განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №050310117001836238
საქმე №3/ბ-463-2017წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ”ჩა-----------------–ი”
წარმომადგენელი – გე-–--------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა(ა)იპ ”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი”
წარმომადგენელი – გუ----------–---–ი
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2017 წლის 10 მარტს შპს ”ჩა-----------------–იმ” სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ა(ა)იპ ”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის” მიმართ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის სატენდერო კომისიის 2017 წლის 02 თებერვლის N- სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც შპს ,,ჩა-----------------–ს’’ მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის მოტივით;
მოპასუხე ა(ა)იპ ”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრმა” სარჩელი არ ცნო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწვეტილებით შპს ”ჩა-----------------–ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2017 წლის 23 იანვარს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიერ ,,სამგზავრო ავტოტრანსპორტის დაქირავება მძღოლთან ერთად’’ შესყიდვის მიზნით;
2.1.3. 2017 წლის 25 იანვარს ჩატარდა სპორტული ცენტრის სატენდერო კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნა გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენილი სატენდერო წინადადების განხილვა და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ჩა-----------------–ი’’, რომელსაც გაეგზავნა მიმართვა კანონის შესაბამისად სამი დღის ვადაში დაეზუსტებინა ფასების ცხრილი და გამოეგზავნა წარმომადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად.
სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით სატენდერო პირობები განსხვავდებოდა იმ პირობისაგან, რომლის შესრულებაც მოპასუხემ მოითხოვა, კერძოდ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შესყიდვის ობიექტი იყო სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე ტრანპორტირება 300 კმ-ზე მეტ მანძილზე და 300 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე. მომსახურების ამ აღწერილობიდან არ გამომდინარეობდა, რომ მომწოდებელს მოუწევდა ყოველდღიური ტრანსპორტირების სერვისის შესრულება, რადგან გამორიცხულია, რომ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ტარდებოდეს სპორტული ღონისძიებები. მოგვიანებით შემსყიდველმა შეატყობინა, რომ საჭირო იყო დამატებით სპორტსმენების სპორტული ცენტრიდან გვიმბალაურის სპორტ დარბაზამდე კვირაში 5 დღე სულ 3 კმ და 400 მეტრის გავლა. ეს პირობა იმდენად ართულებდა მომსახურების გაწევას, რომ მიცემულ ვადაში შეფასების ცხრილის დაზუსტება ხდებოდა შეუძლებელი, რის გამოც მიიღეს დისკვალიფიკაცია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების მე-8 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, ,,სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტენდერის ტიპი; ბ) სატენდერო განცხადების ნომერი; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება; დ) ტენდერის გამოცხადების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ე) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ვ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ზ) მითითება წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით თუ მის გარეშე; თ) კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი; ი) შესყიდვის კონკრეტული შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი CPV კოდი; კ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; ლ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; მ) წინადადებით წარმოდგენილი ფასის კლების ბიჯის ოდენობა; ნ) ელექტრონული გარანტიის ოდენობა; ო) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღი და ზუსტი დრო; პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა.
სასამართლოს მითითებით, ამავე ბრძანების მე-12 მუხლის მეათე პუნქტის თანახმად, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტება დასაშვებია: ა) ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად – თუ დაზუსტებას აგრეთვე საჭიროებს ტექნიკური დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ბ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ)ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) ან/და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,შავი სიის წამოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ 2015 წლის 29 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგეგნტოს თავმჯდომარის N19 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,შავი სიის წამოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 29 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგეგნტოს თავმჯდომარის N19 ბრძანებით გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო’’.
არსებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ შეფასება უნდა მიეცეს შემდეგ გარემოებებს: რამდენად სრულად იყო ასახული სატენდერო განაცხადში ტენდერის პირობები გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების მე-8 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, რამდენად იქნა დაცული ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისას გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების მე-12 მუხლის მეათე პუნქტი. ამ გარემოებების შეფასებისას სასამართლომ გამოიკვლია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიერ წარმოებული დოკუმენტაცია, კერძოდ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიერ გამარტივებული ელექტრონული
ტენდერის საშუალებით ტრანპორტით მომსახურების შესყიდვა, 2017 წლის 16 იანვრის კომისიის სხდომის ოქმი, 2017 წლის 25 იანვრის კომისიის სხდომის ოქმი N-, 2017 წლის 02 თებერვლის კომისიის სხდომის ოქმი N-, 2017 წლის 25 იანვრის წერილი, 2017 წლის 02 თებერვლის წერილი N------------- შპს ,,ჩა-----------------–ის’’ დირექტორის მიმართ.
აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება იყო მართლზომიერი და კანონშესაბამისი. ამასთანავე მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ კანონით გათვალისწინებული რომელიმე ღონისძიების გატარება ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს ”ჩა-----------------–იმ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა ნორმატიული აქტი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N19 ბრძანების მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე და იმსჯელა წარმოადგენდა თუ არა ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს. აღნიშნული საკითხი არ შედიოდა დავის ფარგლებში და მის შეფასებას გადაწყვეტილების მიღებისთვის არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა. თუნდაც იმ დაშვებით, რომ გასაჩივრებული სატენდერო კომიისის სხდომის ოქმი N- პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ წარმოადგენდეს შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს, სასამართლოს უნდა ემსჯელა რამდენად გამართლებული იყო დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და არა იმ საკითხზე, მართლზომიერი იქნებოდა თუ არა ამ საფუძვლით დისკვალიფიკაციისას შავ სიაში რეგისტრაცია;
3.1.2. აპელანტის აღნიშვნით, სასამართლომ, არ იმსჯელა დავისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე - იყო თუ არა დაზუსტებული ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა პრეტენდენტის ბრალეული ქმდებით გამოწვეული, ანუ საკითხზე, რასაც ეფუძნებოდა სასარჩელო მოთხოვნა. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის სატენდერო კომისიის 2017 წლის 02 თებერვლის სხდომის ოქმი N- თავისი შინაარსით წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს უზენაესი სასამართლო (გადაწყვეტილება:№ბს-667-642(კ-13)): ,,საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პირის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რის გამოც იგი უნდა პასუხობდეს სზაკ-ის მე-4 თავის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს“;
3.1.3. აპელანტმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები სრულად და ფორმალურად არ მიიღოს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე (აღნიშნულის შესახებ მსჯელობა მოცემულია ზემოთ მითითებულ უზენაესი სასამართოს გადაწყვეტილებაში);
3.1.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების მიღების დროს დაცული იყო თუ არა ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები და შეისწავლა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა გარემოება. სასამართლომ ამ ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ არ მიუთითა დავის განხილვის დროს მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების თავმდჯომარის ბრძანება N9-ის (გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც ,,სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში’’. სადავოდ გამხდარი დისკვალიფიკაციის ოქმი (კრების ოქმი N-) არ შეიცავდა არანაირ მსჯელობას იმის შესახებ, რომ მან პრეტენდენტს დამატებითი მოთხოვნები წაუყენა შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ გახდა მიზეზი იმისა, რომ პრეტენდენტმა ვერ შეძლო დაზუსტებისთვის განსაზღვრულ ვადაში დაზუსტებული ფასების ცხრილის წარმოდგენა;
3.1.4. აპელანტის აღნიშვნით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №9-ის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტება დასაშვებია: ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) ან/და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში.
ამავე ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
3.1.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა ეკისრებოდა თუ არა პასუხისმგებლობა პრეტენდენტს იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილის დაზუსტება მისთვის მიცემულ სამ დღიან ვადაში ვერ მოხერხდა მისი ბრალეულობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ შესყიდვების კანონმდებლობა არ შეიცავს პირდაპირ მითითებას ამ საკითხზე, შესაბამისად საქმისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ საკითხზე სასამართლოს მსჯელობას. ამ საკითხთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო განმარტავს: ვერც საკანონმდებლო ხარვეზი, ვერც კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი არაგონივრული, უხარისხო მოწესრიგება ვერ შეიძენს არათანაზომიერი და უკანონო ინდივიდუალური აქტების გამოსაცემად ერთგვარი ალიბის ფუნქციას, მით უფრო, იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფოში 14 წელია მოქმედებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღებისა და გამოცემის თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო აქტი - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სახით, რამდენადაც სამართალწარმოებაში ინდივიდუალური აქტების კანონიერების /სამართლებრივი მხარე/ მტკიცების ტვირთი სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს პროცესუალურ ვალდებულებად არის დადგენილი, შესაბამისად, ნორმათშემფარდებელი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელონ არა მხოლოდ სპეციფიური სფეროს მომწესრიგებელი ნორმატიული ბაზით, არამედ ქვეყნის სხვა სამართლებრივი აქტების სტანდარტების გათვალისწინებით";
3.1.4. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოები გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდნენ მხოლოდ ფორმალური საფუძვლების დადგენით და გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმის გარემოებების ყოველმხრივ შესწვლას, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლო ისეთი მძიმე გადაწყვეტილების მისაღებად რომელიც შავ სიაში რეგისტრაციის წინაპირობაა, საჭიროდ არ თვლის პრეტენდენტის ბრალეულობის საკითხის გამოკვლევას, არ უნდა გახდეს შპს ,,ჩა-----------------–ის’’ პასუხისმგებლობის საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არსებითად დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია: სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება (მუხლი 2).
მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა არის ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა.
კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. მე-2 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურებით.
კანონის 151 მუხლით განისაზღვრა ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სატენდერო წინადადებების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (,,ა’’ ქვეპუნქტი); ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია (,,ბ’’ ქვეპუნქტი).
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტენდერის ტიპი; ბ) სატენდერო განცხადების ნომერი; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება; დ) ტენდერის გამოცხადების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ე) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი ზუსტი დროის მითითებით; ვ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ზ) მითითება წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით თუ მის გარეშე; თ) კლასიფიკატორის დანაყოფი და მისი შესაბამისი CPV კოდი; ი) შესყიდვის კონკრეტული შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი CPV კოდი; კ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; ლ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; მ) წინადადებით წარმოდგენილი ფასის კლების ბიჯის ოდენობა; ნ) ელექტრონული გარანტიის ოდენობა; ო) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი და გვარი, რომელმაც განათავსა სატენდერო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღი და ზუსტი დრო; პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა.
ამავე ბრძანების მე-12 მუხლის მეათე პუნქტის თანახმად, ხარჯთაღრიცხვის (განფასების) დაზუსტება დასაშვებია: ა) ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად – თუ დაზუსტებას აგრეთვე საჭიროებს ტექნიკური დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ბ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად, იმავე ვადაში – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) ან/და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად – თუ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების შედეგად დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებისათვის დგინდება არაუმეტეს 3 სამუშაო დღე, რომელიც ითვლება ხელშეკრულების დადებისათვის განსაზღვრულ ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სამგზავრო ავტობუსების დაქირავება მძღოლთან ერთად შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში აპელანტს, როგორც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულს ეთხოვა დაზუსტებული ფასების ცხრილის წარდგენა და მიწვეული იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია, აღნიშნული გარემოება კი მისი დისკვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
აპელანტი მიიჩნევს, რომ დაზუსტებული ფასების ცხრილის წარდგენა ვერ მოხერხდა მისი ბრალეულობის გარეშე; კერძოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ პრეტენდენტს იმეილზე შეტყობინების გაგზავნით სატენდერო პირობებისაგან განსხვავებული/დამატებითი მოთხოვნები წაუყენა შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ გახდა მიზეზი იმისა, რომ პრეტენდენტმა ვერ შეძლო განსაზღვრულ ვადაში დაზუსტებული ფასების ცხრილის წარდგენა.
ამ გარემოების შესაფასებლად პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაანალიზოს ზემოაღნიშულ ელექტრონულ ტენდერში ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიერ დადგენილი სატენდერო პირობები (მოთხოვნები).
სატენდერო პირობების მიხედვით, მომსახურების აღწერილობაში მითითებული იყო ახალგაზრდობის სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე ტრანპორტირება 300 კმ-ზე მეტ მანძილზე (8500 კმ) და 300 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე (11200 კმ), მომსახურების ადგილად - მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო მომსახურების გაწევის ვადად - 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ.ს.ფ.72).
საქმეში წარმოდგენილი №2 ოქმის მიხედვით, აპელანტმა აღნიშნული მომსახურების შესრულება შემსყიდველ ორგანიზაციას შესთავაზა 13199 ლარად. აღსანიშნავია, რომ სატენდერო პირობების განხილვისას აპელანტს მის ბუნდოვანებაზე პრეტენზია არ დაუყენებია და არ უსარგებლია ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N9 ბრძანების მე-6 მუხლით მინიჭებული განმარტების მიღების უფლებით.
საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საფოსტო გზავნილით დადგენილია, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია აპელანტს ატყობინებს ტრანსპორტირების მარშუტს - სპორტსმენების გადაყვანას სპორტდარბაზამდე და უკან კვირაში 5 დღის განმავლობაში, რაც ერთი მიმართულებით შეადგენდა ერთ კილომეტრსა და 700 მეტრს (იხ.ს.ფ.26).
პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტისათვის იმეილზე გაგზავნილი შეტყობინება ემსახურებოდა ხარჯთაღრიცხვის დაზუსტებას და არა შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების წაყენებას. პალატის მოსაზრებით, მითითებულ შეტყობინებაში ასახულ მომსახურებას სრულად მოიცავდა სატენდერო პირობები, რომელიც როგორც აღინიშნა, გამოცხადებული იყო არა მარშრუტის, არამედ გავლილი მანძილის მიხედვით, ხოლო მომსახურების ადგილის განსაზღვრა თავად შემსყიდველი ორგანიზაციის პრეროგატივას წარმოადგენდა. შესაბამისად პალატა თვლის, რომ აპელანტი, როგორც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებნული იყო სატენდერო პირობების შესაბამისად წარედგინა ხარჯთაღრიცხვა და დაედო შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის შემდეგაც თუკი ჩათვლიდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებულ შეტყობინებას შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების წაყენებად, შემსყიდველ ორგანიზაციასთან ედავა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად რაიმე სახის ისეთი არსებითი დარღვევა, რომლის არარსებობა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას და მომზადებისას არ გამოვლენილა, აღნიშნული გარემოებები კი სარჩელის უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა, რაც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ფაქტობრივად და სამართლებრივად არსებითად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ შპს ”ჩა-----------------–ის” სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ”ჩა-----------------–ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი