განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.03.2018
საქმის ნომერი
820310016001464223
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310016001464223

საქმე №3/ბ-271-2017წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

 

მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) – გ---–----------------ე, ნ----------------ე, მ---------------ე, ა-----------------ე

წარმომადგენელი – გ---–----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი – გ--------------ე

 

მესამე პირი – შპს ”ა-----------------”

წარმომადგენელი – გ---–----------ე

 

მესამე პირები – ნ-----------------ე, გ--------------ე, რ--------------ე, ბ-------------–-–---–ი, რ---–------------ე, ნ---------------–-–---–ი, ს----------------–--ე

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნა – ბათუიმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2016 წლის 09 აგვისტოს გ---–----------------ემ, ნ----------------ემ, მ---------------ემ და ა-----------------ემ სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირების: შპს ”ა-----------------”-ის, ნ-----------------ის, გ--------------ის, რ--------------ის, ბ-------------–-–---–ის, რ---–----

მ------ის, ნ---------------–-–---–ის და ს-------------------ის მიმართ. მოსარჩელებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 13 ივნისის N- სხდომის ოქმის, 2013 წლის 19 ივლისის N- ოქმის და 2013 წლის 30 ივლისის N- ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვეს წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით სადავო ნაწილში მათ სამართლებრივ შედეგებთან ერთად. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მოპასუხის დავალდებულება ჩამოაყალიბოს კომისია, რომელიც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს ათვისების ტერიტორიაზე მოყოლილი მიწის ნაკვეთების მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტების შესახებ მოსარჩელეების სასარგებლოდ სამართლებრივი შედეგის დადგომის მიზნით და მოპასუხისათვის სხვადასხვა ხარჯების ანაზღაურების მოზნით 1500 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელეთა აღნიშვნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „---------------------“-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი მძიმე ძაბვის ელექტრო სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. მშენებლობის განხორციელების მიზნით მოხვდა მახო სიმონეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მათ შორის მოსარჩელეების მართლზომიერ მფლობელობაში, სარგებლობაში არსებული მიწების ათვისება. მიწების ტერიტორიული შესწავლისა და ინდივიდუალურ მოსარგებლეთა პირების დასადგენად შეიქმნა კომისია, რომლის არაკომპეტენტურმა წევრებმა შეგნებულად მოიძიეს და გაავრცელეს უზუსტო ინფორმაცია და კომპანიის ათვისების ზოლში დააფიქსირეს ის პირები, რომლებიც თითქოს ამ ტერიტორიის მოსარგებლეები იყვნენ. სინამდვილეში კი შემდგარი სიის მიხედვით უმრავლესობა საერთოდ არ სარგებლობდა ამ მიწებით და სხვა პირებს დაუდგინდათ სარგებლობა, რომლებზედაც გაიცა კომპენსაცია. კომისიამ გააყალბა მათ მიერ გამოცემული სხდომის ოქმი N-, 13 იანვარი 2013 წ. სხდომის ოქმი N- 19 ივლისი 2012 წ. და სხდომის ოქმი N- 30 ივლისი 2013 წ. მოსარჩელე გ---–-----------------ეს ჭოროხის განაპირა ზოლში მფლობელობაში გააჩნია 4000 კვ.მ. მიწა, რომელზედაც დადგენილია 4 პირი სხვა მოსარგებლე, რომლებსაც იქ არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთი და არც ინდივიდუალური საკუთრების მიმდებარე მიწას წარმოადგენდა, გაცემულია კომპენსაცია. მოსარჩელე ა-----------------ეს გააჩნდა 2308,0 მიწა, რომელზეც არ გაცემულა კომპენსაცია, მოსარჩელე მ---------------ეს ათვისების ზოლში გააჩნდა 3500 კვ.მ. მიწა ასევე სხვა 4 პირზე გაცემულია კომპენსაცია. მეორე ნაკვეთი 2262 კვ.მ. - ამ ნაკვეთზე არ არის არ არის კომპენსაცია გაცემული, მაგრამ კომპანიამ მიითვისა სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გარეშე და თვითნებურად ატარებს სამუშაოებს. აღნიშნულით მოსარჩელეებმა დაკარგეს ყოველწლიური შემოსავალი, რომელიც ოჯახების ერთ-ერთი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.

 

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მოპასუხემ ნაცვლად თავისი მოქალაქის უფლებების და ინტერესების დაცვისა, მიიღო კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები შეილახა. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის საფუძველს რომ ბათილად, იქნას ცნობილი კომისიის მიერ გამოცემული ოქმები სამართლებრივ შედეგებთან ერთად და გამოიცეს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მოპსაუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები კანონის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი. კომისიამ ჩაატარა დიდი მოცულობის სამუშაოები საკითხის სრულყოფილად გამოსაკვლევად, გამოიკითხა სოფლის მოსახლეობა, ყველა ფართი ადგილზე მისვლით იქნა შესწავლილი და დადგინდა ფაქტობრივი მოსარგებლეები. მოსარჩელები ა-----------------ე, მ---------------ე და ნ----------------ე, რომლებიც არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები, სრულყოფილად იყვნენ საქმის კურსში ყველა მოვლენის ირგვლივ, ა-----------------ეს დაუდგინდა საკმად დიდი ფართის მფლობელობის ფაქტი და მიიღო სოლიდური კომპენსაცია და არ გამოუთქვამს პრეტენზია, ცხადია მაშინვე იყო ცნობილი მისი დის - მოსარჩელე მ---------------ისა და დედის ნ----------------ისათვის, მაგრამ მათ იმ დროისათვის არ მოუთხოვიათ არც ნაკვეთის მოსარგებლედ ცნობა და არც მიღებული საოქმო გადაწყვეტილების გაუქმება. რაც შეეხება გ---–----------------ეს, მან დავა წამოიწყო 2015 წლიდან და გამგეობის მიერ ყველა მის განცხადებაზე გაეცა სათანადო პასუხი. მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ის საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მიღებული წარმოებაში, ან უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება, რადგანაც გასული იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

 

მესამე პირის შპს ,,ა-------------------"-ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ შპს „აჭ------------------“-მა საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, 2012 წლის 16 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეისყიდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯამში 13 მიწის ნაკვეთი. ხსენებულ მიწებზე საკუთრების უფლების მოპოვების შემდგომ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცალკეულმა პირებმა გამოთქვეს პრეტენზია ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ მიწების ფაქტობრივ მფლობელებს და შესაბამისად, ითხოვდნენ კომპანიისაგან შესაბამის საკომპენსაციო თანხას. ხსენებული პირებისა და მათ მფლობელობაში არსებული მიწების იდენტიფიკაციის მიზნით, კომპანიამ თხოვნით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შექმნილიყო შესაბამისი კომისია ხსენებული მიზნებისთვის.

 

მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული წინადადება 2013 წლის 10 ივნისის N--- ბრძანებით და შეიქმნა სპეციალური კომისია. სოფლის მოსახლეობამ კომისიას წარუდგინა განცხადებები, რომლითაც მოთხოვნილი იყო ცალკეული მიწის ნაკვეთებზე მათი მფლობელობის დადგენა. კომისიის მუშაობის ფარგლებში, მოთხოვნილ და მოპოვებულ იქნა მოსახლეობისაგან კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვებული ან/და მომზადებული დოკუმენტების წარმოდგენა: ეს იყო მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, გამგეობის ტერიტორიული ორგანოების მიერ გაცემული აქტები მათი სარგებლობის უფლების დასადასტურებლად, შესაბამისი რუკები და სხვა. ხდებოდა წარმოდგენილი ნახაზების შემოწმება კომპანიის მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ საზღვრებთან და ა.შ. კომისიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომპანიამ გამოხატა კეთილი ნება და მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო ვალდებულება, კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ პირებს გადაუხადა კომპენსაცია. მათ შორის ძალიან მაღალი ანაზღაურება და კომპენსაცია მიიღო მოსარჩელე ა-----------------ემ და მისი ოჯახის წევრებმა. რაც შეეხება მ---------------ეს, ის ბოლო პერიოდში იყო მოსული კომპანიაში და პრეტენზიას გამოთქვამდა სხვა ნაკვეთზე, რომელიც რეგისტრირებულია კომპანიის საკუთრებად და მიმდინარეობს ანძის მშენებლობა. მოსარჩელეები სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვენ დასახელებული აქტების ბათილად ცნობას და დაზუსტებულიც არ აქვთ რომელ ნაკვეთზე აქვთ პრეტენზია. წარმომადგენლის მოსაზრებით, მოცემული საქმე სასამართლოს საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში, ან უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება გსაჩივრების ვადის გასვლის გამო.

 

მესამე პირებმა: ნ-----------------ემ, გ--------------ემ, რ--------------ემ, ბ-------------–-–---–მა, რ---–------------ემ, ნ---------------–-–---–მა და ს----------------–--ემ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ მდინარე ჭოროხის პირას მდებარე ნაკვეთები, რომლებსაც ისინი სარგებლობდნენ, 2009 წლიდან საკუთრებაში გადაეცა კომპანია ,,ა------------ის“. ისინი თავიდანვე ითხოვდნენ კომპენსაციას, მაგრამ მთავრობამ და კომპანიამ უარი უთხრათ კომპენსაციებზე. 2013 წლიდან დაიწყეს აქტიური მოთხოვნები და მთავრობა წავიდა დათმობაზე. გამგეობაში შეიქმნა კომისია, რომელმაც დეტალურად შეისწავლა სარგებლობის ფაქტები, კომისიაში მონაწილეობდნენ კომპანიის წარმომადგენელებიც და კომისია ამოწმებდა მოსახლეობის მიერ წარდგენილი ნახაზების სისწორეს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელეებისათვისაც და მათმა ოჯახებმა მიიღეს კომპენსაცია. მათ მიერ იქნა წარდგენილი ზუსტად იმ მიწის ნაკვეთების ნახაზები, რომლებსაც ფაქტობრივად სარგებლობდნენ და ნ----------------ის, ა-----------------ის და მ---------------ის ნაკვეთთან არ აქვთ შემხებლობა. მოსარჩელე გ---–----------------ე სადავო ტერიტორიაზე არასოდეს უნახავთ, არ არის იმ სოფლის მაცხოვრებელი და საერთოდ არ იცნობენ, ამიტომ გაურკვეველია მოსარჩელეების მოთხოვნის არსი. დასახელებულ მესამე პირთა მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწვეტილებით გ---–----------------ის, ნ----------------ის, მ---------------ის და ა-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. შპს „ა------------ი 2---“-ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოტოპოში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურის წარმოებამდე სოფელ ონტოპოში მდებარე მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების მიერ წარმოდგენილი განცხადებებით და 2013 წლის 19 ივლისის სხდომის ოქმი N--ით დადგენილი იქნა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წარმოებამდე მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით. სოფლის სხვა 44 მაცხოვრებელთან ერთად განცხადებები წარდგენილი ჰქონდათ ა-----------------ეს - 11300 კვ. მეტრ ფართობზე, ნ-----------------ეს - 1800 კვ.მ. ფართზე, გ--------------ეს - 613 კვ.მ, რ---------------ეს, 2500 კვ.მ. ბ--------------–-–---–ს 4660 კვ.მ, რ---–------------ეს - 3100 კვ.მ. ნ---------------–-–---–ს - 1602 კვ. მ, ს----------------–--ეს - 2882 კვ.მ. ფართზე. კომისიამ დაამტკიცა აღნიშნული სია, ხოლო 30 ივლისის N- საოქმო გადაწყვეტილებით დასახელებული პირები ცნობილი იქნენ მიწის ფართის მოსარგეებლებად წარდგენილი ნახაზების მიხედვით და მათზე გაიცა ფულადი კომპენსაცია;

 

2.1.2. მოსარჩელეებს: ნ-----------------ეს, მ---------------ესა და გ---–-----------------ეს იმ პერიოდისათვის კომისიისათვის განცხადებით არ მიუმართავთ და არ წარუდგენიათ სათანადო ნახაზები მიწის სარგებლობის შესახებ, ამასთანავე მათთვის ცნობილი იყო კომისიის მუშაობის შესახებ, რამდენადაც მოსარჩელე ა-----------------ე, რომელმაც კომისიას მიმართა განცხადებით და წარადგინა ნახაზი 11300 კვ. მეტრ მიწის ფართობზე, არის ნ----------------ის შვილი და მ---------------ის ძმა;

 

2.1.3. 2016 წლის 24 მარტს მ---------------ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, წარადგინა აზომვითი ნახაზი და მოითხოვა შეყვანილ იქნეს მახო სიმონეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობისათვის განკუთვნილ ნაკვეთებზე ფაქტობრივ მოსარგებლეთა კომპენსაციის მიღების სიაში, რაზეც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 30 ივნისის N0------ წერილით ეცნობა, რომ კომისიის მიერ სოფელ ონტოფოში არსებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების ერთიანი სია შესაბამის მასალებთან ერთად გადაცემულია მშენებლობის მწარმოებელ კომპანიაზე და გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას ხელახლა განიხილოს ზემო აღნიშნული საკითხი. აქვე ეცნობა, რომ უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს;

 

2.1.4. 2016 წლის 11 მარტს გ---–----------------ემ ხელვაჩაურის მუნიციპლაიტეტის გამგეობაში წარადგინა აზომვითი ნახაზი და მოითხოვა შეყვანილ იქნეს მახო სიმონეთის ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე 5000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე და მოითხოვა აღნიშნულ ნაკვეთზე მის ფაქტობრივ მოსარგებლედ ცნობა და შესაბამისი კომპენსაციის მიღება;

 

2.1.5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 30 ივნისის N0------ წერილით გ---–----------------ეს ეცნობა, რომ კომისიის მიერ სოფელ ონტოფოში არსებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების ერთიანი სია შესაბამის მასალებთან ერთად გადაცემული იქნა მშენებლობის მწარმოებელ კომპანიაზე და გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას ხელახლა განეხილა ზემოაღნიშნული საკითხი. აქვე ეცნობა, რომ უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოს;

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. მოსარჩელეების: გ---–----------------ისა და ნ----------------ის მიერ სადავოდ გამხდარ მიწის ნაკვეთებზე კომისიის მიერ მოსარგებლეებად ცნობილი არიან სხვა პირები და შესაბამისად სადავოა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის „ე.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 10 ივნისის N--- ბრძანებით ,,შპს ,,ა------------ი 2---“-ს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოპოში მიმდინარე ჰიდრელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შეიქმნა კომისია.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ის, რომ შპს ,,ა------------ი 2---“-ს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოპოში მიმდინარე ჰიდრელექტრო სადგურის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ 2013წ. 13 ივნისის სხდომის ოქმი N- და 29 ივლისის ოქმი N--ით მიღებული გადაწყვეტილებით კომისიამ მესამე პირები: ნ-----------------ე, გ--------------ე, რ--------------ე, ბ-------------–-–---–ი, რ---–------------ე, ნ---------------–-–---–ი, ს----------------–--ე უკანონოდ ცნო ფაქტობრივ მოსარგებლებად იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლის ფაქტობრივი მოსარგებლეები იყვნენ გ---–----------------ე და ნ----------------ე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ კომისიის 2013 წლის 13 ივნისს სხდომის ოქმი N-, და 19 ივლისის ოქმი N- და 30 ივლისის საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელებს წარმოადგენდნენ თუ არა საქმეში ჩართული მესამე პირები. გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ ოქმი N--თ სპეციალურად დაავალა კომისიის წევრებს სოფ ონტოფოში მცხოვრებ მ------- მ------ეს და ტ------–------–---–ს აცნობონ განმცხადებელს წარმოსადგენი დოკუმენტაციის თაობაზე. გამგეობის მიერ წარმოდგენილი, ზემოაღნიშნულ საოქმო გადაწყვეტილებებზე თანდართული მასალებით: დათვალიერების აქტებით, აზომვითი ნახაზებითტა და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით დგინდება, რომ კომისიამ საქმისათვის საჭირო ყველა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დაადგინა ფაქტობრივი მოსარგებლეები, მათ შორის ერთ-ერთი მოსარჩელის ა-----------------ის მიერ 11300 კვ. მეტრ მიწის ფართობის ფაქტობრივად ფლობის ფაქტი, რაზეც ა-----------------ეს პრეტენზია არ განუცხადებია.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისობით იყოს მიღებული და ამ აქტებით მოსარჩელეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინეს გ---–----------------იემ, ნ----------------ემ, მ---------------ემ და ა-----------------ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტების მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდო მოპასუხის მიერ მითითებულ დაუზუსტებელ გარემოებებსა და ფაქტებს, ისე რომ არ მოუხდენია მათი შემოწმება და არ მიუცია მათთვის სამართლებრივი შეფასება;

 

3.1.2. აპელანტების აღნიშვნით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, თუ რატომ იქნა დამალული მოპასუხის მიერ 2013 წლის 10 ივნისისა და 2013 წლის 30 ივლისის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ასევე მოწმის სახით დაკითხული არ ყოფილან ის პირები, რომლებმაც ხელი მოაწერეს სადავო აქტებს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის საფუძველზე დაადგინეს მესამე პირთა ფაქტობრივი სარგებლობის უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე;

 

3.1.3. აპელანტების მითითებით, საარქივო ამონაწერით დადგენილია, რომ მათ ბაბუას ი-----–-----------ეს გამოეყო სადავო ტერიტორია, რომლითაც 2013 წლამდე სარგებლობდნენ მისი ოჯახის წევრები;

 

3.1.4. აპელანტების აღნიშვნით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მონაწილეობა არ მიუღიათ ადმინისტრაციულ წარმოებაში და მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მესამე პირებს უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაუდგინდათ სარგებლობის უფლება, რითაც მიადგათ ზიანი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არსებითად დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე.ე” ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

ამავე პუნქტის ,,ე.ვ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/დადელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2013 წლის 10 ივნისს მიღებული იქნა N--- ბრძანება შპს ,,ა------------ი 2---“-ის მიერ მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოპოში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წარმოებამდე მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ. ამ ბრძანებაში აღინიშნა, რომ შპს ,,ა------------ი 2---“ მიმდინარე პერიოდისთვის უზრუნველყოფდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოპოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. მიწის ნაკვეთები, რომლდებზეც მიმდინარეობდა მშენებლობა, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად დღეისთვის წარმოადგენდა შპს ,,ა------------ი 2---“-ის საკუთერებას. მიუხედავად აღნიშნულისა, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა ამავე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ა------------ი 2---“-მა გამოთქვა მზაობა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მოსახლეობას გონივრულ ფარგლებში გადაუხდიდა სათანადო კომპენსაციას.

 

ამავე ბრძანების მიხედვით, წინამდებარე გარემოებების მხედველობაში მიღებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილი შპს ,,ა------------ი 2---“-ის 2013 წლის 6 ივნისის წერილით მოთხოვნილი იქნა კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მიწათმოსარგებლეთა ვინაობის და მათ საგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ოდენობის დადგენას.

 

ბრძანების თანახმად, კომისია ჩამოყალიბდა ათი წევრისაგან, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების გარდა შევიდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც (იხ.ტომი 1, ს.ფ.252).

 

საქმის მასალებით, კერძოდ მხარეთა ახსნა-განმარტებით სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტები ერთმანეთის ნათესავები არიან. კომისიის მიერ ა-----------------ე და მ---------------ე სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილზე აღიარებული იქნენ მოსარგებლეებად, ამასთან ა-----------------ეს სწორედ მითითებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს (ნაკვეთი მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთებიდან მოშორებით) მიღებული აქვს ანაზღაურება 160000 ლარის ოდენობით, შესაბამისად პალატა იზიარებს აპელანტების პროცესუალური მოწინააღმდეგეების პოზიციას 2013 წელს მიღებული კომისიის სხდომის ოქმების ხანდაზმულობის ვადის დარღვევით გასაჩივრების შესახებ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტების მიერ წარმოდგენილი არ არის კომისიის მიერ მესამე პირების სასარგებლობაში აღიარებულ მიწის ნაკვეთებზე მათი მფლობელობის დამდასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლო კი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მოკლებულია ამგვარი მტკიცებულების შეგროვების შესაძლებლობას, რადგან ამ პერიოდისათვის სადავო მიწის ნაკვეთები შპს ,,ა------------ი 2---“-ის მიერ უკვე ათვისებულია და წყლითაა დაფარული. პირიქით, შპს ,,ა------------ი 2---“-ის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ორთოფოტოთი დასტურდება აპელანტების მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთების სხვა ტერიტორიაზე მდებარეობა (იხ.ტომი 3, ს.ფ. 94).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ მიჩნევისთვის აუცილებელი პირობების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორებმა ვერ დაასაბუთეს აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთეს დავაში მათი უფლებადამცავი ინტერესი. მეტიც, სააპელაციო სასამართლოში აპელანტ გ---–----------------ემ რეპლიკის ეტაპზე მიცემული განმარტებით დაადასტურა, რომ იგი არ ცხოვრობდა სოფელ ონტოპოში, თუმცა ბავშვობაში ეხმარებოდა მის მშობლებს სადავო მიწის ნაკვეთის დამუშავებაში. პალატა განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2013 წლის 10 ივნისს მიღებული N--- ბრძანების მიზნებისათვის მნიშვნელოვანს წარმოადგენდა არა ის გარემოება, ოდესღაც ვინ ფლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, არამედ მნიშვნელოვანი იყო კომისიის შექმნის მომენტისთვის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების მოსარგებლეების დადგენა, რა წინაპირობის კომისიის მიერ დაუცველობა ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლით არ დადგინდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, ვინაიდან კომისიამ შეგროვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთებს სარგებლობდნენ მესამე პირები, რა გარემოებაც ასევე დადასტურდა სააპელაციო სასამართლო სხდომაზეც. პალატა თვლის, რომ რაიმე სახის ისეთი არსებითი დარღვევა, რომლის არარსებობა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას და მომზადებისას არ გამოვლენილა, აღნიშნული გარემოებები კი სარჩელის უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა, რაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ გ---–----------------ის, ნ----------------ის, მ---------------ისა და ა-----------------ის სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---–----------------ის, ნ----------------ის, მ---------------ისა და ა-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი