განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.08.2018
საქმის ნომერი
080210116001651957
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210116001651957

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-223-2018 19 ივნისი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - რ----- მ---------ე

წარმომადგენელი - მ--–------------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- ნ--------–---–ი

წარმომადგენელი - ხ-------------ე

დავის საგანი - სესხი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რ----- მ---------ის (წარმომადგენელი მ--–------------------ე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ------- ნ--------–---–ს მოსარჩელე რ-----ი მ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1958.04 (ერთიათას ცხრაასორმოცდათვრამეტი აშშ დოლარი და 04 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2011 წლის 01 ოქტომბერს მოსარჩელე რ----- მ---------ეს და მოპასუხე გ------- ნ--------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ------- ნ--------–---–მა სესხის სახით მიიღო 3500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება დაიდო 2 თვის ვადით, ყოველთვიურად 7% სარგებლის დარიცხვით. 2.2. 2011 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელე რ----- მ---------ეს და მოპასუხე გ------- ნ--------–---–ს შორის გაფორმდა ხელწერილი-შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიიღო 2000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით. ყოველთვიურად 7% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით მხარეები პირგასამტეხლოზე არ შეთანხმებულან. 2.3. ხელწერილი-შეთანხებაზე არსებული მოსარჩელის ხელმოწერების თანახმად, რ----- მ---------ეს გ------- ნ--------–---–ისგან სულ მიღებული აქვს 6200 აშშ დოლარი და 250 ლარი. მსესხებელს სესხის პროცენტი უნდა ეხადა 2010 წლის 29 მარტის და 2010 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებების შესაბამისად მიღებული სესხის თანხის დაბრუნებამდე. 2.4 . მოწმის სახით დაკითხულმა პ------------ემ განმარტა, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰქონდათ ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა. მოპასუხე მუშაობს აუდიო სტუდიაში, სადაც მოდიოდა ხოლმე მოსარჩელე და მას გ------- პროცენტის და ძირითადი თანხის სახით ფულს აძლევდა. თითქმის თანხის გადაცემის ყველა ფაქტს ესწრებოდა. როგორც ახსოვს გ-------ს ნასესხები ჰქონდა 5500 აშშ დოლარი, რომელიც გასტუმრებული აქვს. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მოდიოდა მასთან რ----- მ---------ე, შემდეგ აღარ მოდიოდა, რადგან ვალი გასტუმრებული იყო. მას გ-------მ ასევე უთხრა, თუ ნასვამ მდგომარეობაში მყოფს როგორ მოაწერინა რ----- მ---------ემ ხელი ხელწერილზე, რომელიც არ წაუკითხავს და უთხრა, რომ ექიმისთვის საჩვენებლად სჭირდებოდა. 2.5. მოწმის სახით დაკითხულმა მ-------------–--ემ განმარტა, რომ 2012-2013 წლიდან მუშაობს გ------- ნ--------–---–თან. როგორც ახსოვს, გ-------ს ჰქონდა რ----- მ---------ის ვალი 3000 აშშ დოლარი, რომელსაც ის აძლევდა რ----- მ---------ეს, პირადად მასაც გადაუცია 500-600 აშშ დოლარი. მარტო კომპიუტერში მას გატარებული აქვს 3500 აშშ დოლარის გადაცემა რ----- მ---------ეზე. მოსარჩელეს მოპასუხე უხდიდა როგორც ძირ თანხას, ისე პროცენტს. თავად მ---------ეს უთქვამს მისთვის, რომ თავნი გასტუმრებულიაო. 2.6. მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მოპასუხესთან 2013 წლის 12 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების, კერძოდ კი მისთვის ვალის 5500 აშშ დოლარის და 5230 აშშ დოლარის - სარგებლის არსებობის ფაქტის დამტკიცება. მოსარჩელემ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება სრულად ვერ შეძლო, ვინაიდან მოპასუხემ დაამტკიცა მოსარჩელისთვის ვალის ნაწილობრივ გასტუმრების ფაქტი. მოსარჩელე მხარემ მართალია შეამცირა მოთხოვნა, მაგრამ სარწმუნოდ ვერ განმარტა და დაადასტურა, თუ სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა რომელი ანგარიშითაა 11 270 აშშ დოლარი და რა თანხებს მოიცავს იგი. ბუნდოვანია თავად 2013 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შინაარსი, რომელიც დაწერილია რ----- მ---------ის მიერ და რომლის თანახმადაც - „2011 წლის 1 ოქტომბრის #1-------- და 2011 წლის 22 დეკემბრის შეთანხმება-ხელწერილის შესაბამისად გ------- ნ--------–---–მა ისესხა რ----- მ---------ისაგან 5500 აშშ დოლარი თვეში 7%-ის გადახდით. 2013 წლის ივლისის ბოლოსთვის დაუგროვდა გადაუხდელი თანხა პროცენტის სახით 5230 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი, სულ 10730 აშშ დოლარი. ვალდებულებას ვიღებ აღნიშნული თანხა, მთლიანად 10730 აშშ დოლარი გადავიხადო 2013 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, ძირითად თანხაზე 7%-ის გადახდის შენარჩუნებით ყოველ თვეში“. რადგან პირველი ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ხელშეკრულებით 2000 აშშ დოლარს + 2800 აშშ დოლარი, ე.ი. სულ უნდა გადაეხადა 8300 აშშ დოლარი. წარმოდგენილ შეთანხმება-ხელწერილზე (22.12.2011წ.) რ----- მ---------ის მიერ შესრულებული ხელმოწერებით დასტურდება მის მიერ მოპასუხისაგან 6200 აშშ დოლარის და 250 ლარის (იმ დროს არსებული კურსით=141.96 აშშ დოლარი), სულ 6341.96 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. შესაბამისად მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 8300-6341.96=1958.04 აშშ დოლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას 2013 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში მითითებული სესხის თანხა მოსარჩელისთვის სრულად ჰქონდა დაფარული. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პროცენტი. 2.8. 2011 წლის 01 ოქტომბრის და 2011 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებები დაიდო ორი და ექვსი თვის ვადით. მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი 7% (რაც საკმაოდ მაღალი პროცენტია) და რომელიც უნდა ეხადა გ------- ნ--------–---–ს ყოველთვიურად სესხის თანხის დაბრუნებამდე. 2.9. წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს 6341.96 აშშ დოლარი. მოსარჩელისათვის სესხის თანხების გადახდის ფაქტები არ უარყო არც მოსარჩელის წარმომადგენელმა და ასევე დაადასტურეს მოწმეებმაც. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყასიტყვითი აზრიდან. უდავოა, რომ მოსარჩელეს 2013 წლის აგვისტოსთვის წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნა სარჩელის აღძვრით განახორციელა კიდეც. თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა მოპასუხისათვის 11270 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რადგან მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (ხელმოწერები თანხის მიღებაზე) საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. რომლის თანახმადაც გ------- ნ--------–---–ს რ----- მ---------ისათვის გადახდილი ჰქონდა 6341.96 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა სულ 8300 აშშ დოლარი ძირითადი თანხის სახით, რომლის 7% 2013 წლის 12 აგვისტოს ხელწერილამდე შეადგენდა 2800 აშშ დოლარს. რის გამოც ბუნდოვანი იყო შეთანხმება- ხელწერილში მითითებული პროცენტის თანხის ოდენობა, რადგან მისი ოდენობა არ გამომდინარეობდა აღნიშნული სესხის ხელშეკრულებებიდან. მართალია, თანხა აღიარებული იყო მოპასუხის მიერ, მაგრამ შეთანხმების მათემატიკური ბუნდოვანება არ უნდა გამხდარიყო გ------- ნ--------–---–ისთვის იმ თანხის გადახდის დაკისრების საფუძველი, რაც არ გამომდინარეობდა ხელშეკრულებათა შინაარსიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შინაარსი ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილი იყო, რაც არ იწვევდა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრა რ----- მ---------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ ბუნდოვანია 2013 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შინაარსი, მაშინ როდესაც აღნიშნულ ხელშეკრულებაში მოპასუხე ნათლად და სრულყოფილად აღიარებს ვალის არსებობას და სრულიად გაურკვეველია, რატომ გახდა ეს შეთანხმება მოსამართლისთვის ბუნდოვანი. აღნიშნულის დადასტურებაა შეთნახმება, რომლის დედანიც საქმეში დევს. 3.2. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 6 341,96 აშშ დოლარი“, მაგრამ არ მიუთითა როდის არის ეს თანხები გადახდილი. მოპასუხისაგან წარმოდგენილ მტკიცებულებაში მითითებულია, რომ თანხები გადახდილი არის 2013 წლის 12 აგვისტომდე, ესე იგი შეთანხებისა და ვალის აღიარებამდე, რამაც გამოიწვია უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილების მიღება. 3.3. უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება, თითქოს სესხის თანხის გადახდის ფაქტები დაადასტურა მოსარჩელის მხარემ. აპელანტმა დაადასტურა მხოლოდ ერთი ფაქტი, რომელიც შეეხებოდა 1 000 აშშ დოლარის მიღებას და ამიტომაც შეამცირა სასამართლო მოთხოვნა. 3.4. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და ზემოთ მითითებულ ხელშეკრულებაში მოპასუხე ვალდებულებას იღებდა გადაეხადა პროცენტი. აღნიშნულმა ფაქტმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში. 3.5. სასამართლომ დაუშვა უბრალო არითმეტიკული შეცდომა, კიდევაც საფუძვლიანი და სამართლიანი რომ ყოფილიყო 6 341,96 აშშ დოლარის გადახდა, სასამართლომ 12 270 აშშ დოლარს ვერ გამოაკლო 6 341 აშშ დოლარი და სრულიად გაურკვეველია მოპასუხეს რატომ დააკისრა მხოლოდ 1 958 აშშ დოლარის გადახდა. სამართლებრივი საფუძვლები 3.6. სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 361-ე მუხლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2011 წლის 1 ოქტომბერს გ------- ნ--------–---–მა რ----- მ---------ისაგან ორი თვის ვადით ისესხა 3500 აშშ დოლარი. 4.1.1. ხელშეკრულების წერილობითი ტექსტის თანახმად, ამ სესხს საპროცენტო სარგებელი არ ერიცხებოდა. 4.2. 2011 წლის 22 დეკემბერს გ------- ნ--------–---–მა რ----- მ---------ისაგან, დამატებით, ისესხა 2000 აშშ დოლარი. 4.2.1. ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით და სესხით სარგებლობისათვის მოპასუხეს ყოველთვიურად, სესხის თანხის 7% უნდა გადაეხადა. 4.3. გ------- ნ--------–---–მა აპელანტს თანხა არ დაუბრუნა და, ამიტომ, 2013 წლის 12 აგვისტოს მხარეებმა შეადგინეს „შეთანხმება-ხელწერილი“. 4.3.1. ამ საბუთში აღნიშნულია: „მე გ------- ნ--------–---–მა, მცხოვრები ქ. ქუთაისში რ---------–ის გამზირი მე- შესახვევი N3-ში. პ/N6---------- Nგ0------. 2011 წლის 1 ოქტომბრის N1-------- და 22.12.2011 წლის შეთანხმება-ხელწერილის შესაბამისად, ვისესხე მოქ. რ----- მ---------ისაგან 5500 (ხუთიათას ხუთასი) აშშ დოლარი თვეში 7%-ის გადახდით. 2013 წლის ივლისის ბოლოსთვის დამიგროვდა გადაუხდელი თანხა პროცენტის სახით 5230 (ხუთიათას ორას ოცდაათი) აშშ დოლარი და ძირითადი თანხა 5500 (ხუთიათას ხუთასი) აშშ დოლარი, სულ 10730 (ათიათას შვიდას ოცდაათი) აშშ დოლარი. ვალდებულებას ვიღებ აღნიშნული თანხა მთლიანად 10730 (ათიათას შვიდასოცდაათი) აშშ დოლარი გადავიხადო 2013 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, ძირითად თანხაზე შვიდი პროცენტის გადახდის შენარჩუნებით, ყოველ თვეში“. 4.4. ხელწერილის შედგენის შემდეგ, 2013 წლის 17 სექტემბერს გ------- ნ--------–---–მა აპელანტს, მხოლოდ, 1000 აშშ დოლარი გადაუხადა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. უდავოა, რომ მოპასუხემ აპელანტისაგან, სულ 5500 აშშ დოლარი ისესხა. 4.5.1. 2013 წლის 12 აგვისტოს ხელწერილით დგინდება, რომ ამ დროისათვის მოპასუხის დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით 5500 აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო სარგებლის სახით 5230 აშშ დოლარი, ე.ი. სულ 10730 აშშ დოლარი იყო. 4.5.2. ხელწერილის მიხედვით, მოპასუხეს ვალი 2013 წლის დეკემბრის ბოლოსათვის უნდა დაებრუნებინა და, ამ პერიოდში, ე.ი. 4 თვის განმავლობაში ძირითად თანხას საპროცენტო სარგებელი, ყოველთვიურად 7% ერიცხებოდა. 4.5.3. ამრიგად, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს მოპასუხეს აპელანტისათვის სულ 10730+5500X7%X4=12270 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. 4.5.4. აპელანტი ადასტურებს, რომ 2013 წლის 17 სექტემბერს მოპასუხემ მას 1000 აშშ დოლარი გადასცა. 4.5.5. ამის შესაბამისად, ხელწერილის მიხედვით მოპასუხის ვალი აპელანტის წინაშე 11270 აშშ დოლარი იყო, რაც აპელანტის მიერ შემცირებულ მოთხოვნას სავსებით შეესაბამება. 4.6. ორივე მხარე განმარტავს, რომ, სინამდვილეში, 2011 წელს მოპასუხემ აპელანტისაგან 5500 აშშ დოლარი ისესხა, ოღონდ - ორ ეტაპად. 4.6.1. ამის გამო, აპელანტის თქმით, აღნიშნულ თანხას, ე.ი. 5500 აშშ დოლარს სარგებელი 2011 წლის 1 ოქტომბრიდან უნდა დარიცხვოდა. 4.6.2. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით გავიდა 22 თვე. ამის შესაბამისად, მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა სარგებელი, 5500X7%X22=8470 აშშ დოლარი. ამის ნაცვლად, კი მან მხოლოდ 3240 აშშ დოლარი გადაიხადა, რაც შეთანხმებაში აისახა კიდეც. 4.6.3. პალატის აზრით, აპელანტის განმარტება 2013 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების პირობებს სავსებით შეესაბამება და, ამიტომ, იგი დამაჯერებელია. 4.7. მოწინააღმდეგე მხარის პოზიციით, კი 2011 წლის 1 ოქტომბერს ნასესხებ თანხას სარგებელი არ ერიცხებოდა, 2011 წლის 22 დეკემბერს სესხად მიღებული 2000 აშშ დოლარისათვის კი მას, ყოველთვიურად, 15% სარგებელი უნდა გადაეხადა. 4.7.1. პალატის აზრით, მოპასუხის ეს განმარტება ეწინააღმდეგება მისსავე პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას ჯამში, აპელანტის სასარგებლოდ 11000 აშშ დოლარზე მეტი აქვს გადახდილი, ამასთან, გადახდების ნახევართან დაკავშირებით აპელანტისაგან ხელწერილი არ მიუღია. 4.7.2. თუ მოპასუხეს აპელანტისათვის, მხოლოდ, 3500+2000X15%X6+2000=7300 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდა, გაუგებარია, რატომ გადაუხადა მან მას დაახლ. 12000 აშშ დოლარი. 4.8. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ის მაინც ცალსახაა, რომ 2011 წელს მოპასუხემ აპელანტისაგან 5500 აშშ დოლარი ისესხა და 2000 აშშ დოლარს მაინც, ყოველთვიურად, 7% სარგებელი ერიცხებოდა. 4.8.1. ამის შესაბამისად, მხოლოდ ამ ხელშეკრულებათა შინაარსის მიხედვით, მოპასუხეს აპელანტისათვის 2013 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით 3500+2000+2000X7%X6=6340 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. 4.9. ამ ვალის გადახდა კი მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. 4.10. მოპასუხის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებები მარტივი ხელწერილებია. 4.10.1. ეს ხელწერილები შემდეგი შინაარსისაა: „მივიღე პროცენტი 500 (ხუთასი აშშ 28.05.2013 წ“; „15.07.2014 წ. მივიღე 200 (ორასი) აშშ დ.... და 250 ლარი“; „15.10.2014 წ. მივიღე 200 .... აშშ დ....“; „17 თებერვალი 2014 წ. მივიღე 300 (სამასი) აშშ დოლარი“; „2014 წლის 16 იანვარი მივიღე 300 (სამასი) აშშ დოლარი“; 4 ივლისი 2013 წელი მივიღე ძირითადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარი“; „17.09.2013 წელი მივიღე 1000 (ათასი) აშშ დოლარი გ....“; „6 ნოემბერი 2013 წელი მივიღე 1000 აშშ დოლარი გამოაკლდება თავნს“; „19 დეკემბერი 2013 წელის მივიღე 1000 დ.....“. 4.11. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ხელწერილებიდან აპელანტმა, მხოლოდ, 2013 წლის 4 ივლისითა და 2013 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული ხელწერილების ნამდვილობა აღიარა. დანარჩენ ხელწერილებზე ხელმოწერის ფაქტი მას საქმის წარმოების არც-ერთ ეტაპზე დაუდასტურებია. 4.11.1. 2013 წლის 4 ივლისის ხელწერილში მითითებულ 1500 აშშ დოლარსა და 2013 წლის 17 სექტემბრის ხელწერილში მითითებულ 1000 აშშ დოლარს კი იგი არც ითხოვს. 4.12. გარდა ამისა, ხელწერილების შინაარსი არასრული და ბუნდოვანია, მათი ნაწილი გადახაზულია, ძირითადი ნაწილი ხელმოუწერელია და ჯეროვნად არ იკითხება. 4.13. ამასთან შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელ სამართლებრივ ურთიერთობას, რა ვალდებულებიდან გამომდინარე გადახდებს ეხება ისინი. 4.13.1. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ თავად მოპასუხის განმარტებით (ს.ფ. 79) მხარეთა შორის სხვა სასესხო ურთიერთობებიც არსებობდა. 4.14. ამის შესაბამისად, ამ ხელწერილებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა შეუძლებელია. 4.15. თუმცა, ხელწერილებში, სავარაუდოდ, ასახული ყველა ინფორმაცია უტყუარად და დადასტურებულადაც რომ მივიჩნიოთ, 2013 წლის 12 აგვისტომდე მხოლოდ 2 მათგანია შედგენილი: 2013 წლის 28 მაისის გადახაზული ხელწერილი, რომელიც 500 აშშ დოლარის გადაცემას და 2013 წლის 4 ივლისის ხელწერილი, რომელიც 1500 აშშ დოლარის, ე.ი. ჯამში - 2000 აშშ დოლარის გადაცემას ეხება. 4.16. ყველა დანარჩენილ ხელწერილი დათარიღებულია არის 2013 წლის 12 აგვისტოს შემდგომი პერიოდით. 4.17. ამრიგად, აღნიშნული ხელწერილებით მხოლოდ იმის დადგენა შეიძლება, რომ 2011 წლის სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეს არ შეუსრულებია და აპელანტისათვის სესხად აღებული თანხა არ დაუბრუნებია. 4.18. საყურადღებოა, რომ გადაუხაზავი და, თუნდაც, მარტივი ფორმით ხელმოწერილი ხელწერილების თანახმად, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისაგან ჯამში, ე.ი. როგორც 2013 წლის 12 აგვისტომდე, ისე მას შემდეგაც 1500+200+300+1000=3000 აშშ დოლარი და 250 ლარი აქვს მიღებული, ეს კი იმ თანხაზე ნაკლებია, რომლის მიღებას აპელანტი თავადაც აღიარებს. 4.19. მოპასუხის პოზიცია არ მტკიცდება საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც, რადგან, ჯერ ერთი, ამ მოწმეებს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობისა და ვალის გადახდის თაობაზე კონკრეტული ჩვენება არ მიუციათ. 4.19.1. და, გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა, ე.ი. ვალდებულების შესრულებაც მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადგინდება. 4.20. ამრიგად, დადგენილია, რომ 2011 წლის სესხის ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ არ შეასრულა და 2013 წლის 12 აგვისტოსათვის ვალდებულების შესრულების ვადიდან თითქმის ორი წელი იყო გასული. 4.21.1. ამ ვითარებაში, სავსებით შესაძლებელი იყო მხარეები ხელშეკრულების ახალ პირობებზე შეთანხმებულიყვნენ და მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ სესხის მთელი პერიოდის განმავლობაში გადასახდელი სარგებლის ანაზღაურება ეკისრა. 4.22. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც 2013 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში გამოვლენილი ნების ნაკლს დაადასტურებდა, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.23. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხემ აპელანტს სესხად აღებული თანხა უნდა დაუბრუნოს და შეთანხმებული სარგებელი უნდა გადაუხადოს. 4.24. თუმცა, ამავდროულად, პალატა ეთანხმება მოპასუხეს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს და მორალურ პრინციპებს არ შეესაბამება. 4.24.1. პალატა აღნიშნავს, რომ სესხის სარგებელი - ყოველთვიური 7%, წლიური 7X12=84%-ია. 4.24.2. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო წესრიგისა და მორალური პრინციპების შესატყვისად ჩაითვლება. 4.24.3. პალატის აზრით, ჩვეულებრივ, მაღალ სარგებელს ე.წ. ძვირი ფული და მომეტებული რისკის კოეფიციენტი იწვევს. 4.24.4. ასე, მაგ. პროცენტი მაღალი აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რადგან მათ სესხის გასაცემად თავადაც სარგებლიანი სესხის აღება უწევთ და ამ თანხას, ძირითადად, არაუზრუნველყოფილ, სარისკო ვალდებულებებში აბანდებენ, რომელთა დაბრუნების შანსი დაბალია. სწორედ ამის გამო, ისინი სარგებელს ითვლიან იმგვარად, რომ დაბრუნებულმა სესხებმა უიმედო ვალები გადაფაროს და მოგებაც უზრუნველყოს. საბოლოოდ კი მათი მოგება სხვა კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მოგებას უთანაბრდება და, ზოგჯერ, ჩამორჩება კიდეც. 4.24.5. ამგვარ ვითარებაში, მაღალი საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკურ ლოგიკას და ვალდებულებათა სამართლიანი გადანაწილების პრინციპებს შეესაბამება. 4.24.6. მაგრამ როცა მაღალ სარგებელს არა ზემოხსენებული ფაქტორები, არამედ ზემოგების სურვილი განსაზღვრავს, იგი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ურთიერთობების პრინციპებთან შესაბამისობაში ვერანაირად მოვა. 4.25. პალატის აზრით, აპელანტს არ მიუთებია და დაუსაბუთებია ის ფაქტორები, რომლებმაც ძალზედ მაღალი საპროცენტო სარგებელი განაპირობა. მას არ უთქვამს და დაუმტკიცებია, რომ მოპასუხისათვის გადაცემული თანხა თავადაც სესხად ჰქონდა აღებული და ამ სესხზე სარგებლის გადახდა უხდებოდა; აპელანტის მოთხოვნა უზრუნველყოფილია მოპასუხის ქონებაზე არსებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვით. 4.25.1. ამის გამო, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება შეთანხმებული სარგებლის თაობაზე, ნაწილობრივ ბათილია. 4.26. თუმცა, რადგან მხარეებმა სარგებლის გადახდის ვალდებულება შეათანხმეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხის მიერ გადასახდელი სარგებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესის ანალოგიით უნდა განისაზღვროს. 4.27. ამ ნორმის მიხედვით, სარგებელი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს არ უნდა აღემატებოდეს. 4.27.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდის თანახმად, 2011-2013 წლებში საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე წლიური 17-19% ფარგლებში მერყეობდა. 4.27.2. ამრიგად, პალატა აპელანტის მიერ მისაღებ სარგებელს წლიური 48%-ით, ე.ი. ყოველთვიურად, 4%-ით განსაზღვრავს. 4.28. ამის შესაბამისად, მოპასუხეს აპელანტისათვის 5500+5500X4%X26=11220 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. 4.28.1. თუმცა, აქედან, თავად აპელანტის განმარტებით, 3240+1000=4240 აშშ დოლარი მოპასუხეს გადახდილი აქვს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მას 1958,04 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. 4.29. ამის შესაბამისად, საბოლოოდ, მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ, დამატებით, 11220-4240-1958,04=5021,96 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაეკისროს. 4.30. საინტერესოა, რომ 2013 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში მითითებული დაგროვილი სარგებლის გათვალისწინების გარეშე და, მხოლოდ, უდავო წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხის ვალი აპელანტის წინაშე (3500+2000+2000X7%X6+5500X7%X4)-2500=5380 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რ----- მ---------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება რ----- მ---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. რ----- მ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გ------- ნ--------–---–ს რ----- მ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5021,96 აშშ დოლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, გ------- ნ--------–---–ს რ----- მ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ ორივე ინსტაციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის: 33129/12270=2.7; 5021,96X3%X2.7=406,77;ბ) სააპელაციო სასამართლოსათვის: 11270-1958,04=9311,96; 21700/9311,96=2,33; 5021,96X4%X2.33=468,04; ე.ი. სულ 406,77+468,04=874,81 ლარის ანაზღაურება მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. რ----- მ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება რ----- მ---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. რ----- მ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გ------- ნ--------–---–ს რ----- მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 5021,96 აშშ დოლარის გადახდა;

5. გ------- ნ--------–---–ს რ----- მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 874,81 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე