწვანე თვლიანი ბეჭედი - 250 ლარის ღირებულების; 6.ლურჯთვლია-----ქროს ბეჭედი - 200 ლარის ღირებულების; 7.ოქროს თერთვლიანი ბეჭედი - 300 ლარის ღირებულების;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. მოსარჩელე როდესაც მოპასუხესთან გადავიდა საცხოვრებლად მზითვის სახით წაიღო 1 ცალი მტვერსასრუტი - 140 ლარის ღირებულების, 1 ცალი ჭაღი - 120 ლარის ღირებულების, 1 ცალი კედლის საათი - 20 ლარის ღირებულების, 1 ცალი ელექტრო ჩაიდანი - 20 ლარის ღირებულების, 6 ცალი ყავის ჭიქა - 10 ლარის ღირებულების, ყავის სახარში ჯეზვე - 10 ლარის ღირებულების, 6 ცალიანი თეფშების კომპლექტი - 50 ლარის ღირებულების, საწოლი თეთრეულის კომპლექტი (ერთი ცალი ზეწარი, ერთი კონვერტი, ორი ცალი ბალიშის პირი) – 50 ლარის ღირებულების, 5 ცალი ჟაკეტი - 150 ლარის ღირებულების, 3 ცალი შარვალი - სულ 90 ლარის ღირებულების.
2.5. მოპასუხე ა----- გ-------–---ი მოსარჩელეს უარს აცხადებს ზემოაღნიშნული ნივთების, დოკუმენტებისა და ოქროს სამკაულის (მზითვის) დაბრუნებაზე.
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-----------------მა აჩვენა რომ, იგი არის მოსარჩელე ა-------------ის დედა. მისი განმარტებით ქორწილის შემდეგ ქალიშვილს მზითვის სახით მისცა შემდეგი ნივთები: ტანსაცმელი, ჭაღი, ჭურჭელი. დაბადების დღეზე და 8 მარტს აჩუქა თეფშების კომპლექტი, კედლის საათი, ჩაიდანი, ყავის სახარში, ლოგინის თეთრეული, პირსახოცების კომპლექტი, მტვერსასრუტი. მისი შვილი მეუღლესთან ცხოვრობდა 7 თვის განმავლობაში, 2016 წლის 2 იანვრიდან აგვისტომდე. ნივთების წამოსაღებად მისულები იყვნენ პოლიციელებთან ერთად, მათთან ერთად იყო ასევე მისი მაზლის შვილიც. ანის ტანსაცმელი არ გაატანეს. მოპასუხის დედამ მათ გამოუტანა ცხვირსახოცში გახვეული ოქროულობა და ამ დროს მივიდა ედო ბერიკიანი, რომელიც შეეკამათა და უთხრა აქ რას აკეთებთო. თავი წარუდგინა, როგორც ოჯახის ადვოკატმა. მან თქვა, რომ რადგანაც ანი და ა-----ი ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ ოქროული არ ეკუთვნისო. ამის შემდეგ ისინი ჩასხდნენ მანქანაში და უკან ისე წამოვიდნენ, რომ არაფერი არ წაუღიათ.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სარჩელით მოთხოვილი ნივთების, დოკუმენტებისა და ძვირფასეულობის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი და შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს, რომ აღნიშნული ნივთები არამართლზომიერად იმყოფება მოპასუხესთან და ნებაყოფლობით არ უბრუნებს მათ, ხოლო მოპასუხე ა----- გ-------–---ს ეკისრება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ნივთები ა-------------მა წაიღო სახლიდან წასვლისას და იმყოფება მასთან. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლომ განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. სასამართლომ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. სასამართლომ ასევე მიუთითა იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლოს განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. მოცემულ საქმესთან მიმართებაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნივთებზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთების ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის გავრცელებული საშუალებაა, რომელიც საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა, რომ 2016 წლის 02 იანვრიდან მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2016 წლის 14 სექტემბერს, გართულებული ფეხმძიმობის გამო მოსარჩელე მეუღლის ოჯახიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში, საიდანაც მეუღლის ოჯახში აღარ დაბრუნებულა. მართალია მოპასუხესა და მოსარჩელეს თავიანთი ქორწინების რეგისტრაცია არ მოუხდენიათ, მაგრამ ოჯახების ურთიერთშეთანხმებით გადაიხადეს ქორწილი და ა-------------მა საჩუქრად მიიღო ნათესავებისაგან ძვირფასეულობა, რომელიც მის პირად საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა მოპასუხემ ძვირფასეულობა და ზემოაღნიშნული ნივთები მოსარჩელეს ნებაყოფლობით არ გაატანა. ეს ძვირფასი ნივთებია: 1) ოქროს ყელსაბამი; 2) ოქროს ჯვარი; 3) ოქროს წითელ თვლიანი ბეჭედი; 4) ოქროს უთვლო მოქარგული ბეჭედი; 5) მწვანე თვლიანი ბეჭედი; 6) ლურჯთვლია-----ქროს ბეჭედი; 7) ოქროს თეთრ თვლიანი ბეჭედი სულ 2,150 ლარის ღირებულების. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოსარჩელე მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებით და ქორწინების ამსახველი DVD დისკით სარწმუნოდ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ძვირფასი ნივთები: 1) ოქროს ყელსაბამი; 2) ოქროს ჯვარი; 3) ოქროს წითელ თვლიანი ბეჭედი; 4) ოქროს უთვლო მოქარგული ბეჭედი; 5) მწვანე თვლიანი ბეჭედი; 6) ლურჯთვლია-----ქროს ბეჭედი; 7) ოქროს თეთრ თვლიანი ბეჭედი სულ 2,150 ლარის ღირებულების, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს ა-------------ი არის დაქორწინებისას სტუმრების მიერ ნაჩუქარი ნივთები და იგი დღეის მდგომარეობით მოპასუხის მფლობელობაშია. აღნიშნული ოქროს ნივთების არსებობის ფაქტი დაადასტურა თავად მოპასუხე მხარემაც, თუმცა განმარტა, რომ ისინი მოსარჩელემ სახლიდან წასვლისას თან წაიღო. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგანაც მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სადავო ნივთების წაღების ფაქტს. პირიქით, მოწმე ე-----------------ის ჩვენების თანახმად როდესაც იგი ნივთების წამოსაღებად პოლიციელებთან ერთად მისული იყო მოპასუხის სახლში, მათ მოსარჩელის კუთვნილი ნივთები - არც ტანსაცმელი, არც ოქროული და არც სხვა ნივთები არ გამოატანეს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე არაერთხელ აქვს მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისათვის მისი კუთვნილი ძვირფასეულობისა და პირადი ნივთების დაბრუნების თაობაზე. მოპასუხის ახსნა-განმარტება წინააღმდეგობრივია, კერძოდ მისი განმარტება, იმის შესახებ რომ მოსარჩელის ახლობლები მისი სახლიდან წასვლის შემდეგ რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მოპასუხის ოჯახში და მათი კუთვნილი ყველა ნივთი წაიღეს. ასეთ შემთხვევაში მოპასუხე ვერ ხსნის იმ გარემოებას თუ კი მოსარჩელემ მისი ოჯახიდან ყველა ნივთი წაიღო, მაშინ რატომ მოხდა ის ფაქტი, რომ მან სასამართლო პროცესის მსვლელობისას მოსარჩელეს ნებაყოფლობით დაუბრუნა ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სასამართლო პროცესამდე მის ოჯახში ინახებოდა.
სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის უფლება, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია რა, რომ ძვირფასი ნივთები, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს ა-------------ი არის ქორწილში სტუმრების მიერ ნაჩუქარი ნივთები, ხოლო აღნიშნული ნივთები დღეის მდგომარეობით მოპასუხე ა----- გ-------–---ის მფლობელობაშია, თვლის, რომ ისინი ექვემდებარება მესაკუთრისათვის დაბრუნებას. რაც შეეხება დოკუმენტაციას და სარჩელში მითითებულ სხვა ნივთებს, კერძოდ 1)1 ცალი მტვერსასრუტს - 140 ლარის ღირებულების, 2)1 ცალი ჭაღს - 120 ლარის ღირებულების, 3)1 ცალი კედლის საათს - 20 ლარის ღირებულების, 4)1 ცალი ელექტრო ჩაიდანს - 20 ლარის ღირებულების, 5)6 ცალი ყავის ჭიქას - 10 ლარის ღირებულების, 6)ყავის სახარში ჯეზვეს - 10 ლარის ღირებულების, 7)6 ცალიანი თეფშების კომპლექტს - 50 ლარის ღირებულების, 8)საწოლი თეთრეულის კომპლექტს ( ერთი ცალი ზეწარი, ერთი კონვერტი, ორი ცალი ბალიშის პირი) – 50 ლარის ღირებულების, 9)5 ცალი ჟაკეტს - 150 ლარის ღირებულების, 10)3 ცალი შარვალს, ჯამში სულ 90 ლარის ღირებულების; 11) საქართველოს პასპორტს, დაბადების მოწმობას, 12)სკოლის გამოსაშვები ალბომს, 13)რუსეთის ფედერაციის მოწმობასა და 14) რუსეთის ფედერაციის პასპორტს, აღნიშნული ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებობის ფაქტს მოსარჩელე მხარე სათანადოდ ვერ ადასტურებს. კერძოდ, ზემოთაღნიშნული ნივთების, როგორც მზითევის არსებობას ადასტურებს მხოლოდ მოსარჩელე თავის ახსნა-განმარტებაში და მისი დედა - მოწმე ე-----------------ი თავის ჩვენებაში. სხვა რაიმე მტკიცებულება რითაც უდავოდ დადასტურდებოდა აღნიშნული ნივთების არსებობა მოპასუხის ოჯახში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი მტკიცებულება შეიძლება ყოფილიყო მაგალითად მტვერსასრუტის, ჭაღის შეძენის ქვითარი და სხვა. აგრეთვე რაიმე სახით დადასტურება, რომ ეს ნივთები ნამდვილად იმყოფება მოპასუხის ოჯხში.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-ე ნაწილებზე, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა რომ ზემოაღნიშნული ნივთები მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა-------------ის სარჩელი მოპასუხე ა----- გ-------–---ის მიმართ პირადი ოქროს სამკაულებისა და ნივთების უკან დაბრუნების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ: 1.1. მოპასუხე ა----- გ-------–---ს (პ--------------) უნდა დაევალოს, მოსარჩელე ა-------------ს (პ--------------) დაუბრუნოს ძვირფასი ნივთები: 1) ოქროს ყელსაბამი; 2) ოქროს ჯვარი; 3) ოქროს წითელ თვლიანი ბეჭედი; 4) ოქროს უთვლო მოქარგული ბეჭედი; 5) მწვანე თვლიანი ბეჭედი; 6) ლურჯთვლია-----ქროს ბეჭედი; 7) ოქროს თეთრ თვლიანი ბეჭედი სულ 2,150 ლარის ღირებულების;
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 4.1.2 პუნქტით სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივი გარემოება დადგენილად, რომ მოსარჩელემ ქორწილში პირად საკუთრებაში საჩუქრად ნათესავებისაგან მიიღო ძვირფასეულობა, რომელთა დასახელება და ფასები მითითებული აქვს სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში. მოსარჩელეს, ქორწილის ამსახველი ვიდეო კადრებისა და დედამისის - ე-------------–---ის ჩვენების გარდა, სხვა არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომლითაც დადასტურდებოდა ნივთების ხარისხი და სახეობა, მათი ღირებულება. აპელანტის განმარტებით აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს არ უნდა მიეჩნია საკმარის საფუძვლად. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების 5.2 პუნქტით სასამართლომ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ა----- გ-------–---ი მოსარჩელეს უარს უცხადებს ნივთებისა და ოქროს სამკაულების დაბრუნებაზე. აღნიშნული გარემოება სასამართლოს არასწორად აქვს შეფასებული და განმარტებული, ვინაიდან მოპასუხე უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთები არ იმყოფება მის მფლობელობაში. აპელანტი ასევე უთითებს გადაწყვეტილების 5.3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებად მოიხსენიებს მოწმედ დაკითხული მოსარჩელის დედის განმარტებას, თუმცა რა ფაქტობრივი გარემოება მიიჩნია დადგენილად, ამის შესახებ არ არის აღნიშნული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2016 წლის 02 იანვრიდან მოსარჩელე ა-------------ი და მოპასუხე ა----- გ-------–---ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ ქალიშვილი - ა------- ო--------ი.
- 2016 წლის 14 სექტემბერს, გართულებული ფეხმძიმობის გამო მოსარჩელე მეუღლის ოჯახიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში, საიდანაც მეუღლის ოჯახში აღარ დაბრუნებულა.
- მოპასუხესა და მოსარჩელეს თავიანთი ქორწინების რეგისტრაცია არ მოუხდენიათ, მაგრამ ოჯახების ურთიერთშეთანხმებით გადაიხადეს ქორწილი და ა-------------მა საჩუქრად მიიღო ნათესავებისაგან ძვირფასეულობა, რომელიც მის პირად საკუთრებას წარმოადგენს. ეს ძვირფასი ნივთებია: 1. ოქროს ყელსაბამი - 600 ლარის ღირებულების; 2.ოქროს ჯვარი - 250 ლარის ღირებულების; 3.ოქროს წითელთვლიანი ბეჭედი - 300 ლარის ღირებულების; 4.ოქროს უთვლო მოქარგული ბეჭედი - 250 ლარის ღირებულების; 5.მწვანე თვლიანი ბეჭედი - 250 ლარის ღირებულების; 6.ლურჯთვლია-----ქროს ბეჭედი - 200 ლარის ღირებულების; 7.ოქროს თერთვლიანი ბეჭედი - 300 ლარის ღირებულების;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
პალატა მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
პალატა აღნიშნავს, რომ ოქროს ნივთების არსებობისა და ჩუქების ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარის ახსნა-განმარტებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს წერილისა და თანდართული მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ ა----- გ-------–---ი უარს აცხადებდა ა-------------ისთვის მისი კუთვნილი ნივთების დაბრუნებაზე და ვერც სარჩელის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში ვერ დაადასტურა მოწინააღმდეგე მხარემ ოქროს ნივთების აპელანტთან ყოფნის ფაქტი. პალატა ვერ გაიზიარებს ა----- გ-------–---ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროს ნივთების მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემის ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებასა და ახსნა-განმარტებებს, მეტიც - როგორც ა----- გ------–---ი შესაგებლით განმარტავს, ა-------------ის ნივთები ინახება ჩანთაში, მის სახლში, მათ ყოფილ საძინებელ ოთახში, თუმცა იქვე დასძენს, რომ არ იცის, თუ რა დევს ჩანთაში, ამავდროულად, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ე-----------------ის განმარტებით, როდესაც აპელანტის სახლში ა-------------ის ნივთების წასაღებად მივიდნენ, ა----- გ-------–---ის დედამ მათ გამოუტანა ცხვირსახოცში გახვეული ოქროულობა, თუმცა აღარ გადასცა, ვინაიდან მათ შორის მოხდა შეკამათება. ამდენად, პალატა შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება აპელანტის მიერ გაჟღერებული გარემოების სისწორე მასზედ, რომ ოქროს ნივთების არსებობა მოპასუხე მხარესთან - ა-------------თან, მეტიც - მტკიცებულებათა ერთობლიობით მყარდება ა-------------ის პოზიცია იმის შესახებ, რომ ოქროს ნივთები აპელანტის უკანონო მფლობელობაშია და იგი უარს აცხადებს მათი ა-------------ისათვის გადაცემაზე.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
როგორც წესი, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. გამომდინარე მითითებულ ნორმათა ანალიზიდან ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობის დასადგენად უნდა შეფადეს ის გარემოებანი არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე, ასევე, იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში დაგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ნივთების მესაკუთრეს. ასევე, დადგინდა, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. მითითებული გარემოებათა ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ სახეზეა ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლები და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში ა----- გ-------–---ის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, ა-------------ის მიერ დაყენებულია შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის გამო იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 500 ლარის აპელანტისთვის გადასახდელად დაკისრების შესახებ.
სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ა-------------ის სასარგებლოდ, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის აღნიშნული შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა----- გ-------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
დარჩეს უცვლელი.
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. ა----- გ------–---ს ა-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი