განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001564973
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-206-2018 26 ივნისი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ე---–--- ხ--–--–ი
წარმომადგენელი - დ--–-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ბ-------------–----ი
წარმომადგენელი - ი----------ე, ნ--------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ე---–--- ხ--–--–ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ ბ-------------–----ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხე სსიპ ბ-------------–----ს მოსარჩელე ე---–--- ხ--–--–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2430 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 15 მაისის #3-- ბრძანებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ „ბ-------------–----ს“ შორის 18.05.2015 წელს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ „ბ-------------–----ს“ სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის ქ. ბათუმში, კ--------ის დასახლებაში არსებული შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 ნოემბრამდე. 2.2. 2015 წლის 30 ივნისს სსიპ „ბ-------------–----სა“ და ფიზიკურ პირს მ----- ღ------------ეს შორის გაფორმდა გაფორმდა #1-- ხელშეკრულება, სსიპ „ბ-------------–----ის“ სარგებლობაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზე მ----- ღ------------ეს 2015 წლის 01 ნოემბრამდე იჯარით გადაეცა ქ. ბათუმში, კ--------ის დასახლებაში მდებარე 150 კვმ. მიწის ნაკვეთი, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მსუბუქი კონსტრუქციის საზოგადოებრივი კვებისა და გართობის ობიექტის განსათავსებლად. 2.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოიჯარე მ----- ღ------------ემ საიჯარო მიწის ნაკვეთზე განათავსა მსუბუქი კონსტრუქციის საზოგადოებრივი კვების ობიექტი, თუმცა სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ, არაერთი წერილობითი მიმართვისა და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო საიჯარო მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მეიჯარისათვის დაბრუნება, რის გამოც სსიპ „ბ-------------–----მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ----- ღ------------ის მიმართ, საიჯარო ქონების დაბრუნების მოთხოვნით. დავასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 2.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 მარტის #2-- ბრძანებისა და „უსასყიდლო უზუფრუქტის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ „ბ-------------–----ს“ შორის 25.03.2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ „ბ-------------–----ს“ სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის ქ. ბათუმში, კ--------ის დასახლებაში არსებული შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 ნოემბრამდე. 2.5. სსიპ „ბ-------------–----მა“, უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით მიღების შემდეგ, შავი ზღვის სანაპირო ზოლში სხვადასხვა საქმიანობის განსახორციელებლად გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი. მათ შორის აუქციონი გამოცხადდა ქ. ბათუმში, კ--------ის დასახლებაში, სტადიონის მიმდებარედ, შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებულ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების 150 კვმ. მიწის ნაკვეთზე, მსუბუქი კონსტრუქციის საზოგადოებრივი კვების ობიექტის განსათავსებლად. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი ე---–--- ხ--–--–ი. 2.6. 2016 წლის 30 მაისს სსიპ „ბ-------------–----სა“ და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ ფიზიკურ პირს ე---–--- ხ--–--–ს შორის გაფორმდა #54 ხელშეკრულება, სსიპ „ბ-------------–----ის“ სარგებლობაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით სსიპ „ბ-------------–----მა“ იკისრა ვალდებულება ე---–--- ხ--–--–ისათვის 2015 წლის 01 ნოემბრამდე იჯარით გადაეცა ქ. ბათუმში, კ--------ის დასახლებაში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 150 კვმ. მიწის ნაკვეთი, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მსუბუქი კონსტრუქციის საზოგადოებრივი კვებისა და გართობის ობიექტის განსათავსებლად. ხელშეკრულებით განისაზღვრა საიჯარო ქირა 3360 ლარის ოდენობით, საიდანაც 1500 ლარი, რაც ე---–--- ხ--–--–ის მიერ გადახდილი იქნა აუქციონში მონაწილეობის დროს საგარანტიო თანხის სახით, ჩაითვალა იჯარის ქირაში და განისაზღვრა დარჩენილი თანხის 1860 ლარის ორ ეტაპად გადახდის ვალდებულება - 2016 წლის 24 ივნისამდე 930 ლარის ოდენობით და 2016 წლის 26 ივლისამდე 930 ლარის ოდენობით. ე---–--- ხ--–--–მა, გარდა 1500 ლარისა, უზრუნველყო პირველ ეტაპზე გადასახდელი საიჯარო ქირის 930 ლარის გადახდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანგარიშზე ჩარიცხვით გზით. 2.7. სსიპ „ბ-------------–----მა“ ვერ უზრუნველყო 2016 წლის 30 მაისის #54 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 150 კვმ. საიჯარო მიწის ნაკვეთის მოიჯარე ე---–--- ხ--–--–ისათვის გადაცემა, რადგან მისი დაბრუნება წინა მოიჯარისაგან ვერ შეძლო გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. მოპასუხე სსიპ „ბ-------------–----ის“ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, საიჯარო მიწის ნაკვეთის მოიჯარე ე---–--- ხ--–--–ისათვის გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა შავი ზღვის სანაპირო ზოლში განეთავსებინა მარტივი კონსტრუქციის საზოგადოებრივი კვებისა და გართობის ობიექტი და ამ ობიექტის გამოყენებით განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა. 2.8. მოპასუხე სსიპ „ბ-------------–----ის“ მიერ, მოიჯარე ე---–--- ხ--–--–ისათვის საიჯარო მიწის ნაკვეთის გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობით, მოსარჩელისათვის 60 476.20 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დადასტურებული არ არის. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების თაობაზე, ემყარება საიჯარო მიწის ნაკვეთის გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობით იმ მატერიალური სარგებლის მიღების შეუძლებლობაში, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისა და საიჯარო ქონების დანიშნულებით სარგებლობის შესაძლებლობის შემთხვევაში, ანუ განსახილველი დავის საგანს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას, რომელიც მან ვერ მიიღო მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და რომელსაც ის მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. სასამართლომ წარმოდგენილი მასალების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. ამასთან, მითითებული ნორმის დანაწესი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების წინაპირობად მიიჩნევს იმ გარემოების არა სავარაუდოდ, არამედ უდავოდ დადასტურებას, რომ პირი შემოსავალს აუცილებლად მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. მართალია, მოსარჩელემ მიუთითა ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის სათანადო/სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა. ამ მიზნით მოსარჩელემ წარადგინა კალკულაციები და აუდიტორული დასკვნა, რომელშიაც ასახული მონაცემები, სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების შედეგად, სარწმუნოდ არ მიიჩნია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე---–--- ხ--–--–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. აპელანტმა, როგორც მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება და წარადგინა სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარდგენილი არ ყოფილა და არც შუამდგომლობა დაყენებულა მოწინააღმდეგე მხარის მიერ. 3.2. აუდიტის დასკვნაში სასამართლოს უსაფუძვლოდ შეაქვს ეჭვი, მაშინ, როდესაც აღნიშნულთან მიმართებაში კომპეტენცია არ გააჩნია. 3.3. აპელანტმა იმიტომ მიიღო აუქციონში მონაწილეობა, რომ მისი ინტერესი იყო სეზონურად სარგებლის მიღება. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებებზე. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიქტური შეფასებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ბათუმში, კ--------ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება 2015 წლის 15 მაისს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტმა უსასყიდლო უზუფრუქტით გადასცა სსიპ ბ-------------–----ს. 4.2. 2016 წლის 30 მაისს აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დაიდო ზემოხსენებული ნაკვეთიდან 150 კვ.მ. ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება. 4.3. ქონება მოსარჩელეს იჯარით უნდა გადასცემოდა 2016 წლის 15 ნოემბრამდე და მას იჯარით აღებულ ტერიტორიაზე უნდა მოეწყო მსუბუქი კონსტრუქციის საზოგადოებრივი კვებისა და გართობის ობიექტი. 4.4. აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს საიჯარო ქირის ნაწილი, 2430 ლარი დადგენილ ვადაში, გადაუხადა, თუმცა სსიპ ბ-------------–----მა მას ქონება ვერ გადასცა. 4.4.1. აღმოჩნდა, რომ აპელანტის მიერ იჯარით აღებული ტერიტორია, სსიპ ბ-------------–----თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 30 ივნისიდან დაკავებული ჰქონდა მესამე პირს და იგი ქონების დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. 4.5. სსიპ ბ-------------–----სა და ქონების მფლობელს შორის მიმდინარეობა დავა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დასრულებული არ არის. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. 4.6.1. უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო აპელანტისათვის ქონება, ფაქტობრივად, გადაეცა და საიჯარო დროის განმავლობაში ნაყოფის მიღების შესაძლებლობა უზრუნველეყო. 4.6.2. უდავოა, რომ ეს ვალდებულება მოპასუხემ ვერ შეასრულა. 4.6.3. ამის შესაბამისად, მან ხელშეკრულების პირობები დაარღვია. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 4.7.1. რადგან მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია, ამით მიყენებული ზიანი აპელანტს უნდა აუნაზღაუროს. 4.8. პალატა არ ეთანხმება მოპასუხეს, რომ ვალდებულების დარღვევისათვის მას პასუხისმგელობა არ ეკისრება. 4.8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 4.8.2. იჯარით აღებული ქონების დაგვიანებით გადაცემის ან გადაუცემლობის პირობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. 4.8.4. ამის შესაბამისად, მესამე პირის პრეტენზიების მიუხედავად, მოპასუხეს აპელანტისათვის იჯარის საგანი მაინც უნდა გადაეცა. 4.8.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. 4.8.6. ის, რომ იჯარის საგნის აპელანტისათვის გადაცემას ვერ მოახერხებდა, მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისთანავე იცოდა ან უნდა სცოდნოდა მაინც, რადგან ქონებას მესამე პირი, სწორედ, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა. 4.8.7. ეს კი ნიშნავს, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება გაუფრთხილებლად, ე.ი. ბრალეულად დაარღვია. 4.8.7. ამის შესაბამისად, ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის ნივთს მესამე პირი ფლობდა, მოპასუხეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. 4.9.1. პალატა აღნიშნავს, რომ იჯარის ხელშეკრულებას ქირავნობის ხელშეკრულებისაგან, ძირითადად, გარიგების მიზანი განასხვავებს. 4.9.2. იჯარის ხელშეკრულებით ქონება მოიჯარეს ნაყოფის მისაღებად გადაეცემა. სწორედ ამის გამო არის ვალდებული მეიჯარე, რომ საიჯარო დროის განმავლობაში მოიჯარის მიერ ნაყოფის მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოს. 4.9.3. ეს, რასაკვირველია, ნაყოფის - ნამატის ან შემოსავლის - მიღების პროცესში მეიჯარის მონაწილეობას არ გულისხმობს. 4.9.4. ამ ნორმის მიხედვით, მეიჯარე ვალდებულია ნაყოფის მიღებაში მოიჯარეს ხელი არ შეუშალოს. 4.9.5. მეიჯარის მხრიდან ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნაყოფის მიუღებლობა ყოველთვის ივარაუდება. 4.10. უდავოა, რომ აპელანტს იჯარით აღებულ ქონებაზე საზოგადოებრივი კვებისა და გართობის ობიექტი უნდა განეთავსებინა, ე.ი. უნდა მიეღო შემოსავალი. 4.10.1. ისიც დადგენილია, რომ მან ქონება ვერ გამოიყენა, რადგან მოწინააღმდეგე მხარემ მისი გადაცემა ვერ უზრუნველყო. 4.10.2. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ აპელანტმა შემოსავალი ვერ მიიღო, რადგან მოპასუხემ მას ქონება ვერ გადასცა, ამით ნაყოფის მიღების შესაძლებლობა ვერ უზრუნველყო და ეს ფაქტი მოპასუხისათვის, იმთავითვე, სავარაუდო იყო. 4.10.3. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია მათზე. 4.11. ამრიგად, დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება ბრალეულად დაარღვია, უშუალოდ, ამ მიზეზით აპელანტმა შემოსავალი ვერ მიიღო და ეს გარემოება მოპასუხისათვის, უთუოდ, სავარაუდო იყო. 4.11.1. ამის გამო, მოპასუხემ აპელანტს მიყენებული ზიანი უნდა აუნაღაუროს. 4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 4.12.1. შპს ბ--------ს აუდიტორული დასკვნით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აპელანტი, სავარაუდოდ, 60 476,2 ლარის მოგებას მიიღებდა. 4.12.2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ამ დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. 4.12.3. ამის გამო, დასკვნაში მითითებული მონაცემების გამოყენება მიუღებელი შემოსავლის დასადგენად, სავსებით, შესაძლებელია. 4.13. თუმცა, ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავალი იმგვარი ზიანია, რომელიც ფაქტობრივად არ დამდგარა. 4.13.1. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ამგვარი შემოსავალი, ყოველთვის, სავარაუდო, ე.ი. გონივრული უნდა იყოს. 4.13.2. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობა მესამე პირმა უნდა განსაზღვროს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, კი თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 4.13.3. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. 4.13.4. ამრიგად, სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის მოცულობაც გონივრული და სამართლიანი მსჯელობის საფუძველზე უნდა განსაზღვროს. 4.14. შპს ბ--------ის დასკვნიდან დგინდება, რომ მიუღებელი შემოსავალი აუდიტორს დათვლილი აქვს პროდუქციაზე 200 და ზოგჯერ 300%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით. ჯამში, კი საქმიანობის სამი თვის განმავლობაში, დაახლ. 64%-იანი მოგება აქვს ნავარაუდევი. 4.14.1. პალატის აზრით, ამგვარი ნამატი და მოგება არც გონივრულია და არც სამართლიანი. 4.14.2. ასევე არაგონივრული და არასამართლიანია, 60476,2 ლარის წმინდა მოგების შემთხვევაში, მზარეულის ხელფასის მხოლოდ 3000 ლარით, ხოლო მიმტანის ხელფასის 1000 ლარით განსაზღვრა. 4.14.3. გასათვალისწინებელია, რომ საიჯარო ქირის სახით აპელანტს, მხოლოდ, 3360 ლარი უნდა გადაეხადა და ისიც, რომ იგი ანაზღაურებას ფაქტობრივად შეუსრულებელი სამუშაოსათვის ითხოვს. 4.14.4. ამის გამო, პალატა მიუღებელი შემოსავლის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 10% მოგებას მიიჩნევს. 4.15. დასკვნაზე თანდართულ ცხრილში მითითებულია საქმიანობისათვის საჭირო პროდუქტის საცალო ფასი და მთელი პერიოდის განმავლობაში შესაძენი რაოდენობა. 4.15.1. ამ მონაცემებით პროდუქტის შესაძენად აუცილებელი ხარჯის გამოთვლაა შესაძლებელი. 4.15.1.1. ასე, მაგ: დანართის მიხედვით, 1 ბოთლი 0,5 ლ. წყლის ღირებულება 0,4 ლარი იყო, აპელანტს საქმიანობისათვის სულ 380 ბოთლი სჭირდებოდა, ამრიგად, ცხადია, რომ ამ პროდუქტის შესაძენად მას 380X0,4=152 ლარი უნდა გადაეხადა; 1 ბოთლი 1,5 ლ. წყლის ფასი კი 0,9 ლარი იყო, აპელანტს სულ 260 ბოთლი უნდა შეეძინა, ამისთვის მას 0,9X260=234 ლარი დასჭირდებოდა და ა.შ. 4.15.2. ამის შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ საქმიანობისათვის საჭირო პროდუქტის შესაძენად აპელანტს, სულ: 152+234+253,5+279+876+608+810+660+590,4+540+1639+1500+1650+936+1100+1204+450+304+270+450+2700+3360+1957,5+2205+3382,5+4350+2750+2600+941,7+1220+90+200+1440+670+720+763+648+3690+624+936+1092+684+224+336+3240+4590+3995+820+140+1086,5+1414,5+691,6+1596,3+2394+2632+3000+675,2+1435+324+1409,7+3756,8+1075+1050+1015+1400+608+77+224+36+1086,5+1190+1190=94241,7 ლარი უნდა დაეხარჯა. 4.15.3. ამის შესაბამისად, სამართლიანი და გონივრული მიუღებელი შემოსავალი შეიძლება 94241,7X10%= 9424,17 ლარით განისაზღვროს. 4.15.4. აღნიშნული თანხა საქმიანობისათვის საჭირო სხვა ტიპის ხარჯებს - საიჯარო ქირას, მზარეულის ხელფასს, მიმტანის, ჭურჭლის მრეცხავის, დამლაგებლის ხელფასს, ე.ი. პირობითად, დასკვნის დანართ 3-ში „იჯარით აღებული ფართიდან მისაღები მოსალოდნელი შედეგების გაანგარიშება“ - არ მოიცავს, რადგან ეს ხარჯი, საიჯარო ქირის გარდა, აპელანტს არ გაუწევია. 4.16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ 2430 ლარის გადახდა დაეკისრა. 4.16.1. მართალია, სასამართლომ აპელანტისათვის მიყენებული ზიანი მის მიერ გადახდილ საიჯარო ქირას დაუკავშირა, თუმცა გადახდილი ქირის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი აპელანტს არ აღუძრავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, კი სასამართლო მხარეს ვერ მიაკუთვნებს იმას, რაც მას არ უთხოვია. 4.16.2. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა ჩათვლილი უნდა იქნას მიუღებელი შემოსავლის ანგარიშში და, საბოლოოდ, მოპასუხემ აპელანტს 9424,17-2430=6994,17 – 7000 ლარი უნდა აუნაზღაუროს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ე---–--- ხ--–--–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ე---–--- ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ე---–--- ხ--–--–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სსიპ ბ-------------–----ს ე---–--- ხ--–--–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7000 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, სსიპ ბ-------------–----ს ე---–--- ხ--–--–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 490 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 280 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ე---–--- ხ--–--–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ე---–--- ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. ე---–--- ხ--–--–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სსიპ ბ-------------–----ს ე---–--- ხ--–--–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7000 ლარის გადახდა;
5. სსიპ ბ-------------–----ს ე---–--- ხ--–--–ის სასარგებლოდ დაეკისროს 490 ლარის გადახდა;
6. სსიპ ბ-------------–----ს ე---–--- ხ--–--–ის სასარგებლოდ დაეკისროს 280 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა