განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002210900
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-531-2018 14 აგვისტო, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ნ----- ძ---–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-–- დ---–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ------–--–--------ე
დავის საგანი - დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ----- ძ---–--ის სასარჩელო მოთხოვნა ლ-–- დ---–-–---–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების მკურნალობის და მედიკამენტების დანახარჯების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ნ----- ძ---–--ის სასარჩელო მოთხოვნა ლ-–- დ---–-–---–ისთვის არასრულწლოვანი შვილებისათვის ყოველთვიურად დაზღვევის თანხის 50-50 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ნ----- ძ---–--ე და ლ-–- დ---–-–---–ი (ტ------ე) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2001 წლიდან, ხოლო 2014 წელს განქორწინდნენ. 2.2. ნ----- ძ---–--ეს და ლ-–- დ---–-–---–ს (ტ------ე) შეეძინათ ორი შვილი: 2002 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ნ--- ტ------ე და 2007 წლის 12 ივლისს დაბადებული ლ---- ტ------ე. 2.3. 2014 წელს მეუღლეები ნ----- ძ---–--ე და ლ-–- დ---–-–---–ი (ტ------ე) განქორწინდნენ. 2.4. მხარეთა შვილების - ნ--- ტ------ის და ლ---- ტ------ის დიაგნოზი წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა #100/ა) თანახმად არის: კიფოსქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა. ნ--- ტ------ეს დაენიშნა მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით: 1. ბონექსი, 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 30 დღე, 2. რეიტოელი, 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 30 დღე. ხოლო ლ---- ტ------ეს დაენიშნა მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით: 1.კალციფორი, 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, 30 დღე; 2. დოპელჰერცი ომეგა 3, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, 30 დღე. 2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 11/12/2017წ. გაცემული ამონაწერის თანახმად, ძ---–--ე ნ----- მის შვილებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ყოველთვიურად იღებს დახმარებას 200 ლარის ოდენობით. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია ქ.თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ახალი არსენალის ქ. #6. 2.6. ლ-–- ტ------ემ შეიცვალა გვარი და გახდა დ---–-–---–ი. 2.7. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2017 წლის 15 აპრილს ნ----- ძ---–--ემ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ნ--- და ლ---- ტ------ეების თერაპიული მკურნალობისთვის მხარდაჭერა. ამ განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის მერიამ ნ--- და ლ---- ტ------ეების საჭიროებისთვის გამოყო თანხა და შეიძინა მათთვის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. მოსარჩელის განმარტებით, მერიამ დაუფინანსა ბავშვების ექიმის კონსულტაციის, სამკურნალო მასაჟის, სამკურნალო ვარჯიშის და ფიზიოპროცედურის ხარჯები (895 ლარი). თანხა ჩაურიცხეს ასევე ნათესავებმა. 2.8. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა და სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უშუალოდ მის მიერ შვილების მკურნალობისათვის და მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები. პირიქით დაადასტურა, რომ ეს ხარჯები გაღებული იქნა ქ. თბილისის მერიის და ახლობლების მიერ, რის გამოც არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). ნ----- ძ---–--ის შვილების დიაგნოზი არის: კიფოსქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა. ნ--- ტ------ეს დაენიშნა მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით: 1. ბონექსი, 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 30 დღე, 2. რეიტოელი, 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 30 დღე. ხოლო ლ---- ტ------ეს დაენიშნა მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით: 1. კალციფორი, 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, 30 დღე; 2. დოპელჰერცი ომეგა 3, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, 30 დღე. სამედიცინო ცნობაში არაა მითითებული, რომ ბავშვებს ესაჭიროებათ უწყვეტი თერაპია, სისტემატური მკურნალობა ან სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები, ან/და რა პერიოდულობით. 2017 წელს ქ. თბილისის მერიამ და ნათესავებმა გაიღეს მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილების მკურნალობის და მედიკამენტების შეძენის ხარჯები. მართალია, ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული მიიღოს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა, თუმცა ამისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ფაქტობრივი საფუძველი. მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ მან პირადად, უშუალოდ გაიღო არასრულწლოვანი შვილებისათვის დანიშნულ მედიკამენტებსა და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე ფულადი თანხა. მოპასუხეს (არასრულწლოვანთა მამას) ვერ დაეკისრებოდა ის ხარჯი, რაც გაიღეს სხვა პირებმა და არ გადაუხდია თავად მოსარჩელეს. 2.12. საქართველოს მთავრობის 2013 წლის #36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1- ით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ საფუძველზე შექმნილია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით. მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. გარდა ამისა, არსებობენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომელთა არჩევანის თავისუფლება აქვს ყველა ადამიანს. სადაზღვევო სქემაში ჩასართავად საჭიროა პირმა გააკეთოს განაცხადი შერჩეულ კომპანიაში, სასურველ სადაზღვევო პაკეტზე. არსებობს საოჯახო და ასევე „საბავშვო დაზღვევაც“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეეძლო დაეცვა შვილების ჯანმრთელობა, თავად აერჩია სასურველი სადაზღვევო პაკეტი, კომპანია და მიმართოს მას შესაბამისი განცხადებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ----- ძ---–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს მიერ მითითებულია, რომ ჯანმრთელობის ცნობებიდან არ დასტურდება, რომ არასრულწლოვან ბავშვებს მომავალშიც დასჭირდებათ სამედიცინო პროცედურების ჩატარება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან დაავადებები არის ქრონიკული ხასიათის და ჯანმრთელობის ცნობებში აღნიშნულია ამის შესახებ. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ არასწორადაა გამოყენებული და განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1215-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, მშობელს შეიძლება დაეკისროს დაამტებით ხარჯები მონაწილეობა. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ასაბუთებს, რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს ხარჯების გადახდა, რადგან არ დასტურდება, რომ ხარჯი გაწეული არაა უშუალოდ აპელანტის მიერ. სასამართლოს აღნიშნული დასაბუთება არაა მართებული, რადგან არასრულწლოვანი ბავშვის მამას ყველა შემთხვევაში უნდა დაეკისროს საკუთარი შვილის სასარგებლოდ გაწეული ხარჯების და მომავალში გასაწევი ხარჯების ანაზღაურება, მიუხედავდ იმისა, ვის მიერაა ანაზღაურებული ეს ხარჯები. 3.3. ასევე სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდაა უარი ნათქვამი დაზღვევის თანხის ანაზღაურებაზე და მითითებულია, რომ არსებობს სახელმწიფო პროგრამა დაზღვევის შესახებ, ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიებიც, რომლის არჩევის შესაძლებლობაც აქვს მშობელს. მართალია, არსებობს სადაზღვევო კომპანიები, რომელთა მომსახურებაც დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან. აღნიშნული ხარჯის გაწევა ეკისრება ორივე მშობელს. რაც შეეხება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებს, აღნიშნული პროგრამებით არ მოხდა არასრულწლოვანი ბავშვების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2002 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ნ--- ტ------ე და 2007 წლის 12 ივლისს დაბადებული ლ---- ტ------ე არიან ნ----- ძ---–--ისა და ლ-–- დ---–-–---–ის შვილები. 4.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ბავშვები იზრდებიან დედასთან ნ----- ძ---–--ესთან. ლ-–- დ---–-–---–ს შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა აქვს დაკისრებული. 4.3. 2017 წლის 15 მარტს ლ---- ტ------ემ და ნ--- ტ------ემ შპს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჩაიტარეს მკურნალობა. 4.4. ამ მკურნალობის, ისევე როგორც მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ღირებულება, 1224,35 ლარი მთლიანად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა დაფარა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.5.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც მას არ უთხოვია. 4.6.1. აპელანტმა მოპასუხისათვის ბავშვების სასარგებლოდ უკვე გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. 4.6.2. სამომავლოდ მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა მოსარჩელეს არ აღუძრავს. 4.6.3. ამის გამო, ამ მოთხოვნაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს. 4.7. აპელანტი ადასტურებს და საქმის მასალებითაც (ს.ფ. 84-94) დგინდება, რომ ბავშვების მკურნალობისა და მედიკამენტებისათვის საჭირო თანხა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა. 4.7.1. პალატის აზრით, მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს შეიძლება დამატებით ხარჯებში მონაწილეობა დაეკისროს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან მეორე მშობელს უნდა აუნაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც არ გაუწევია. 4.8. ამის შესაბამისად, მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაღებული თანხის ნაწილის გადახდის ვალდებულება არა აქვს. 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. 4.9.1. ეს ნიშნავს, რომ ბავშვების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის საკითხიც მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყვიტონ. 4.9.2. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმება ვერ ხერხდება, ბავშვები საყოველთაო, ყველასათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო დაზღვევით მაინც უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი. 4.9.3. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების საფუძველზე, კი მოდავე მხარეთა შვილები ჯანმრთელობის ამგვარი დაზღვევით უზრუნველყოფილნი არიან. 4.10. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ნ----- ძ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე