განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002102953
2ბ/2387-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ოთარ სიჭინავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი- მ--- თ---------ე
წარმომადგენელი - ი-----–- ნ-------ა
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ს----------------------–-----------“
წარმომადგენელი - ლ-–- ჭ------ე (დირექტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2018წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის და სახელმწიფო ბაჟის ნაწილში.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
მ--- თ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მ--- თ---------ეს და შპს „ს-----------------------–----------ს“ შორის, 2016 წლის 30 სექტემბერს, დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ--- თ---------ეს სესხად გადაეცა 12 500 აშშ დოლარი, 2.3 % სარგებლის დარიცხვით, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სარგებელი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველი თვის 30 რიცხვში.
ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ გადაიხდის სარგებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღეს, ამ დღიდან სამი სამუშაო დღის შემდეგ, მას დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი ძირითადი თანხის 0.1 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარგებლის გადახდამდე.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ--- თ---------ის კუთვნილი უძრავი ქონება. ამ ხელშეკრულებაში 2017 წლის 6 ივლისს შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო 2018 წლის 6 ივლისს.
2.2. მ--- თ---------ეს და შპს „ს------------------------–----------ს“ შორის, 2017 წლის 6 ივლისს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 7-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ უძრავი ქონების რეალიზაციის შემდეგ წესზე: იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციას განახორციელებს შპს „პ------–-----------–- აუქციონის" მიერ დანიშნული სპეციალისტი, კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე. რეალიზაცია განხორციელდება აუქციონის მოწყობის გზით, რომლის პირობებიც განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 3- პუნქტის შესაბამისად.
2.3. ხელშეკრულების 7-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე მოთხოვნას არ ასრულებს, იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მხარეები ადასტურებენ, რომ ნოტარიუსისაგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ბუნების შესახებ.
2.4 მ--- თ---------ემ დაარღვია 2016 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის გადახდის წესი, რის გამოც 2017 წლის 5 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 12 500 აშშ დოლარი, გადაუხდელი სარგებელი - 2377.09 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1356.25 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
2.5. 2016 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მ--- თ---------ეს შესრულებული აქვს სრულად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში :
2.6. მ--- თ---------ე მოითხოვს 2016 წლის 30 სექტემბერის ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შემცირებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მ--- თ---------ეს და შპს „ს-----------------------–----------ს“ შორის, 2016 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილი სესხის სარგებლის ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დარჩენილი ძირითადი თანხის 0.1 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარგებლის გადახდამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 30 სექტემბერის ხელშეკრულების ვადის დარღვვვის გამო, 2017 წლის 5 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 12 500 აშშ დოლარი, გადაუხდელი სარგებელი - 2377.09 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1356.25 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია, არ არის შეუსაბამო ძირითად ვალდებულებასთან და სავალუტო ბაზარზე არსებულ ფასებთან, რის გამოც პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამასთან, მ--- თ---------ეს ზემოაღნიშნული ვალდებულებები შესრულებული აქვს. სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ფაქტობრივად არ იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და მხოლოდ აღნიშნა, რომ 0.1% წარმოადგენს გონივრულ ოდენობას. საქმის გარემოებების გათვალისწინებით 0.1% შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა და უნდა შემცირდეს 0.01%-მდე (135.62).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველკონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაახელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობითგამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა მოსარჩელისთვის დასაბრუნებელი ბაჟის ოდენობა. თავდაპირველ სარჩელზე ბაჟი გადახდილი იყო 240 ლარის ოდენობით, ორი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე. ამ ორი მოთხოვნიდან სასამართლო სხდომაზე შემცირებული იქნა ერთ-ერთი მოთხოვნა, რის გამოც სასამართლოს უნდა დაებრუნებინა დამატებით 120 ლარი. დაზუსტებული სარჩელის წარდგენის დროს, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით იქნა გადახდილი 473 ლარი. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ 473 ლარზე და მხედველობის მიღმა დატოვა თავდაპირველად გადახდილი 240 ლარი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მ--- თ---------ეს და შპს „ს-----------------------–----------ს“ შორის, 2016 წლის 30 სექტემბერს, დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ--- თ---------ეს სესხად გადაეცა 12 500 აშშ დოლარი, 2.3 % სარგებლის დარიცხვით, 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. სარგებელი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველი თვის 30 რიცხვში. ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ გადაიხდის სარგებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღეს, ამ დღიდან სამი სამუშაო დღის შემდეგ, მას დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი ძირითადი თანხის 0.1 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარგებლის გადახდამდე.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ--- თ---------ის კუთვნილი უძრავი ქონება. ამ ხელშეკრულებაში 2017 წლის 6 ივლისს შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო 2018 წლის 6 ივლისს (ტ.1, ს.ფ.19-28);
- ხელშეკრულების მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე მოთხოვნას არ ასრულებს, იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მხარეები ადასტურებენ, რომ ნოტარიუსისაგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ბუნების შესახებ.
- მ--- თ---------ემ დაარღვია 2016 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის გადახდის წესი, რის გამოც 2017 წლის 5 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 12 500 აშშ დოლარი, გადაუხდელი სარგებელი - 2377.09 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1356.25 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია (ტ.1, ს.ფ. 143-146).
- 2016 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მ--- თ---------ეს შესრულებული აქვს სრულად.
4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეადგენდა ძირითადი თანხის 0.1 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო, 2017 წლის 5 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 12 500 აშშ დოლარი, გადაუხდელი სარგებელი - 2377.09 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1356.25 აშშ დოლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.1% უკვე შემცირებული იქნა 0.05%-მდე და ამდენად, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას (ტ.1, ს.ფ. 177).
დადგენილია და სადავო არ არის, რომ მ--- თ---------ეს ზემოაღნიშნული ვალდებულებები შესრულებული აქვს. აპელანტის მიუთითებს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და ითხოვს მის შემცირებას 0.01%-მდე (135.62 აშშ დოლარი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხევაში, პალატას მიაჩნია, რომ საერთო თანხის, ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა თანაზომიერი და გონივრულია, არ არის შეუსაბამო ძირითად ვალდებულებასთან და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
4.3. აპელანტის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სახელმწიფო ბაჟის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა თავდაპირველ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 240 ლარის ოდენობით. აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნებული 64.70 ლართან ერთად დამატებით უნდა დაებრუნებინა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 120 ლარი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 25.09.2017წ. აღძრულ თავდაპირველ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 240 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 10, 41). 05.12.2017წ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 474 ლარს, საიდანაც ძირითადი სარჩელის წარდგენის დროს გადახდილი იყო 240 ლარი და ერთვის 234 ლარის ოდენობით სახ. ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (ტ. 1, ს.ფ. 90,108-109). 08.12.2017. წელს მოსარჩელის მიერ კვლავ იქნა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც მითითებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 473 ლარს, საიდანაც ძირითადი სარჩელის აღძვრის დროს გადახდილია 240 ლარი და დაზუსტებულ სარჩელს ერთვის 234 ლარის ოდენობით სახ. ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც წარმოადგენს 05.12.2017. წელს დაზუსტებულ სარჩელზე თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლის დედანს (ტ.1,ს.ფ.108-109, 153-154). ამდენად, დგინდება, რომ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ჯამში 474 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივარში მოცემული მსჯელობა მასზედ, რომ დაზუსტებული სარჩელის წარდგენის დროს, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით იქნა გადახდილი 473 ლარი და სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა თავდაპირველად გადახდილი 240 ლარი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა განსაზღვრული მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 474 ლარის ოდენობით. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის საფუძველზე მართებულად განმარტა, რომ, ვინაიდან მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნების ნაწილზე, 2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და სარგებლის განსაზღვრის თაობაზე, მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილი, 64.70 ლარის ოდენობით.
არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--- თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2018 წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე ოთარ სიჭინავა