განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002086070
საქმე №3ბ/41-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) – საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გი-------–----–--ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - გი-------–----–--ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 4360 (ოთხიათასსამასსამოცი) ლარის გადახდა, (საიდანაც 3960 (სამიათას ცხრაასსამოცი) ლარი არის ძირითადი დავალიანება, ხოლო 400 (ოთხასი) ლარი პირგასამტეხლო). მოპასუხეს - გი-------–----–--ეს, მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 130,8 (ასოცდაათი ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. 2016 წლის 13 მაისს, ერთის მხრივ გი-------–----–--ეს (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო მოქალაქე გ------ი შ----–--ის პირადი დაცვა, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო წინასწარი ავანსის სახით შეეტანა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე ორი თვის დაცვის მომსახურების საფასური და ყოველთვიური დაცის მომსახურების საფასური გადაეხადა დანიშნული პოლიციელების პროპორციულად წინასწარი ინვოისის ამოწერიდან 5 საბანკო დღის ვადაში. დაცვის მომსახურების ღირებულება ყოველთვიურად განისაზღვრა 2400 ლარით (პოლიციის ერთი ინსპექტორი 1200 ლარი (ხელშეკრულების 3.1.-3.2. პუნქტები)).
ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულების 3.2. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, ორი თვის მომსახურების ღირებულების ოდენობით, რომელიც ჩამოიჭრება დამკვეთის მიერ ავანსის სახით შეტანილი თანხიდან (ხელშეკრულების 5.5. პუნქტი). ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობების შეუსრულებლობისათვის მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 5.4. პუნქტი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულება N1----- (იხ. ს.ფ. 10 11);
2.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივნისის N1------ ბრძანების თანახმად, ვ------- შ----ას ძე ს---–-----–---–ი დაინიშნა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს II განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე გ------ი შ----–--ის პირადი დაცვის ინსპექტორად, პოლიციის პოლკოვნიკის უფროსი სპეციალური წოდების მინიჭებით (ყოფილი მოსამსახურე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივნისის N1------ ბრძანება (იხ. ს.ფ. 14)
2.2.3 . შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 აპრილის N9----- წერილით დგინდება, რომ გი-------–----–--ე გაფრთხილებულ იქნა, რომ მას 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულების თანახმად, გადასახდელი ჰქონა დაცვის მომსახურების დავალიანება და მის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში 2017 წლის 01 მაისიდან ცალმხრივად შეწყდებოდა ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 აპრილის N9----- წერილი (ს.ფ. N18)
2.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 18 მაისის N1------ ბრძანებით, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს მე-2 განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე გ------ი შ----–--ის პირადი დაცვის ინსპექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ვ------- შ----ას ძე ს---–-----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2017 წლის 11 მაისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 18 მაისის N1------ ბრძანება (იხ. ს.ფ. 12-13).
2.2.5. გი-------–----–--ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, 2016 წლის 13 მაისის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 20 ივნისის მდგომარეობით ერიცხება პირადი დაცვის მომსახურების დავალიანება - 3960 (ექვსიათას სამოცი) ლარი, ხოლო პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2400 (ორიათას ოთხასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 20 ივნისის ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 15);
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება.
კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
2.3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1-ე მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება).
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და გი-------–----–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს. ამასთან, ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე.
2.3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსადა ადგილას.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ასევე ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებების მონაწილე მხარეებს წარმოეშვათ ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო გი-------–----–--ე პირადი დაცვა, აღნიშნულის სანაცვლოდ კი დამკვეთი ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების ხელშეკრულენით გათვალისწინებული საფასური.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ხალეშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა მოპასუხე მხარე თავს არიდებს დღემდე არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების თანხას, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა დაცვის მომსახურების ღირებულების 3960 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება პირგასამტხელოს სახით 2400 ლარის დაკისრებას, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულების, დაკისრებული დავალიანებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე სასამართლომ აღნიშნულ ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა და გი-------–----–--ეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 400 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორი შეფასება მისცა მათ. ამასთან, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოპასუხეზე დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რის გამოც აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოპასუხეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხისა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, 2016 წლის 13 მაისს, ერთის მხრივ გი-------–----–--ეს (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,შემსრულებლად’’ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო მოქალაქე გ------ი შ----–--ის პირადი დაცვა, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო წინასწარი ავანსის სახით შეეტანა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე ორი თვის დაცვის მომსახურების საფასური და ყოველთვიური დაცის მომსახურების საფასური გადაეხადა დანიშნული პოლიციელების პროპორციულად წინასწარი ინვოისის ამოწერიდან 5 საბანკო დღის ვადაში. დაცვის მომსახურების ღირებულება ყოველთვიურად განისაზღვრა 2400 ლარით (პოლიციის ერთი ინსპექტორი 1200 ლარი (ხელშეკრულების 3.1.-3.2. პუნქტები)).
ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულების 3.2-ე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში დაცვა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, ორი თვის მომსახურების ღირებულების ოდენობით, რომელიც ჩამოიჭრება დამკვეთის მიერ ავანსის სახით შეტანილი თანხიდან (ხელშეკრულების 5.5. პუნქტი). ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობების შეუსრულებლობისათვის მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 5.4. პუნქტი
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 18 მაისის N1------ ბრძანებით, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს მე-2 განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მოქალაქე გ------ი შ----–--ის პირადი დაცვის ინსპექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ვ------- შ----ას ძე ს---–-----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2017 წლის 11 მაისიდან.
სააპელაციო სასამართლო მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნევს დავის სახელშეკრულებო-ვალდებულებით ნორმებზე მითითებით გადაწყვეტას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორი გამოყენებისა და შეფარდების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმავალი ნების გამოხატვის შედეგად და დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა განმარტავს, რომ ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მიუთითებს მასზე და ასევე განმარტავს, რომ პირგასამტხელოს სახით 2400 ლარის დაკისრება, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულების, დაკისრებული დავალიანებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრული ოდენობაა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. ყოველივე გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოტივაცია არ ქმნის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
რაც შეეხება, საპროცესო ხარჯებს - დადგენილია, რომ მოპასუხეს - გი-------–----–--ეს, მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 130,8 (ასოცდაათი ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
პალატა განმარტას, რომ ასევე უსაფუძვლოა აპელანტის მითითება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის არასწორად განსაზღვრაზე, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს - გი-------–----–--ეს დააკისრა სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე